ზეთსხილის ჯიშები და მავნებლები
ზეთისხილის მრავალი ჯიშია ცნობილი, თუმცა სამრეწველო დანიშნულებით, დაახლოებით, 12 ჯიში გამოიყენება.
საუკეთესო სამრეწველო ჯიშებად ითვლება: „მანზალინო“, „სევილიანო“, „ასკოლანო“, „მისიონი“, „გორდალი“, „ფარგა“.
მანზოლინო _ ესპანური ჯიშია, უხვმოსავლიანი, ხე საშუალო სიდიდისაა. ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 6-7 გრ. გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე ზეთის მისაღებად.
სევილიანო-ესპანური ჯიშია, ხე საშუალო სიმაღლისაა, ნაყოფი დიდი ზომის, წონით 6-10 გრ. კანი თხელი, დამწიფებისას პრიალა, შავი ფერის. ძირითადად გამოიყენება ზეთის მისაღებად. ასევე მწვანე და მწიფე ნაყოფიდან მწნილის დასამზადებლად.
ასკოლანო _ იტალიური ჯიშია, იძლევა ყლევაზე დიდი ზომის ელიფსური ფორმის ნაყოფებს, კანის ღია შეფერვით. ამიტომ ამ ჯიშს ზოგჯერ ,,თეთრ ზეთისხილს“ უწოდებენ. ნაყოფს აქვს ნაკლებ სიმწარე, რბილობი ნაზია. დაკონსერვების დროს მაღალი ხარისხის პროდუქტს იძლევა.
გასულ საუკუნეში საქართველოში და აზერბაიჯანში ზეთისხილის გავრცელებას სერიოზული ყურადღება ექცეოდა. შესაბამისად გამოჰყავდათ კიდეც ჯიშები ცალკეული რეგიონებისათვის დამახასიათებელი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
ამ მხრივ ცნობილი იყო ქართული, აზერბაიჯანული ყირიმული ჯიშებიც:
თბილისური _ ზეთისხილის ეს ჯიში გავრცელებული იყო ახალ ათონში, სოხუმსა და ყირიმში. ჯიში ხასიათდებოდა დაბალი და მაღალი ტემპერატურებისადმი კარგი ამტანობით, უხვი მსხმოიარობითა და დაავადებათა და მავნებლის მიმართ გამძლეობით.
სოხუმური _ გვხვდება სოხუმსა და ახალ ათონში, ხასიათდება მაღალი ტემპერატურებისადმი, უხვი ნალექებისა და მავნებლებისადმი კარგი გამძლეობით.
ახალ-ათონური _ გვხვდება ახალ ათონში, სოხუმსა და ყირიმში, ხასიათდება დიდი ნალექების, მაღალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში უხვი მსხმოიარობით.
თოლგომური _ უმეტესად გავრცელებულია ახალ ათონში, ხასიათდება მაღალი და დაბალი ტემპერატურებისადმი კარგი ამტანობით, მსხვილი ნაყოფებით და ზეთის მაღალი შემცველობით.
ოთური – გვხვდება ახალ ათონში, სოხუმის, თერჯოლის და ბაღდადის რაიონებში. ხასიათდება მსხვილი ნაყოფით, ზეთის მაღალი შემცველობით, ყინვისა და გვალვის ამტანობით.
ყირიმული ჯიშებიდან ცნობილია ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში გამოყვანილი _ ნიკიტის 1, ნიკიტის 2, ნიკიტის 5, ნიკიტის 6, ყირიმული 12;
აზერბაიჯანული ჯიშებიდან _ შავი ზეითუნი, აზერბაიჯან ზეითუნი, შირინ-ზეითუნი, ყარა-ზეითუნი, არმული ზეითუნი.
ჩვენში გავრცელებული ზეთისხილის მავნებლებიდან აღსანშნავია: ზეთისხილის ჩრჩილი, ცრუ ფარიანა და ფოთლის რწყილი. ჩრჩილის მატლები იკვებებიან ფოთლებით, კოკრებით, ყვავილებითა და ნაყოფის კურკის გულით. ცრუფარიანა ძლიერ აზიანებს ზეთისხილის ფოთლებს.
ზეთისხილს ასევე სერიოზული პრობლემას უქმნის სოკოები.
ფოთლის სილაქავე, რასაც იწვევს პარაზიტი სოკო. დაავადება ჩნდება ფოთლის ზედაპირზე, შემდგომში ეს ლაქები იზრდება და ფოთლებს მთლიანად აზიანებს.
ტენიანი კლიმატი ხელს უწყობს სოკოს გავრცელებას.
ზეთისხილს ასევე პრობლემას უქმნის ანტრაკნოზი, კიბო და სხვა დაავადებები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებენ ნარგაობებს და ნაყოფს.
დღეს ამ დაავადებათ წინააღმდეგ ბრძოლის ბევრი ეფექტიანი ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებები არსებობს, რომელთა დროული და მიზანმიმართული გამოყენება ძალზე კარგ შედეგს იძლევა.
სწორი დიაგნოზის დასმასი და დაავადებათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებების შერჩევაში გამოცდილი აგრონომები დაგეხმარებიან.
საქართველოს ნიადაგურ კლიმატური პირობები გვაძლევს იმის სრულ გარანტიას, რომ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მიკროზონებში კვლავ აღორძინდეს ამ ღვთაებრივი კულტურის წარმოება.