ირა ხეცოიძე _ გარეთ თოვს თუ ყინავს, აქ სულ გაზაფხული და საამო სურნელია

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი „ექსკურსიამძღოლი“ (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან ოჯახის წევრების მოკოპწიებულ ბაღს, ყვავილების სათბურს და ლამაზ ეზოს ვნახავდი, თან ამ ყველაფრის მთავარ შემოქმედს – მხატვარ ირა ხეცოიძეს გავიცნობდი, რომელმაც თავისი პროფესია აგრონომიასთან დააკავშირა და მებაღე – დეკორატორობას მიჰყო ხელი.

თოიძის სამხატვრო სასწავლებელი დამთავრების შედეგ ირამ სახელოსნო გახსნა, სადაც სხვადასხვა ესკიზებს ამზადებდა და ყიდდა. რამდენიმე წლის წინ კი გადაწყვიტა თავისი ძალები აგრონომიაში მოესინჯა და ლანდშაფტის დიზაინით დაინტერესდა.

თავიდან თელავის კულტურისა და დასვენების პარკის დეკორატორად დაიწყო მუშაობა, სადაც ყვავილების დარგვა, ლანდშაფტის გაფორმება და მოვლა მისი მთავარი საქმიანობა იყო. ყვავილები თბილისიდან ჩაჰქონდათ, რომლებიც ზამთარს ვერ უძლებდნენ, ირას თქმით, ქიმიური დანამატებითაც იყვნენ გაზრდილნი, რაც ნაკლებად ეკოლოგიური იყო: „უკვე 4 წელია ნადიკვის – თელავის კულტურისა და დასვენების პარკის დეკორატორი ვარ, ჩემი იდეებით შევქმენი პარკის დიზაინი. გამოყვანილი ყვავილები ძირითადად, თბილისიდან შემოგვქონდა და ეს ყვავილები მალე ფუჭდებოდა. დავინტერესდი, რომ ეს ყვავილები ჩემით გამომეყვანა ჩითილით სათბურში. ზოგი ყვავილი გამოვაზამთრე კიდეც, უცბად შექმნილ – გაკეთებულ სათბურში შესანიშნავად გავატარეთ ზამთარი მე და ჩემმა ყვავილებმა. გაზაფხულზე ბევრი სახეობა დავთესე, გამოვიყვანე ჩითილი და შემდეგ უკვე თელავის დეკორატორად მიმიწვიეს.“

გარდა თელავის დეკორატორობისა, ირა პირად შეკვეთებსაც ხშირად ასრულებს ღვინის სახლების ეზოებს, ასევე კერძო პირების ეზოებს დაჰფუსფუსებს.

ირას ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა რომ ყველაფერს დიდი შრომა და მოვლა – პატრონობა სჭირდება. მის სახლში, როგორც ზემოთ ვთქვი, ნაუცბადევად გაკეთებული (როგორც თავად უწოდებს) სათბურიც აღმოვაჩინე, რომელიც, როგორც ჩანს, ერთგულად ემსახურება ირას და თელავის ლანდშაფტს. რაც შეეხება სათბურის აშენების გამოცდილებასა და ცოდნას, როგორც ირა გვიყვება, თავდაპირველად ინტერნეტში გადაავლო თვალი სხვადასხვა ინფორმაციას, თუმცა, იქ მოცემული კონსტრუქციები ძვირი ჯდებოდა, ამიტომ წარმოსახვას მიმართა, ე.წ. სანტექნიკის მილები და რკინის მეტალის მილები  – პირველად რკინის მილებია მიწაში ჩაწყობილი, მათ აყოლებაზე კი სანტექნიკის მოხრილი მილები, რომლებიც უკვე საშუალებას იძლევა ცელოფანი დამაგრდეს: „პირველ წელს ჩვეულებრივ ცელოფანში ტემპერატურას ვერ ვინარჩუნებდი, ძალიან ვწვალობდი, წვიმა ჩამოდიოდა და ყვავილები მიფუჭდებოდა. გაზაფხულის პირას, ყინვების გადასვლის შემდეგ კი ეს ცელოფანი მთლიანად დაიშალა. ინფორმაცია მოვიძიე და თბილისიდან ჩამოვიტანე სასათბურე ფირი  (პოლიკარბონატის მასალა), რომელიც სუნთქავს და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში 4 წელი ძლებს. სათბურში ამ კუთხით 4 წლიანი ხარჯი, ვიმედოვნებ, აღარ მექნება“ – ყვება ირა.

ამბის მოყოლისას ცხელი თათარა შემომაწოდა. სანამ გასული იყო მე ოთახის ფშავ – ხევსურული დიზაინით მოქარგული ხალიჩების, ჩოხისა და ბალიშების დათვალიებით ვიყავი გართული. ირას ვკითხე, ამ ყველაფერს – თელავის ლანდშაფტის დიზაინს, სათბურს და ახლა უკვე ორნამენტების ქარგვას როგორ ასწრებ – თქო, ირამ კი მიპასუხა, ამ ყველაფერთან ერთად სამხატვრო სახელოსნო მაქვს, სადაც ესკიზებს ისევ ვქმნი და ამის შესახებ პროექტიც დავწერე, რომელმაც, როგორც „ელკანას“ მიერ ორგანიზებულ ასევე „აწარმოე საქართველოს“ პროექტში გაიმარჯვაო.

აქვე აღვნიშნავ, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში თელავში მას და სხვა დაინტერესებულ პირებს ზოგადი ბიზნესის შესახებ ტრენინგი უტარდებათ. ამ ტრენინგს ირა დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტების არსებობა მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტმა ადამიანმა აიმაღლოს ცოდნა, იყოს აქტიური და განავითაროს თავისი საქმიანობა.

„დილით ადრე ვდგები, მივდივარ სამსახურში, ვუვლი ყვავილებსა და ბუჩქებს პარკში. სახლში მოსული საოჯახო საქმეებთან ერთად სამხატვრო ესკიზებს ვქმნი და სხვადასხვა ხელსაქმით ვკავდები. ტელევიზორის ყურებისასაც ვქსოვ ან ვქარგავ. ჩემს სათბურშიც სწორედ ასე ვფუსფუსებ – შესანიშნავია, როცა გარეთ თოვლია და ჩემს სათბურში სითბო, გაზაფხული და საამური სურნელია.“

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ირა აგროტურიზმის პერსპექტივაზე საუბრობს, სწორედ ამ მიმართულებით აპირებს განვითარებას – „სანერგე და ბაღი აუცილებლად მექნება. მინდა პატარა, დეკორატიული, ჩემებური ბაღი გავაკეთო, მესტუმრნონ ადამიანები სხვადასხვა მხრიდან და ქვეყნიდან, დაათვალიერონ და ისიამოვნონ. სახელოსნოში კი, გარდა შესრულებული ნამუშევრების ხილვისა, ვაჩვენებ მასტერკლასებს, ასევე, ვფიქრობ, სათბურიც საინტერესო იქნება“ – როგორც ვხედავთ, ირა აპირებს თავისი შემოქმედება, ეზო, სახელოსნო, სათბური მთლიანად აგროტურიზმს მოარგოს – დადებითი ემოციები სტუმრებს გაუნაწილოს და შთაბეჭდილებებით სავსე გაუშვას. ჩემი, როგორც გაუთვალისწინებელი სტუმრის და სულთამხუთავი ჟურნალისტის გაბედნიერება, გაოცება და სითბოთი ავსება ნამდვილად შეძლო. გზად კოწახურით დახუნძლული ტოტებიც გამომატანა.

მარიამ ტაკაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *