ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის მოყვანა საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატებისა და სასუქის გამოყენებით

ბოსტნეული ადამიანის აუცილებელი, ყოველდღიური კვების პროდუქტი და ვიტამინების დაუშრეტელი წყაროა.
დღეს საქართველოს სახნავ-სათესი ფართობიდან, რომელიც 800 000 ჰექტარს აჭარბებს, ბოსტნეულს 30 728 ჰა, ბაღჩეულს 20 272 ჰა უჭირავს (სტატისტიკის მონაცემები).
მეცნიერთა კვლევების მონაცემებით ადამიანთა კვების რაციონში 1/4 ნაწილი უნდა ეკავოს სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოხმარებას. ადამიანმა წლის განმავლობაში საჭიროა 125-140 კგ. ბოსტნეულის და ბაღჩეულის პროდუქტი მოიხმაროს.

საქართველოში ბოსტნეულს აწარმოებენ როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში. ამ უკანასკნელს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შემოდგომა-ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ახალი ბოსტნეულით მომარაგების საქმეში.

ბოსტნეულ კულტურებს შორის ყველაზე ძვირფას და ფართოდ გავრცელებულ კულტურებს წარმოადგენს ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან — პამიდორი და წიწაკა, რომელთა ფართო მოხმარება ხდება ძირითადად ნედლი (უმი) სახით. ამ კულტურების მოსაყვანად ჩვენ ვიყენებთ ორგანულ პრეპარატებს, ნიადაგის დამუშავებიდან დაწყებული მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში და ვაწარმოებთ დაკვირვებებს.

ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ფიტავენ ნიადაგს და ყოველ მომდევნო წელს მზარდი რაოდენობით საჭიროებენ შეტანას, იწვევენ ადამიანის ნაირგვარ დაავადებებს, მავნე გავლენას ახდენენ გარემოზე. გარდა ამისა, ქიმიური პრეპარატებით მოყვანილ პროდუქციას ნაკლები საყუათო ღირებულებები გააჩნია, ორგანული პრეპარატებით მოყვანილს კი, პირიქით, რისი ნათელი დასტურია ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები.

პამიდორი და წიწაკა სითბოს მოყვარული მცენარეებია და ფართოდ გავრცელებულია საქართველოში. მოსავალი ძირითადად ღია გრუნტში კულტივირებისას მიიღება, თუმცა მთელი წლის განმავლობაში მოსახლეობის უწყვეტად მომარაგებისათვის ბოლო ხანს ყურადღება ექცევა სათბურებში, გარდამავალ ბრუნვაში, მათ წარმოებას. მათი ნაყოფები მოიხმარება ნედლად და გადამუშავებული სახით.

პამიდვრის მცენარეს წიწაკისაგან განსხვავებით ძლიერ დატოტვილი დიდი მოცულობის ფესვთა სისტემა აქვს, რომელიც იზრდება და ვითარდება ძალიან სწრაფად. მინდორში პირდაპირ თესვისას (ჩითილის გარეშე) ფესვთა სისტემა ნიადაგის სიღრმეში 100-150 სმ-მდე ჩადის, ხოლო ფესვის ხშირი განტოტვა 55-85 სმ-ის დიამეტრის ფარგლებშია და მოიცავს ნიადაგის 1,25 კუბურ მეტრს. პამიდვრის ჩითილით წარმოებისას ფესვთა სისტემა ძირითადად ვითარდება ნიადაგის სახნავ ფენაში — 30-50 სმ-ზე, წიწაკის — 27-30 სმ-ზე.

პამიდორი და წიწაკა ნიადაგიდან საკვებ ელემენტებს დიდი რაოდენობით იღებენ, ამიტომ მათთვის შერჩეული ნაკვეთი კარგად განოყიერებული უნდა იყოს. უნდა შევიტანოთ იმდენი სასუქი, რამდენიც საკმარისი იქნება უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

ნაკვეთის დამუშავება იწყება წინამორბედი კულტურების ანარჩენების გაწმენდით. შეგვაქვს თხევადი ორგანული სასუქი „ორგანიკა” მზის ამოსვლამდე ან მზის გადასვლის შემდეგ და ვხნავთ (წინმხვნელიანი) გუთნით 26-28 სმ სიღრმეზე (1 ჰა-ზე საჭიროა 6-10 ლიტრი „ორგანიკას” გახსნა 300 ლიტრ წყალში და მოსხმა ნიადაგის ზედაპირზე დამუშავებამდე).

„ორგანიკა” არის ქართული წარმოების სასუქი და განკუთვნილია ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მოსაყვანად. ის ხელს უწყობს ნიადაგის თვისებების გაუმჯობესებას, მატულობს ჰუმუსის დონე, უმჯობესდება ნიადაგის აგრეგატული მდგომარეობა, პამიდვრის და წიწაკის ნაყოფებს უნარჩუნდება ბუნებრივი არომატი, მატულობს ვიტამინების შემცველობა, გამორიცხულია ნიადაგში, მცენარეში, ნაყოფში ნიტრატების შემცველობა, მცენარეები გამძლეები არიან სტრესის მიმართ და, რაც მთავარია, მოსავლიანობა იზრდება 15-20 %-ით. ადრე გაზაფხულზე, მზრალის შეშრობისთანავე, ნიადაგის ტენის შენარჩუნების მიზნით ვატარებთ დაფარცხვას. დაფარცხვამდე ნიადაგში წყალში გახსნილი, ბიოფუნგიციდების და ბიოინსექტიციდების შემდეგი კომბინირებული ნაზავი შეგვაქვს: „ორგანიკა” 30 ლ. + „ბიოკატენა” 5 ლ+ „ფიტოკატენა” 5 ლ + „ბოვერინი” 5 ლ. და ასე ვტოვებთ ჩითილების დარგვამდე.

დარგვის წინ იჭრება ბაზო-კვლები 60-70 სმ-ზე და კეთდება სარწყავი კვლები.

პამიდვრის და წიწაკის სათესლე მასალა მივიღეთ მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან-აავღდჩ-ტაივანიდან. თესვის წინ თესლები დავალბეთ 12 საათის განმავლობაში პრეპარატებისგან შედგენილ სამუშაო ნაზავში: 1ლ წყალი+10 მლ. „ორგანიკა” + 20მლ. „ბიოკატენა” + 20მლ. „ფიტოკატენა”. შემდეგ გავაშრეთ და დავთესეთ წინასწარ მომზადებულ კვალსათბურში, რომელშიც ნიადაგის დამუშავებამდე შევიტანეთ “ორგანიკა”.

საჩითილე კვლებისათვის შევარჩიეთ მყუდრო, ქარისაგან დაცული, სამხრეთისაკენ ოდნავ დაქანებული ვაკე ადგილი. ნიადაგი იყო მშრალი და კარგი წყალგამტარი, ხოლო ნაკვეთი — უზრუნველყოფილი სარწყავი წყლით.

პამიდვრის და წიწაკის ჩითილები გამოვიყვანეთ კვალსათბურებში, თესვა ჩავატარეთ გადარგვამდე 50-65 დღით ადრე, საიდანაც კარგად განვითარებული ჩითილები გადავიტანეთ მუდმივ ადგილზე დასარგავად. 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში პამიდვრის და წიწაკის ჩითილები დამუშავდა ბიოპრეპარატების 2%-ანი ნაზავით: 1ლ წყალი + 20 მლ. „ბიოკატენა” + 20 მლ. „ფიტოკატენა” + 20 მლ „აგროკატენა” +20 მლ „ლეპიდინი” + 20 მლ „ტურინგენი” + 20 მლ „ბოვერინი”. გადარგვამდე ჩატარდა გამოკვება 1% „ორგანიკა”-ს ნაზავით: ანუ 1 ლიტრში გაიხსნა 10 მლ „ორგანიკა” + 10 მლ „ბიოკატენა”.

დარგვის წინ პამიდვრის და წიწაკის ფესვები ამოვავლეთ შემდეგ ნაზავში: 1 წილი მიწა + 1 წილი წუნწუხი + 1 წილი წყალი + 0,5 ლიტრი „ბიოკატენა”. დარგვის შემდეგ ღია გრუნტში ჩატარდა ფესვური გამოკვება და დაავადებების პროფილაქტიკა 2%-ანი სამუშაო ნაზავით: 100ლიტრ წყალი + 2 ლიტრი „ორგანიკა” + 2 ლიტრი „ბიოკატენა” + 2 ლიტრი „ფიტოკატენა”. თითოეულ მცენარეს დაჭირდა საშუალოდ 150 მილილიტრი ხსნარი. მეორე ფესვური კვება + დაავადებების პროფილაქტიკა ჩატარდა პამიდვრის და წიწაკის ყვავილობის დაწყებამდე 2% -ანი ნაზავით. თითოეულ მცენარეზე დაიხარჯა 250 მლ.ხსნარი. მესამე ფესვური კვება + დაავადებების პროფილაქტიკა ჩატარდა ნაყოფების გამონასკვის პერიოდში 2%-ანი ნაზავით. თითოეულ მცენარეზე დაიხარჯა 0,5 ლიტრი ხსნარი.

ვეგეტაციის პერიოდში პამიდვრის და წიწაკის ფოთლებზე ჩატარდა 3-ჯერადი გამოკვება. პირველი-ჩითილის გადარგვიდან 10-15 დღეში, მეორე-ყვავილობის დაწყების პერიოდში, მესამე-ნაყოფის გამონასკვის პერიოდში შემდეგი სამუშაო ნაზავით: 100 ლ. წყალი + 1 ლ. „ორგანიკა”. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ჩითილების ღია გრუნტში გადარგვის შემდეგ ყოველ 10 დღეში ერთხელ ტარდებოდა პროფილაქტიკური ღონისძიებები ბიოპრეპარატების 1%-იანი ხსნარით: 100ლ. წყალი + 1 ლ „აგროკატენა” + 1 ლ „ფიტოკატენა” + 1 ლ „ლეპიდინი” + 1 ლ „ტურინგენი”.

ვეგეტაციის პერიოდში, პამიდვრის მოსავლის მესამე ჯერზე და წიწაკის მოსავლის მეორე ჯერზე აღებისას ჩავატარეთ პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ანალიზი, რამაც ცხადჰყო,რომ მოწეული პროდუქცია იყო ეკოლოგიურად უსაფრთხო, კარგი გემური თვისებების, გარეგნულად დაუზიანებელი, ხასხასა წითელი შეფერილობის, სტანდარტული ფორმის და ზომის, მცენარეებზე არ აღინიშნებოდა დაავადებების ნიშნები, ხოლო ვეგეტაცია მიმდინარეობდა შეუფერხებლად.

ნატო კაკაბაძე, სმმ დოქტორი.

შაქრო ყანჩაველი, სმმ დოქტორი, პროფესორი