აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

საკვები ელემენტების მოხმარების განსაზღვრა მცენარეების გარეგანი ნიშნებით

რომელიმე საკვები ელემენტის სიჭარბე, ნაკლებობა ან მისი არარსებობა მცენარეებში იწვევს ბიოქიმიური პროცესების დარღვევას, რომელიც შესაბამისად აისახება მცენარეთა შესახედაობაზე (შეფერილობა, ზომები, ფოთლების ფორმა). ამ დროს ხდება ლაქების გამოჩენა, ფოთლებისა და ყვავილების ჩამოცვენა, რეპროდუქტიული ორგანოების ცვლილებები. ზოგიერთ შემთხვევაში იცვლება თავად მცენარის გარეგნობაც.

ამიტომ საკვები ხსნარის ქიმიური ანალიზის გარდა, საჭიროა მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს მცენარეთა მდგომარეობასაც, რომელიც ჰიდროპონიკის შემთხვევაში ძალიან სწრაფად რეაგირებს კვების რეჟიმის დარღვევაზე. მაგალითად, ორი დღის მანძილზე საკვებ ხსნარში აზოტის უკმარისობა იწვევს კიტრის ფოთლების შეფერილობის ცვლილებას, ხოლო სამდღიანი უკმარისობის დროს იწყება პომიდვრის ნაყოფის ჩამოცვენა.

ფოსფორის მცირე რაოდენობა აისახება ნაყოფწარმოქმნაზე.

აზოტისა და ფოსფორის ნაკლებობა აისახება მცენარის ყველა ორგანოზე, განსაკუთრებით კი ქვედა ფოთლებზე, ხოლო ბორის, კალციუმის, რკინის კი _ ყველაზე ახალგაზრდა ფოთლებზე.

რომელიმე ნივთიერების ნაკლებობის ან სიჭარბის დიაგნოსტიკის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცენარის გარეგანი ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორებითაც, მაგალითად – პესტიციდებით, დაბალი ტემპერატურით, ტენის სიჭარბით ან უკმარისობით.

მავნებლები და დაავადებები ხშირად იწვევენ მინერალური ნივთიერებებით შიმშილის მსგავს სიმპტომებს. ამიტომ ვიზუალურ დიაგნოსტიკას თან უნდა სდევდეს მცენარეთა ქიმიური ანალიზიც. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მცენარეები, რომლებიც განიცდიან ამა თუ იმ ელემენტის დეფიციტს, მავნებლების, დაავადებებისა და დაბალი ტემპერატურის მიმართ ნაკლები გამძლეობით ხასიათდებიან.

ქვემოთ აღწერილია ჰიდროპონიკურ სათბურებში მცენარეთა წარმოებისას სხვადასხვა ელემენტების სიჭარბის ან ნაკლებობის ნიშნები, აგრეთვე ფოსფორის, კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის, რკინისა და სპილენძის ტოქსიკურობის ნიშნები.

აზოტი

აზოტის უკმარისობის ნიშნები უფრო მეტად აისახება ქვედა ფოთლებზე, რადგან მათში მიმდინარეობს ქლოროფილის დაშლა და გამოთავისუფლებული აზოტი გადაადგილდება ზრდის წერტილებისკენ. აზოტის დეფიციტის დამახასიათებელი ნიშანია ზრდის შეფერხება (ფოთლები და ნაყოფი წვრილია, საყვავილე კვირტების ჩასახვა სუსტი).

პომიდორის ნამხრევების ზრდა სუსტდება, მცენარე იღებს აწოწილ ფორმას. დასაწყისში ქვედა ფოთლები იღებენ მომწვანო, მოყვითალო შეფერილობას, უფრო ხანგრძლივი დეფიციტის დროს კი ისინი ღია მწვანე შეფერილობისაა, ფოთლები წვრილდება, ხდება წაგრძელებული ფორმის, ფოთლის ძარღვები შეფერილია მოყვითალო-მოწითალო ფერად, ნაყოფი რჩება წვრილი და არ მსხვილდება. კიტრი. ზრდა ჩერდება, ფოთლები ყვითლდება (განსაკუთრებით ქვედა). ხანგრძლივი დეფიციტისას მთელი მცენარე ყვითლდება, ქვედა ფოთლები კვდება, ხოლო ახალგაზრდა ფოთლები აღარ იზრდება. ფოთლები შედარებით სქელია, ნაყოფი მოკლე, ღია მწვანე შეფერილობის, წაწვეტებული. ფოსფორი. მისი დეფიციტის ნიშანია პიგმენტ ანტოციანის დაგროვება, რომელიც მცენარეს ანიჭებს იისფერ შეფერილობას. ფერხდება მცენარის განვითარება, ფოთლები მცირე ზომისაა, მკვეთრად კლებულობს ყვავილობა. სიმპტომები უფრო აშკარაა ქვედა ფოთლებზე, რომლებიც სწრაფად კარგავენ ამ ელემენტს, რადგან იგი ქვედა ფოთლებიდან გადაადგილდება ზედა ფოთლებისკენ. პომიდორი. ნამხრევების ზრდა შესუსტებულია, ღერო წვრილია, მაგრამ აშკარა სიმპტომების გარეშე. მძიმე უკმარისობისას ფოთლები წვრილია, მკვრივი, ქვემოთ დახვეულია ან დახრილი, მათი ზედა მხარე მოლურჯო-მომწვანოა (ძარღვები იისფერმოწითალო), ქვედა მხარე სადაფის ელფერითაა, ფოთლები ნაადრევად შორდება მცენარეს.

კიტრის ზრდა სუსტდება, მაგრამ აშკარად გამოსახული ნიშნები არ აღინიშნება. მძიმე დეფიციტისას ზრდა ჩერდება. ახალგაზრდა ფოთლები პატარაა, მკვრივი, მუქი მომწვანო; ძველ ფოთლებზე ჩნდება ცალკეული ლაქები, რომლებიც თანდათან ვრცელდება ახალგაზრდა ფოთლებზეც. დაზიანებული ფოთლები ჭკნება, მაგრამ მათი ყუნწი დიდხანს ინარჩუნებს ფორმას.

კალიუმი

კალიუმის უკმარისობა არღვევს აზოტის მიმოცვლას, რაც იწვევს ქსოვილების გაყვითლებას და სიკვდილს.

ეს პროცესი იწყება ფოთლების წვეროებიდან და ვრცელდება კიდეებისკენ, შემდეგ კი ფოთლის ძარღვებს შორის. კალიუმი მოქმედებს ფოთლების ტურგორზე და მისი ნაკლებობისას ფოთლები ჭკნება. გარდა ამისა, ის საჭიროა მექანიკური ქსოვილების ჩამოყალიბებისთვის, ამიტომ კალიუმის ნაკლებობისას ღერო კარგავს მედეგეობას, ხოლო მუხლთაშორისები მოკლდება.

კალიუმის უკმარისობის პირველი ნიშნები აისახება ქვედა ფოთლებზე, რომლებიც პირველნი კარგავენ ამ ელემენტს, რადგან გადასცემენ მას მცენარის ზედა ნაწილს.

პომიდვრის ძველ ფოთლებზე ძარღვებს შორის აღინიშნება ნეკროზი, ყველაზე წვრილი ძარღვები ფერმკრთალდება, ფოთლის კიდეები იღებს რუხ შეფერილობას და ჭკნება. ზოგიერთ ჯიშს ნეკროზულ ზონაში აღენიშნება მშრალი ლაქები, რომლებიც შემოსაზღვრულია მუქი არშიით, შემდგომში ქლოროზი გადადის ახალგაზრდა ფოთლებზეც. მცენარის ზრდა ფერხდება, ფოთლები რჩება წვრილი, ნაყოფი არათანაბრად მწიფდება.

კიტრის ზრდა ფერხდება. მუხლთაშორისები მოკლეა, ფოთლები წვრილი მოვერცხლისფერო ელფერით, კიდეები შეფერილია მოყვითალო-მომწვანოდ, მთავარი ძარღვი ჩაზნექილია. შემდგომში ძარღვებს შორის ქლოროზი იღებს უფრო გამოხატულ ფორმას და ვრცელდება ფოთლის ცენტრალური ნაწილისკენ. ფოთლის კიდეები ხმება, მაგრამ ძარღვები გარკვეულ ხანს ინარჩუნებენ მწვანე ელფერს. მაგნიუმი. მაგნიუმით შიმშილობა იწვევს ლაქურ ნეკროზს, ფოთლები იღებენ წამახვილებულ ფორმას. ძარღვებს შორის ქსოვილები ფერმკრთალდება, მაგრამ თავად ძარღვები დიდხანს ინარჩუნებენ მწვანე შეფერვას. ქვედა ფოთლებიდან ძარღვების საშუალებით, იწყება მაგნიუმის გადაადგილება ზედა ფოთლებისკენ, რის გამოც ძარღვები და მისი მიმდებარე ქსოვილები, რომლებიც მდიდარი არიან ქლოროფილით, უფრო მწვანედ არის შეფერილი, ვიდრე ძარღვებშორის უბნები. სახეობიდან და ჯიშებიდან გამომდინარე, უბნები შეიძლება იყოს: ღია მწვანე, მოყვითალო, წითელი ან იისფერი.

მაგნიუმი

მაგნიუმის პირველი დეფიციტი აისახება ქვედა ფოთლებზე, ხოლო მისი გაძლიერებისას – ზედა ფოთლებზეც.

მაგნიუმის ძლიერი და ხანგრძლივი უკმარისობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და შესაბამისად ქსოვილების კვდომას (ნეკროზი), რომელიც იწყება ფოთლების კიდეებიდან და მხოლოდ ზოგიერთ ჯიშებში აღინიშნება ფოთლის შუაგულის ბოჭკოების კვდომა.

მაგნიუმის უკმარისობა იქმნება საკვებ არეში კალიუმის სიჭარბის დროს, რაც გამოწვეულია ამ ორი ელემენტის იონებს შორის ანტაგონიზმით. მაგნიუმის შეთვისებაზე მოქმედებს აგრეთვე არის PH. მჟავე არე აიოლებს მაგნიუმის შეთვისებას. ფესვთა სისტემისთვის ჰაერისა და წყლის მიწოდების დარღვევაც უარყოფითად აისახება მაგნიუმით კვებაზე.

პომიდვრის ფოთლების გაუფერულება იწყება კიდეებიდან, თანდათან გადადის ფოთლის შუაგულისკენ და მოიცავს წვრილ ძარღვებსაც. გაყვითლება ვრცელდება ფოთლის ყუნწიდან წვეროსკენ. ყვითელ და სტაფილოსფერ ქსოვილებზე ხშირად აღინიშნება ნეკროზული ლაქები, რომლებიც შეიძლება ზოლებად გადაიზარდოს. ძველი ფოთლები კვდება, მცენარე მთლიანად ყვითლდება.

კიტრის ძველ ფოთლებზე აღინიშნება ძარღვებს შორის ქსოვილების კვდომა, რომელიც იწყება ფოთლის კიდიდან. ძლიერი დეფიციტის დროს ის მოიცავს ფოთლის ცენტრალურ ნაწილსაც, მაგრამ ძარღვები ინარჩუნებენ თავიანთ შეფერილობას. ზოგჯერ ქლოროზი ვლინდება ძარღვებს შორის დიდი ჩაზნექილი ლაქების სახით. ფოთლები იჭმუჭნება, სიმპტომები ვრცელდება ძველი ფოთლებიდან ახალგაზრდისკენ, ხანგრძლივი უკმარისობისას მთელი მცენარე ყვითლდება.

კალციუმი

კალციუმის ნაკლებობისას ახალგაზრდა ფოთლები და მცენარის ნაწილები ყვითლდება. ფოთლები წვრილია, დეფორმირებული (მოღუნული), დატალღული კიდეებით. ძლიერი უკმარისობისას კვდება ზრდის წერტილები, ფესვები მოკლდება და წვრილდება, იღებს რუხ შეფერილობას.

პომიდვრის ახალგაზრდა ფოთლების ზედა მხარე თავიდან  მუქი მწვანეა, მკრთალი კიდეებით, ხოლო ქვედა – სადაფისმსგავსი ელფერით. ფოთლები რჩება წვრილი, ისინი დეფორმირდებიან და იწყებენ ჭკნობას. ამის შემდეგ ზრდის წერტილები და ფოთლის კიდები იწყებენ კვდომას. ნაყოფზე ჩნდება კენწეროს მშრალი სიდამპლე. ფესვები ცუდად ვითარდება და იღებს მუქ შეფერილობას.

კიტრის ფოთლის კიდეებზე და ძარღვებს შორის ჩნდება მოთეთრო ლაქები. ფირფიტის დიდი ნაწილი მოცულია ქლოროზით, მხოლოდ მთავარი ძარღვები რჩება მწვანედ, ზრდა ჩერდება, მუხლთაშორისები რჩება მოკლე, განსაკუთრებით მცენარის ზედა ნაწილში. ყველაზე ახალგაზრდა ფოთლები წვრილია, კიდეები ზევით აქვს აწეული, შემდეგში ისინი იჭმუჭნება. ძველი ფოთლები იხვევა ქვევით. ძლიერი უკმარისობის დროს ღერო მყიფეა, ფოთლები ადვილად ცილდება. ფოთლები ნორმალურზე უფრო წვრილია, ღია ყვითელი. ნაყოფი წვრილია, არასწორი ზედაპირით (დატალღული, ბურცობები), უგემური.

 გოგირდი

გოგირდის უკმარისობა იწვევს ფოთლის ფართობისა და მცენარის პროდუქტიულობის შემცირებას. ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში ღერო ხდება წვრილი, ფოთოლზე ჩნდება აზოტით შიმშილის მსგავსი ნიშნები. ეს დაკავშირებულია აზოტსა და გოგირდს შორის მიმოცვლის დარღვევასთან.

პომიდოვრის ღერო, ძარღვები და ყუნწები სადაფისფერია, ფოთლები ყვითელი. უფრო ძველი ფოთლების კენწეროზე და კიდეებზე ჩნდება ნეკროზის ნიშნები. ახალგაზრდა ფოთლები მკვრივია, ქვევით მოხრილი, შემდგომში მათზე ვითარდება ნეკროზული ლაქები.

კიტრის ზრდა შეზღუდულია, ფოთლები ჩამროჩება ზრდაში. ძლიერი დეფიციტისას ღერო წვრილია, ქვევით მოხრილი, შეფერილობა ღია-მწვანიდან ყვითლამდე. აზოტით დეფიციტისგან განსხვავებით გოგირდის ნაკლებობის ნიშნები უფრო გამოხატულია ძველ ფოთლებზე. ახალგაზრდა ფოთლის კიდეები ძლიერ დაკბილულია.

რკინა

რკინის დეფიციტის პირველი ნიშნები ვლინდება მცენარის აქტიურად მზარდ ნაწილებზე. ახალგაზრდა მცენარეებს უვითარდებათ ნეკროზი, რომელიც იწყება ძარღვებს შორის ქსოვილებიდან და თანდათანობით მოიცავს მთელ ფირფიტას.

კალციუმის, ფოსფორის, სპილენძის, თუთიის მაღალი შემცველობა და ნიადაგის ტუტე რეაქცია არღვევს რკინის შეთვისებას.

პომიდვრის ახალგაზრდა ფოთლებზე ვითარდება ქლოროზის ნიშნები, თუმცა თავიდან ფოთლის ძარღვები ინარჩუნებენ მწვანე ფერს, რაც იწვევს ყვითელ ფოთოლზე მწვანე ბადის წარმოქმნას. მოგვიანებით ქლოროზი ძლიერდება და მოიცავს მთელ ფოთოლს, ფოთლები იღებენ მკრთალ ყვითელ, თითქმის თეთრ შეფერილობას, ახლადწარმოქმნილი ფოთლები მცირე ზომის რჩება.

 კიტრი _ ქლოროზი აზიანებს ახალგაზრდა ფოთლების ქსოვილებს, შემდეგ მოიცავს ძარღვებსაც. ფოთლების შეფერილობა მოყვითალო-ლიმონისფრიდან მოყვითალო თეთრამდეა, ზრდის წერტილები არ ვითარდება.

მანგანუმი

მანგანუმის სიმპტომები ისეთივეა, როგორიც რკინის უკმარისობისას. მცენარე იღებს რუხ ან მოყვითალო შეფერვას, ხოლო ფოთლები (განსაკუთრებით ახალგაზრდა) იწყებენ დახვევას.

პომიდვრის ფოთლები ფერმკრთალდება, ძარღვები ინარჩუნებენ მწვანე ფერს, ხოლო მათ შორის მყოფი ქსოვილები ყვითლდება. მოგვიანებით ღია შეფერილობის ადგილებში ჩნდება პატარა, მუდმივად მზარდი ნეკროზული ლაქები.

კიტრის ძველ ფოთლებზე ვითარდება ქლოროზი, მოყვითალო ფონზე იგი გამოვლინდება მწვანე ბადის სახით. შემდგომში მთელი ფოთოლი, მთავარი ძარღვების გარდა ყვითლდება, ძარღვებს შორის ქსოვილებზე ჩნდება ჩაღრმავებული ნეკროზული ლაქები.

ბორი

ბორის ნაკლებობა იწვევს ზრდის წერტილების კვდომას. ღერო და ფოთლები კარგავენ დამახასიათებელ შესახედაობას, მუხლთაშორისები მოკლდება, ნაყოფი დეფორმირდება.

პომიდვრის ნამხრევების ზრდა შეზღუდულია, ზრდის წერტილები იწყებენ კვდომას. ახალგაზრდა ფოთლებზე, ძარღვებს შორის ჩნდება ქლოროზული ლაქები. ასეთი ფოთლები ზრდაში ჩამორჩება, იწყებენ დახვევას ქვედა მხარეს, დეფორმირდებიან. შუა ფოთლებს აქვთ მოყვითალო (სტაფილოსფრამდე) შეფერილობა. ყუნწები ძალიან მყიფეა, რაც იწვევს მათ ადვილად მტვრევას.

კიტრის კენწერო იგრიხება და იწყებს კვდომას, მკვდარი ქსოვილები ხასიათდება რუხი შეფერილობით. ძველი ფოთლები იწყებენ დახვევას ზევით, ნამხრევებისა და ახალი ფოთლების წარმოქმნა შეჩერებულია.

სპილენძი

სპილენძის დეფიციტის ნიშნები ჩნდება ახალგაზრდა ფოთლებზე, თავიდან ვითარდება ქლოროზი, რასაც მოსდევს ტურგორის (წყლის შეთვისების უნარი) დაკარგვა, შემდეგ მცენარე ჭკნება. აზოტით ჭარბი კვებისას და მაღალი ტემპერატურისას, სპილენძით შიმშილობა ძლიერდება.

პომიდვრის ღეროს ზრდა ჩერდება, ფოთლები იღებენ მოცისფრო-მომწვანო შეფერილობას. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ფოთლების კიდეები იწყებენ დახვევას მილისებურად, მთავარი ძარღვის მიმართულებით, ყუნწები დახრილია ქვევით. ქლოროზისა და ნეკროზის ნიშნები თავიდან არ აღინიშნება, შემდგომში მთავარი ძარღვის გასწვრივ ვითარდება ნეკროზული ლაქები.

კიტრის ზრდა შეფერხებულია, მუხლთაშორისები მოკლე, მცენარეები თანდათანობით იღებენ დაბუჩქულ ფორმას. ახალგაზრდა ფოთლები აღარ იზრდება. ძველ ფოთლებზე, ძარღვებს შორის შეიძლება გაჩნდეს ნეკროზული ლაქები.

ქლოროზი  ძველი ფოთლებიდან ახალგაზრდა ფოთლებისკენ ვრცელდება.

ილია მჭედლიძე