ჭარხალი, აგოტექნიკა, უხვმოსავლიანი ჯიშები 

ჭარხლის (Beta  vulgaris  L) ყველა ველური და კულტურული სახეობა გაერთიანებულია ერთ გვარში, მიეკუთვნება ნაცარქათამისებრთა ოჯახს, წარმოდგენილია ერთწლიანი და მრავალწლიანი სახეობებით.

ველურად მზარდი ჭარხლისგან ხანგრძლივი შერჩევის შედეგად მიღებულ იქნა ჭარხლის ოთხი ძირითადი სახესხვაობა _ ფოთლოვანი, საკვები, შაქრის და სუფრის. ფოთლოვან ჭარხალს აქვს მსხვილღეროიანი ფართო ფოთლები, განუვითარებელი ძირხვენა ხასიათდება ცუდი შენახვის უნარით, გამოიყენება ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე სალათების დასამზადებლად. დანარჩენი სამი წარმოქმნიან ძირხვენებს – საკვებ ჭარხალს ის მოყვითალო ფერის აქვს, ძირხვენა მასიურია და უგემური. შაქრის ჭარხლის ძირხვენა თეთრია, უგემური, მაგრამ ტკბილი; სუფრის ჭარხლის ძირხვენა – მცირე ზომის, გემრიელი, წითელი ფერის.

კ/კალ წყალი ცილა ცხიმი შაქარი უჯრე

დანა

ნაცროვანი ელემენტები ვიტამინები
C A B1 B2 PP
50 86 1,3 0,1 0,8 0,9 1,2 10 0,012 0,02 0,04 0,05

სუფრის ჭარხალი ფორმის მიხედვით იყოფა სამ სახეობად – მრგვალი, წაგრძელებული და შებრტყელებული. მოსავლიანობით გამოირჩევა ბურთისებრი და წაგრძელებული სახეობები. უფრო ფართოდ არის გავრცელებული მრგვალი, შებრტყელებული ფორმები. ისინი კარგად იზრდება მცირე სახნავი ფენის მქონე ნიადაგებზე და მათი აღება გაცილებით ადვილია ვიდრე გრძელი ჯიშების. სუფრის ჭარხალი 8%-მდე შაქარს შეიცავს. უფრო მეტად ფასობს მუქი, წითელი ფერის ძირხვენები. ძირხვენების წითელი ფერი განპირობებულია ანტოციან ბეტანინის შემცველობით. მისი შემცველობა ჭარხლის ძირხვენაში აღწევს 1,45 გრ-ს 1 კგ-ზე, ხოლო ფოთლებში 2,36გრ/კგ-ში. ჭარხლის ბეტანინი წარმოადგენს ნივთიერება ქოლინის წყაროს, რომელიც ამცირებს ადამიანის სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, ხელს უწყობს ახალგაზრდა ორგანიზმის ზრდას, აუმჯობესებს გულის მოქმედებას. ბოლო დროის გამოკვლევებით მას ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები _ ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას.

სუფრის ჭარხალი კარგად იზრდება ჰუმუსით მდიდარ, კორდიან-ეწეროვან, ნეიტრალური რეაქციის მქონე ტორფიან და შავმიწა ნიადაგებზე. მისთვის საუკეთესოა მდინარეების მახლობლად არსებული ქვიშიან-ლამიანი ნიადაგები (ოპტიმალური პჰ 6.0-7.0). მძიმე, ჰუმუსით ღარიბი, მჟავე რეაქციის მქონე და უსტრუქტურო ნიადაგები გამოუსადეგარია ჭარხლისთვის, ასეთ შემთხვევაში მცენარე სუსტად ვითარდება.

ჭარხლის თესლი მოთავსებულია მცირე ზომის ხორკლიან ბურთულაში, 1 გრ-ში 100-120 მარცვალია. აღმონაცენები ჩნდება ჯგუფებად და საჭიროებენ გამეჩხერებას, თუმცა მიღებულია ერთთესლიანი ჯიშებიც.

ჭარხალი საკმაოდ სიცივეამტანი მცენარეა, მისი აღმონაცენი უძლებს -3°C‐მდე მცირეხნიან წაყინვებს.

მისი განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 18-22°C, აღმონაცენები თავიდან ნელა იზრდება, ძირხვენები გამსხვილებას იწყებენ 30-45 დღის შემდეგ. იმის გამო, რომ ჭარხლის აღმონაცენი თავდაპირველად ნელა იზრდება, ნაკვეთის შერჩევისას, უნდა შეირჩეს სარეველებისგან შეძლებისდაგვარად სუფთა ადგილი. ჭარხლისთვის საუკეთესო წინამორბედები არიან – კომბოსტო, კარტოფილი, პომიდორი, ხახვი და კიტრი.

დაბალი სახნავი ფენის (10-15 სმ ) მქონე ნიადაგებზე და ჭარბტენიან რაიონებში ჭარხალი უნდა მოვიყვანოთ შემაღლებებზე ან სფერულ კვლებზე. წინამორბედი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, აწარმოებენ ნიადაგის აჩეჩვას. შემოდგომაზე, ღრმა ხვნის წინ შეაქვთ ფოსფოროვანი სასუქების მთელი ნორმა და კალიუმიანი სასუქის 2/3. ადრე გაზაფხულზე ნიადაგს ფარცხავენ და ატარებენ კულტივაციას, ამავე დროს შეაქვთ აზოტოვანი სასუქი. საშუალო ნაყოფიერების მიწებზე შეაქვთ 30-40 ტონა გამომწვარი ნაკელი (ნედლი ნაკელის გამოყენება დაუშვებელია, იგი აუარესებს ძირხვენების ხარისხს, ამახინჯებს ფორმებს. მცირდება ძირხვენებში მშრალი ნივთიერებების შემცველობა და უარესდება შენახვისუნარიანობა).

ორგანული სასუქის გარდა, მოსაყვან ფართობში შეაქვთ აგრეთვე მინერალური სასუქებიც. 1 ჰა ფართობზე შეაქვთ 90-100კგ. აზოტი, 70-90კგ. ფოსფორი, 120-150კგ. კალიუმი. მხოლო მინერალური სასუქების გამოყენების შემთხვევაში 1 ჰა-ზე შეაქვთ 120-150კგ. აზოტი, 90-100კგ. ფოსფორი, 150-180კგ. კალიუმი. სასურველია აგრეთვე 15-20კგ. ბორის შემცველი სასუქის შეტანაც. ჭარხალი ითესება 3-4 სმ სიღრმეზე. რიგებს შორის 20 სმ. დაშორებით, ხოლო რიგებში მცენარეთა შორის 10-15სმ. თესვის ნორმა 6-10 კგ-მდე. 

ჭარხლის თესვა შემაღლებულ კვლებზე (მარნეული) ჭარხლის მოყვანისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამარგვლაგამეჩხერებას, რიგთაშორისების გაფხვიერებას, რწყვას. შესაბამისი ჰერბიციდების გამოყენება საგრძნობლად აიოლებს მოვლის პროცესს (ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება: ბეტანალი 2-4 კგ, ერთლებნიანებთან საბრძოლველად ფიუზილადი 2ლ/ჰა, ან ზელეკი 1ლ/ჰა-ზე.).

საკარმიდამო ნაკვეთებზე ჭარხლის მოყვანისას, შემოდგომაზე, ნიადაგის დამუშავებისას შეაქვთ 4-5 კგ კომპოსტი ან ორგანული სასუქი, 30-40გრ. ფოსფოროვანი და 20-30გრ. კალიუმიანი სასუქი, 15-20კგ. ამონიუმის გვარჯილა 1მ²-ზე. გაზაფხულზე, გაღივების დაჩქარებისა და ერთნაირი აღმონაცენის მიღების მიზნით, თესლს წინასწარ ალბობენ წყალში (1 გრ თესლი 1 მლ წყალში 1:1), ხსნარს რამდენჯერმე ურევენ, შემდეგ მას შლიან თხელ ფენად, რომელიმე არაღრმა ჭურჭელში, რომელსაც ზევიდან დააფარებენ ნაჭერს, აჩერებენ 15-20°C რამდენიმე დღე, შეშრობისთანავე ატენიანებენ. ერთეული ღივების გამოჩენისთანავე, თესლს შეაშრობენ, თესავენ ტენიან ნიადაგში. შემდეგ რიგებს ტკეპნიან (ნიადაგისა და თესლის მჭიდრო კონტაქტისთვის). აღმოცენების დაჩქარების მიზნით რეკომენდებულია, ნაკვეთს მაშინვე დაეფაროს შუქგამტარი ცელოფანი, როგორც კი გამოჩნდება ერთეული ღივები, ცელოფანს აშორებენ, რათა თავიდან ავიცილოთ აღმონაცენის აწოწვა. ზედაპირული ქერქის წარმოქმნისას, მას შლიან ფოცხის საშუალებით. ჩახშირებული ნათესის შემთხვევაში, აუცილებელია ნათესის გამეჩხერება, მცენარეთა შორის 4-5 სმ დატოვებით, მეორე გამეჩხერება ტარდება 3-5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ძირხვენის 2-3 სმ დიამეტრისას. გამეჩხერებასთან ერთად ატარებენ გამარგვლას და დამატებით გამოკვებას მინერალური სასუქებით. ჭარხალს რწყავენ 2-3-ჯერ, ძირხვენების ინტენსიური განვითარების ფაზაში 5-6 ლიტრი წყალი 1 მ2-ზე.

მოსავლის აღება იწყება ძირხვენების ფორმირების დამთავრების შემდეგ. აღება უნდა დამთავრდეს ხანგრძლივი საშემოდგომო წვიმების და წაყინვების დაწყებამდე. მოსავალი აღებული უნდა იქნეს მშრალ ამინდში. ძირხვენებს თხრიან სპეციალური მანქანებით (წარმადობა 0,5 ჰა/1სთ-ში). შეიძლება კარტოფილის ამღები მანქანების გამოყენებაც. ძირხვენებს აჭრიან ფოჩებს, მსუბუქად შეაშრობენ, გადაარჩევენ, მოაშორებენ დაზიანებულ, დაავადებულ, დახეთქილ ძირხვენებს და მიაქვთ შესანახად. საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 18-25 ტონას 1 ჰა-ზე.

დღეისთვის სუფრის ჭარხლის საკმაოდ მრავალი ჯიში და ჰიბრიდი არსებობს, მაგრამ მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:

დეტროიტ ნერო (მწარმოებელი ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია შემინისი) საშუალო საადრეო ჯიშია, მაღალმოსავლიანი. ძირხვენა ბურთისებრი, კარგი სტრუქტურით, პრიალა ზედაპირით, რბილობის შეფერილობა მუქი ბორდოსფერია.

მწვანე მასა 35-45 სმ სიმაღლის. ხასიათდება მშრალი ნივთიერებების მაღალი შემცველობით. ღეკომენდებულია, როგორც ნედლი სახით გამოყენებისთვის, ასევე გადამუშავებისთვის. ხასიათდება კარგი შენახვისუნარიანობით.

რუჟეტი (მწარმოებელი ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია  შემინისი) საადრეო, მაღალმოსავლიანი, საშუალო სიძლიერის ზრდის ჰიბრიდია.

ძირხვენა მრგვალია, სწორი ზედაპირით. შიგთავსი მუქი წითელი, რგოლების გარეშე.

ძირხვენა ძალიან გემრიელია, რეკომენდებულია ნედლი, გადამუშავებული ან გამომშრალი სახით გამოსაყენებლად. ხასიათდება კარგი შენახვის უნარით. შესანიშნავ შედეგებს იძლევა, როგორც გაზაფხულზე დათესილი, ასევე ზაფხულის ბოლოს (შემოდგომაზე მოსავლის მისაღებად) დათესვის შემთხვევაშიც.

ცენტურიონი (მწარმოებელი ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია  შემინისი), სუპერ საადრეო ჰიბრიდია, ძირხვენა მრგვალი, შიგთავსი მუქი წითელი, ფოთლების სიგრძე 30-36 სმ-ია. აახალგაზრდა ფოთლები ნაზია, პრიალა, შესანიშნავია ნედლი სახით და სალათებში გამოსაყენებლად. რეკომენდებულია საადრეო (კონებად გაყიდვისთვის) პროდუქციის მისაღებად.

როიალ ცენტურიონი (მწარმოებელი ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია  შემინისი), საშუალო საადრეო ჯიშია. ძირხვენა ორიგინალური ცილინდრული ფორმისაა, შიგთავსი მუქი წითელი ფერის, ზოლების გარეშე, უხვმოსავლიანი, მწვანე მასა 35-45 სმ. რეკომენდებულია ნედლი სახით გადამუშავებისა და შენახვისთვის.

პაბლო (მწარმოებელი ჰოლანდიური კომპანია ბეყო). ძირხვენა მრგვალი ფორმისაა, სწორი ზედაპირით, შიგთავსი მუქი წითელი.

ილია მჭედლიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *