რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მეღვინეობა და შესაძლოა თუ არა, რომ ქვევრის ღვინომ პრემიუმკატეგორიის სტატუსი დაკარგოს?

საქართველოსა და ქართველი ხალხის სიმბოლოს, იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარებულ ქვევრისა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს, მსოფლიო აღიარება დღითიდღე ემატება. ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნები არიან დაინტერესებულნი. შარშან, შემოდგომაზე საქართველოში ქვევრების შესაძენად მეღვინეები დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. აღნიშნულ ქვეყნებში სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სურს, ღვინო ყოველგვარი ხელოვნური მინარევებისგან იყოს თავისუფალი. შესაბამისად, ქართული ნატურალური ღვინით დაინტერესება სულ უფრო მატულობს, რაც, ბუნებრივია, ქართველ მეღვინეებს სტაბილური და განვითარებული ბაზრებისკენ უხსნის გზას. არადა, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ არსებობდა მძლავრად ფესვგადგმული მოსაზრება, რომ ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე დასამკვიდრებლად მისი ე.წ. „ევროპული წესით” დაყენება იყო საჭირო.

დღესდღეობით კი ქვევრის ღვინის უპირატესობა საკამათო აღარავისთვისაა. როგორც ქართულ, ასევე მსოფლიოს განვითარებულ ბაზარზე ქართულ ინდუსტრიულ ღვინოსა და ნატურალური, ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოს სხვადასხვა კატეგორია და განსხვავებული საბაზრო ღირებულება აქვს. მსოფლიოში ქვევრის ღვინის პოპულარობის კიდევ უფრო  გაზრდას, მისი განსხვავებულობის გარდა, ხელი კიდევ ერთმა, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესმა მოვლენამაც უნდა შეუწყოს.

გასული წლის შემოდგომაზე ირანს საქართველოსთვის ღვინის სამშობლოს სტატუსის დათმობა ოფიციალურად, მეცნიერულად დადასტურებული ფაქტების შედეგად მოუწია. ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, „შულავერის გორასა” და „გადაჭრილ გორაში” აღმოჩენილმა თიხის ჭურჭელმა მსოფლიოს ღვინის ისტორია შეცვალა.

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ამ არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგები 2017 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა. კვლევა, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად ამერიკელი, ფრანგი, იტალიელი, დანიელი, კანადელი და ებრაელი მეცნიერები მონაწილეობდნენ, ადასტურებს, რომ მსოფლიოში უძველესი ღვინო 8000 წლის წინ სწორედ საქართველოში დაიწურა. თუმცა 8000 წლიანი მეღვინეობის ისტორიის მქონე ქვეყანა მსოფლიოში პრესტიჟული ადგილის დასამკვიდრებლად პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს. ამის უმთავრესი მიზეზი კი საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს დასავლეთთან და ზოგადად, სხვა სამყაროსთან გაწყვეტილი ურთიერთობა და ასევე საბჭოთა საქართველოში ქვევრის ღვინის უკანა ფლანგზე გადაწევა და აქცენტის მასობრივობაზე გაკეთებაა.

ქართულმა ღვინომ ყოფილი საბჭოთა არეალიდან გასვლა და განვითარებულ ბაზარზე გასვლა 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნებში ადგილის დაკავება რომ მარტივი არ იქნებოდა, იმთავითვე ნათელი იყო. ფანჯრის გაჭრის შემდეგ ქართულმა ღვინომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში საშუალო სეგმენტი დაიკავა. თუმცა ქვევრის ღვინომ, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის უცხოა,  გრანდ კატეგორიის მოპოვება საკმაოდ მოკლე დროში შეძლო. ნატურალურ ქართულ ღვინოს აქვს უდიდესი პერსპექტივა იყოს ჩვენი ქვეყნის მთავარი ბრენდი მსოფლიოში.

ღვინის ექსპერტის, კომპანია ფაფრის ველის” დამფუძნებლისნუკრი ქურდაძის თქმით, მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც ბიოპროდუქტის მიმართ გაზრდილ მოთხოვნას გულისხმობს, ნატურალურ ღვინოს მსოფლიოში დიდი პოტენციალი და პერსპექტივა აქვს. „ბიზნესპოსტთან“ საუბარში მან  იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა, რომლის წინაშეც ქვევრის ღვინო დგას.

_ „მსოფლიოს ბაზარზე ყველაზე მეტი მომხმარებელი მასობრივ, სტანდარტულ, ე.წ. ქარხნულ  ღვინოს ჰყავს, თუმცა   ეს ფაქტი მარტო ღვინოს არ ახასიათებს.  განვითარებულ ღვინის  ბაზრებზე სტანდარტულ სეგმენტში კონკურენცია ქართული ღვინისთვის რთულია, თუმცა ვხედავთ, რომ ჩვენი მწარმოებლები წარმატებით ახერხებენ ამას და მათი წილი მსოფლიო ღვინის ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდება. განვითარებულ ბაზარზე პრემიუმ კლასის სეგმენტში საპატიო ადგილის დაკავება ძალზე რთულია. ამ სეგმენტში დამკვიდრების ყველაზე რეალურ შანსს  ქვევრის ღვინო იძლევა.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველ რიგში ის, რომ მსოფლიოს ბაზარზე ბიო და ნატურალურ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება.  ქვევრის ღვინო ნატურალურთან ასოცირდება  და მისი  ტექნოლოგია, ჭაჭაზე დამზადებული ღვინო,  საგრძნობლად განსხვავდება სხვა ღვინოებისგან. განსხვავებული და ორიგინალური ხასიათი კი პრემიუმის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.  განსხვავებულობა და საკუთარი სახე ის უპირატესობაა, რითიც ჩვენ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ საკმაოდ მჭიდრო, კონკურენტუნარიან ღვინის ბაზარს. საკმარისია ქვევრის ღვინის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები დაუახლოვდეს კლასიკური ან ორდინალური  ღვინისას, მის მიმართ ინტერესი შენელდება

შეიძლება თუ არა ქვევრის ღვინო დადგეს ისეთი საფრთხის წინაშერაც მის პრესტიჟს შელახავს დაზოგადად, რა ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება  არსებობდეს ქართული  ბიოორგანული ღვინის მიერმსოფლიოს ბაზარზე კუთვნილი ადგილის შენარჩუნების თვალსაზრისით?

_ არის ასეთი საშიშროებები. პირველ რიგში ის, რომ ძალიან ცოტა ახალი ვენახი შენდება. ხშირად გვესმის, რომ გაიხსნა ახალი ქარხანა, მაგრამ ახალი ვენახის გაშენების შესახებ ინფორმაციას ძალიან იშვიათად თუ მოისმენთ. ყოველწლიურად ორნიშნა ციფრით იზრდება ექსპორტის მაჩვენებელი, ვენახების ფართის ზრდის ტემპი კი  მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ვენახის მოშენებისა და მოვლის ხარისხიც დიდ ყურადღებას მოითხოვს, პირველ რიგში, სერტიფიცირებული საძირეების და შეწამვლისა თუ ნიადაგის დამუშავების დროს  ქიმიური პრეპარატების გამოყენების თვალსაზრისით.  უახლოეს პერიოდში  სწორედ ვენახების პრობლემა დადგება მწვავედ, თუ უკვე არ დგას. როგორც  ზოგიერთ წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში, ჩემი აზრით, საქართველოშიც მისაღებია კანონი, რის მიხედვითაც  იურიდიული და შესაბამისი ტერმინოლოგიური  განმარტება იქნება ეტიკეტზე, როგორი ტიპის მწარმოებელთან გვაქვს საქმე.  ამის კარგი მაგალითია ფრანგული ნეგოციანტური ღვინო.  რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ქვევრის ღვინის უნიკალურ თვისებებზე,  ძირითადი წილი წარმატებისა მოდის ვენახზე. თუ მეღვინეს  აქვს კარგი ყურძენი, ის ჩვეულებრივ ავტოფარეხშიც გააკეთებს კარგ ღვინოს, ყოველ შემთხვევაში, ამის შანსი არსებობს.   თუ ყურძენი არ ვარგა, რაც არ უნდა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ქარხანა იყოს, საშუალო ღვინოს ვერ გაცდება.

მეორე საშიშროებად  მეჩვენება ქვევრის ღვინის  ტექნოლოგიის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკითხში, თუ როგორი უნდა იყოს ქვევრის ღვინო. ბევრი ექსპერტი  განსხვავებულ  რეცეპტს იძლევა. ეს, ერთ მხრივ, ნორმალურია, რადგან ერთიანი სქემა საქართველოში არ არსებობდა, მაგრამ ცუდია, როცა კონკრეტული ერთი  სქემა ჰგონიათ ჭეშმარიტად.  მაგალითად,  მდიდარი გლეხი, მემამულე ან  თავადი განსხვავებულად აყენებდა ღვინოს, ვიდრე ღარიბი გლეხი, რომელსაც არც ქვევრების რაოდენობა უწყობდა ხელს და არც ყურძნის. ასე რომ, განსხვავება თვით ერთი კონკრეტული რეგიონის ფარგლებშიც საკმაოდ დიდი იყო, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა  რეგიონებს შორის ტექნოლოგიურ განსხვავებებზე. მკაცრი რეგულაციების შემოღებამ შეიძლება ექსპერიმენტისა და მრავალფეროვნების ეფექტი სრულად ჩაკლას,  მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს ზოგიერთი მინიმალური მოთხოვნა, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი არის საფუარების თემა.

ერთ-ერთ ღვინის კონკურსზე მონაწილეობა შემომთავაზეს და გამომიგზავნეს ქვევრის ღვინის სტანდარტები, რომლის დაცვაც აუცილებელი იყო კონკურსში მონაწილეებისათვის. პრინციპში იქ თითქმის ყველაფერი  სწორად იყო ნახსენები, მაგრამ ჩემი აზრით, ერთი მთავარი პუნქტი იყო გამოტოვებული _ საფუარების თემა, ანუ დასაშვებია თუ არა ქვევრის ღვინის წარმოებისთვის ხელოვნური საფუარების გამოყენება. ჩემი ღრმა რწმენით ქვევრის ღვინო არ შეიძლება დაყენებული იყოს ხელოვნურ საფუარებზე. ჩვენ თუ ტრადიციების აღდგენა გვინდა და გვინდა  ქვევრის ღვინის  ნატურალური ხასიათის წინ წამოწევა, უარი უნდა ვთქვათ ხელოვნურ საფუარზე. მით უმეტეს, თუ გვსურს პრემიუმ ღვინის სეგმენტში მოხვედრა. საკმარისია თუნდაც ფრანგული Grand და  Premier Cru- ს კატეგორიის ღვინოების მაგალითის მოყვანა საფუარების გამოყენების თვალსაზრისით. ამ კატეგორიის ვენახებში თუ არსებობს ბუნებრივი საფუარის აქტიურობის პრობლემა, მხოლოდ მაშინ იყენებს მწარმოებელი „ხელოვნურს“.  და ეს ხელოვნურიც პირობითია იმიტომ, რომ უმეტესწილად თვითონ გამოჰყავთ თავიანთი ყურძნისგან აქტიური საფუარები, რომლებიც ამ კონკრეტული Appellacion -ის და ჯიშურ თვისებებს არ კლავენ. იმ დიდი ფრანგული ღვინოების სახელების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა, ვინც ამ პრინციპით მუშაობს. საკმარისია ითქვას, რომ  ყველა მათგანი ლუქსი სეგმენტის საპატიო წევრია.

ასევე საჭიროა შევეხოთ წარმოების მოცულობას. შეუძლებელია ხარისხიანი ქვევრის ღვინო ერთმა, თუნდაც მსხვილმა მწარმოებელმა დიდი რაოდენობით აწარმოოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ სტანდარტულ ინდუსტრიულ ღვინოს, რაც ჩანასახშივე ჩაკლავს პრემიუმ  კატეგორიას. საერთოდ, პრემიალური ღვინოები დიდი მასშტაბებით არსად იწარმოება, საკმარისია ავტორიტეტული ღვინის გამოცემებში წლის საუკეთესო ღვინოების რეიტინგს გადავხედოთ და ვნახავთ, რომ მათი წარმოება შემოიფარგლება ძირითადად 2000-დან 15000 ბოთლამდე და იშვიათად აჭარბებს 30-50 000 ბოთლს. ეს განსაკუთრებით ძნელი და ხშირად, წარმოუდგენელია ქვევრის ღვინის მწარმოებლისთვის.  შესაბამისად,  ერთმა კონკრეტულმა მწარმოებელმა აწარმოოს  ინდუსტრიული მასშტაბით ქვევრის ღვინო და თან დარჩეს  პრემიუმ სეგმენტში, არ მეჩვენება რეალურად. ლუქსი არასდროს არ იწარმოება მასს მარკეტის მასშტაბებში და ეს ფაქტი მხოლოდ ღვინოს არ ეხება.

ვენახების გაშენების ნაკლებობა ახსენეთ და უნიკალური ქართული ჯიშები თუ დგას რაიმე საფრთხისწინაშე?

_ უნიკალური ჯიშები – ეს არის ჩვენი დიდი  სიმდიდრე, თუმცა უცხოელი მომხმარებლისთვის, რომელიც მაღაზიაში ან რესტორანში უკვეთავს კონკრეტულ ქართულ  ღვინოს, ამ ფაქტს პრინციპული  მნიშვნელობა არ  აქვს. ეს მნიშვნელოვანია,  მაგრამ არა გადამწყვეტი. ნუ დაგვავიწყდება, რომ თუნდაც ესპანელებს აქვთ სამასზე მეტი ყურძნის ჯიში. მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, როდესაც მათ დაიწყეს ინდუსტრიის აღორძინება, ჯიშების მრავალფეროვნება პირველ ადგილზე არ დაუყენებიათ. ეს გრძელი თემაა, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, სხვა პრიორიტეტები წამოსწიეს წინა პლანზე, ამავე დროს  მრავალფეროვნება არ დავიწყებიათ.

უცხოელი მომხმარებლისთვის  საფერავი და რქაწითელიც  ისეთივე უცხო ჯიშია, როგორც ჩხავერი, ან  ჩინური.  საქართველოში დაიწყო მივიწყებული, გაქრობის პირას მისული ყურძნის ჯიშების აღორძინების  ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მაგრამ მათი დიდი ნაწილი როგორი ხარისხის ღვინოს იძლევა და რა კონკრეტულ ტერიტორიაზე უნდა მოშენდეს, ბოლომდე გარკვეული არ არის, წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.  მეღვინეობის წამყვან ბევრ ქვეყანაში შეუძლებელია  ნებისმიერი ჯიშის ყურძნის მოშენება ნებისმიერ რეგიონში, რომ არაფერი ვთქვათ ე.წ. „უწამლის“ ჯგუფის ჯიშებზე. ჩვენ დღეს გავდივართ გლობალურ  ბაზარზე და  გვაქვს უნიკალური შანსი დავიმკვიდროთ ხარისხიანი ღვინის მწარმოებელის და არა მარტო ღვინის სამშობლო ქვეყნის სახელი. თუ გავითვალისწინებთ ღვინის ბაზრის დინამიურ და ცვალებად ხასიათს,  არ გვაქვს უფლება ქართული ღვინის მიმართ ინტერესი შენელდეს, მეორედ ასეთი შანსი არ მოგვეცემა.  შესაბამისად  პირველ რიგში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ხარისხი,  მხოლოდ უცნობი ჯიშის პრომო შორს ვერ წაგვიყვანს.

საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობებისა და ასევე სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციების გათვალისწინებითრომელ გეოგრაფიულ არეალში აქვს  ქართულ ღვინოს თავის დამკვიდრების შესაძლებლობა და საით უნდა გაკეთდეს ძირითადი აქცენტი?

_ როდესაც ვლაპარაკობთ ქართულ ღვინოზე სხვადასხვა ქვეყნების ბაზრების მიმართ პერსპექტივის თვალსაზრისით, აუცილებელია სხვადასხვა საფასო სეგმენტების განხილვა. დასავლეთისა და ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნები – გერმანია, დიდი ბრიტანეთი,  სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია. აქ აქვს ქართულ ღვინოს დიდი პერსპექტივა და სწორედ ამ ბაზრებზე უნდა შევიდეთ  განსხვავებული კლასის ქვევრის ღვინით პრემიუმ სეგმენტში. საერთოდ საექსპორტო  ღვინის მოხმარების 40% მოდის 4-5 ქვეყანაზე (აშშ, გერმანია, ინგლისი, ჩინეთი) და რუსეთი აქ ათეულშიც არ შედის.  რაც შეეხება საფრანგეთს, იტალიასა და სხვა ქვეყნებს,  მწარმოებლები მათ არ განიხილავენ  სტრატეგიულ ბაზრად მოცულობისა და ბრუნვის თვალსაზრისით. მაგალითად, საფრანგეთში  99  პროცენტს ფრანგულ ღვინოს სვამენ. მართალია, იქ მეც ვყიდი ჩემს ღვინოს, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. საფრანგეთის ბაზარი საინტერესოა, ძირითადად, იმიჯის თვალსაზრისით ან მცირე მეწარმეების ბიზნესისთვის.

საერთოდ, როდესაც  ვლაპარაკობთ ქართულ ღვინოზე, ორი მიმართულება იკვეთება მასში _ ქვევრის და ინდუსტრიული ღვინო. ინდუსტრიულ ღვინოს აქვს თავისი საპატიო  საპასუხისმგებლო  მისია. თუ ჩვენ გვინდა, რომ  ღვინის მწარმოებელი  ქვეყანა გვერქვას, ინდუსტრიული ღვინის გარეშე ეს წარმოუდგენელია. ამავდროულად, ქართული ღვინის უნიკალური სახის ჩვენება უფრო მომგებიანი და ბუნებრივია ქვევრის ღვინის მაგალითზე.  მე ვერანაირ დაპირისპირებას ან ანტაგონიზმს ვერ ვხედავ ამ ორი ტიპის მწარმოებლებს შორის.  პირიქით, ორივე ამ კატეგორიას ქართული ღვინის  პოპულარიზაციის უნიკალური შანსი აქვს.

რუსეთის ბაზარზე არსებობა ქართული ღვინისთვის პრესტიჟის დამგდებია?

_ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც გაიხსნა რუსეთის ბაზარი, სტატიები მივუძღვენი ამ თემას და ვთვლი, რომ მაშინ გაკეთებული პროგნოზები  დიდ წილად გამართლდა. ამიტომ დიდი ხნით არ შევჩერდები ამ საკითხზე. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რუსეთის ბაზარი  საგრძნობლად უგდებს იმიჯსა და ფასს ქართულ ღვინოს. დღეს  ექსპორტის გასაშვები ფასი საშუალოდ არის 2,2 დოლარი. ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის თვალსაზრისით  ეს დაბალი ფასია. ამავე დროს, როგორც ცნობილია, სტრატეგიული ბაზარი ყოველთვის უკუგავლენას ახდენს მწარმოებელ ქვეყანაზე და ვშიშობ, ეს უკვე შესამჩნევია, თუნდაც მომრავლებული თიხის ჯამ-ჭურჭელში ჩამოსხმული ღვინის სახით, ხშირად სტალინის პერსონის ვარიაციებით რომ „გვახარებს“ – რატომ არ იკრძალება ეს უმსგავსობა (უკაცრავად, სხვა სიტყვებს ვერ მოვნახავ),  დღემდე ვერ გამიგია.

_ ჩინეთის ბაზარსაც სკეპტიკურად უყურებთ?

_ ჩინეთის ბაზარი ღვინის მწარმოებლისთვის ძალიან  საინტერესოა. იქ ისმება სხვადასხვა საფასო სეგმენტის   ღვინო.  ჰონკონგის  აუქციონებზე  გაყიდული ღვინოების მაღალი ფასი  ცნობილი ფაქტია, ფრანგული  კონიაკის წარმოებაც,  ფაქტობრივად, ჩინეთმა გადაარჩინა, მაგრამ ამავე დროს ძალზე დიდია დაბალი საფასო სეგმენტის წილიც. შესაბამისად,  გააჩნია, როგორ შეხვალ  ჩინეთის ბაზარზე.  სამწუხაროდ, დღეს  ქართული ღვინო ჩინეთში შესულია  იაფფასიანი ღვინის სეგმენტში, ანუ აქცენტი კეთდება მოცულობაზე.

_ როგორც უკვე ახსენეთრუსეთის ბაზარი ქართულ ღვინოს იმიჯსა და ფასს საგრძნობლად უგდებსთუმცა რუსეთს მხოლოდ ამ კუთხით არ დავუზარალებივართსაბჭოთა  კავშირის პერიოდში გაწყვეტილი ურთიერთობების გამოახლა  ღვინის დაყენების უდიდესი ისტორიისა და  კულტურის მქონე ქვეყანამ სოფლიოს ბაზარზე ფაქტობრივად დამწყების სტატუსით არის

_ აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩვენ ვდგამთ ახლა პირველ ნაბიჯებს. არანაკლები კულტურა აქვს იტალიასა და ესპანეთს, მაგრამ  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქვეყნებში  განადგურებული იყო მევენახეობა და მეღვინეობა, განსაკუთრებით, ესპანეთში, ფრანკოს რეჟიმის დროს. ამ ქვეყნის ღვინოებს არავინ არ აფასებდა როგორც პრემიუმს. იტალიური ღვინის აღორძინება ტოსკანას რეგიონიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება მისი პრემიუმიზაციის პროცესი.  შემდეგ იგივე მოხდა  ესპანეთში, სადაც ღვინის აღორძინება რიოხადან დაიწყო. ჩვენ  ხშირად ფრანგული მაგალითები მოგვყავს, რაც არ მეჩვენება ყოველთვის კორექტულად. ფრანგული ღვინო, უკვე რამდენი საუკუნეა, მშვენივრად გრძნობს თავს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, პირველ რიგში, იტალიისა და ესპანეთის გამოცდილება. მათი უახლოესი ისტორიიდან ბევრი გაკვეთილი შეგვიძლია ავიღოთ.

_ ქართული ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემაზე რას იტყვითგაყალბებულ პროდუქციას რამდენად ხშირადვხვდებით ბაზარზე?

_ მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, თუმცა  ინტერნეტში ვხედავ ხოლმე  უცნაური  წარწერებით „ქართულ ღვინოებს“, დაბალი ესთეტური ღირებულების  ეტიკეტებითა და ლოგოებით.

_  რა ბერკეტებით უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას?

_  ეს უკვე სახელმწიფოს პრეროგატივაა,  თუმცა  მწარმოებლებიც აუცილებლად ჩართულები უნდა იყონ ამ საქმეში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი  ქართული ღვინის ელჩები  არიან, ასევე დისტრიბუტორები, რომლებიც ოპერირებენ ქართული ღვინის ბრენდებით. მათ უნდა გადმოგვცენ  გაყალბებული ღვინის ნიმუშები და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება. რამდენადაც ვიცი, ეს მექანიზმი  მუშაობს.

საქართველოში გვაქვს სახელმწიფო უწყებარომელიც უშუალო მოვალეობაც  ქართული ღვინის პოპულარიზებასა და მწარმოებლებისთვის ხელის შეწყობააროგორ   შეაფასებთ ღვინის ეროვნული სააგენტოს მუშაობას?

_  როგორც მცირე მეწარმე  ვიტყვი, რომ  კმაყოფილი ვარ. მაგალითად, დღეს შეხვედრა გვქონდა ღვინის ეროვნულ სააგენტოში,  სადაც მოწვეული იყო ბრიტანელი სპეციალისტი სარა ებოტი. მან ძალიან საინტერესო ლექცია წაიკითხა. სააგენტო ხელს გვიწყობს გამოფენებზე მონაწილეობის თვალსაზრისით, ორგანიზებას უწევს ქართული ღვინის დეგუსტაციებს საზღვარგარეთ. კარგად მუშაობს უცხოელი ღვინის დისტრიბუტორებისა და ჟურნალისტების  მოზიდვის  პროგრამა.   მე თვითონ  მარკეტინგის ყოფილი  სპეციალისტი ვარ, მიმუშავია დასავლურ კომპანიაში (Pernod Ricard-ის აღმოსავლეთ ევროპის ფილიალი) და ვიცი, რა ძნელი სფეროა. ეს არ არის ლოკალური ბრენდიგ-მარკეტინგი, აქ საჭიროა გლობალური მარკეტინგის ცოდნა. საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის კატეგორიის პოპულარიზაცია ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნის კვალობაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ  გაწეული სამუშაო, ვთვლი, რომ კარგია.

_  იმის საშიშროება თუ შეიძლება დადგეს, რომ ქართულმა ჯიშებმა ავტოქთონურობა დაკარგოს და  უცხოურში გაითქვიფოს?

_ ეს უკვე ქართველებზეა დამოკიდებული. ყველა ქართველი მეღვინე და მევენახე, ძირითადად, ქართულ ჯიშებს აშენებს. იშვიათად მესმის ხოლმე უცხოური ჯიშების მოშენებაზე, საშიშროება იქნება მაშინ, თუ მასობრივად დაიწყება დასავლური ჯიშების მოშენება. ამ ეტაპზე ეს საშიშროება არ დგას.

_ „ფაფრის ველი“ რომელი ჯიშის ყურძნისგან აწარმოებს ღვინოს?

_  რქაწითელი და საფერავი. ფაფრის მინდვრებზე  ჩემი ვენახები მაქვს. მარანი მდებარეობს უშუალოდ ვენახებში, სადაც მოწყობილია ქვევრების სამტერასიანი სისტემა. მეურნეობის მართვაში  ვიყენებ ბიოტექნოლოგიებს, ვიმყოფებით კონვერსიულ ფაზაში და იმედია, შემოდგომისთვის მივიღებ ოფიციალურ სერტიფიკატს, თუმცა ჩემს საქმიანობას მე უფრო ნატურალური, ბუნებრივი ღვინის მიმართულებად ვთვლი. თავიდან ამ მიმართულების მევენახე-მეღვინეების რიცხვი საკმაოდ მცირე იყო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეც სიამოვნებით შევუერთდი მათ. დღეს ამ ჯგუფის წევრების  რაოდენობა   სულ უფრო იზრდება, რაც ქვევრის ბუნებრივი ღვინის მიმართულების გაძლიერების იმედს იძლევა.

ფაფრის მინდვრები უნიკალური ზონაა, სადაც ერთმანეთზე სამი მეღვინეობის ზონაა დადებული. ჩემი ვენახებიდან შექმნილ ღვინისთვის  მე შემეძლო სამი სამარკო სახელი გამომეყენებინა, ე.წ. „სამარკო“, საბჭოთა გაგებით:  ახაშენი, მუკუზანი ან გურჯაანი, მაგრამ  მე, მიუხედავად მათ  მიმართ ჩემი დიდი პატივისცემისა, არცერთ მათგანს  არ ვიყენებ. ვთვლი,  რომ ფაფრის მინდვრებზე მოწეული ყურძენი განსხვავებული თვისებებით გამოირჩევა, ვიდრე  კლასიკური ახაშენი და მუკუზანის მშვენიერი ღვინოები, რაც ჩვენ ასე კარგად ვიცით.   ყველაფერთან ერთად, ეს ფაქტი  საბჭოთა დასახელებებზე   ერთგვარი შინაგანი პროტესტიც არის. მე ჩემი ბრენდის სახელით ვუშვებ ღვინოს „ფაფრის ველი – 3 ქვევრის ტერასა  რქაწითელი“, „ფაფრის ველი-  3 ქვევრის ტერასა საფერავი“ და ა.შ.   ეს სრულიად საკმარისია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრიტანული ღვინის ჟურნალ Decanter -ის თებერვლის ნომერში ორი გვერდი დაეთმო ექსპერტის მიერ შერჩეულ ქართული ღვინოების დეგუსტაციის შედეგებს. ყველაზე მაღალი  შეფასება კი, ძირითადად,  ქვევრის ღვინოებმა დაიმსახურეს, მათ შორის 94 ქულა Papari Valley – 3 Terraces Rkatsiteli 2016-მა მიიღო, რაც 100 ბალიან  სისტემაში  ასეთი ავტორიტეტული გამოცემის მხრიდან ძალიან მაღალ შეფასებაა.

ქეთი ბაჭველაშვილი

წყარო: businesspost.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *