სითბურში სითბური რეჟიმის დაცვა


რიგი ფაქტორების (მზის რადიაცია, გათბობის მეთოდები, სათბობი დანადგარების სიმძლავრე, პლასტიკური მასალების თვისებები) გავლენის გამო, სათბურში ჰაერის ტემპერატურა დიდ დიაპაზონში მერყეობს.

სითბური რეჟიმი მიკროკლიმატის უმთავრეს ფაქტორად გვევლინება.

ყოველ ბოსტნეულ კულტურას განსაზღვრული ოპტიმალური, მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა შეესაბამება.

ოპტიმალურია ტემპერატურა (Topt), რომელიც ყველაზე ხელსაყრელია მცენარის ზრდა-განვითარებისთვის. აგროტექნიკურ მინიმუმს წარმოადგენს ყველაზე დაბალ ტემპერატურა, რომელიც უარყოფითად არ მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითრებაზე და დასაშვებია არაუმეტეს 24 საათისა.

აგროტექნიკურ მაქსიმუმს წარმოადგენს ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც უარყოფითად არ მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე და დასაშვებია არაუმეტეს 4-6 საათისა.

ბიოლოგიურ მინიმუმსა და მაქსიმუმს შესაბამისად წარმოადგენს დაბალი (0,50C) და მაღალი ( 400C–ზე მეტი) ტემპერატურა, რომელიც იწვევს მცენარეთა დაღუპვას. სათბურში მოსაყვანი კულტურები ტემპერატურისადმი მოთხოვნის მიხედვით იყოფიან სამ ჯგუფად:

I ჯგუფი – სითბოს მოყვარული მცენარეები ( Topt=23±50C). მას მიეკუთვნებიან – გოგროვნები, ძაღლყურძენისებრნი, ლობიო.

II ჯგუფის მცენარეები მოითხოვენ ზომიერ კლიმატს ( Topt=14±20C). მათ მიეკუთვნება – კომბოსტო, კამა, სალათები, ისპანახი და მწვანილეული ბოსტნეული.

III ჯგუფის მცენარეები მოითხოვენ დაბალ ტემპერატურას (Topt=4±20C). მათ მიეკუთვნება ყველა კულტურა წინასაწარი გაღივებისა და გამოზრდის პერიოდში, კონსერვირებადი ჩითილები (პომიდვრის გარდა).

ტემპერატურული რეჟიმის დარღვევას მივყავართ მცენარის ზრდა-განვითარების ანომალიებამდე. აგროტექნიკური მინიმუმის ქვევით, ტემპერატურის ვარდნა აჩქარებს გენერაციული ორგანოების წარმოქმნას, რომელთაც არ გააჩნით სასაქონლო ღირებულება (კიტრი, სალათა, ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი), კიტრის ნაყოფში გროვდება გლუკოზიდები, რომლებიც განაპირობებენ მის მწარე გემოს, ძლიერდება უჯრედინისა და საფარი ქსოვილების წარმოქმნა, რასაც მივყავართ სალათისა და საკმაზ-სანელებელი მცენარეების ფოთლების გაუხეშებამდე.

ტემპერატურული რეჟიმი გვევლინება მცენარეთა ზრდისა და ნაყოფიერების მართვის უმთავრეს ფაქტორად. ტემპერატურა განსაზღვრავს ისეთი პროცესების ინტენსივობას, როგორიცაა ფოტოსინთეზი, სუნთქვა, ტრანსპირაცია, ნივთიერებათა გადაადგილება და მეტაბოლიზმი (ორგანიზმის ნივთიერებათა მიმოცვლა).

ჰაერის ტემპერატურა ყოველთვის არ ემთხვევა მცენარის ტემპერატურას. მაგ. ცხელ დღეებში, კიტრის ფოთლების ტემპერატურა შეიძლება 5-140C–ით მაღალი იყოს ჰაერის ტემპერატურაზე და პირიქით, სხვა პირობებში კი ჩამოუვარდებოდეს ჰაერის ტემპერატურას 2-30ჩ–ით. პირველმა შეიძლება გამოიწვიოს ფოთლების დამწვრობა, ხოლო მეორეს მივყავართ ფოთლებზე წყლის ორთქლის კონდენსირებამდე.

იმისათვის რომ ავიცილოთ მცენარეთა ფოთლებზე ტენის კონდენსირება, მზის ამოსვლამდე 1 საათით ადრე, მილებში თანდათანობით ზრდიან გასათბობი წყლის ტემპერატურას და ცდილობენ ფოთლისა და ჰაერის ტემპერატურის გათანაბრებას.

ტემპერატურის ასეთ გადასვლას უწოდებენ ტემპერატურულ ბიძგს, მისი ხანგრძლივობა 2 საათია (1 საათი მზის ამოსვლამდე და 1 საათი მზის ამოსვლის შემდეგ). საღამოს აგრეთვე ახდენენ ტემპერატურული რეჟიმის რეგულირებას.

მცენარეთა ტემპერატურის ცვლილება ჰაერში და ნიადაგში (ფესვთა განვითარების არეში) შეიძლება წარიმართოს სხვადასხვა მიმართულებით. ასე მაგალითად, გრუნტის მაღალი ტემპერატურისას, მცენარეებში ძლიერდება წყლის მიწოდება, ჩქარდება ფოსფორისა და კალციუმის გადაადგილება, და შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს კვებისა და წყლის რეჟიმის დარღვევას, მცენარეზე დამწვრობის ნიშნების გამოჩენას, ღეროებისა და ნაყოფების დახეთქვას. გრუნტის ოპტიმუმზე დაბალი ტემპერატურისას, ფერხდება წყლისა და საკვები ელემენტების მიწოდება. მზის რადიაციის ინტენსიური ზრდისას და ტენის ნაკლებობისას, ძლიერდება ფოთლებიდან წყლის აორთქლება და მცენარეები ვერ ასწრებენ ფესვებიდან ამ დანაკლისის შევსებას, მაშინ ჩნდება ფიზიოლოგიური სიმშრალის ნიშნები.

ტრანსპირაციით (აორთქლებით) მცენარეები არეგულირებენ თავიანთ ტემპერატურას, რომელიც განსაზღვრავს ბიოქიმიური პროცესების ინტენსივობას. როდესაც ადგილი აქვს ტრანსპირაციის პროცესის დარღვევას, მცენარეთა ბაგეები იხურება, მცენარეთა ტემპერატურა ხდება ჰაერის ტემპერატურაზე მაღალი და აღწევს ტემპერატურულ მაქსიმუმს, რომლის დროსაც ჩნდება მცენარეების მზით დამწვრობის საშიშროება.

დღის ტემპერატურა დაცულ გრუნტში დგება განათებითა და მზის რადიაციის (უპირველესად ინფრაწითელი სხივების) ინტენსივობით. გაუთბობელ სათბურებში გაზაფხულზე გარე და შიდა ტემპერეტურათა სხვაობა 0,5-დან 70C მერყეობს. მზის რადიაციის ინტენსივობიდან გამომდინარე, მზიან დღეებში, სათბურებში ტემპერატურა სწრაფად მატულობს და სხვაობამ შეიძლება 15-220C შეადგინოს, მოღრუბლულ დღეებში კი ტემპერატურათა სხვაობა 3-100C არ აღემატება. ღამით ტემპერატურა კლებულობს და უახლოვდება გარეთა ტემპერატურას. ტემპერატურათა სხვაობა აღინიშნება სათბურის შიგნითაც, სხვადასხვა სიმაღლეზე, მაგ. 5 სმ და 150 სმ შორის ტემპერატურის სხვაობა შეიძლება 5-60C იყოს.

მორწყვა და მცენარეთა ტრანსპირაცია ამცირებს ჰაერის ტემპერატურას, რადგან სითბური ენერგიის ნაწილი იხარჯება წყლის აორთქლებაზე. ამიტომ, ძლიერად შეფოთლილი კულტურების წარმოებისას ტრანსპირაცია გაცილებით მაღალია, დღის ტემპერატურა კი შედარებით დაბალი, ხოლო მცენარეთა ჩახშირებულად განლაგებისას, ღამე უფრო ცივა, ვიდრე თავისუფალ სათბურში.

თანამედროვე სათბურებში ტემპერატურა დიფერენცირდება ამინდიდან გამომდინარე: ერთი – მზიანი, მეორე _ მოღრუბლული დღისათვის. პროგრამას აძლევენ კონკრეტული სახეობების ტემპერატურულ რეჟიმს ამინდის პირობებზე დამოკიდებულებით.

ჰაერისა და გრუნტის ტემპერატურა მჭიდრო კავშირშია. ღამით ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებში, ნიადაგის ტემპერატურა უნდა იყოს ოპტიმალური, რათა ფესვებმა იფუნქციონიროს ნორმალურად. ზოგჯერ მიმართავენ სათბურის გრუნტის გათბობასაც მილების საშუალებით, რომლებშიც მიედინება წყალი (400C ).

ასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტემპერატურული რეჟიმი დაცულ გრუნტში იქმნება არა მარტო გათბობის სისტემით, არამედ ვენტილირებითაც. აუცილებელია ამ ორი კომპონენტის თანშეწყობილი მუშაობა. ტენიანობის მართვისას უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად შევამციროთ სითბოს დანაკარგები (ფრამუგების გაღებისას).