აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ცხოველების საძოვრული შენახვა, ძოვების გავლენა საძოვრის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე

საძოვარი მცენარეულით დაფარული მიწის სავარგულია, სადაც ცხოველი ძოვს.

განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ საძოვრებს.

ბუნებრივი საძოვრის მცენარეული საფარი უმთავრესად შედგება მრავალწლოვანი ველური მცენარეების და ბუჩქებისაგან. ხელოვნური ანუ ნათესი საძოვრები შექმნილია მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი პარკოსან-მარცვლოვანი ბალახთნარევის თესვით. მათ კულტურულ საძოვარს უწოდებენ. კულტურული საძოვარი უხვმოსავლიანი ხელოვნური სავარგულია.

კულტურული საძოვრები ეწყობა ბუნებრივი საკვები სავარგულების ან ძველი, ნაკლებპროდუქტიული ნასვენი მინდვრების გაუმჯობესების გზით. განასხვავებენ მოკლევადიანი (5-6 წელი) და გრძელვადიანი (7-10 და მეტი წელი) ტიპის კულტურულ საძოვრებს.

საძოვრული შენახვისას სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პროდუქტიულობა 25-40 %-ით მეტია, პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად მაღალი, ხოლო თვითღირებულება 20-30 %ით ნაკლებია ვიდრე ბაგური შენახვის დროს. საძოვარზე ცხოველებს მაშინ უშვებენ, როდესაც მცენარე ვეგეტაციის ადრეულ ფაზაშია და საყუათო ნივთიერებებს უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს.

საძოვრული შენახვის დროს ისპობა ხანგრძლივი ბაგური შენახვის უარყოფითი მხარეები. მზის სხივების პირდაპირი მოქმედებით განუწყვეტელი მოძრაობა და ყველა ორგანოს და სისტემის ვარჯიში იწვევს ღრმა სუნთქვას, აძლიერებს ფილტვების ვენტილაციას და, მასთან ერთად, ჟანგბადის მოთხოვნილებას და ნახშიროჟანგის გამოყოფას. ასეთი მოძრაობა (ბუნებრივი მოციონი) აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ავითარებს ძვლებს, სახსრებს და იოგებს. კლიმატური ფაქტორების ზემოქმედებით კარგად ვითარდება კანი, ჯირკვლოვანი, სისხლძარღვოვანი აპარატი, ძლიერდება მისი რეზისტენტობა, თბო-რეგულატორული თვისებები და ყველაფერი ეს ხელს უწყობს სხეულის საერთო განვითარებას და ცხოველის ჯანმრთელობას. რაც უფრო ხანგრძლივია შენახვის ასეთი რეჟიმი, მით უფრო ძლიერდება და კაჟდება ცხოველი და იზრდება ორგანიზმის დამცველობითი ძალა. საძოვარზე ცხოველი მუდამ სარგებლობს მწვანე საკვებით, რომელიც მდიდარია საზრდო ნივთიერებებით, ვიტამინებით და მინერალური ნაერთებით. ეს საკვები კარგი ჭამადობით და შეთვისებით ხასიათდება, რაც ხელს უწყობს ცხოველის განვითარებას, გამოჯანმრთელებას და იცავს მას რაქიტის, ანემიისა და ოსტეომალაციისაგან, გარდა ამისა, იგი აძლიერბს და ასტიმულირებს სქესობრივ მოქმედებასაც. ამასთან ერთად ცხოველების საძოვრული კვება დიდ ეკონომიურ ეფექტს იძლევა, ვინაიდან იძლევა ყველაზე იაფ საკვებს.

საძოვრული შენახვა ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი ღებულობს მწვანე ბალახს თავის მოთხოვნილებების მიხედვით. მცენარეული საფარით ღარიბ ბუნებრივ საძოვრებზე ცხოველი ჩვეულებრივ მშიერი რჩება და დამატებითი გამოკვების გარეშე ვერ ამჟღავნებს საძოვრული შენახვის პერიოდისათვის დამახასიათებელ პროდუქტიულობას.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა საზაფხულო საძოვრებად იყენებენ ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიებს. პარკის ტერიტორიის მრავალფეროვანი ბალახებით დაფარულ საძოვრებს დიდი სარგებლობა მოაქვს მოსახლეობისათვის. მნიშვნელოვნად მატულობს ცხოველთა პროდუქტიულობა.

ძოვების გავლენა საძოვრის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე
საძოვრების არასწორი ექსპლოატაციის დროს ზიანდება მისი საფარი. დაზიანების ხარისხი ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ მისი აღდგენა წლების მანძილზე ვერ ხერხდება.

საძოვარი მნიშვნელოვნად ზიანდება ცხოველების თავისუფალი ძოვების დროს. საძოვრის დიდ ფართობზე ცხოველების უკონტროლოდ გაშვებისას მაქსიმალურად გაიძოვება ბალახის გარკვეული სახეობა, რის გამოც თანდათან მცირდება და ქრება ყუათიანი, მაღალი კვებითი ღირებულების ბალახები, მის ადგილს კი იკავებს ნაკლები ღირებულების მქონე და შხამიანი ბალახები.

ცხოველებს ბალახეული საფარი შეუძლიათ დააზიანონ ჩლიქებითაც თუ ცხოველებს საძოვარზე გაუშვებთ ნიადაგის გაშრობამდე.

ცხოველები დღე-ღამეში გამოყოფენ დიდი რაოდენობით ფეკალურ მასას და შარდს (იხილეთ ცხრილი 1 და 2) რომელიც აბინძურებს გარემოს. თუ ფეკალი და შარდი გამოიყოფა ინფექციური და ინვაზიური დაავადებებით დაავადებული ცხოველებიდან ხდება საძოვრის დასენიანება. ვინაიდან ფეკალით და შარდით გამოიყოფა დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმები და პარაზიტების კვერცხები. მიკროორგანიზმების გამოყოფა ფეკალთან და შარდთან ერთად დიდხანს გრძელდება გამოჯანმთელების შემდეგაც. მაგალითად: ბრუცელოზის დროს წლების მანძილზე, ტუბერკულოზისას სიცოცხლის მანძილზე; პასტერელოზის, სალმანელოზის, ლისტეროზის და სხვა დაავადებების დროს თვეების მანძილზე.

საძოვრებზე მიკროორგანიზმების სიცოცხლე დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, მზის სხივების ზემოქმედებაზე, დასენიანებული საძოვრებიდან წვიმის შედეგად მიკროორგანიზმები და პარაზიტის კვერცხები ხვდება წყალსისტემებში და საშიშს ხდის მოსახლეობისთვის. ცხოველების სიმრავლე ხელს უწყობს აგრეთვე სხვადასხვა სახეობის სისხლის მწოვი მწერების (ტკიპები, რწყილები, ბუზები) გამრავლებას, რომლებიც აწუხებენ ადამიანსაც და გადააქვთ საშიში დაავადებები.

ცხოველთა ფეკალის და შარდის ზემოქმედებით ხმება მცენარეთა საფარის გარკვეული ნაწილი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის საძოვრად გამოყენების სარგებლობასთან ერთად შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს ბუნებას და საშიში გახადოს იგი მოსახლეობისთვის.

ცხრილი 1. ცხოველიდან დღე-ღამეში გამოყოფილი ნაკელის რაოდენობა:

ცხოველის სახეობანაკელის რაოდენობა (კგ)
ბუღა მწარმოებელი 30-35
ძროხა 35-40
უშობელი 20-25
მოზარდი 10-15
ხბო 5-10
ცხვარი ზრდასრული 4
თხა 2,5
ცხენი ზრდასრული 20
კვიცი 10
მოზარდი 15

ცხრილი 2. ცხოველიდან დღე-ღამეში გამოყოფილი შარდის რაოდენობა:

ცხოველის სახეობა შარდის რაოდენობა (ლ)
მსხვილფეხა რქოსანი 6-12 (25)
ცხენი 3-6 (10)
ცხვარი და თხა 0,5-1 (2)

შენიშვნა: ფრჩილებში მოცემულია შარდის მაქსიმალური რაოდენობა ცხოველების მომზადება ძოვებისთვის

საძოვრების მომზადებასთან ერთად საჭიროა ერთდროულად ცხოველების მომზადებაც, მთელი სულადობა ექვემდებარება ვეტ. გამოკვლევას, ავადმყოფი, ავადმყოფობაზე საეჭვო, სუსტ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი ცხოველების გამოსაკვლევად ატარებენ დიაგნოსტიკურ, რპოფილაქტიკურ და სამკურნალო აცრებს. აგრეთვე ცხოველების სადგომების დეჰელმინტაციას. ძროხა უნდა გასუფთავდეს პაარზიტებისაგან, ცხვრებს პროფილაქტიკის მიზნით ატარებენ აბაზანებში ან ამუშავებენ შესაფრქვევი აპარატებით.

ჩლიქების დეფექტური მდგომარეობის დროს ცხოველებს ამუშავებენ სპეციალური მეთოდით. ამორჩეული საქონლის რქების წვეტებს წახერხავენ. ჯოგის ვეტერინარულ დამუშავებასთან ერთად ტარდება მთელი რიგი ზოოტექნიკური ღონისძიებანი, რაც გამოიხატება ცხოველების ინვენტარიზაციაში, ნიშნების და ნომრების შემოწმებაში. ზოოტექნიკური და სამეურნეო მაჩვენებლების მიხედვით შესაფერი ჯოგების და ფურების ჩამოყალიბებაში.

ბაგური შენახვიდან საძოვრულზე გადასვლა ხდება თადათან, რათა ცხოველები შეეჩვიონ ახალ კვებას და კლიმატურ რეჟიმს. ყოველგვარი კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილებები შესაბამისად მოქმედებს ცხოველებზე. გაუფრთხილებლად გადასვლა მთლიან მწვანე ბალახით კვებაზე იწვევს კუჭ-ნაწლავის აშლილობას, ხანგრძლივ ფაღარათს, ცხოველის სისუსტეს, მოზარდის ზრდის ჩამორჩენას და პროდუქტიულობის დაკლებას. საძოვარზე ცხოველთა უეცარმა გადასვლამ შეიძლება პირველ დღეებში გამოიწვიოს რეზისტენტობის დაქვეითება და პროდუქტიულობის დაცემა. ამის გამო საძოვრულ რეჟიმზე გადასვლა ხდება 6-8 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში საძოვარზე ცხოველების ყოფნის საათები თანდათან დიდდება, მანამ, სანამ ბოლო პერიოდისათვის არ მოხდება მთლიანად მათი გადაყვანა საძოვრულ შენახვაზე.

საკვებ ულუფას იმდაგვარად ცვლიან, რომ თავიდან ავიცილოთ პროდუქტიულობის შემცირება და ხარბი ძოვის შედეგად წარმოქმნილი გაბერვა. აუცილებელია აგრეთვე ცხოველების კონცენტრირებული საკვებით დამატებითი კვება. მიზანშეწონილი არ არის ნამიან ბალახზე საქონლის ძოვება, რადგან ნამიც ცხოველის გაბერვას ხელს შეუწყობს.

ცხოველების გაცივების თავიდან აცილების მიზნით ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდზე გადასვლამდე მიზანშეწონილია მოციონისა და ღია ცის ქვეშ ყოფნის დროის გახანგრძლივება სითბორეგულაციის აპარატის გააქტივების მიზნით. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მოზარდებს, სუსტ, ცუდად გამოკვებილ (ჯანდაგი) და მაკე ცხოველებს.

ასეთივე გამაფრთხილებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს შემოდგომაზეც, საძოვრიდან ბაგურ შენახვაზე გადასვლის დროს, განსაკუთრებით, თუ ცხოველის ულუფასი საკმარის წვნიანი საკვები არ შედის.

გაუფრთხილებელმა გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა, მონელების აშლილობა. ყინვებისა და რთვილის დროს ძოვებამ შეიძლება გაციება, გაბერვა, მონელების აშლილობა და აბორტები გამოიწვიოს.

ცხოველების საძოვრული შენახვა იწყება ადრე გაზაფხულიდან და გრძელდება გვიან შემოდგომამდე. გაზაფხულზე ცხოველების გაშვება საძოვარზე შეიძლება მაშინ, როდესაც ნიადაგი გამშრალია და ბალახი წამოიზრდება 8-10 სმ-ით. საძოვრული პერიოდი უნდა დამთავრდეს 15 დღით ადრე ყინვების დაწყების და მცენარის ვეგეტაციის დამთავრებამდე.

ეკოლოგიურად უსაფრთხო მეცხოველეობის პროექტი