ნესვი, მოვლა-მოყვანის თავისებურებები

ნესვის (Cucumis melo (melo sativus) სამშობლოდ შუა აზია, მცირე აზია და ამიერკავკასია ითვლება. საქართველოში ნესვი დიდი ხნიდანაა ცნობილი. იგი საკმაო რაოდენობით შეიცავს შაქრებს (14-18%-მდე) და სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს, მათ შორის ვიტამინებს. ნესვი გამოიყენება როგორც ნედლად, ასევე გადასამუშავებლად – მისგან ამზადებენ თაფლს, ჩირს, ფაფას.

თესლი ბრტყელი აქვს, კვერცხისებრი ან წაგრძელებულ-ოვალური ფორმის, ძირითადად ყვითელია, სხვადასხვა ელფერით ან თეთრი. 1 გრამში 18-24 ცალი თესლია. ნესვს ფესვი ძლიერ განტოტვილი აქვს. ფესვების ძირითადი მასა ნიადაგში გაშლილია ზედაპირულად, სახნავ ფენაში 10-25 სმ-ის სიღრმეზე. ფესვთა სისტემა Mმთავარღერძიანია, ცალკეული ფესვები საკმაოდ ღრმად ჩადიან ნიადაგში, განსაკუთრებით ფხვიერში.

ღერო მხოხავია, მომრგვალო, დაკუთხული, სიგრძით 2-4 მეტრს აღემატება. ღეროს ისეთივე დატოტვა ახასიათებს როგორც კიტრს. ფოთოლი შებუსულია, მომრგვალო, ხუთკუთხა, თირკმლის ან გულისებრი, კიდემთლიანი ან დანაკვთული, მუქი მწვანე ან მორუხო-მწვანე, ფოთლის იღლიაში მოთავსებულია ულვაშები. ნესვი ერთსახლიანი და ერთსქესიანი მცენარეა, იშვიათად ორსქესიანი, მამრობითი ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილდედად შეკრული სხედან, ხოლო მდედრობითი ყვავილები ერთეულად არიან. განაყოფიერება ხდება ჯვარედინად, მწერების მეშვეობით. ნაყოფი შეიძლება იყოს მრგვალი, ბრტყელი, ცილინდრული, და ელიფსური, მსხლისებრი. ზედაპირი გლუვი, დანაოჭებული, დასეგმენტებული და მეჭეჭიანი. შეფერვა: ყვითელი, მწვანე, თეთრი, მიხაკისფერი, პირბადიანი ან უპირბადო; რბილეულის ფერი – თეთრი, მწვანე, მონარინჯისფერ-ყვითელი, ვარდისფერი. კონსისტენცია: მკვრივი, ხრაშუნა, ფხვიერი, ბოჭკოებიანი. ბუდე, რომელშიც თესლია მოთავსებული, შეიძლება იყოს განთხევადი, სველი, მკვრივი, ტაროსებრი.

ნესვი სითბოს მოყვარული მცენარეა. თესლის აღმოცენება იწყება 150ჩ-ზე, მაღალ ტემპერატურაზე ამოდის 7-12 დღეში. აღმონაცენი მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურის მიმართ -1°C-ზე იგი იღუპება.

ნესვი დიდ მოთხოვნას უყენებს ნიადაგის ტენიანობასა და ნაყოფიერებას. კარგ მოსავალს იძლევა სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგებზე. ნიადაგის ძირითადი დამუშავებისას შეაქვთ 40-60 ტონა ნაკელი. აუცილებელია მინერალური სასუქების შეტანაც: სუპერფოსფატი 120-160 კგ, კალიუმის ოქსიდი 80-120 კგ, აზოტი 100-150 კგ.

ნესვი მოჰყავთ როგორც ჩითილის გამოყვანით, ასევე პირდაპირ, ღია გრუნტში თესვით. ჩითილით გამოყვანის შემთხვევაში, რეალური შედეგების მისაღებად აუცილებელია ჩითილი გამოვიყვანოთ ერთჯერად ჭიქებში, სპეციალურ კასეტებში ან ტორფ-ნეშომპალიან კუბურებში. გადასარგავად გამზადებული ჩითილი უნდა იყოს 2025 დღის, აუწოწავი, მავნებლებისგან და დაავადებებისგან დაზიანების გარეშე.

ერთჯერად ჭიქებში ნესვის ჩითილის გამოყვანა (სათბური)

პირდაპირ თესვით მოყვანისას, თესლი ითესება კარგად დამუშავებულ ნიადაგში, ბუდობრივად. მწკრივებს შორის 1,5-2 მეტრის დატოვებით, ხოლო მწკრივში ბუდნებს შორის 0,5-1 მეტრის დატოვებით. სათესი ნორმა 1,5-2 კგ/ჰა-ზე.

ნესვი საჭიროებს გაფხვიერებას და რწყვას. იგი საკმაოდ მგრძნობიარე კულტურაა ჰერბიციდების მიმართ, ამიტომ მისი მოყვანისას ჰერბიციდები თითქმის არ გამოიყენება (ერთლებნიანი სარეველების წინააღმდეგ შესაძლებელია ფიუზილად ფორტეს, ან ფიუზილად სუპერის გამოყენება). ნესვისთვის დამახასიათებელია იგივე მავნებელ-დაავადებები, რაც ზოგადად გოგროვანთა ოჯახისთვის.

ილია მჭედლიძე