საქართველოში ყველაზე გავრცელებული პარაზიტული დაავადებები _ სამკურნალო საშუალებები

საქართველოში ყველაზე გავრცელებულია პარაზიტები: ტკიპა, ტილი, მუნი (გარეგანი პარაზიტები) და ინვაზიები (ცხოველთა შინაგანი ორგანოების პარაზიტული ჭიები).

ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰელმინთოზური დაავადებები: არახნოზები (ტკიპა), ჰიპოდერმატოზები (კანის ბორა), პიროპლაზმიდოზები, ფასციოლოზი (პეპელა), ცისტეცერკოზი (ფინოზი _ მარცვლის ნაირი წარმონაქმნები კუნთში _ ეგრეთ წოდებული სოლიტერის ფინები), ეხინოკოკოზი (ბუშტულები ფილტვში და ღვიძლში), მონეზიოზი (სოლიტერის სახეობა), ცენუროზი (ცხვრის რეტი), დიქტიოკაულოზი (მოზარდის ფილტვებში და ბრონქებში მრგვალი,წვრილი, თეთრი მახრჩობელა ჭიები), ასკარიდოზი (თეთრი ფაშვის წია), ნეო ასკარიდოზი (ფაშვის ჭია), მეტასტრონგილოზი (ღორის ბრონხების და ფილტვის ჭია), ფრინველის სიგამოზი (ხრინწი).

ფასციოლოზი

ფასციოლოზი _ ეგრეთ წოდებული “პეპელა”, ავადდებიან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ვირები, ცხენები, კურდღლები.

პირუტყვი ფასციოლოზით ავადდება დაჭაობებულ საძოვრებზე ყოფნის დროს, ვინაიდან ფასციოლის შუამავალი პატრონი არის ლოკოკინა. ლოკოკინაში ფასციოლა ღებულობს ისეთ ფორმას, რომ ცხოველი ავადდება მისი გადაყლაპვის დროს.

დაავადებული ცხოველი აკრაჭუნებს კბილებს, შეინისნება დორბლის დენა, კუჭის აშლილობა – იკლებს წონაში.

ფასციოლები ცოცხლობენ ღვიძლში და ნაღვლის სადინარებში და იწვევენ ამ ორგანოების მწვავე ანთებას. დაავადება ხასიათდება ცხოველის პროდუქტიულობის მკვეთრი დაცემით.

წველადობა იკლებს 20_25 %, წონა 30_40 %, შესაძლებელია აგრეთვე ცხოველთა მასიური დაცემა (სიკვდილიანობა).

ფასციოლოზის მკურნალობა _ „ატაზოლ-ფორტე – 300“.

ცისტეცერკოზი

ცისტეცერკოზი _ ეგრეთ წოდებული “სოლიტერი”, მარცვლის მსგავსი მრგვალი ან მოგრძო ფორმის წარმონაქმნები კუნთებში. ავადდებიან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი და ადამიანი.

სოლიტერით დაავადებულ პირუტყვს აღენიშნება მაღალი სიცხე, კუჭის აშლილობა, ცხოველს ეკარგება მადა, პირუტყვი წვება და ხშირად ფაშვის პერისტალტიკა (მოძრაობა) უჩერდება. აგრეთვე უზიანდება კუნთები, ენა, გული.

ეკონომიური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია _ ხორცი ექვემდებარება განადგურებას ან ხდება მისი გაუვნებლობა. მცირე ინვაზიის დროს მკვეთრად მცირდება წველადობა. ადამიანი ავადდება დაავადებული პირუტყვის ხორცის ჭამის დროს (ცუდად მოხარშული და შემწვარი ან უმი ხორცი).

მკურნალობა _ „ატაზოლ-ფორტე – 300“.

მონეზიოზი

მონეზიოზი – გავრცელებულია ბატკნებში, ცხვრებში, ხბოებში. პირუტყვი არ იმატებს წონაში, ცუდად იზრდებიან, ვარდება პროდუქტიულობა, ხშირად აღინიშნება სიკვდილიანობა.

მონეზიოზი იწვევს საქონლის ორგანიზმის ძლიერ ინტოქსიკაციას (მოწამვლას) – მაღალი სიცხე, ციებ-ცხელება, გაბერვა, კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოშლა. ატონია (კუჭის გაჩერება).

ავადდებიან საძოვრებზე ბალახთან ერთად ტკიპების შეჭმის დროს (მაისის ბოლოს, ივნისში).

ბაგური შენახვის დროს არ ავადდებიან.

მკურნალობა – „ატაზოლ-ფორტე – 300“.

ცენუროზი (ცხვრის რეტი)

ცენუროზი (ცხვრის რეტი) – ხშირად ავადდებიან მოზარდი ცხვრები, ზოგჯერ სხვადასხვა ცხოველებიც. პირუტყვი ავადდება აღნიშნული დაავადების აღმძვრელებით დასენიანებული ძაღლის, მგლის, მელიის განავლის ნარჩენების შემთხვევით შეჭმის დროს (ბალახთან ან წყალთან ერთად).

დაავადება ჩნდება საძოვრებზე ან ღამის თევის ბანაკების ადგილებზე.

დაავადების აღმძვრელია ჭია, რომელიც პარაზიტობს ცხვრისა და ზოგჯერ სხვა ცხოველების თავის ტვინის გარსებში. აღნიშნულ გარემოში ზრდის დროს იგი აწვება ცხოველის ტვინს და იწვევს სხვადასხვა ხასიათის დაზიანებებს.

(ცხვრები) დაავადება გამოიხატება ცხვრის უაზრო მოძრაობებში, ერთ ადგილზე ტრიალში, აღგზნებულობაში, თუმცა ზოგჯერ ისინი მოწყენილები არიან, დიდხანს წვებიან და ფარას ჩამორჩებიან, არ იკვებებიან, შუბლით ეყრდნობიან ქვებს, ხეებს, კედლებს.

ცხვრებს უზიანდებათ ტვინი. ზოგჯერ ეხვრიტებათ თავის ქალა და ხელით ისინჯება კანქვეშა ნახვრეტი, ნაწილი იხოცება 5-7 დღეს.

დაავადებული ცხვრები სწრაფად სუსტდებიან და რამოდენიმე შეტევის შემდეგ იხოცებიან. ზოგჯერ დაცემა მასიურია. ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად უნდა განადგურდეს დაავადებული ცხვრის თავი (რომ არ შეჭამონ ძაღლებმა, მგლებმა, მელიაებმა).

მკურნალობა – „ატაზოლ-ფორტე – 300“.

ეხინოკოკოზი (ბუშტები ღვიძლში და ფილტვებში)

ეხინოკოკოზი (ბუშტები ღვიძლში და ფილტვებში) – ავადდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხშირად ავადდებიან ადამიანები.

პირუტყვი ავდდება ძაღლების ან კატების ლეშის მცირე გამომშრალი ნარჩენების საძოვარზე შემთხვევით შეჭმის დროს (ბალახთან ან წყალთან ერთად).

საქონელს უზიანდება ფილტვები (აღინიშნება მშრალი, ხანგრძლივი ხველება, გაძნელებული სუნთქვა, შენელებული ცოხნა, წონაში დაკლება და ცხოველების გაბერვა).

დაცემის ან დაკვლის შემდეგ ფილტვებში და ღვიძლში ვპოულობთ სხვადასხვა ზომის და რაოდენობის ეხინოკოკოზის ბუშტებს, რომლებიც ხშირად აღწევენ საკმაოდ დიდ ზომებს. ეხინოკოკი იწვევს უდიდეს ეკონომიკურ ზარალს, საქონელი ავადმყოფობს წლობით, მკვეთრად ეცემა პროდუქტიულობა – დაკვლის შემდეგ ფილტვი, ღვიძლი გამოუსადეგარი ხდება მომხმარებლისთვის როგორც სუბპროდუქტები და ექვემდებარება უტილიზაციას (განადგურებას).

ადამიანის დაავადება რომ თავიდან ავიცილოთ უნდა გამოვრიცხოთ ძაღლის მიერ, დაავადებული ღვიძლის ან ფილტვის შეჭმა, ვინაიდან ძაღლი არის ეხინოკოკის ჭიის ძირითადი მატარებელი და ადამიანის დააავდება ხდება ბეწვთან ერთად კვერცხის გადაყლაპვის დროს.

ეხინოკოკი წარმოადგენს ძალიან დიდ საშიშროებას ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლისათვის.

მკურნალობა – „ატაზოლ-ფორტე – 300“.

მეტასტრონგილოზი

მეტასტრონგილოზი – ღორების დაავადებაა, რომელსაც მოჰყვება ბრონხოპნევმონია (ფილტვების ანთება). ჭიები ბრონხებში მოხვედრისას იწვევენ მათ მექანიკურ გაღიზიანებას და ანთებას. ღორებს ჯერ არენიშნება ხველება, გართულებული სუნთქვა, ეკარგება მადა. ისინი ხშირად წვებიან და კვნესიან, სიცხე ადის 42 გრადუსზე, ძალიან სუსტდებიან და ხშირად აღინიშნება მასიური დაცემა.

ეკონომიური ზარალი დიდია და გამოიხატება წონის მკვეთრ დაკლებაში და მასიურ სიკვდილიანობაში. მასიური ინვაზირების დროს ღორების ბრონხებში და ფილტვებში პოულობენ 1000 – ზე მეტ ჭიას.

მკურნალობა – „ატაზოლ-ფორტე – 300“.

ასკარიდოზი

ასკარიდოზი – პირუტყვი ავადდება ჭიის კვერცხებით დაბინძურებული საკვების და წყლის მიღების დროს. ასკარიდოზი თეთრი ჭიაა. მრავლდებიან წვრილ ნაწლავებში და არღვევენ ნაწლავების მთლიანობას – იწვევენ ნაწლავების გაღიზიანებას და ანთებას. ამით ეხსნება კარი ბაქტერიალურ ინფექციებს, როგორც ნაწლავებში ასევე ფილტვებში. მოზარდებს ხშირად უვითარდებათ სასიკვდილო ასკარიდოზული პნევმონია და ნაწლავების გაუვალობა.

პნევმონიას (ფილტვების ანთებას) ახასიათებს ხველება, სიცხე, ცუდი მადა და გახშირებული სუნთქვა – ვინაიდან გამრავლების დროს ასკარიდები გამოყოფენ დიდი რაოდენობით ტოქსინებს (შხამს).

ეკონომიური ზარალი გამოწვეულია ღორების დიდი სიკვდილიანობით 50% და პროდუქტიულობის მკვეთრი დაცემით 30%.

მკურნალობა – „ატაზოლ-ფორტე – 300“.

დიქტიოკაულიოზი

დიქტიოკაულიოზი – დაავადება გავრცელებულია მოზარდ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში (ხბოები). მოზარდები დიდხანს ავადმყოფობენ, იკლებენ წონაში და ცუდად იზრდებიან.

მოზარდები ახველებენ და ხველება შეიძლება იყოს იმდენად ხშირი და ძლიერი, რომ იწვევს საქონლის გაგუდვას. ზრდასრულ საქონელში მსგავსი მოვლენები იშვიათია და გამოწვეულია ძირითადად ცუდი ზოოჰიგიენური პირობებით (ცუდი კვებით და შენახვით).

თეთრი წვრილი ჭია ბინადრობს ბრონქებში და ზოგჯერ გადადის ტრახეაში. ზრდასრული საქონელი კლინიკურად არ ავადდება, მაგრამ არის პარაზიტი ჭიის მატარებელი და გამავრცელებელი.

ხბოები ავადდებიან მოზრდილი და (1 წლის ზევით) დაავადების მატარებელ საქონელთან ერთად საძოვარზე ყოფნის დროს. ეკონომიური ზარალი – მოზარდის ხშირი და მასიური დახოცვაა.

მკურნალობა – „ატაზოლ-ფორტე – 300“.

სინგამოზი (ხრინწი)

სინგამოზი (ხრინწი) – ფრინველის ინვაზიური დაავადებაა, აღიზიანებს სასუნთქ გზებს, პარაზიტი დიდი რაოდენობით გროვდება ფრინველის ყელში და ხშირად იწვევს გაგუდვას. ფრინველები წინ სწევენ კისერს ,,ხრინწავენ’’, ახველებენ, მკვეთრად იკლებენ წონაში, ეკარგებათ მადა და კვდებიან.

მკურნალობა – „ატაზოლ-ფორტე – 300“.

არახნოზი

არახნოზი – იქსოდოიდოზი – (საძოვრის ტკიპა) – წარმოადგენს სეზონურ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველის დაავადებას, რომელიც გამოწვეულია კანის ტკიპით. ტკიპა საშიშია როგორც თავად ცხოველებზე უშუალო მავნე მოქმედებით ისევე როგორც სხვადასხვა დაავადებების გადამტანი (ინფექციების და ინვაზიების).

სიმპტომები: ტკიპები აღენიშნება კანზე ან კანში სხვადასხვა ადგილებში, შეიძლება გამოწვიონ პარეზები და პარალიჩები. როცა ტკიპა ძალიან მასიურადაა მოდებული ცხოველზე შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია და ანემია, რომლის გამო ცხოველები იხოცებიან (მოწამვლა და სისხლნაკლებობა). კბენის დროს ტკიპამ შეიძლება გადასდოს ცხოველს ან ადამიანს სხვადასხვა დაავადება.

მკურნალობა ივერტინი, ციპერ-პულვიზო.

აკაროზი (ქეცი, მუნი)

აკაროზი (ქეცი, მუნი) – ქრონიკული დაავადებაა. ავადდება ყველა სახის ცხოველი და ადამიანი. გამომწვევია ტკიპა, რომელიც ცხოვრობს კანში და იკვებება ლიმფით (სისხლის შრატი). ტკიპის მდედრი მოძრაობს კანში და დებს 20-40 კვერცხს. კვერცხიდან გამოდის მატლი (ჭუპრი), ცხოველის ორგანიზმის გარეთ გამოსვლისას ჯდება ცხოველთა სადგომების კედლებზე ან სხვა ნივთებზე და რჩება 3 კვირის განმავლობაში.

ცხოველები და ადამიანები ავადდებიან დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის დროს საძოვრებზე, შენობაში, სადაც იმყოფებიან დაავადებული ცხოველები. ტკიპა შეიძლება გადაედოს ადამიანს ხელზე ან ტანსაცმელზე. ტკიპა კანზე მოხვედრისას ხვრეტს მას, აღწევს კანში, სადაც ბურღავს გზებს კანის სისქეში, რაც იწვევს ძლიერ ქავილს, ცხოველები იქექებიან, იზიანებენ კანს, რაც იწვევს კანის ანთებას. კანზე აღინიშნება შეშუპებები, რომლებიც შემდგომში სკდებიან, სითხე შრება და კანზე იქმნება ქერქები (ფუფხი). ქერქი აზიანებს კაპილარებს და კანქვეშ გროვდება ჩირქოვანი სითხე.

დაზიანებულ ადგილებზე ბეწვი გაცვენილია, კანი გასქელებულია, აქვს ნაკეცები და მშრალია, ფუფხების ქვეშ აღინიშნება სითხე. ცხოველები სწრაფად იკლებენ წონაში, კარგავენ შრომის უნარს, პროდუქტიულობას და არასაკმარისი კვების დროს იღუპებიან.

მკურნალობა – ივეტინი, ციპერ-პულვიზო.

ჰიპოდერმატოზი – (კანის ბორა)

ჰიპოდერმატოზი – (კანის ბორა) – ავადდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ჰიპოდერმატოზის გამომწვევია კანის ბორა (მფრინავი ბუზი).

კანის ბორას მატლი თავის განვითარებაში გადის 5 სტადიას. კანზე (ბეწვზე) ბორის მდედრი ცხელ მზიან დღეებში დებს კვერცხებს. 4-7 დღის შემდეგ კვერცხებიდან გამოდის მატლი და ბეწვის ძირიდან აღწევს კანში, სადაც იკეთებს ხვრელს.

პირუტყვის კანქვეშ მატლი იზრდება და 2,5 თვეში თავსდება ყელის ან მკერდის ქვეშ. ეს განვითარების მეორე სტადიაა. 5 თვის განმავლობაში მატლი არის საყლაპავი მილის კედლებში, შემდეგ იწყებს მოძრაობას ზურგისაკენ. იანვარში – თებერვალში კანქვეშ ვპოულობთ პატარა ნახვრეტებს და ჭუპრებს. მანამდე შეგვიძლია საქონლის ზურგზე დავინახოთ სპეციფიკური ამობერილი ადგილები ხშირად მოგრძო ფორმის. კვერცხდების პერიოდში (ზაფხულში) შესამჩნევია დიდი რაოდენობის კვერცხები.

საქონელი იკლებს წონაში, მცირდება შრომის უნარიანობა, ცხოველი გაღიზიანებულია და გარბის საძოვრებიდან, ხშირად იზიანებენ კიდურებს, უჭირთ ყლაპვა და ბორამ შეიძლება გამოიწვიოს ტიმპანია (გაბერვა) ან პარალიჩები, იმისდა მიხედვით, თუ ცხოველის ტანის რომელ ადგილზეა კანის ბორის მატლი ან ჭუპრი განლაგებული.

მკურნალობაივერტინი, ციპერ-პულვიზო.

პიროპლაზმოზი

პიროპლაზმოზი – საშიში დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ციებ-ცხელებით, სიცხით, ანთებით, სიყვითლით. გამომწვევია – სისხლის პარაზიტები, რომლებიც ვითარდებიან საძოვრის ტკიპების მონაწილეობით. ავადდებიან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და წვრილფეხა რქოსნები, ცხენები, ღორები და ძაღლები. დაავადება მიმდინარეობს მწვავე ფორმით, სხვადასხვა ორგანოების დაზიანებით.

დაავადების გადამტანია ტკიპები, რომლებსაც ცხოველების სისხლის წოვის დროს ორგანიზმში შეყავთ პიროპლაზმიდოზების აღმძვრელები.

საინკუბაციო პერიოდი 2 კვირაა. შემდგომ აღინიშნება მუდმივი ციებ-ცხელება, ლორწოვანი გარსების ანემია და სიყვითლე. კუჭ-ნაწლავის მოქმედება მოშლილია, პულსი ხშირია, სუნთქვა ზედაპირული და ხშირი, შარდი მუქი აგურისფერისაა, ზოგჯერ მუქი წითელი, სისხლიანი.

დაავადება მიმდინარეობს მძიმე ფორმით, 8-10 თვის შემდეგ ხშირია საქონლის დაცემა, სიკვდილი პიროპლაზმოზის გადატანის შემდეგ ცხოველები დიდხანს რჩებიან კახექსიურები (სუსტები), მკვეთრად მცირდება მათი პროდუქტიულობა.

მკურნალობაივერტინი, ციპერ-პულვიზო.

აღნიშნული პრეპარატები ანადგურებენ პიროპლაზმიდოზების გადამტან სისხლისმწოველ ტკიპებს.

ატაზოლ – ფორტე – 300

ატაზოლ – ფორტე – 300 ფართე მოქმედების სპექტრი. უნივერსალური ანტიჰელმინთური საშუალებაა (შინაგანი მოხმარების, პარაზიტების საწინააღმდეგო აბები). ატაზოლ-ფორტე მაღალ ეფექტურია მრავალი დაავადების გამომწვევი პარაზიტი ჭიების საწინააღმდეგოდ.

ატაზოლ-ფორტე სხვა ამ სახის პრეპარატებზე გაცილებით უფრო ეფექტურია შემდეგი მონაცემებით:

უზრუნველყოფს პირუტყვის მთლიანად დეჰელმინტიზაციას, (ჭიებისაგან განთავისუფლებას) და არ საჭიროებს სპეციალურ დიეტას;

არა ტოქსიკურია და არ იწვევს უარყოფით მოვლენებს პირუტყვის ორგანიზმში;

პრეპარატი ხასიათდება მაღალი შეთვისებადობით;

შეიძლება დაენიშნოს მოზარდებს, მაკე და დასუსტებულ ცხოველებს შეუზღუდავად;

არ მოქმედებს ხორცის, რძის და ტყავ ბეწვეულის ხარისხზე;

დოზირების მნიშვნელოვანი გადამეტება არ იწვევს მოწამვლას.

ატაზოლ-ფორტე გამოიყენება სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით შემდეგ დაავადებებზე:

სხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, ირემი, აქლემი და სხვა მცოხნავი ცხოველების მონეზიოზი, ნეოასკარიოზი (ფაშვის ჭია), დიქტიოკაულოზი (მოზარდის ფილტვის ჭია), ცისტცერკოზი, ეხინოკოკოზი (ღვიძლში და ფილტვებში ბუშტები), ცენუროზი (ცხვრის რეტი), ფასციოლოზი (პეპელა), დიკროცელიოზი (მოზარდის ჭია) და სხვა.

ღორები _ ასკარიდოზი (ფილტვისა და ნაწლავის თეთრი ჭია), მეტასტრონგილოზი;

ძაღლები, კატები _ ტოკსასკარიდოზი (თეთრი ჭია), ეხინოკოკოზი, ოპისტორხოზი;

ცხენი, ვირი, ჯორი _ სტრონგილოზი, პარასკარიდოზი.

ფრინველი _ ასკარიდოზი, სინგამოზი (ხრინწი)

დოზირება: ეძლევათ პერორალულად (პირის ღრუდან) შემდეგი დოზებით:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა _ 1 აბი პირუტყვის 60კგ ცოცხალ წონაზე (ფასციოლოზით დაავადების შემთხვევაში _ ორმაგი დოზა);

ღორები _ 1 აბი 15 კგ ცოცხალ წონაზე;

ძაღლები, კატები _ 1 აბი 7კგ ცოცხალ წონაზე;

ცხენები _ 1 აბი 60კგ ცოცხალ წონაზე;

ფრინველი 1 აბი 15კგ ცოცხალ წონაზე.

შენიშვნა:

პრეპარატი ეძლევა ცხოველებს დილას უზმოზე. წამლის მიცემის შემდეგ საათნახევარი (1,5 სთ) პირუტყვმა არ უნდა მიიღოს წყალი და საკვები.

მაგალითი:

ძროხა იწონის 250კგ-ს აძლევენ 4,5 აბს. (თუ ძროხა დაავადებულია ფასციოლოზით (პეპელა) _ არ იმატებს წონაში, აკრაჭუნებს კბილებს, აღენიშნება დორბლის დენა, ეძლევა _ 8,5 აბი).

ღორი _ იწონის 50კგ-ს _ 3,5 აბი.

ცხვარი _ იწონის 30კგ-ს _ 1 აბი.

ფრინველი _ 5 ფრთაზე _ 1 აბი.

ციპერ – პულვიზო

ციპერ – პულვიზო ფართო სპექტრის მოქმედების აკარინსეკტიციდია

ციპერ – პულვიზო წარმოადგენს ხსნად ემულსიას რომელიც საუკეთესო საშუალებაა ქეცის, მკრეჭავი მუნის, ტილის, ტკიპის, საძოვრის ბუზის და სხვა.
პარაზიტების საწინააღმდეგოდ;

• არ იწვევს გვერდით მოვლენებს (უვნებელია);

• პირუტყვის დამუშავების შემდეგ არ საჭიროებს შეზღუდვებს რძის, ხორცისა და ბეწვის გამოყენებისას;

ციპერ – პულვიზოს გამოყენება დასაშვებია დასუსტებული, მაკე და მეწველი პირუტყვისათვის;

• ეკოლოგიურად უსაფრთხოა;

• განმეორებითი გამოყენების შემთხვევაში აღინიშნება გრძელვადიანი ეფექტი. დოზირება: 1 ლ ციპერ – პულვიზო იხსნება 1000 ლ წყალში (მსხ. რქ. პირუტყვისათვის), ანუ 1 მლ (1 გრ) ციპერ – პულვიზო იხსნება 1 ლ წყალში.

დოზირება: 1 ლ ციპერ – პულვიზო იხსნება 2400 ლ. წყალში (წვრ. რქ. პირუტყვისათვის – ცხვრები, თხები).

ციპერ – პულვიზო გამოიყენება სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შემდეგი დაავადებების და პარაზიტების საწინააღმდეგოდ: ქეცი, მუნი, ტილი, რწყილი, საძოვერის ბუზი, ტკიპა და სხვა ექტოპარაზიტების (კანის პარაზიტები) საწინააღმდეგოდ.

გამოყენების მეთოდი: პირველად პრეპარატი იხსნება წყლის იგივე რაოდენობაში. კარგად უნდა აირიოს და შემდეგ იხსნება დანარჩენი წყლის რაოდენობაში.

მაგალითი:

1 გრ პრეპარატი იხსნება 1 გრ წყალში და შემდეგ ემატება 999 გრ წყალი

– მსხვ. რქ. პირუტყვისათვის ან იხსნება 1 გრ წყალში და შემდეგ ემატება 2399 გრ წყალი;

– წვრ. რქ. პირუტყვისათვის. ცხვრებს და თხებს აბანავებენ სპეციალურ აბაზანებში, ყველა დანარჩენ შემთხვევაში პირუტყვს ასველებენ ან აშხურებენ სამკურნალოდ მომზადებულ პრეპარატის ხსნარს.

ინახება ბნელ და გრილ ადგილას. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30ºC.

ნ. ბერენიკაშვილი, ქ. კანდელაკი, ზ. რევიშვილი, თ. ყურაშვილი, დ. ცომაია

„ეკოლოგიურად უსაფრთხო მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლების ტექნოლოგიები“