აგროსიახლეები

ესპარცეტის ბიოაგროწარმოება

  ექსპარცეტი (Onobrychis) – ბალახოვანი და ეკალბუჩქოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მის   სამშობლოდ  ცენტრალური აზია ითვლება. ამიტომაც  იგი მეტად გვალვა და ყინვაგამძლე მცენარეა. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. ესპარცეტი   ამიერკავკასიაში უძველეს კულტურათა  ჯგუფს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში 100-მდე სახეობაა ცნობილი, კულტურაში ძირითადად რამდენიმე გვხვდება – ჩვეულებრივი ესპარცეტი (O. sativa Lam.), ამიერკავკასიის ესპარცეტი (O. transcaucasica), ქვიშის ესპარცეტი (O. arenaria D.e.) და მათი ჰიბრიდები.  საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ამიერკავკასიის და ჩვეულებრივი (ქართული) ესპარცეტი და ჩვენში დარაიონებული ჯიშებია ახალქალაქური და სისიანური 34.

ჩვეულებრივი (ქართული) ესპარცეტი – საშემოდგომო ტიპის მცენარეა.  გვალვაგამძლე და ზამთარგამძლე. სეზონზე შეიძლება გაითიბოს 2–ჯერ. ნაყოფი მსხვილია, გვერდზე დაკბილული.

ამიერკავკასიის ესპარცეტი – საგაზაფხულო ტიპისაა. ფართოდ არის გავრცელებული ამიერკავკასიაში, ვეგეტაციის განმავლობაში იძლევა ორ გათიბვას. თესლი მწიფდება  პირველ წელს, ნაყოფი მსხვილი. ხასიათდება მაღალი ზამთარ– და გვალვაგამძლეობით.

ქვიშის ესპარცეტი – ძალიან ყინვაგამძლე, მაღალმოზარდი, მაღალმოსავლიანი მცენარეა, მაგრამ გვიან მწიფდება. უარყოფითი მხარეებია – თივა უხეშია ცილების ნაკლები შემცველობით, ახასიათებს  შემცირებული შეფოთვლა., გათიბვის შემდეგ თითქმის არ იზრდება. სამეურნეო თვალსაზრისით ძალზედ საინტერესოა ქვიშისა და ამიერკავკასიისა და ჩვეულებრივი ესპარცეტების შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდები.

ქვიშის ესპარცეტი

      ესპარცეტის სამეურნეო მნიშვნელობა –  იგი საუკეთესო საკვებია ყველა სახის პირუტყვისათვის, ამიტომაც  მესაქონლეობისათვის ძვირფას საკვებ კულტურად ითვლება. ესპარცეტი თავისი მძლავრი ფესვთა სისტემით იცავს ნიადაგს ეროზიისაგან. არის კარგი თაფლოვანი მცენარე –  1 ჰა-ზე საშუალოდ იძლევა 100-200კგ მაღალხარისხოვან თაფლს. ფუტკარი ხელს უწყობს მისი ყვავილების დამტვერვას და თესლის მოსავლის ერთიორად ზრდას. ესპარცეტი ყვავილობას იწყებს სიცოცხლის მეორე წელს. მისი ყვავილობის პერიოდი დროში ძალიან ხელსაყრელია მეფუტკრე–პრაქტიკოსებისათვის. ყვავილობა მიმდინარეობს მაის–ივნისში, იმ დროს როცა, გაზაფხულის თაფლოვანი მცენარეების ყვავილობა დასრულებულია.  ესპარცეტის ყვავილები იშლებიან თანმიმდევრობით, ერთმანეთის მიყოლებით. ერთი ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 24 საათია. მთელი ყვავილედის – მტევნის ყვავილობა გრძელდება 2–9 დღე. ნექტარის გამომუშავების ოპტიმალური ტემპერატურა 22–25 C0 -ია. რაც მეტი მწერი ეტანება ნექტარს, მით მეტი ინტენსივობით ხდება ყვავილების მიერ  მისი გამომუშავება. სხვა მცენარეებისაგან განსხვავებით, ესპარცეტი ყვავილის წვენს გამოყოფს მშრალი კლიმატის პირობებშიც და უმაღლესი ხარისხის თაფლს იძლევა. ნექტარში შაქრის შემცველობა მაღალია – 46–47 %. თაფლი ხასიათდება შესანიშნავი გემოთი და არომატით, არის გამჭვირვალე, ქარვის ფერია და დიდხანს არ კრისტალიზდება.იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ცილებს, ნახშირწყლებს, ფერმენტებს და ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო სხვა ნაერთებს. ფუტკრის ერთ ძლიერ ოჯახს ესპარცეტიდან  შეუძლია დღეში 4 კგ თაფლის შეგროვება.

                                 ესპარცეტი –  თაფლოვანი მცენარე

 მაღალმთიან და მთისწინების ურწყავი გვალვიანი პირობებისათვის ესპარცეტი მეცხოველეობის მტკიცე საკვები ბაზის საფუძველს წარმოადგენს. თივის ხარისხის მიხედვით ესპარცეტი არ ჩამორჩება იონჯას, კარგად მოინელება ცხოველების მიერ და სამყურასა და იონჯისაგან განსხვავებით ძოვებისას არ იწვევს ე.წ ტიმპანიტს (გაბერვას).    ესპარცეტის მწვანე მასა შეიცავს (მშრალ მასაზე %–ობით): პროტეინი – 24 %,  ცხიმი – 8% უჯრედისი – 20%, ხოლო თივა შეიცავს: პროტეინი – 2%, ცხიმი – 3%, უჯრედისი – 25–30%.  იგი  მნიშვნელოვანი საანეულო კულტურაა, რომელიც ადრე ანთავისუფლებს მინდორს და ამდიდრებს მას აზოტის დიდი რაოდენობით (100-120 კგ/ჰა).   ესპარცეტს იყენებენ თივად, მწვანე საკვებად, სიმინდსა და სხვა მარცვლოვნებთან შერეული უმაღლესი ხარისხის სილოსს იძლევა. ესპარცეტი  შედარებით კარგად ეგუება მშრალ კლიმატს  და ამ პირობებში იგი  სჯობნის ისეთ უხვმოსავლიან პარკოსან კულტურას, როგორიც იონჯაა. ის ბიოლოგიურად სწრაფმზარდი კულტურაა და განსხვავებით იონჯისაგან,  შეიძლება გამოყენებულ იქნეს საძოვრადაც. ესპარცეტი მწვანე მასის სრულყოფილ მოსავალს იძლევა 10 დღით ადრე, ვიდრე სამყურა და !5–20 დღით ადრე – ვიდრე იონჯა.  მცენარე დიდი რაოდენობით ითვისებს ნიადაგიდან კირს, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, რის გამოც სასუქების მიმართ დიდ მოთხოვნილებას არ იჩენს. თუცა მომთხოვნია კირისადმი, უხვი მოსავლის მისაღებად ნიადაგში კირის რაოდენობა 0,5 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ახასიათებს ძლიერი ბარტყობა და კარგი შეფოთვლის უნარი. ესპარცეტი გამოიყენება მედიცინაშიც. მის შემადგენლობაში შემავალი არააზოტშემცვლელი ნაერთები ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის, შაქრის დონის შემცირებას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალკტიკას და საკვები ნივთიერებების შეწოვის პროცესს. ესპარცეტი შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამაღლებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმი უკეთ შეითვისებს რკინას, რითაც იხსნება ანემიის პრობლემა. ესპარცეტში შემავალი ფლავოიდური ნაერთები ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ანთებითი პროცესების, გულ- სისხლძარღოვანი და ონკოლოგიური დაავადებების მიმართ. ესპარცეტში შემავალი ნაერთები ასტიმულირებენ მამაკაცის სასქესო ჰორმონების – ტესტოსტერონისა და ანდროგენების გამომუშავებას. ესპარცეტი გამოიყენება ასევე ქალებში საშვილოსნოდან სისხლდენისა და საკვერცხეების დისფუნქციის სამკურნალოდ. ესპარცეტის თესლი შეიცავს სახაროზას, რაფინოზას და ცხიმოვან ზეთებს მყარი ცხიმოვანი მჟავეებით. ესპარცეტის შემადგენლობაში შედის ვიტამინი P (რუტინი), რომელსაც ადამიანის ორგანიზმი თავისთავად ვერ გამოიმუშავებს და აუცილებელია მისი მიღება კვების პროდუქტებიდან ან მცენარეული ნაყენიდან.

ბოტანიკური და ბიოლოგიური თავისებურებანი – ესპარცეტს აქვს ბუმბულის მსგავსი მოგრძო ფოთლები, 70 სმ-მდე სიმაღლის ღარიანი ღერო, ყვავილედი გრძელი მტევანია ვარდისფერი და წითელი ყვავილებით. ნაყოფი ერთთესლიანი პარკია. ესპარცეტის ღეროები ტოტებიანია, მაღალი ( 100-120  სმ ), ფოთლები არაწყვილფრთართულია. ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, ფესვი ძლიერ დატოტვილია, ნიადაგში ჩადის 3-6 მ სიღრმეზე და უნარი აქვს გვალვის პერიოდში ნიადაგის ღრმა ფენებიდან გამოიყენოს წყალი. ფესვზე ივითარებს კოჟრის ბაქტერიებს რომლებიც ინტენსიურად ახდენენ ატმოსფეროს თავისუფალი აზოტის ფიქსაციას. შესაბამისად, იგი კარგი სიდერალური კულტურაა, მისი მწვანე მასის ნიადაგში ჩახვნით სწრაფად ხდება ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა, ამდიდრებს რა იგი ნიადაგს აზოტით, ფოსფორით და ორგანული ნაერთებით.სამწლიანი ნათესი ნიადაგის ფენაში საშუალოდ 7-15 ტონა ფესვთა სისტემას და 140-200 კგ აზოტოვან შენაერთებს ტოვებს და ამიტომ ესპარცეტი ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურის საუკეთესო წინამორბედია.აღმონაცენს გადააქვს წაყინვები 8 გრადუსამდე. ესპარცეტი გამოირჩევა საკმაოდ მაღალი გვალვაგამძლეობით, მაგრამ მგრძნობიარეა  დაბალი ტემპერატურის მიმართ.  ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგისადმი. კარგად იზრდება  ღორღიან და ქვიშიან ნიადაგებზე, მაგრამ  განსაკუთრებით კარგად ვითარდება შავმიწა და კირით მდიდარ ნიადაგებზე. ნაკლებად გამოსადეგია მლაშე და დაჭაობებული ნიადაგები, განსაკუთრებით – მჟავე ნიადაგები, სადაც ცუდად ვითარდებიან კოჟრის ბაქტერიები და შესაბამისად, ესპარცეტის მიერ ატმოსფეროდან შეთვისებული აზოტის რაოდენობა   მნიშვნელოვნად მცირდება.

ნიადაგის დამუშავება. –  საფარქვეშ თესვის შემთხვევაში ესპარცეტისათვის ნიადაგის დამუშავება ისეთივეა, როგორც საფარი კულტურებისათვის. ესპარცეტის შემოდგომაზე თესვისას ნიადაგი უნდა მოიხნას წინამორბედი კულტურის მოსავლის აღებისთანავე წინმხვნელიანი გუთნით. ნიადაგის თესვისწინა დამუშავება ტარდება ხნულის მდგომარეობის გათვალისწინებით. ხნული თუ ბელტიანია, უნდა დამუშავდეს საჭიროების მიხედვით დისკოებიანი იარაღით ბელტის სრულ დაშლამდე. გაზაფხულზე დასათესად ნიადაგი უნდა დამუშავდეს მზრალის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან და ძლიერ დახრილობის ფერდობზე ნიადაგი უნდა მოიხნას ადრე გაზაფხულზე და დამუშავდეს ხნულის მდგომარეობის გათვალისწინებით. თესვის შემდეგ ნათესი უნდა მოიტკეპნოს.

     თესლის მომზადება დასათესად და თესვა – ესპარცეტი, როგორც სხვა მრავალწლოვანი ბალახები, შეიძლება დაითესოს როგორც შემოდგომაზე (აგვისტოს მეორე ნახევარი- სექტემბრის პირველი ნახევარი ), ისე ადრე გაზაფხულზე . იგი ითესება უსაფროდ ან ხორბლისა და ქერის საფარქვეშ. ფართოდ იყენებენ ხელოვნური ბალახთესვისათვის როგორც წმინდა, ისე სხვა მრავალწლოვანი ბალახებიანი ნარევის სახით, განსაკუთრებით ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ ადგილებში. საფარი კულტურის ქვეშ თესვა უნდა დაემთხვეს საფარი  კულტურის ჯეჯილის საგაზაფხულო დაფარცხვას. საფარი კულტურა სათივედ უნდა დაითესოს ჩვეულებრივ მწკრივად, ხოლო სამარცვლედ დათესვისას უპირატესობა ფართო მწკრივებად თესვას ეძლევა.  საშემოდგომო თავთავიანი კულტურების საფარქვეშ ესპარცეტი უნდა დაითესოს  ადრე გაზაფხულზე ხორბლის სათესი მანქანით, საფარი კულტურის მწკრივების გარდიგარდმო , ხოლო თუ საფარი კულტურის  და ესპარცეტის თესვა ერთდროულად ტარდება გაზაფხულზე, ჯერ უნდა დაითესოს საფარი კულტურა ( ხორბალი, ქერი, ჭვავი) მისთვის დადგენილ ვადაში 10-15 %-ით შემცირებული ნორმით, ნიადაგის დატკეპნით, შემდეგ ესპარცეტი საფარი კულტურის ნათესის გარდიგარდმო მიმართულებით  ან მის დიაგონალზე.თესლის ჩათესვის სიღრმე მძიმე ნიადაგზე – 2-3 სმ, მშრალ და მსუბუქ ნიადაგზე- 4-6 სმ.

    ძლიერ დაქანებულ და მცირე ზომის ნაკვეთებზე ესპარცეტი ხელით უნდა დაითესოს, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღვროს საჭირო თესლის რაოდენობა, თანაბრად განაწილდეს ნაკვეთზე და ჩაკეთდეს ნიადაგში ოპტიმალურ სიღრმეზე, თესვის შემდეგ ნათესი უნდა მოიტკეპნოს. ესპარცეტის თესლი ითესება 100- 120 კგ-ის  ნორმით ჰექტარზე, ორკომპონენტიან ნარევში ესპარცეტი – 70-75 კგ ნორმით ჰექტარზე, სამკომპონენტიან ნარევში – 40- 75 კგ ნორმით ჰა-ზე. დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად თესვის წინ  თესლი უნდა შეიწამლოს ბიოპრეპარატებით: შპს „ბიოაგროს’’ პრეპარატები : ლეპიდინი,ორგანიკა,ბიოკატენა,ფიტოკატენა.აგროვიტა, ჯეოჰუმატი, ბიოჰუმუსი.

ესპარცეტი თესლბრუნვაში ჩერდება არა უმეტეს 2-3 წელიწადს. მისთვის სასურველი წინამორბედებია სათოხნი კულტურები და  თავთავიანები. თვით ესპარცეტი კარგი წინამორბედია თითქმის ყველა კულტურისათვის. ესპარცეტისა და მრავალწლიანი     ბალახების ნარევი წარმატებით გამოიყენება ფერდობებზე ბუფერული ზოლების შესაქმნელად.

ნათესის მოვლა – ესპარცეტი მეტად მგრძნობიარეა სარეველების მიმართ, ამიტომ მისი ახალი ნათესი საჭიროების შემთხვევაში უნდა    გაიმარგლოს ან გაითიბოს და განათიბი სასწრაფოდ  იქნეს გამოტანილი  ნათესიდან. დიდი მნიშვნელობა აქვს საფარი კულტურის დროზე და შემჭიდროებულ ვადებში აღებას და  მინდვრის დროზე განთავისუფლებას ნამჯისა და სხვა ანარჩენებისაგან. საფარი კულტურის  მოსავლის აღება უნდა იქნეს გამოტანილი  ნათესიდან.  საფარი კულტურის  მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს  მაღალ ჭრაზე (15-18 სმ ), რაც უზრუნველყოფს ნათესის ნორმალურ გადაზამთრებას. კარგ შედეგს იძლევა გათიბვის შემდეგ ნათესის გამოკვება და დაფარცხვა. მიუხედავად ესპარცეტის უნარიანობისა შეითვისოს ძნელად ხსნადი საკვები ნივთიერებები, თესვის დროს ნიადაგს ანოყიერებენ.

ესპარცეტის თესლი      

ნიადაგის განოყიერება – ნიადაგის განოყიერება თესვის წინ უნდა ჩატარდეს ორგანული სასუქებით (შპს „ბიოაგროს’’ პრეპარატები, ბომსი, ბაქტოფერტი, ბიოდეპოზიტელექსირი, ბიოჰუმუსი, აგროვიტა) სავეგეტაციო პერიოდში საჭიროა ესპარცეტის 3-ჯერადი ფესვური და ფოთლოვანი გამოკვება ბიოპრეპარატებით: შპს,, ბიოაგრო’’-ს პრეპარატები (ორგანიკა, ფიტოკატენა, ბიოკატენა, აგროკატენა, ლეპიდინი, ტურინგენი).

 მორწყვა – ესპარცეტი წყლისადმი ყველაზე მომთხოვნია ყვავილობის და აღერების ფაზებში. მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე დაწვიმებით.ესპარცეტის ნათესის ბიოპრეპარატებით გამოკვება წარმოებს ყოველი გათიბვის შემდეგ.გათიბვა შეიძლება მოხდეს კარგ პირობებში 4-5-ჯერ. ჰექტარზე მიიღება 35-50 ცენტნერი თივა. (100 ცენტნერი მწვანე მასა).

მოსავლის აღება-  ესპარცეტის  თესლის მოსავალი უფრო მაღალი (1,5- 2.0 ტ/ ჰა) და მყარია, ვიდრე სხვა პარკოსანი კულტურებისა. ესპარცეტის თესლი სწრაფად გადის მოსვენების ფაზას და ზაფხულში თესვისას მისი აღმონაცენი ჩნდება 6–7 დღის შემდეგ დათესვიდან, ხოლო შემოდგომით თესვისას – 12–14 დღის შემდეგ. აღმონაცენის გამოჩენიდან 5–10 დღის შემდეგ ვითარდება პირველი ფოთოლი, ხოლო ყოველი 3–5 დღის შემდეგ ვითარდებიან ახალ–ახალი ფოთლები.მთლიანად მცენარეზე ვითარდება 50–60 ფოთოლი.  მოსავლის აღება უნდა დავიწყოთ კომბაინით პარკების 60-70%-ის გამუქებამდე, რითაც თავიდან ავიცილებთ  პარკებიდან თესლების ჩამოცვენას და დიდ დანაკარგებს.  ესპარცეტი თივად უნდა ავიღოთ დაკოკრების ფაზაში სრულ ყვავილობამდე. დაგვიანება ბევრ დანაკარგებთან არის დაკავშირებული – თივა უხეშდება, კარგავს კვებით ღირებულებას. გათიბვა უნდა მოხდეს 6-8 სმ-ის  სიმაღლეზე. ბალახი ერთი ან ორი დღე გაშლილი უნდა დარჩეს. თუ მასა დიდია, იგი მეორე დღეს უნდა გადაბრუნდეს, ამის შემდეგ უნდა დაიტუკოს. ნაკვეთიდან მალე გაიზიდოს, რადგან 3-4 დღით დაგვიანების შემთხვევაში ნათესი ზიანდება.  ხარისხიანი თივა უნდა იყოს მწვანე ფერის, სასიამოვნო სუნის და ტენიანობით არა უმეტეს 20 %-ის.

ესპარცეტის მავნებელ–დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. სარეველების საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება წინამორბედი კულტურების აღებისთანავე ნიადაგის აოშვით სარეველებისა და ძირითადი კულტურების თესლის ნაცვენის პროვოცირებისა და მოსპობისათვის. ესპარცეტზე გვხვდება სხვადასხვა მავნებლები – ბუგრები. კალიები, მავთულა და ცრუ მავთულა ჭიები, ხვატარები, მემარცვლიები, ცხვირგრძელები, ხოლო დაავადებებიდან აღსანიშნავია – ფესვის სიდამპლეები, ასკოხიტოზი, ჟანგა, ნაცარი, ჭკნობა, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები. ბუგრების წინააღმდეგ საჭიროა  ბიოპრეპარატების გამოყენება ყვავილობამდე, რათა არ დავაზიანოთ ფუტკრები. ესპარცეტის მემარცვლიას, მღრღნელი ხვატარებისა და ნიადაგის სხვა მავნებლების წინააღმდეგ საჭიროა ნიადაგის დამუშავება ბიოპრეპარატებით. აღმოცენების ფაზაში ებრძვიან კალიებს, კოჟრის ცხვირგრძელებს – მათ წინააღმდეგ გაზაფხულიდან პერიოდულად ტარდება წამლობა შპს,,ბიოაგრო’’-ს პრეპარატებით, ვეგეტაციის პერიოდში ანთრაქნოზის და ჭრაქის  წინააღმდეგ შესაძლებელია სპილენძის ქლორჟანგის (5-7 კგ/ჰა) ან 1%-იანი ბორდოს ნარევის, ხოლო ნაცრის წინააღმდეგ – გოგირდის გამოყენება. სოკოვანი დაავადებებიდან განსაკუთრებით გავრცელებულია ჭკნობა, რომელიც ხშირად იწვევს დაავადებული მცენარის სიკვდილს. ჭკნობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებია – დაავადებული მცენარეებისა და მოსავლის ანარჩენების განადგურება, თესლის ბიოპრეპარატებით დამუშავება, დაავადებისადმი გამძლე ჯიშების გამოყვანა. 

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახური

მზეინაბ სარალიძე –  ს/მ დოქტორი

გოჩა წერეთელი – ს/მ დოქტორი

მზია ბერუაშვილი – ს/მ დოქტორი

გივი წილოსანი –  ბ/მ დოქტორი

ზურაბ ბილანიშვილი – სპეციალისტი

თინათინ მამესწარაშვილი – დოქტორანტი