აგვისტო დადგა _ რა სამუშაო უნდა ჩატარდეს საფუტკრეში?

აგვისტო ცხელი ამინდებით გამოირჩევა, ღალიანობა ძალიან შემცირებულია, ამ დროს სიცხეების გამო ფუტკარი გარეთ საფრენებს ეკიდება და ჩარჩოები უმეთვალყურეოდ რჩება, რასაც კარგად იყენებს სანთლის ჩრჩილის პეპელა და ფიჭებში კვერცხების დადებას ცდილობს. კვერცხებიდან გამოჩეკილი ჩრჩილის პეპლის მატლები ანადგურებენ ფიჭას. სუსტი ოჯახები ან ახალ შექმნილი ნუკლეუსები ხშირად ვერ ერევიან მათ და გაქცევით შველიან თავს. ამიტომ მეფუტკრესგან დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ჩრჩილი არ მოერიოს საფუტკრეს, ან არ გავრცელდეს ქურდობა.

ამ პერიოდში ფუტკრის ოჯახები სუსტდება, დედა ამცირებს კვერცხდებას, მაისს-ივნისში დაბადებული ფუტკრები ცვდებიან და იღუპებიან, ივლისში დაბადებული ფუტკრები ზამთრამდე ვერ გაძლებენ, ოჯახი ზამთარს მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში დაბადებული ფუტკრების ხარჯზე გადაიტანენ, რომლებსაც უკვე გაზაფხულზე გამოსული ბარტყი შეცვლით.

მეფუტკრე ოჯახების გასაძლიერებლად ამ პერიოდისათვის განსაკუთრებულუად უნდა მოემზადოს.

ამ დროს კოლხეთის დაბლობზე ოქროწკეპლას ყვავილობისათვის სამზადისი იწყება, რაც ასევე დიდ ყრუადღებას ითხოვს.

აგვისტოში  ჩასატარებელია შემდეგი სამუშაო:

ვეწევით მზადებას შემოდგომის ოქროწკეპლას ყვავილობისათვის;

ვიწყებთ გამაღიზიანებელ კვებას რომ ფუტკარმა მარაგი საზამთროდ შეავსოს და დედამ კვერცხდებას მოუმატოს;

ვათვალიერებთ ოჯახებს რომ არ გამოგვეპაროს ჩრჩილის მავნე ქმედება;

კონტროლს ვახდენთ დაავადებების გავრცელებაზე;

საჭიროების შემთხვევაში ფუტკარს ვამუშავებთ დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატებით;

მშრალ ფიჭებს ვინახავთ ჩრჩილისათვის მიუწვდომლად ან ვამუშავებთ ჩრჩილის მატლების საწინააღმდეგო პრეპარატებით;

გამოწუნებულ ფიჭებს გადავადნობთ ცვილად;

ამ დროს ძალიან საშიშია ქურდობა ცალკე უნდა გადავიყვანოთ სუსტი ოჯახები და შევამციროთ საფრენები.

„მეფუტკრეობა თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახების მოვლის ტექნოლოგიური რუკა“

ავქსენტი პაპავა, მეფუტკრე