მე და ჩემი სოფელიმედია

გახშირებული ხანძრები და აგრესიული ბრაკონიერობა – საქართველო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე

გახშირებული ბრაკონიერობის გამო ​ლაგოდეხის რაიონში, მდინარე ალაზნის ხეობაში მდებარე ჭიაურის ტყეში უნიკალური ჯიშის ხეები განდგურების პირას არის. უკანონოდ მოიჭრა და გატანილია 100 -ობით კუბამეტრი ხე. ტყეში აღარ არსებობს აკაცია და წითელ ნუსხაში შეტანილი მუხა. გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ დიდი რაოდენობის ოქმია გამოწერილი, თუმცა, უკანონო ჭრები დღემდე გრძელდება. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ დღეში ტყეში 11 მუხა მოჭრეს უკანონოდ.

ჭიაურის სანადირო მეურნეობის მფლობელი, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის თავმჯდომარე, საფარის კლუბის პრეზიდენტი კავკასიაში, ჟურნალ „ველური ბუნების“თანაავტორი თეიმურაზ ტყემალაძე, ხელისუფლებას კანონის აღსრულების წესის გამკაცრებისკენ და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, საქართველოს ტყეები განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს და ეს სფერო უშუალოდ პრემიერ-მინისტრის უნდა დაექვემდებაროს.
როგორც “სითი კვირას” თეიმურაზ ტყემალაძემ განუცხადა, ჭალის ტყეში ჭრა არასდროს ყოფილა ნებადართული, რადგან მას კახეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ფუნქცია აქვს მევენახეობა, მებაღჩეობა და სოფლის მეურნეობის ნებისმიერი სფეროს განვითარებისთვის, ასევე, ეკოლოგიური თვალსაზრისით.
თეიმურაზ ტყემალაძის განმარტებით, ტყეების უკონტროლო გაჩეხვამ შედეგად გამოიღო ტემპერატურის 5 გრადუსით მატება. ჭალის ტყე ჰაერის ნაკადსაც არეგულირებს და წყალმარეგულირებელი ფუნქციაც აქვს. როდესაც გაზაფხულზე მთიდან დიდი რაოდენობით წყლები ჩამოედინება, ტყე იტბორება და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ამარაგებს წყლით მდინარე ალაზანს. ინარჩუნებს ნესტს და მომიჯნავე ტერიტორიებსაც კვებავს. გარდა ამისა, ჭალის ტყე არის გადამფრენი ფრინველებისა და ცხოველების მიგრაციის დერეფანი. დღეს კი, ის, მხოლოდ სანადირო ტერიტორიად მოიაზრება.
“ჭიაურის ტყეს განსაკუთრებული დაცვის სტატუსი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს გაუუქმდა და მოიჯარეებს გადაეცათ. ერთადერთი საქმიანობა დღეს არის სანადირო მეურნეობა, ამიტომ დაიყო ეს ტერიტორიები სანადირო მეურნეობებად, რათა აქ მობინადრე ცხოველებსა და ფრინველებს გამოყენება ჰქონდეთ. ალაზნის ჭალა რომ გაქრეს, მთელი ეს ტერიტორია უდაბნოდ გადაიქცევა“, – ამბობს ტყემალაძე.
თეიმურაზ ტყემალაძე თავადაც ერთ-ერთი მოიჯარეა და გაქრობის პირას მყოფი ენდემური სახეობების ფრინველებისა და ცხოველების გადარჩენაზე ზრუნავს. თუმცა, ამბობს, რომ ეს შრომატევადი საქმე დიდ ფინანსებს საჭიროებს და სახელმწიფოს დაუხმარებლად მთელ ტყეზე ვერ იზრუნებს. საკუთარი ძალისხმევით მოახერხა კოლხური ხოხობის, ღორისა და შვლების მოშენება, რომლებსაც ზრდის და შემდეგ ტყეში უშვებს.
“​რაც დღეს ტყეებში ხდება ამას ბრაკონიერობა, ყაჩაღობა, ქურდობა, ძარცვა ჰქვია. კანონი და აღსრულება მაღალ დონეზეა უცხოეთში, ბრაკონიერობა იქაც არის, მაგრამ იმ მასშტაბით, როგორც საქართველოშია, არსად არის. ჭალის ტყე არის უნიკალური ტყე, ეს არის კახეთის გული და სული. ჭალის ტყეებში მიდის უკანონო ჭრები, როგორც ბრაკონიერების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ტყე, არალეგალური შემოსავლის წყაროდ იქცა. გარდა ამისა, სისტემურ ჭრასა და დატაცებას შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა. ქურდი იპარავს იმდენს, რაც თვითონ სჭირდება, დანარჩენს კი აფუჭებს. უკანონო ჭრის უამრავი ფაქტია გამოვლენილი, მაგრამ ამას აღსრულება არ მოჰყოლია“, – აცხადებს ტყემალაძე.
მისივე ინფორმაცით, არის შემთხვევები, როდესაც გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებს ერთი თვის განმავლობაში, ერთი და იგივე ადამიანი 7-ჯერ დაუჯარიმებიათ, მაგრამ ის მაინც იმავეს აკეთებს, რადგან 100 და 1000 ლარიანი ჯარიმა მისთვის მკაცრი სანქცია არ არის.
​თეიმურაზ ტყემალაძე ლამის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვის ბრაკონიერებს. უკანონო ჭრის ფაქტებზე მისი მხრიდან ზარები არ წყდება, არც 112-ში და არც გარემოს დაცვის ინსპექციაში, მაგრამ ყველაფერი ჯარიმის გამოწერითა და ოქმის შედგენით მთავრდება.
იყო შემთხვევა, როდესაც ბრაკონიერი ჩართული ელექტროხერხით მოსაკლავად გაეკიდა.
“ქართველების ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულება ტყის მიმართ ჩემთვის შოკისმომგვრელია. ეს არ ხდება გაჭირვების გამო, ეს არის ჩამოყალიბებული მაფია. ამას არ აკეთებს სოციალურად დაუცველი ადამიანი. უკანონო ჭრებს ემატება ხანძრები და მალე ტყე, ქვეყნის არც ერთ რეგიონში აღარ გვექნება“, – აცხადებს იგი.
​ტყემალაძის ინფორმაციით, ბრაკონიერები სამართალდამცველებსაც კი უპირისპირდებიან, მათ შორის ფიზიკური წინააღმდეგობის არაერთი შემთხვევა ყოფილა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს, დაკავებულებმა გარემოს დაცვის სააგენტოს ავტომობილს ფარებიც კი ჩაუმტვრიეს.
“კანონის აღსრულება უნდა გამკაცრდეს. ამ დანაშაულს სახელმწიფო ქონების დატაცების კლასიფიკაცია უნდა მიეცეს და გამკაცრდეს სასჯელი. მერე ვერ გაბედავენ ამის გაკეთებას. ახლა პოლიციასაც არ აქვს უფლებები და მის ფუნქციაში არ შედის ბრაკონიერებთან ბრძოლა”,- აცხადებს იგი.
როგორც “სითი კვირას” თეიმურაზ ტყემალაძემ უამბო, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას, თბილისის ზოოპარკიდან დროებით, მოსავლელად სამი გარეული ღორი წაიყვანა, რომლებიც ვითარების დამშვიდების შემდეგ, უკანვე უნდა დაებრუნებინა ზოოპარკისთვის. მაგრამ, დაუდგენელმა პირებმა, თბილისის ზოოპარკის კუთვნილი ღორები და მასთან ერთად, ტყემალაძის მეურნეობას თავშეფარებული, ბრაკონიერებისგან გადარჩენილი 5 შველი დახოცეს.
“დაახლოებით სამი კვირის წინ, ბრაკონიერობის კიდევ ერთი მასშტაბური ფაქტი მოხდა. დაუდგენელმა პირებმა 11 ჰექტარზე მდებარე ტბა დააშრეს და შედეგად, 5-6 ტონა თევზი დაიღუპა. ახლა პოლიცია იკვლევს. ეს დანერგა მიხეილ სააკაშვილმა. სოფლის მოსახლეობა თავის ნებაზე ყავდა მიშვებული, ოღონდ ხმები მომეცით და რაც გინდა ის ქენითო. კისერი უტეხია იმ ტყეს და თემური ტყემალაძესო და შეიწირეს ეს ბუნება. ისევ ის ჯგუფი მუშაობს, ერთი და იგივე ხალხია. შეიძლება პოლიციელს სცემო? არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. მე ვხედავ, ვინ, როგორ იქცევა“, – ამბობს ტყემალაძე და მოითხოვს ტყეზე სახელმწიფო კონტროლი გამკაცრდეს.

ჩენ ვკარგავთ ჭიაურის ტყეს. ამას ხედავს მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდი, რომელსაც სერიოზული თანხები აქვს დახარჯული ალაზნის ჭალებში და საერთოდ, საქართველოში დაცული ტერიტორიები მათი გადარჩენილია. ხელისუფლებამაც რაღაც უნდა იღონო და გადაარჩინო შენი ქვეყნის ბუნება”,- მიაჩნია თეიმურაზ ტყემალაძეს.

​იგი მადლობას უხდის კახეთის რეგიონის გუბერნატორს, რომელმაც მისივე თქმით, რამდენჯერმე მოიწვია გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და ამ საკითხზე იმსჯელეს.

თეიმურაზ ტყემალაძე იმედოვნებს, რომ ასეთი შეხვედრები დადებით შედეგს გამოიღებს და ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურდება!  

წყარო: http://www.city.kvira.ge