რუმინეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოქმედება შეჩერდა – ფერმერები წყლის დეფიციტზე მიუთითებენ
რუმინეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი ეროვნული სეტყვის საწინააღმდეოგო სისტემის ფუნქციონირება შეჩერდა. ინფორმაცია EastFruit-მა გაავრცელა და მას ქვეყანაში მოქმედი სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს, რომლის თანახმადაც უწყების ბრძანება ძალაში რჩება.
მოსარჩელე ფერმერები პრახოვის, ბუზეუსა და ვრანჩას რეგიონებიდან აცხადებენ, რომ სისტემის მუშაობისას ნალექების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და წლების განმავლობაში საშუალო წლიური ნალექი მხოლოდ 100-110 მილიმეტრს აღწევდა. მათი თქმით, მას შემდეგ რაც 2025 წელს სისტემის ოპერირება შეწყდა, რეგიონებში ატმოსფერული ნალექების ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვრანჩას რეგიონში მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ძლიერი სეტყვა დაფიქსირდა, იტყობინება Logos Press ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს როგორც სეტყვის საწინააღმდეოგო რაკეტებისა და გაშვების სისტემების მომწოდებელმა კომპანიებმა, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ. აღნიშნულ დავაში გადამწყვეტი გახდა ის გარემოება, რომ სისტემის ათწლეულობით გამოყენების მიუხედავად, ის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა ოფიციალურად სერტიფიცირებული.
ამჟამად, ევროპის მასშტაბით სეტყვის საწინააღმდეოგო რაკეტებს მხოლოდ რუმინეთი, ბულგარეთი და მოლდოვა იყენებენ. მოლდოვაში ფერმერები აქტიურად უჭერენ მხარს სეტყვის საწინააღმდეოგო სისტემის გამოყენებას და ხელისუფლებისგან მისი გაფართოების მოთხოვნითაც გამოდიან. ქვეყნის სამეცნიერო წრეებში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება ნალექების რაოდენობის შემცირებას ან არათანაბარ განაწილებას არ უკავშირდება. ექსპერტების მოსაზრებით, ამის მიზეზი უფრო ღრმა და სისტემურია – მათ შორის, მოლდოვის უკიდურესად დაბალი ტყიანობა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მწირია (ყველაზე მცირე ევროპაში _ 10%-ზე ნაკლები), რაც პირდაპირ მოქმედებს მიკროკლიმატსა და ნალექთა სტაბილურობაზე.
რუმინეთში სეტყვის საწინააღმდეოგო სისტემის გარშემო მიმდინარე დისკუსია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კლიმატური ცვლილებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ზემოქმედებაზე სოფლის მეურნეობის სექტორში – საკითხი, რომელიც მთელი რეგიონისთვის აქტუალურ გამოწვევად რჩება.
წყარო: EastFruit