დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქართული მეღვინეობის განვითარების პერსპექტივა ტრადიციული მარნების აღორძინებაშია

შესაძლოა, ამ მცირე წერილის სათაური ზოგიერთს ძალზე ამბიციურად, ანდა პრეტენზიულადაც მოეჩვენოს, მაგრამ ეს ყოველივე მართლაც ასეა!

თავშივე გვინდა ვთქვათ, რომ ქარხნული მეღვინეობის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ ქვეყნის ბიუჯეტისათვის ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება და ეს ცალსახაა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული მეღვინეობის, როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილის განვითარება პირდაპირ კავშირშია ტრადიციული, ოჯახური მარნების აღორძინების საქმესთან. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად სწორედ რომ სტრატეგიულ მიზნად უნდა დაისახოს რეგიონებში ადგილობრივი ვაზის ჯიშების გაშენება და მათ ბაზაზე მცირე საოჯახო მარნების მშენებლობის საკითხი. ამგვარი წამოწყება თავისთავად გამოიწვევს ღვინის ტურიზმის განვითარებასაც, რომელი საქმეც ჩვენში ეს — ესაა იწყება და იკიდებს ფეხს.

 შესადარებლად ერთს ფაქტს მოვიტანთ. როდესაც საქართველოში ოჯახურ მცირე მარნებში წარმოებული ბოთლის ღვინო ჯერ კიდევ არ იწარმოებოდა (საუბარია ახლო წარსულზე), მაშინ საქართველოს ქარხნებში წარმოებულ ღვინოს სვამდნენ და იცნობდნენ მხოლოდ იქ, სადაც ლაპარაკობდნენ რუსულად. ანუ ექსპორტირებული ქართული ღვინის აბსოლუტური უმრავლესობა რუსულენოვანი ქვეყნების საზღვრებს ვერ სცილდებოდა. იშვიათად ამგვარ ღვინოს სადღაც ყაზახეთში ან სხვაგან რაიმე ჯილდოსაც კი უწყალობებდნენ ხოლმე…

ხოლო იმ მითს, თითქოსდა ჩვენს ქარხნულ ღვინოებს მსოფლიო იცნობდა, მითებსა და ზღაპრებს შორის თავისი ღირსეული ადგილი ეკავა და უკავია დღესაც… თუმცა, დაიწყო თუ არა მცირე, ოჯახური მარნების აღორძინება, ქართული ქვევრის ღვინო მაშინვე გაიცნო მსოფლიომ. ამ ყოველივემ ისიც კი გამოიწვია, რომ ჩვენი უნიკალური ჭურჭლით — ქვევრით უცხოეთშიც დაინტერესდნენ და ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება. შედეგად ევროპის ქვეყნებსა თუ ამერიკაში უკვე არაერთი მარანი ფუნქციონირებს, რომლებიც საქართველოდან გატანილი ქვევრებითაა მოწყობილი. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტები და სტუმრები უპირატესად მცირე, ოჯახურ მარნებს სტუმრობენ და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ერთი ქვეყნიდან მეორეში ქარხნის სანახავად, როგორც წესი, არავინ ჩადის. ეს ყოველივე კი, ვფიქრობთ, ერთგვარი საფუძველი უნდა გახდეს იმისა, რომ ტრადიციული მეღვინეობისა და ასევე მექვევრეობის განვითრებას მთავრობამ ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს.

წარმოგიდგენიათ, თუ როგორი ყურადღების ქვეშ იქნებოდნენ მექვევრეები, მაგალითად საფრანგეთში, იტალიაში თუ სხვაგან? იქაური მთავრობა მათ, ალბათ, ძეგლებსაც კი დაუდგამდა… სამწუხაროა, მაგრამ რიგ შემთხვევებში ქართველ მექვევრეებს ადგილობრივი მთავრობის მხრიდან ხელის შეშლის მეტი არაფერი ხეირი არა აქვთ, თუმცა ეს იქით იყოს. არა გვგონია, რომ მაგალითად კახეთის მხარის გუბერნიისათვის რთული იყოს ამჟამად კახეთის მთელს რეგიონში შემორჩენილი სამად სამი მექვევრისათვის ნორმალური, თანამედროვე ქურების აშენება, ანდა მაგალითად თიხის დამახარისხებლის შეძენა თუ სხვ. იგივე შეიძლება ითქვას გურიაზეც და იმერეთზეც, სადაც, კახეთისა არ იყოს, თითზე ჩამოსათვლელი მექვევრე ოსტატებიღა არიან დარჩენილნი. ზოგიერთ მექვევრეს საკუთარი ქურაც კი არ გააჩნია და სხვისი ქურით სარგებლობს… თუკი ეს დარგი ჩაკვდება (და მგონი საქმე ნელ-ნელა მართლაც აქეთკენ მიდის), მაშინ თავისთავად ჩაკვდება ქვევრში ღვინის დაყენების 8 000-წლიანი ტრადიციაც, რითაც ჩვენ ასე ვამაყობთ. როგორც ითქვა ქართული ტრადიციული მეღვინეობა და ასევე შინამრეწველობის ისეთი დარგი, როგორიც მექვევრეობაა, ერთმანეთს მჭიდროდ ებმის და ამ ორი დარგის არსებობა ერთმანეთზეა დამოკიდებული.

სხვადასხვა ადამიანების მხრიდან არაერთხელ გამოთქმულა აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში აშენებულიყო ქვევრების ქარხანა. ეს იდეა არამართებულად გვეჩვენება, რადგან მექვევრეობა ყოველთვის იყო საქართველოს შინამრეწველობის დარგი და ამ დარგმა მამიდან შვილზე გადაცემით მოაღწია ჩვენამდე. ესე იგი ეს უკანასკნელი, შეიძლება ითქვას, რომ „ოჯახური“ დარგია. მექვევრეობის ქარხნულმა მიმართულებამ შესაძლოა უარყოფოთად იმოქმედოს ამ ყოველივეზე და ამ მხრივ დაფიქრებაა საჭირო, რადგან თუ დღეს თითზე ჩამოსათვლელ მექვევრეებს კონკურენტად ქვევრების ქარხანა მოევლინათ, რომელსაც ისინი კონკურენციას ვერანაირად ვერ გაუწევენ, მაშინ შინამრეწველობის ეს დარგი გაქრება! თუმცა, მიზანი, რომ აშენდეს ქვევრის ქარხანა და დამზადდეს ბევრი ქვევრი, შესაძლოა, მიღწეულიც იქნას, მაგრამ ესაა ის ბიზნესინტერესი, რომელიც, როგორც ითქვა, შთანთქავს ქართულ ტრადიციულ მექვევრეობას.

ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის კულტურას მსოფლიოში ქვევრის ტრადიციულმა ღვინომ და ამ ღვინის დაყენების მეთოდმა გაუთქვა სახელი, რომელ ფაქტსაც მართებულად გამოყენება და გაგრძელება ესაჭიროება. იმას, რომ ეს ყოველივე მართლაც უნიკალური შინაარსისაა, თვალნათლივს ხდის ისიც, რომ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა და ამრიგად იგი მსოფლიო საგანძურად გადაიქცა.

რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზარიც დიდად საინტერესოა ჩვენთვის, მგრამ ამ ბაზარზე დამკვიდრებას ქართული ღვინის სახელი ნამდვილად არ უნდა გადავაყოლოთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. რუსული ბაზრის საკითხებზე ილია ჭავჭავაძეც საუბრობდა თავის გენიალურ და ყველა დროისათვის აქტუალურ ნარკვევში „ღვინის ქართულად დაყენება“, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ რუსეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად მართლი ღვინო უნდა დავაყენოთ და ასეთ შემთხვევაში არა თუ მხოლოდ დავიმკვიდრებთ რუსეთის ბაზარს, არამედ სხვა ქვეყნების ყალბ ღვინოებსაც განვდევნით იქიდანო. სამწუხაროდ, და განსაკუთრებით კი უახლოეს წარსულში, დიდი ილიასეული ეს შეგონება თითქმის უგულებელყოფილი იყო. ასე განვსაჯოთ, რომ იმავე ახლო წარსულში ყველაზე მართალ და ყველაზე კარგ ღვინოდ იმ ქარხნის ღვინო ითვლეობოდა, რომლის მეპატრონეც ყველაზე ბევრ ფულს მიიტანდა „სამტრესტში“… მაგრამ მოდით, ისევ ტრადიციულ მეღვინეობას დავუბრუნდეთ.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში ისეთი დარგი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განვითრებასა და შენარჩუნებას, სახელმწიფო დოტაციაზეა აყვანილი და ამგვარი დარგის მიმდევრები ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობისაგან ხშირად გარკვეული დახმარებითაც სარგებლობენ. თუმცა, როგორც აღინიშნა, ასეთი რამ მხოლოდ ნორმალურ ქვეყანაში ხდება…

ჩვენში, და უპირატესად კახეთში, ტრადიციული ახალი მარნების მშენებლობა თუ ძველების აღდგენა, მადლობა ღმერთს, ისედაც მიმდინარეობს, მაგრამ მიზეზთა გამო პროცესი შენელებულია. ასეთი მიზეზი არაერთია და სწორედ იმისათვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ამასთან არა მხოლოდ კახეთში, არამედ სხვა რეგიონებშიც განვითარდეს, საქმეს გარკვეული ხელშეწყობა ესაჭიროება. როგორც ზემოთ აღინიშნა, სულ რამდენიმე წელია, რაც ბოთლში პირველი ქვევრის ღვინო ჩამოისხა და შეაღო ევროპის კარი და ამ თითზე ჩამოსათვლელ წლებში ქვევრის ღვინოზე და ქართულ უნიკალურ საღვინე ჭურჭელ — ქვევრზე მსოფლიო ალაპარაკდა.

ჩვენ ქვეყანას მსოფლიოში ქვევრის ღვინო გაუთქვამს სახელს, რაც ქართული ღვინის კულტურის აღორძინების საწინდარი იქნება. საბედნიეროდ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ამიტომ ეს საკითხი ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს. როგორც ითქვა, რეგიონებში ქართული, ადგილობრივი ვაზის ჯიშების გაშენება და მათ ბაზაზე ტრადიციული მცირე მარნების აშენება უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს ამ დარგის მესვეურებისა. ამას ამჟამად კერძო პირები აკეთებენ ასე თუ ისე, მაგრამ საქმეს ეს არ შველის. ეს საქმე საერთო ქართული საქმეა, რომელზე დახარჯული ყოველი წუთიც და ყოველი თეთრიც მალევე გამოიღებს თავის კეთილ ნაყოფს. კვლავაც გავიმეორებთ, რომ ამ ყველაფერს თავისთავად მოჰყვება ღვინის ტურიზმის განვითრებაც, რასაც ჩვენი ქვეყნის ღვინის კულტურის განვითარების საქმეში უდავოდ ენიჭება გარკვეული როლი.

ერთსაც დავამატებთ, რომ ქართული ვაზის ჯიშების უნიკალური გენოფონდი; ქართული მარანი; ჩვენი ფენომენალური საღვინე ჭურჭელი — ქვევრი და ღვინის ქართულად დაყენების არქაული წესი ის სიწმინდეებია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე თავიანთი სისხლის ფასად მოიტანეს, რათა ეს ყოველიევე ჩვენ ჩვენს შთამომავლობამდე მივიტანოთ და ჩავაბაროთ მას.

გიორგი ბარისაშვილი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“