აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

მუხა

მუხა ძლიერების სიმბოლოა. მუხა მდიდარია მერქანსა და ქერქში არსებული მთრიმლავი ნივთიერებებით. იძლევა ძვირფას  ლპობაგამძლე, უმაღლესი  ხარისხის სამშენებლო მასალას, ხოლო მერქნის გული, თავისებური უნიკალური ქიმიური შემადგენლობის გამო, შეუცვლელია ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. მუხის კასრებში დაძველებული სპირტი დროთა გნმავლობაში განსაკუთრებულ გემოს, ხარისხს და უნიკალურ თვისებებს იძენს.
დედამიწაზე მუხების 450-600-მდე სახეობა ხარობს, რომელთა ნაწილი ფოთოლმცვენია, ნაწილი _ მარადმწვანე (ძირითადად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში). უზარმაზარ მუხის ხეებთან ერთად გვხდება მუხის დაბალი ბუჩქები. მუხების უმრავლესობა 1000-დან 2000 წლამდეც კი ცოცხლობს.

აღსანიშნავია, რომ მუხის რკო ადამიანის თავდაპირველი საკვები ყოფილა და პირველი პურიც ადამიანს რკოსგან დაუმზადებია, ხოლო მოგვიანებით, როცა ადამიანმა მარცვლეულის გამოყენება დაიწყო, ყუათიანობის გაზრდის მიზნით მას ფქვილსაც კი უმატებდა. რკო ყუათიანობით ქერს არ ჩამოუვარდება. ერთი კილოგრამი გამომშრალი რკო 45გრ. ცილას, – 40 გრ. ცხიმებს, – 610 გრ. ნახშირწყლებს, – 50გრ. უჯრედისს და სხვა ნივთიერებებს შეიცავს. რკოსგან დღესაც ამზადებენ ბურღულს, ორცხობილას, ყავას და სპირტს.

რკოსგან ყავის დამზადება ძნელი არ არის:

კანგაცლილი რკო ჩრდილში უნდა გაშრეს, მოიხალოს, დაიფქვას და გემრიელი ყავა მომზადდეს.

მუხა ფართოდ გამოიყენება, როგორც ხალხურ, ისე თანამედროვე მედიცინაში: იგი გამოიყენება პირის ღრუს, ხახისა და ღრძილების ანთების, ჰიპერტონიის, კუჭ-ნაწლავის, სიყვითლის, კუჭიდან სისხლდენისა და მრავალ სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მუხა გამოყოფს ფიტონაწილაკებს, რომელიც სტერილიზაციას უტარებს ჰაერს, ამიტომ მუხნარში დასვენება გულ-სისძარღვთა დაავადებულებს შესანიშნავ შედეგს აძლევს.

საქართველოს ტყეებში მუხას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. ჩვენში გავრცელებული 7 სახეობიდან 5 ენდემია და მათ დღეს 291 ათასი ჰექტარი ფართობი უჭირავს. ძველად ქვეყანაში მუხნარებს უფრო მეტი ფართობი ეკავა, მაგრამ მის მერქანზე გაზრდილი მოთხოვნილებების გამო მუხნარის ფართობები მცირდება და  ხარისხს კარგავს.

საქართველოში გავრცელებული მუხის სახეობები:

ქართული მუხა Quercus eberica) 18-20 მეტრის სიმაღლის ხეა. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ ის, რომ ფოთლის ყუნწი ნაყოფის ყუნწზე უფრო გრძელია. ფოთლის ზედა მხარე პრიალა, მწვანე ფერისაა, ქვედა კი ოდნავ მქრქალი, შიშველი და დაძარღვული.

ქართული მუხა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, ზღვის დონიდან 500-დან 1200 მდე ვრცელდება. იგი შედარებით სითბოსმოყვარული სახეობაა და უფრო სამხრეთის ფერდობებზე გვხვდება. მას მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს და სიმშრალეს კარგად ეგუება. პირველ ხანებში იგი ნელა იზრდება, შემდეგ კი ზრდის ინტენსიობა მატულობს.

ქართული მუხის თანამგზავრი, ანუ სიმაღლეში თანმდევი სახეობებია: რცხილა, იფანი, ნეკერჩხალი, ჯაგრცხილა, შინდი, კუნელი და სხვა. ზოგჯერ რცხილა მუხის კონკურენტადაც კი გვევლინება, რადგან იგი უფრო ჩრდილის ამტანია და თანაც თავიდან მუხაზე სწრაფად იზრდება.

იმერეთის მუხა (Q. imeretina) ტანდაბალი _ 25-30 მეტრამდე სიმაღლის იზრდება.  აქვს ძალიან გრძელი (100 მმ-მდე) რკალისებრად მოხრილი ნაყოფი, ყუნწებზე 1-2 რკო ეზრდება.

იგი ენდემია და მხოლოდ საქართველოში, დაბლობებში და მთებში 300-400 მეტრამდე სიმაღლეზე გვხვდება: აფხაზეთში, ქვემო სვანეთში, რაჭაში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში. იგი ქმნის, როგორც სუფთა, ისე შერეულ კორომებს ძელქვასთან, მუხასთან, რცხილასთან და სხვა სახეობებთან ერთად. არის სითბოს, სინესტის და ნოყიერი ნიადაგების მოყვარული.

გრძელყუნწა (ჭალის) მუხა (Q.longipes) 30 მეტრამდე სიმაღლისა იზრდება, აქვს დიდი გაშლილი ვარჯი. ტყეში ცილინდრული ფორმისაა.

ჭალის მუხა გავრცელებულია ჭალებსა და დაბლობებში, პირველ და მეორე ტერასაზე. სუფთა კორომებს იშვიათად ქმნის. შერეულია: თელასთან, იფანთან, რცხილასთან და სხვა სახეობებთან. გვხვდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში. მდინარე მტკვრის, არაგვის, ივრის, ალაზნის ჭალებში, აზერბაიჯანშიც.

აღმოსავლეთის (მაღალი მთის) მუხა საშუალო სიმაღლის ან ტანდაბალი ხეა- 10-16მ. სიმაღლის. აქვს გაშლილი ვარჯი, ხშირად მრუდე ღერო, რბილი ბუსუსებით დაფარული რუხ-მოყვითალო ყლორტები.

აღმოსავლეთის  მუხა სიცივის ამტანია. იგი ამიერკავკასიის  აღმოსავლეთ ნაწილიში ზღვის დონიდან 1200-2400მ-მდე (ხშირად სუფთა კორომებადაც) გვხვდება.

პონტოს მუხა (Q.Pontics) ტანდაბალი ხეა, რომელიც ხშირად ტანბრტყელ ბუჩქად იზრდება. იგი კავკასიის ენდემია. საქართველოში ზღვის დონიდან 1200 – 2200მ-მდე გვხვდება: აფხაზეთში, სვანეთში, გურიაში, სამეგრელოსა და რაჭაში.

გარდა ადგილობრივი სახეობებისა საქართველოში გამოცდილია წაბლფოთლა და კორპის მუხა (Q.Suber).

კორპის მუხა სითბოს მოყვარული სახეობაა. ვერ იტანს ყინვას (14-150C). საქართველოში იზრდებოდა ზუგდიდსა და წყალტუბოში.

წაბლფოთლა მუხა სწრაფმზარდი სახეობაა, კარგად და ღრმად  განვითარებული ფესვთა სისტემა აქვს. კარგად იზრდება დასავლეთ საქართველოს ტყეებში.

წაბლფოთოლა მუხა დგას თბილისში, საბურთალოს ყოფილი  ბაზრის წინ.

როგორც აღვნიშნეთ, მუხებს ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს. ცნობილია, რომ თუ მიწის ზევით მუხის აღმონაცენი 10 სანტიმეტრია, მისი ფესვი ხშირად 1 მეტრი და უფრო მეტია, ამიტომ მუხის თესვა უმჯობესია მუდმივ ფართობებზე, ხოლო სანერგეში დათესვის შემთხვევაში საჭიროა ფესვის დამოკლება, შეჭრა გალესილი ბარით ან სპეციალური გუთნით. ფესვის შეჭრის შემთხვევაში ხდება მისი დაბუჩქვა, განტოტვა, გაძლიერება. სანერგიდან ამოღებული მუხის თესლნერგი  მალე შრება და გახალისების უნარს კარგავს, ამიტომ საუკეთესო საშუალებაა ახლად ამოღებული თესლნერეგბის ფესვების წუნწუხში ამოვლება.

წუნწუხი ასე მზადდება: ერთი წილი დამწვარი ნაკელი, ერთი წილი კორდის გაცრილი მიწა და ერთი წილი თიხამიწა უნდა გაიხსნას წყალში. თუ მუხის თესლნერგი იმავე დღეს არ ირგვება, მის დროებით მიმარხვის მაგივრად უმჯობესია გამდინარე წყალში ჩაწყობა (მსგავსი დამუშავება სჭირდება თხილის და ნუშის თესლნერგებსაც). წუნწუხში ფესვის ამოვლება დარგვის წინ, ყველა სახეობის თესლნერგებისთვის უებარი საშუალებაა.

მუხა ითესება 6-8სმ. სიღრმის კვლებში. ერთმანეთისგან 7-8 სმ-ით დაშორებით. მუხის ნათესი მსუბუქად უნდა მოიტკეპნოს, რომ მჭიდროდ ჩაჯდეს მიწაში და ნათესიდან ჰაერი გამოიდევნოს.

უსისტემო ჭრებისგან დაზიანებულ მუხნარების აღდგენის მიზნით საჭიროა, ხე მიწის პირზე მოიჭრას. ამ დროს ამონაყარი  თანაბარი, მაგრამ ხშირი იქნება, რომელიც მოვლითი ჭრის დროს სასურველ სიხშირემდე უნდა დავიყვანოთ.

 /ტრისტან ჩერქეზიშვილი/

  რესპუბლიკის დამსახურებული მეტყევე.

თბილისი, 2013წ.

  PS.

   ერთი ჰექტარი მუხის ტყე წლიურად 5 ტონამდე ნარჩენს, ფოთოლსა და ხმელ ტოტებს, ფიჩხის იძლევა. ყოველი ტონა ასეთი ნარჩენი შეიცავს: 23კგ. აზოტს, 4 კგ. ფოსფორს და 10 კგ. კალიუმს და ძვირფასი სასუქებით ანოყიერებს ნიადაგს.