ფრინველის ზოგიერთი დაავადება მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა

 მეფრინველეობის ფერმებსა თუ შინამეურნეობებში ჯანსაღი ფრინველის გამოზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ფრინველები სუსტი არსებები არ არიან, ისინი იოლად არ ავადდებიან, მაგრამ არსებობს ინფექციური თუ სხვა დაავადებები, რომლებიც მათ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, სწრაფად ვრცელდება, ფრინველის მასობრივ დაცემას იწვევს და ფერმერსაც დიდი ზარალი ადგება. ამიტომ ასეთი რისკები რომ ავიცილოთ თავიდან, საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება და ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების მინიმალურ დონეზე ცოდნა.  

აქვე გთავაზობთ მეტ-ნაკლებად გავრცელებული დაავადებების აღწერას, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდებს, რაც, ვფიქრობთ, გამოგადგებათ, რომ სამომავლოდ ზარალი აიცილოთ დავიდან. 

ფრინველის ჭირი

– ვირუსული დაავადებაა. მისით ავადდებიან ქათმის ჯგუფის ფრინველები (ქათამი, ინდაური, ციცარი, ხოხობი და სხვა).

კლინიკური ნიშნები: ინკუბაციური პერიოდი 2–7 დღე, იშვიათად გრძელდება 9–12 დღე. ფრინველს აღენიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა 43-44°С, სისუსტე, ციანოზი(სიშავე), ჩიჩახვის გაგანიერება, გამონადენი პირიდან, ფრთების ჩამოყრა, ფეხების დაზიანება და სხვა. დიაგნოზი ისმება ეპიზოტიური მონაცემების კლინიკური ნიშნებით და ლაბორატორიული გამოკვლევით. ავადმყოფი ფრინველის მკურნალობა მიზანშეწოლილი არ არის.

პროფილაქტიკური ღონისძიებებისათვის გამოიყენება ცოცხალი, დასუსტებული და ინაქტივირებული ფრინველის ჭირის ვაქცინა.

3-დან  6-თვემდე ასაკის ფრინველს 0,5 გრ, 6- თვის ზევით 1-გრ. ინდაურს 1,5გრ ფრთის ქვეშ ან ბარძაყის  კუნთში. იმუნიტეტს ინარჩუნებს 6 თვე.

წიწილები უნდა იზრდებოდეს იზოლირებულად, მკაცრად უნდა დავიცვათ ჰიგიენა. ჩატარდეს დეზინფექცია 20%–იანი კირხსნარით. უნდა მივცეთ მარგანცოვკა, საკვები გავამდიდროთ ვიტამინებით.

სალმონელოზი

– წიწილები ავადდებიან 1–3 დღიდან  4 თვის ასაკამდე. დაავადების დროს წიწილები აღარ მოძრაობენ, ეწყებათ კუჭის აშლილობა მძაფრი სუნით.

მკურნალობა ტეტრაციკლინი საკვებში მიცემით, 10%–იანი ენროფლოქსი წყათან ერთად 1 გრამი 2 ლიტრ წყალში, ოქსიტეტრაციკლინი ეძლევათ 20 დღემდე ასაკის წიწილებს 1– ფრთაზე 2-3 მილიგრამი.

პროფილაქტიკა – დაავადებული წიწილები გამოვყოთ ცალკე, ჩატარდეს დეზინფექცია. ინვენტარი და საგნები გაირეცხოს ცხელი წყლით, ვებრძოლოთ სისტემურად მღრღნელებს.

კოქციდიოზი 

– ავადდება მოზარდი 2-6 კვირის ასაკში. წიწილებს უქვეითდება მადა, ნაკლებად მოძრაობენ, ეშლებათ კუჭი, განავალი მწვანე ან წითელი ფერისაა, სწრაფად იკლებენ წონაში.

მკურნალობა – ამპრილიუმი 20% 1–გრამი 1,5ლიტრ წყალში 5-7 დღის განმავლობაში კოქციდიოვიტი 2,5 გრამი 0,5 ლიტრ წყალში. რიგუკოცინი 10კგ საკვებში 5 გრამი  პირველი დღიდან სუქების მთელ პერიოდში.

პროფილაქტიკა – მსხვილი ფრინველის იზოლაცია, ბინის ყოველდღიური დასუფთავება, საკვებურებისა და საწყურებლების სისტემატურად ცხელიწყლით გარეცხვა. სრულფასოვანი საკვებითა და ვიტამინებით კვება.

პულოროზი

–დაავადებული წიწილა  იწყებს ჯდომას, თვალები აქვს ნახევრად დახუჭული, გაძნელებული სუნთქვა, განავალი თეთრი მძაფრი სუნით. დაავადების გამომწვევია სიმჭიდროვე, ნესტი, დაუბალანსებელი საკვებით კვება, განსაკუთრებით ვიტამინების დეფიციტი.

მკურნალობა – ტეტრაციკლინი, ლევომიცეტინი, ფურაცილინი, კანამიცინი, სულფადიმეზინი.

პროფილაქტიკა – წიწილები უნდა იზრდებოდეს იზოლირებულად.

მკაცრად უნდა დავიცვათ ჰიგიენა, ჩატარდეს დეზინფექცია 20%–იანი კირის ხსნარით. უნდა მივცეთ მარგანცოვკა, საკვები გავამდიდროთ ვიტამინებით

ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა დაავადებების შემთხვევაში უნდა მივმართოდ ვეტერინარ ექიმს და პათ. მასალა გადავაგზავნოთ ვეტერინარულ ლაბორატორიაში ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, რათა ჩატარდეს ზუსტი მკურნალობა და პროფილაქტიკა.