წყალბადის ზეჟანგი და ოზონირებული წყალი, როგორც ბიოფუნგიციდი

დიდი ფრანგი ქიმიკოსი ლუი პასტერი, როგორც ცნობილია, თავიდან მედიცინის შესწავლით იყო გატაცებული.

მის მშობლიურ პროვინციაში როცა ეპიდემიამ იფეთქა, დასახმარებლად სწორედ  მას მოუხმეს და მანაც მიაშურა მშობლიურ ხალხს. სწორედ აქ შეამჩნია პასტერმა პირველად, რომ, მართალია, დაავადება გადამდები იყო, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი, თვითონაც, არ ავადდებოდა, ზოგიც დაავადებას იოლად უმკლავდებოდა.

იმუნიტეტის არსებობის შესახებ პასტერს აზრი პირველად სწორედ მაშინ გაუჩნდა, რომ ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში ებრძოდა და ანადგურებდა დაავადებათა გამომწვევ ვირუსებს.

ამ ფენომენის შეისწავლა მან სიღრმისეულად დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს დაავადებათა გამომწვევი ვირუსებისაგან იმუნიტეტი იცავს და იმუნიტეტი არსებობს, როგორც ძლიერი, ისე სუსტი, რომ სუსტი იმუნური სისტემა ვერ უმკლავდება დაავადებათა გამომწვევ ვირუსებს და ორგანიზმი ავადდება.

 როგორც ცნობილია, 170-180 წლის წინათ ვაზს და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს დაავადებები არ აწუხებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინ დაავადებები არ არსებობდა, უბრალოდ, ამ დაავადებათა გამომწვევ ვირუსებს წარმატებით უმკლავდებოდა მცენარეთა იმუნური სისტემა და ადამიანისათვის ეს შეუმჩნეველი იყო, რადგან დაავადების გარე გამოვლინებამდე საქმე არ მიდიოდა. ვაზი, ევროპაში პირველად ამერიკიდან შემოტანილი დაავადებებით დაავადდა და ეს იმის ბრალი იყო, რომ ევროპულ კულტურათა იმუნური სისტემისათვის დაავადებათა ეს შტამები უცხო იყო. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მაშინ მეცნიერება იმ საფეხურზე იდგა, რომ მოიძიეს და შექმნეს ამ დაავადებების წინააღმდეგ სამედიცინო პრეპარატები, ანუ მცენარის იმუნურ სისტემას არ დასჭირდა ეძებნა გამოსავალი და თვითონ მოენახა ამ ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი.

მას შემდეგ მეცნიერება ვითარდება და სულ ახალ-ახალ პრეპარატებს „ბეჭდავს“ ყველანაირი დაავადებების წინააღმდეგ, ანუ მცენარეთა იმუნურმა სისტემამ გადაგვარება-დაჩლუნგება იწყო. დაავადებათა საწინააღმდეგო პრეპარატთა ძიებაში მეცნიერება მივიდა სისტემური პრეპარატების აღმოჩენა-გამოშვებამდე, რომლებიც შედის ფოთლისა და მტევნის შიდა შრეებში და ვაზს შეწამვლათა შორის შუალედში 12-14 დღის განმავლობაში იცავს დაავადებებისაგან, ანუ თუ კონტაქტური პრეპარატების გამოყენების შემდეგ ვაზის იმუნიტეტს რჩებოდა დრო (შეწამვლებს შორის რამდენიმე დღე) ეზრუნა ვაზის ჯანმრთელობაზე, სისტემური პრეპარატების გამოყენების შემდეგ მცენარის იმუნური სისტემა მთლიანად უმოქმედოდ დარჩა, რის შედეგადაც გადაგვარდა და დღეს, მას, არანაირი დახმარება აღარ შეუძლია გაუწიოს მცენარეს. არადა ჩვენს გარშემო არის ვაზის ათობით ჯიში, რომელთა იმუნიტეტი წარმატებით უმკლავდება ყველანაირ დაავადებას, ანუ არის იმედი იმისა, რომ მაღალი ხარისხის საღვინე ჯიშის ყურძენსაც იმ დონეზე ავუმაღლოთ იმუნიტეტი, რომ სისტემური პესტიციდები და სხვა შხამები არ დასჭირდეთ და ფონს მსუბუქი კონტაქტური პრეპარატებით გავიდეთ. 

როგორც ცნობილია, კონტაქტური პრეპარატები ვაზს არ იცავს, ისინი ვაზის ფოთოლზე დასხმიდან რამდენიმე საათის განმავლობაში არიან აქტიურნი და ანადგურებენ დაავადებათა ვირუსებს, შემდეგ კი ქარდება და ვაზის მომავალ შეწამვლამდე მცენარე დაუცველია. სწორედ შეწამვლათა შორის შუალედში უნდა იმუშაოს ვაზის იმუნურმა სისტემამ, რომ ამ პერიოდში ვაზი ან არ დაავადდეს ან ნაკლებად დაზიანებული მიიყვანოს მორიგ შეწამვლამდე. დღეს არსებულ ზვრებში, რომელთა ასაკი ერთი ან რამდენიმე ათეული წელია ვაზის იმუნური სისტემის გამოსწორება ძნელი იქნება, მაგრამ ვფიქრობ მაინც შეიძლება. ამას, ვაზის კონტაქტური პრეპარატებით შეწამვლაზე თანდათან გადაყვანით მივაღწევთ, რომელიც 3-4 წელი შეიძლება გაგრძელდეს. პირველ წელს ვაზზე კონტაქტური პრეპარატის შესხურება ყოველ 4-5 დღეში უნდა მოვახდინოთ. მეორე წელს ეს შუალედი 1-2 დღით უნდა გავზარდოთ, ხოლო მესამე წელს 10 დღეზე ავიყვანოთ.

დღეს ევროპა, ვაზის შეწამვლის ახალ რეჟიმზე გადადის, კერძოდ: აპირებენ ვაზი, მაშინ შეწამლონ, როცა დაავადების ნიშნები გამოჩნდება, ეს სწორი მიდგომაა და ვფიქრობთ ამ რეჟიმზე ვაზი, მაშინ უნდა გადავიყვანოთ, როცა იმუნური სისტემა გაუძლიერდება, ანუ წლების განმავლობაში ვაზს უნდა ჩაუტარდეს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი პროცედურები, ანუ შეწამვლათა შორის დროის თანდათან გაზრდით უნდა დავიდეთ სეზონზე 2-3 შეწამვლამდე, ისე, როგორც ეს 45-50 წლის უკან ხდებოდა.

ალბათ მკითხველს აინტერესებს თუ რომელი კონტაქტური პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ ვაზის შესაწამლად ისე, რომ ვაზიც დავიცათ და მოსავალიც ეკოლოგიურად სუფთა მივიღოთ. ამისათვის არის, როგორც დასავლეთის, ისე ამარიკა-კანადის მეცნიერთა და ფერმერთა გამოცდილება, რომელიც ფართოდაა რეკლამირებული ინტერნეტში. ასევე დამეგობრებული ვარ კალიფორნიის შტატის მევენახე ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტთან, საიდანაც ინტერნეტის საშუალებით ვიღებ მათ გამოცდილებას ვაზის მკურნალობისა და გამოყენებული პრეპარატების შესახებ. მათი აღიარებით ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით, რადგან ისინი უკვე სამი ათეული წელია გადასული არიან ვაზის წყალბადის ზეჟანგითა და ოზონირებული წყლით შეწამვლაზე, ასეთი წამლობა გარდა იმისა, რომ მაღალეფექტიანია, ძალიან იაფი ჯდება.

მათ ვინც თვალს ადევნებს და კითხულობს ჩემს წერილებს პრესაში, იცის, რომ ოზონირებულ წყალს ვაზის შესაწამლად პირადად 2008 წლიდან ფართო საველე გამოცდის მიზნით ვიყენებ, ხოლო 2017 წლიდან ოცამდე მიმდევარი მყავს ქვეყნის მასშტაბით. მსურველები რა თქმა უნდა ასობით არის, მაგრამ დღეს ქართველ გლეხს არ აქვს საშუალება 800-1000 ლარი გაიღოს და ოზონო-გენერატორი შეიძინოს, ამიტომ მიმდინარე წლიდან ვცდილობთ ჩვენი სოფლის მეურნეობა, წყალბადის ზეჟანგის წყალხსნარით ვაზისა და სხვა კულტურების მკურნალობაზე გადავიყვანოთ.

წყალბადის ზეჟანგს და ოზონს მოქმედების ერთი და იგივე მექანიზმი აქვთ, ამიტომ ეფექტიც ერთნაირად კარგია, სამაგიეროდ წყალბადის ზეჟანგის შეძენა მეურნისათვის უფრო ადვილი და ხელსაყრელია, რადგან ერთი ჰექტარი ვაზის შესაწამლი პრეპარატი 20-30 ლარი ჯდება, ასეთი ფულის გაღება კი ჩვენს მევენახეს, ყოველთვის შეუძლია. ასევე, საჭირო არაა დენის წყარო. ეს კი წყალბადის ზეჟანგს უფრო მისაღებს ხდის გლეხისათვის.

სამი კვირის წინათ, 12 მეურნეს ვინც პირველივე დღიდან წყალბადის ზეჟანგით ვაზის შეწამვლა დაიწყო, 3-4 წამლობა ჰქონდათ ჩატარებული და ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ საშუალებით ამის შესახებ მკითხველს ანგარიში მივაწოდე. წერილზე ათობით კაცი გამომეხმაურა, რომელთაგან ოცამდე მევენახე შემოგვიერთდა და ვაზის შემდგომი წამლობა წყალბადის ზეჟანგით გააგრძელეს.

მიუხედავად ამისა, მაინც ბევრია „ურწმუნო თომა“ და კვლავ მეზობელთა შედეგებს ელოდებიან. ცუდია, რომ მათთვის ავტორიტეტი მეზობელთან დანახული ერთი წლის შედეგია და არა მსოფლიოს ათეული წლების გამოცდილება. დღეს ოცდამეერთე საუკუნეა და ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა ნამდვილად აღარაა, ამიტომ, როცა ფერმერობას აპირებ და მოსავალიც კარგი და ხარისხიანი გინდა, ყოველ საღამოს ერთი-ორი საათი ინტერნეტში უნდა გაატარო და ეძებო ყველანაირი სიახლე შენს დარგში. სწორედ ინფორმაციაა დღეს წარმატების გასაღები, ამიტომ მოგიწოდებთ თქვენ თვითონ ეძებოთ სიახლე, თუ ამის სურვილი და საშუალება არ გაქვთ ჩვენ მაინც დაგვიჯერეთ.

 ჟორა გაბრიჭიძე  / სტუ  ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა

კვლევის სამეცნიერო ცენტრის სწავლული მდივანი/ 

 შეკითხვებისთვის დამიკავშირდიტ, ტელ: 551-333-155.