ბლოგიმე და ჩემი სოფელიფერმერი ფერმერს

ჩემი ეზო სოფელ კონტუათში

ახალგაზრდა ფერმერის დღიურები (გაგრძელება)
ახლა მოვიცალე და გავაგრძელებ ჩემი ამბების მოყოლას. როგორც ყველა რაჭველ კაცს, არც მე არ მიყვარს დიდად ლაპარაკი, წერა მირჩევნია, მაგრამ დრო არ მაქვს და ამიტომ ხშირად ვერ გეკონტაქტებით.

სოფელში რადგან დავსახლდი, ცოტ-ცოტა მხარის შესწავლა დავიწყე, რაც ვიცოდი იმისთვის რომ მიმემატებინა. ვიცოდი, რომ ხონი მე-19 საუკუნეში საქართველოს კულტურულ და სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა ქუთაისის გუბერნიის შემდეგ, ვიცოდი რომ აქ დაიბადნენ იპოლიტე ხვიჩია, ნანა მჭედლიძე, გურამ საღარაძე, რომ იპოლიტე თავიდან აქაური თეატრის სცენაზე გამოდიოდა, კიდე ბევრი ქუთაისური ანეკდოტი ვიცოდი ხონელებზე და ვანელებზე. ეს იყო და ეს! არადა აღმოჩნდა, თურმე ხონი წმინდა გიორგის  ეკლესიის გარშემო აღმოცენებულა. VIII საუკუნის ეკლესია, სახეცვლილი სახით, დღესაც აქ დგას; საქართველოში პირველი სასულე ორკესტრი ხონში, ჯერ კიდევ 1890 წელს, ჩამოყალიბებულა, პირველი თეატრალური წარმოდგენა 1865 წელს დადგმულა და 1907 წლიდან ჰყოლიათ თურმე თეატრალური დასი, აქვე ყოფილა გამართული წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის ქარხანა და საფეიქრო ფაბრიკა.  მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანაც.  ხონის ცნობილი ბაზარი ფეოდალური ეპოქიდან არსებობს თურმე, აქ მარტო საქართველოდან კი არა მთელი ამიერკავკასიიდან დადიოდა ხალხი. ამავე საუკუნის 20-30-იან წლებში ძლიერი ეკონომიკის წყალობით, ხონი მჭიდროდ დასახლებულიც ყოფილა…

რაც შეეხება კონტუათს, აქ დიდი იპოლიტე დაიბადა (ძალიან ახლოს არის მისი სახლი ჩემ სახლთან). მარტო ამის გამო შეიძლება, ამ სოფლის სიყვარული გაგიჩნდეს კაცს.

საკმაოდ დიდი სოფელია, 1000 კაცამდე ცხოვრობსო, მეზობლებმა მითხრეს. ძალიან ლამაზი კია აქაურობა; მარტვილს და კონტუათს შორის გაწოლილი ცხენისწყალი, ოკაცეს, კინჩხას, გორდის ჰაერი, სიმწვანე, ჩემი ლამაზი, დიდი ეზო, სიმშვიდე და კიდევ რაღა უნდა უნდოდეს ქალაქის ხმაურით დაღლილ ადამიანს?!  თუმცა…

ხონის ე.წ. ბულვართან მდებარეობს მე-2 სკოლა, გვერდით შესახვევია. აი, ამ გზით მივდივართ ჩვენს სოფელში, სხვა გზაც არის, მაგრამ უფრო გრძელია. აქედან დაწყებული ჩემ სახლამდე ლამის ყოველ მესამე მეოთხე სახლს დიდი ასოებით აწერია _„იყიდება“. ზოგან ძალიან ლამაზი სახლი დგას, ზოგანაც არაჩვეულებრივი იმერული ეზოა, ზოგან ორივე მშვენიერია სახლიც და ეზოც, მაგრამ მაინც _ იყიდება!

ხონი რომ მორჩება და სოფლისკენ გადაუხვევ, ის ვიწრო ასფალტიც წყდება, ორი მანქანა ძლივს რომ უვლის გვერდს ერთმანეთს და იწყება გაუბედურებული ორმოებიანი, გუბეებიანი და ქვიანი გზა. სოფელში, რა თქმა უნდა, არ არის კანალიზაცია, ყოველ კვირას შეტყობინებები მოდის, ამის და ამის გამო ელექტროენერგია შეგიწყდებათო. ონკანში წყალი არ მოდის და არ არის ბუნებრივი გაზი.

ჩვენი სახლის ყოფილმა მეპატრონემ გვითხრა, ასფალტსაც მალე დააგებენ, ბუნებრივი გაზის მილების გაყვანაც დაწყებული აქვთ, თუ ნებართვას აიღებ, თქვენც გაიყვანთო. ჩვენც დავიჯერეთ (რა თქმა უნდა  ინფორმაციის „ზემოთ გადავამოწმებთ“ შემდეგ. ამას ცალკე ისტორიად მოგიყვებით). დავიჯერეთ ისიც, რომ სახელმწიფო შეასრულებდა დანაპირებს „ინტერნეტი სოფლად ყველა ოჯახს“ და გულარხეინად ვიყავი, მცირე ხნის ამბავი გვეგონა.

ცოტას სახლის შესახებაც მოგიყვებით. წარმოიდგინეთ ქვემო იმერეთი, ვაკე ადგილები, მრავალფეროვანი სიმწვანე, ძველებური რკინის გისოსებიანი ჭიშკარი, ყორე, სახლის კარამდე მიმავალი უსასრულო ეზო, ფართოთახებიანი სახლი „ბელეტაჟზე“. დიდი უკანეზო, პატარა ბოსელი და ჭა, ერთი დიდი ქვისგან ნათალი თავით. ადრე ამ ეზოში თურმე მღვდლები ცხოვრობდნენ, შემდეგ ჩვენი მეპატრონის მშობლებს უყიდიათ. ბევრ ძველ ნივთს ვაწყდები ხოლმე. სახლს რომ ბოლომდე მოვაწესრიგებთ (იმედია მალე იქნება), ყველაფერს გამოვიყენებ, ისტორია მინდა შევუქმნა აქაურობას.

ეზო თავიდან ძალიან მაღალი სარეველებით იყო სავსე, გვითხრეს, ესა და ეს ხსნარი (აღარ მახსოვს სახელი) გამოიყენეთ და სარეველა აღარ გაგეკარებათო. გაგვიხარდა, რომ არსებობდა ასეთი რამ, მაგრამ მაინც გადავამოწმეთ ინტერნეტში. თურმე, ნუ იტყვით, რომ გამომეყენებინა 50 წლით მოვწამლავდი მიწას. გადავიფიქრეთ. ყველაფერი ნატურალური მინდა მქონდეს ეზოში, ბუნებრივი და ჯანსაღი. კარგად დათვალიერების შემდეგ, ეზოში უამრავი ხის კუნძი აღმოჩნდა (ძველ მეპატრონეს ხეხილი და რამდენიმე კაკლის ხეც კი მოუჭრია, 25 მანქანა შეშა გაიტანეს ამ ეზოდანო, მეზობლებმა მითხრეს), რომლებიც სპეციალური ტექნიკით უნდა ამოგვეძირკვა და ეზო გაგვეწმინდა.

თავდაპირველად სახლში არ ვრჩებოდით, სასწრაფოდ იყო რაღაცეების მოგვარება საჭირო, თან შეზღუდული თანხებით. მჭირდებოდა წყლის პრობლემის მოგვარება, შეძლებისდაგვარად სველი წერტილების მოწყობა, ეზოს დასუფთავება და შრომის იარაღები. ძალიან მიყვარს ჩემთვის ფუსფუსი და საქმის ჩემს ჭკუაზე კეთება, შექმნა.

დეიდაჩემმა, როგორც საჯარო მოხელემ, დაიჟინა, ხონის მაჟორიტარსაც დავუკავშირდები, მუნიციპალურ სტრუქტურებსაც, ვაცნობებ შენი გადაწყვეტილების შესახებ, თან დაგვაკვალიანებენ, საიდან რა უნდა გავიგოთ, თან ყურადღებას მოგაქცევენ, მარტო აპირებ ცხოვრებას ამ უცხო ადგილას და თან სოფელში ადამიანების დამაგრების პიარისთვისაც კარგი „ქეისი“ იქნებიო. თავდაპირველად საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს მიმართა, ეზოს გაწმენდასთან დაკავშირებით კონსულტაცია ესაჭიროებოდა. იპოვა ცენტრის უფროსის კოორდინატები და  დაურეკა. ცენტრის ხელმძღვანელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის იმ დღესვე მოვიდა ჩვენთან, მოგვილოცა ახალსახლობა, წარმატებები გვისურვა. დაათვალიერა ეზო, შეგვპირდა მოგიყვანთ ვისაც ეს საქმე ევალება და ყველაფერში მხარში დაგიდგებითო. ძალიან გვეამა. ბადრი ბახტაძემ მართლაც მეორე დღეს მოიყვანა კომპეტენტური პირი, მან გულდასმით მოავლო ეზოს თვალი. ვუთხარი, ინტერნეტში მინახავს ისეთი ტრაქტორები, რომლებიც ეკალ-ბარდებს, კუნძებს თხრის და მტვრად აქცევსთქო, გაეღიმა, ამ ტიპის ტრაქტორები ნამდვილად არ გვყავს სამტრედიის ბაზაშიო. მეორე დღეს მართლაც სხვა კაცთან ერთად მოვიდა, ავუხსენი ესა და ეს მაქვს გასაკეთებელითქო. მომდევნო დღეს მოვიდა ტრაქტორით, იმუშავა დილის 9 საათიდან 2 საათამდე, მერე საცელავზე ფრთა მოუტყდა, ვიწვალეთ. ერთი სიტყვით, 400 ლარი გადავიხადეთ და დავემშვიდობეთ, დაგიკავშირდებითთქო… კარგა ხანს აღარ დაგვირეკავს, თანხა გვემწუთხა.

გასაგებია, ამ კაცმა იშრომა, საქმე გააკეთა, მაგრამ ტექნიკით სახელმწიფოს დახმარება ნეტა რაში გამოიხატება? აქ მცხოვრებ რიგით გლეხს რომ დასჭირდეს ეს ტრაქტორი, მაგალითად 2 დღით, რამდენი ყველი, ქათამი ან გოჭი უნდა გაყიდოს ნეტავ? (არ დამავიწყდეს თქმა, სხვა დროს სხვა სახის ტრაქტორი დაგვჭირდა სამტრედიის ბაზიდან, მაგრამ არც ის ჰყავდათ).

ტრაქტორისტის წასვლის შემდეგ. არცერთს არაფერი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. საღამოს ქუთაისში სუფრასთან რომ დავსხედით, აგრარული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებთან პირველი ურთიერთობა ვადღეგრძელეთ.

ბევრ ასეთ ამბავზე უნდა მოგითხროთ კიდე, ოღონდ ახლა დავიძინებ, დაღლილი ვარ და თან დეიდაჩემს გადავუგზავნი ამ ტექსტს, ცოტა თვალი გადაავლოს, რა დავწერე ნახევრადმძინარემ.

P.S. მიხარია, რომ მომიწონეთ პირველი ნაწერი, თქვენც მოყევით ამბები, სოფელი გვაქვს ასაშენებელი, ხომ გახსოვთ?!

ირაკლი სოხაძე