„VINE ERA“ – კერძო ინიციატივისა და სახელმწიფო მხარდაჭერის წარმატებული მაგალითი
კახეთში, გურჯაანის ისტორიულ სოფელ ვაჩნაძიანში, ახალი მეღვინეობის კომპანია „VINE ERA“-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით სონღულაშვილმა გახსნის ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ „VINE ERA“-ს მაგალითი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება კერძო ინიციატივასა და სახელმწიფო მხარდაჭერას ერთად მნიშვნელოვანი შედეგები მოეტანოს:
„ღვინო დღეს ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ვენახების ფართობი რამდენჯერმე გაიზარდა, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი კი მინიმუმ ხუთჯერ. 2024 წელს დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული შემოსავალი – ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სამინისტროსა და სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები კიდევ უფრო მოქნილი და ფერმერზე ორიენტირებული გახდება, რაც ხარისხიანი ყურძნისა და ღვინის წარმოების სტიმულს მისცემს.
„VINE ERA“-ს წარმატება, სონღულაშვილის შეფასებით, საშური მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება კერძო ინვესტიციამ და სახელმწიფოს მიზნობრივმა პროგრამებმა ერთობლივად შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელსაც ევროპისა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე ღირსეული ადგილი ექნება.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისა და რეფორმების სწრაფად განხორციელებისთვის და ხაზი გაუსვა მთავარ პრინციპს: „კიდევ უფრო დაფასდება ხარისხი, კიდევ უფრო დაფასდება შრომა“.