ხორბლის გამოყენების ტრადიცია საქართველოში
„ეს ქვეყანა სამშობლოა ყურძნისა და ხორბლის!
ყურძენი _ ღვინოა! ხორბალი _ პური! სისხლი და ხორცი“…
გურამ დოჩანაშვილი
ისტორიული წყაროების საფუძველზე დადგენილია, რომ ქართველ ტომთა წინაპრებს ჯერ კიდევ ჩვ.წ.-მდე მრავალი საუკუნით ადრე განვითარებული სოფლის მეურნეობა ჰქონდათ.
ქსენოფონტე (ძვ.წ. 435-354) პირველი მწერალია, რომელიც გვაწვდის ცნობებს: „ელინების ჯარი ქართველური ტომის მოსკინების მიწაზე გავლის დროს სძარცვავდა სახლებს, სადაც წააწყდა პურის დიდ მარაგს, რომელიც როგორც მოსკინებში ამბობდნენ, წინაპართა ანდერძის თანახმად წინა წელს იყო განაწილებული. ახალი პური კი თავთავებად ჰქონდათ დახვავებული. განსაკუთრებით ბევრი იყო ასლი” (ბერძენიშვილი, 1956 წ; მიქელაძე, 1967 წ.).
საქართველოს კულტურული ფლორის ერთ-ერთი უძველესი მცენარეა ხორბალი. საქართველოში არსებულმა პირველადმა სახეობებმა ახსნა ხორბლის გვარის ფილოგენეზი და დაამტკიცა, რომ ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით საქართველო უნიკალურია მთელ მსოფლიოში. ქართველი ერის უძველესმა კულტურამ, უაღრესმა სიყვარულმა მიწათმოქმედებისა და მევენახეობისადმი საქართველოს მრავალფეროვან ბუნებრივ პირობებში ცალ-ცალკე ზონის მიკროზონისათვის ხალხური სელექციურ-ბუნებრივი და ხელოვნური გამორჩევის შეთანაწყობით შექმნა ადგილობრივი პირობებისათვის შეგუებული ეკოტიპები და ადგილობრივი ჯიშები.
ჩატარებული გათხრებიდან, ხორბალი პირველად აღმოჩენილია კოლხეთში. აქ აღწერილია კილიანი ხორბლები — T. georgicum Dek.,T. timopheevii Zhuk “Celtazanduri”, T. palaeo — colchicum Men., T. macha Dek. et Men. და შიშველმარცვლიანი ხორბალი T. aestivum L.
საქართველოში სხვადასხვა დროს აღრიცხული და რეგისტრირებულია ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა — მონოკოკუმი, დიკოკუმი, ტიმოფეევი, გეორგიკუმი, ქართლიკუმი, დურუმი, ტურგიდუმი, პოლონიკუმი, ტურანიკუმი, ესტიუმი, სპელტა, კომპაქტუმი, მახა, ჟუკოვსკი. მათ შორის 5 ენდემური სახეობაა — მახა, ჟუკოვსკი, ტიმოფეევი, გეორგიკუმი, ქართლიკუმი. ასევე აღწერილი და რეგისტრირებულია 144 სახესხვაობა და ჯიშპოპულაცია. გარდა ამისა, საქართველოს ხორბლის ბაზაზე მიღებულია 4 ახალი სახეობა — მილიტინაე, კიხარა, ტიმონოუმი, ფუნგიციდუმი. საქართველოს, როგორც ხორბლის წარმოშობის პირველად კერაზე მიუთითებენ მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები: ნ. ვავილოვი, მაკ-კეი, პ. ჟუკოვსკი, მ. იაკუცნერი, ვ. დოროფეევი, ლ. დეკაპრელევიჩი.
ქართველი ხალხი ხორბლის ამ დიდ მრავლფეროვნებას სხვადასხვა შესატყვისი სახელწოდებებით იხსენიებენ: ბიოლოგიური ჯგუფის მიხედვით ძველთესლი — საშემოდგომო, ახალთესლი — საგაზაფხულო; სახეობების და ჯიშების მიხედვით: ზანდური, ასლი, მახა, დიკა, თავთუხი, იფქლი, დოლის პური, ხულუგო, ხოზო, ხოტორა; შეფერვით-შავთავა, შავთვალა, შავფხა, წითელი დოლი, თეთრი დოლი, შავი, თეთრი და წითელი დიკა; წარმოშობის მიხედვით: ჩვენებური პური, გამორჩეული, რაჭულა, ახალციხის წითელი დოლი, კახური დოლი და კორბოულის დოლი. მნიშვნელოვანია თავთავის მტვრევადობის და სიფართოვის მიხედვით შერჩეული სახელწოდება — ასლი, ზანდური და მის შიგნით — გვაწა (წვრილი) და ჩელტა (ბრტყელი) ზანდური, გვაწა და ჩელტა მახა.
ჩვენში ხორბალსა და პურს საკულტო დატვირთვა გააჩნია და დღემდე უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ისე, როგორც არსად, ჩვენში პურის გარეშე არ არსებობს სუფრა, ხორბალს კი ძირითადად რელიგიურ და მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი სუფრისათვის ამზადებენ.
საქართველოში ხორბალს ოდითგანვე მრავალმხრივად მოიხმარდნენ. მას ფართოდ იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში — „ხავიწს” ჭრილობიდან ჩირქის გამოსაწურად იყენებენ; სტომატიტს მოხალული ხორბლის მარცვლით მკურნალობდნენ, რომლის ნახარშსაც უმატებდნენ თეთრ შაბს და ამზადებდნენ სავლებს. ხორბლის სახამებელს ხველების და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. ფქვილისაგან ამზადებდნენ სხვადასხვა მალამოებს. მელოგინე ქალებისთვის იყენებდნენ ხორბლის ფაფას — ხორბლის მარცვალს 2 დღეს დაალბობდნენ და სველ ნაჭერზე გაშლიდნენ. როცა აჯეჯილდებოდა, გაახმობდნენ. დაფქვავდნენ, მოხარშავდნენ და შეურევდნენ ერბოს და მარილს. ასეთი საკვები კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აწესრიგებს და ბუასილსაც აქრობს. ხორბლის ალაოს ხმარობდნენ ცხოველთა საფაღარათოდ. ჩელტა ზანდურს სამეგრელოში სიცხიან ავადმყოფებში ოფლის მოსადენად იყენებდნენ, ხოლო ნერვულ ავადმყოფებს მარცვლის თაფლიან ნახარშს აძლევდნენ. მარცვლის ფქვილისაგან ამზადებდნენ ქუმელს, რასაც მწყემსები საკვებად მოიხმარდნენ.
ასლის მარცვლებისაგან მზადდება კორკოტი, რომელიც დღესაც მიღებულია ქართულ მონასტრებში სამარხვო საკვებად. დიკას ფქვილისაგან აკეთებდნენ „ატრიას”. მოზელილ ცომს დაჭრიდნენ მაკარონის ზომაზე და მოხარშულს ერბოსთან ერთად მიირთმევდნენ. ხალხურ მედიცინაში ხორბლის მარცვლის ნახარში გამოიყენება, როგორც გამაგრილებელი სასმელი.
ქართველმა ხალხმა, როგორც მიწათმოქმედმა უძველესმა მოდგმამ განვითარების ყველა საფეხური განვლო და ე.წ. „მსოფლიო რელიგიებს” ღრმად გაცნობიერებული საკუთარი კონცეფციებით და ზნე-ჩვეულებებით დახვდა. აღსანიშნავია ძველთაძველი აგრარული დღესასწაულები, სამიწათმოქმედო კალენდარი და ბევრი სხვა კულტურული მემკვიდრეობა, რისთვისაც ბერძენთაგან „გეორგიად” მოინათლა საქართველო.
ქართული ეროვნული ტრადიციები, ძირითადად ნაციონალური ხასიათისაა. ისინი ამომწურავად გამოხატავს ხალხის ყოფას და კულტურას. ეთნოფსიქოლოგიის ამ ტრადიციებმა გაუძლო ისტორიის მკაცრ გამოცდას. არის ცდები ეკოლოგიური პრობლემების ეთნოგრაფიული შესწავლისა.
სოფლის მეურნეობა, როგორც საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების ძირითადი წარმმართველი დარგი, თავისი პრობლემებით ყოველთვის უკავშირდებოდა ქართველი ერის სულიერი და მატერიალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ძვრებს. პეტერბურგში მყოფ ილიას ძლიერ აინტერესებდა დაწვრილებითი ცნობები ყვარლის მეურნეობის შესახებ. „ხვნისა და თესვისა რა ჰქენით? — წერდა ილია მეუღლეს — უხვნელ-უთესველი არ დავრჩეთ, თორემ ცუდი საქმე დაგვემართებაო”. საქართველოში ილიამ პირველმა შეიძინა პურის სალეწი და სამკალი მანქანა. იგი ხშირად ათხოვებდა მეზობელ გლეხებს თავის სალეწ მანქანას, რომ გლეხობა დაეინტერესებინა ტექნიკური სიახლით და ახლებურად მოეწყოთ წარმოება.
ქართლ-კახურ მეტყველებაში ხშირად იხმარება გამოთქმა „დედას პური”. მისი შინაარსი თითქოს იმდენად ნათელია, სხვა აზრი რა უნდა იმალებოდეს, მაგრამ სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა აზრი არსებობს. კახეთში დედას პური იგივეა — „დედა რო გამააცხობს შვილითვინა”. თურმე ომში მიმავალთ დედები უცხობდნენ საუკეთესო შოთის პურებს და აქედან მოდის გამოთქმა „დედას პური”. დედას პურთან დაკავშირებით რატომღაც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მრავალ დედასთან დაკავშირებული ფრაზა თუ შესიტყვებაა განმარტებული, მაგრამ „დედას პური” რატომღაც დავიწყებიათ. ზოგიერთ მხარეში „დედას პური“ — წმინდა ფქვილისაგან გამომცხვარი თონის პურიაო, ამბობენ. თუმცა არსებობს მოსაზრებაც, „დედას პური” — არის პური, რომელიც საფუარზე, ხაშზე (დამჟავებული პურის ცომის ნაწილი ასაფუვებლად) ცხვებოდა, რომელსაც „დედას” უწოდებდნენ, როგორც მაწვნის დამზადებისას იყენებენ „მაწვნის დედას“ ან „კარაქის დედას“. უსაფუარო პურს კი ხმიადებს უწოდებენ.
ქართულ ხორბალთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ახალი ისტორია არსებობს. საქართველოში საფრანგეთიდან ჩამობრძანდა პიროვნება, რომელსაც პურზე ჰქონდა ალერგია და დაღუპვის პირას იყო მისული, ურჩიეს საქართველოში ჩამოსვლა და აქაური პურის ჭამა. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, მართლაც ეწვია იგი საქართველოს, მიირთვა „დედას პური“ და არანაირ ალერგიას არ შეუწუხებია. მადლიერი ფრანგი დასახლდა საქართველოში და ქართული ხორბლისაგან (ახალციხის წითელი დოლი) ტრადიციული მეთოდით დაიწყო პურის ცხობა.
მე-19 საუკუნის დასასრულისათვის საქართველოში ხორბლის მოსავალმა ყველაზე უკეთეს მაჩვენებელს მიაღწია და შეფარდება 1:9-სთან იყო (რაც ითესებოდა ცხრაჯერ მეტს იწევდნენ). რბილი ხორბლის ქართული ჯიშები ყოველთვის მაღალხარისხიანობით გამოირჩეოდა.
საქართველოში გავრცელებული იყო ხორბლის ჯიშები: ხულუგო, ხოტორა, ხოზო, წითელი და თეთრი იფქლი, კორბოულის დოლის პური, რაჭულა, გელათურა, თეთრი უფხო, ლაგოდეხის გრძელთავთავა, გომბორულა, პროშოლა, ქართლის წითელი და თეთრი დოლი, კახური დოლის პური, დოლი 35-4, დოლის პური 18-46, კახი 8, ახალციხის (მესხეთის) წითელი დოლის პური, დიკა 9`14, ყარაყილჩი, შავფხა, თბილისური 5, დედა, ვარძია, მუხრანი და სხვა.
სამწუხაროდ, ასეთი ტრადიციების ქვეყანაში ხორბლის კულტურას არ ექცევა სათანადო ყურადღება. სათესი ფართობი შემცირებულია 50-60 ათას ჰა-მდე. ქართული ხორბლის ჯიშები წარმოებაში თითქმის აღარ გვხვდება. აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს ხორბლის წარმოების და მათ შორის ქართული ჯიშების აღდგენის და შენარჩუნების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციების და ქართული გენეტიკური თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
ცოტნე სამადაშვილი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი;
გულნარ ჩხუტიაშვილი, ს/მ აკადემიური დოქტორი