მედია

გრეიპფრუტი სამკურნალო მნიშვნელობა და  გამოყენება

სახელწოდება „გრეიპფრუტი” ინგლისურად ყურძნის ნაყოფს, მტევანს (gra­pe — მტევანი, fru­it – ხილი) ნიშნავს. მისი ბოტანიკური სახელწოდებაა Cit­rus pa­ra­di­si Mac. ის ფორთოხლისა და პომპელმუსის ჰიბრიდია და ციტრუსოვანთა გვარს წარმოადგენს.

გრეიპფრუტი, როგორც ბოტანიკური სახე და კულტურული მცენარე, დაახლოებით ასი წლის წინ გახდა ცნობილი. ანტილიის კუნძულებზე მას მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან იცნობდნენ. კულტურულ მეციტრუსეობაში მე-19 საუკუნეში იქნა შემოტანილი. აშშ-ში ერთ-ერთ ძირითად სამრეწველო კულტურად მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაიქცა. საქართველოში ძირითადად აჭარასა და აფხაზეთში გვხვდება. გრეიპფრუტის გავრცელებული ჯიშებია: დუნკანი, უთესლო მერში, ფოსტერი, საიუბილეო. მისი საუკეთესო ჯიშებია: „ინდიან რივერი”, „ორუტ აილენდი”, „სტარ რუბი”, „რუბი რედი”. ის ყინვაგამძლე და გვალვაგამძლე მარადმწვანე მცენარეა. ველური სახით არ გვხვდება და იოლად იმყნობა.

გრეიპფრუტს „სამოთხის ციტრუსსაც” ეძახიან. მისი ნაყოფები ყვითელი, მომჟავო-მოტკბო გემოსია. წონა 240-520გრ. ფარგლებში მერყეობს. გრეიპფრუტის ნაყოფი შეიცავს: 88,8-90% წყალს; 6,5-8,7% ნახშირწყლებს (მ.შ. 3,8-7,4% შაქრებს), 1,2-2,4% ორგანულ მჟავებს (ჭარბობს ლიმონმჟავა), პექტინოვან და მღებავ ნივთიერებებს (ლიკოპინი 3,36 მგ%), ვიტამინებს (0,02-0,03-კაროტინი; 0,04-0,05 В1; 0,02-0,03 В2; 0,03 В3; 0,03 В5; 0,04 В6; 0,2-0,23 მგ% მგ; 3 მკგ% ფოლაცინი, В9, D, K, H, E, Р).

დანარჩენი ციტრუსებისგან გამოირჩევაC ვიტამინის დიდი (33,8-60 მგ%) შემცველობით. ის იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამღუპველი მოქმედებისაგან. გრეიპფრუტი ხანგრძლივად ინახება და ვიტამინებსა და სხვა ღირსებებს დიდხანს ინარჩუნებს.

მინერალური ნივთიერებებიდან ნაყოფი შეიცავს (მგ): 184-197 K, 23-34 Ca, 10-13 Na, 18-23 P, 0,5 Fe, 0,2 Zn, 64-67mkg Cu, 30მ/კგ Mn, 2მ/კგ I და სხვ.

ნაყოფის შემცველი ხსნადი პექტინი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას, კურნავს ყაბზობას, ხოლო ეთერზეთი და ორგანული მჟავები აქტიურად უწყობენ ხელს საკვების მონელებას, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ნაყოფის შემცველი ლიმონმჟავა ხელს უშლის თირკმელებში ქვების წარმოქმნას.

გრეიპფრუტის დიდი რაოდენობით შემცველი ბიოფლავონოიდები სისხლის პლაზმაში ინარჩუნებენ E  ვიტამინისა და აზოტის ჟანგის მაღალ დონეს და აფერხებენ სისხლძარღვების სკლეროტიზაციას. ამასთან, თრგუნავენ ოქსიდანტების, ჟანგბადის ქიმიურად აქტიური მოლეკულების სინთეზს და იცავენ ორგანიზმს შეშუპებისაგან.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აჩქარებენ ინსულინის სინთეზს. ბოჭავს რა არაორგანულ კალციუმს, ნაყოფის შემცველი სალიცილის მჟავა ხელს უშლის სახსრებში მის ჩაკირვას. აქედან გამომდინარე, ნაყოფი ძალზე მნიშვნელოვანია ართრიტით დაავადებულთათვის, თუმცა იგივე მიზეზით არ შეიძლება გრეიპფრუტის გადამეტებით გამოყენება. აღნიშნული ელემენტის (კალციუმის) მნიშვნელოვან შემცირებას შეუძლია გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის სიმყიფე. სალიცილის მჟავა ასევე უზრუნველყოფს ციებ-ცხელებისგან სწრაფად განკურნებას.

ნაყოფი შეიცავს ინოზიტოლს, რომელიც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას და ღვიძლს ათავისუფლებს ტოქსინებისგან, ამაგრებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ამცირებს შაქრის დონეს. გრეიპფრუტის შემცველი გლიკოზიდები და ვიტამინები ამცირებენ არტერიულ წნევას და ხელს უშლიან ათეროსკლეროზისა და სხვ. დაავადებების განვითარებას.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრეიპფრუტის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდი ნარინგინი აფერხებს ორგანიზმში ჩ ჰეპატიტის ვირუსის გავრცელებას. ის ასევე ხელს უშლის ორგანიზმის მიერ ცხიმების შეთვისებას, აუმჯობესებს ნაწლავების მოქმედებას და საკვების მონელებას, რაც ხელს უწყობს გახდომას.

გრეიპფრუტში აღმოჩენილი ფიტონუტრიენტი ლიმონენე პროფილაქტიკურად მოქმედებს კიბოს სხვადასხვა სახეზე, ხოლო ალკალოიდი ნატურალური ქინინი ამცირებს ტემპერატურას, აუმჯობესებს მადას.

გრეიპფრუტი მცირე რაოდენობით შეიცავს ცილებსა (0,7%) და ცხიმებს (0,2%). მისი კალორიულობა (29-40კკალ) ძირითადად ნახშირწყლებითაა განპირობებული.

რიგი მეცნიერის აზრით გრეიპფრუტის შემცველ შენაერთს სპერმიდინს შეუძლია ხელი შეუწყოს ცხოვრების ხანგრძლივობას.

გრეიპფრუტის შემცველი ნივთიერებები უზრუნველყოფენ ათეროსკლეროზის განვითარების შენელებას, ამცირებენ სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას, რაც ემსახურება ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების პროფილაქტიკას.

კანი შეადგენს ნაყოფის მასის 30-40%-ს. ის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, ასევე პექტინოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებსა და გლიკოზიდებს. ეთერზეთს იყენებენ: შარდმდენად, მატონიზირებელ და ანტისეპტიკურ საშუალებად, კოსმეტიკური საშუალებების გასამდიდრებლად და სხვ. ის ხელს უწყობს აპათიის გადალახვას, მეხსიერების შენარჩუნებას, იმუნიტეტის გაზრდას. კანის შემცველი Р ვიტამინი კბილებსა და ღრძილებს სიჯანსაღეს უნარჩუნებს.

ეთერზეთების ჭარბი რაოდენობით შემცველობის გამო გრეიპფრუტის ცედრას ფართოდ იყენებენ საკონდიტრო მრეწველობაში და ტკბილეულობის, ცუკატების, ჟელეს, ნაყენების დასამზადებლად, ცხობის დროს, მისგან ღებულობენ პექტინსა და ეთერზეთებს. გრეიპფრუტის ალბედოს შემცველი სიმსივნის საწინააღმდეგო აგენტები უზრუნველყოფენ კუჭის, კუჭქვეშა და წინამდებარე ჯირკვლების კიბოს პროფილაქტიკას, განაპირობებენ სისხლში ქოლესტერინის შემცირებას.

გრეიპფრუტის კურკების შემცველი ნივთიერებების ექსტრაქტები ნაწლავებსა და კუჭში თრგუნავენ პარაზიტების მოქმედებას.

გრეიპფრუტის წვენი მიუხედავად იმისა, რომ მჟავეა, ატუტიანებს ორგანიზმს. წვენს თვლიან სტრესთან და დეპრესიასთან ბრძოლის ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად. ის ხსნის დაღლას, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს.

ასეთი ქიმიური შედგენილობის გამო ნაყოფები სასარგებლოა ართრიტის, პოდაგრის, ცინგის, ოსტეოპოროზის, სისხლნაკლებობის, გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ, ასევე გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ. ისინი აუმჯობესებენ საკვების მონელებას, აქვეითებენ სისხლის წნევას, ნაწილობრივ აღმოფხვრიან ღვიძლის ფუნქციონალურ მოშლილობას, ზრდიან ორგანიზმის ცხოველმოქმედებას და გადაღლისას ძალების აღდგენას უწყობენ ხელს.

გრეიპფრუტის ნაყოფებს იყენებენ ნედლი სახით, აშრობენ, ამზადებენ მურაბებს, წვენებს, სასმელებს, ლიქიორებსა და ღვინოს, ჯემებს, იყენებენ საკონდიტრო ნაწარმში.

გრეიპფრუტის ზეთს იყენებენ საკონდიტრო და ლიქიორ-არყის წარმოებაში, ასევე პარფიუმერიაში სხვადასხვა ოდეკოლონისა და ტუალეტის წყლის დასამზადებლად.

ამგვარად, გრეიპფრუტი წარმოადგენს ეფექტურ მატონიზირებელ და ანტიდეპრესიულ საშუალებას, აქვს დიეტური, სამკურნალო და სხვ. თვისებები, თუმცა გასტრიტის, კოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ასევე თირკმელების უკმარისობის დროს მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი; ასევე დაუშვებელია მისი გამოყენება სამკურნალო პრეპარატების მიღებისას.

გულნაზ კაიშაური,

ტექნ. მეცნ. დოქტორი,