დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ოზონი. კოლოიდური ვერცხლი და ქართული ღვინის ხარისხი

ფრანგი მოგზაური პ. შარდენი საქართველოს პირველად 1772 წელს ესტუმრა. ის ზღვით სამეგრელოს მხრიდან შემოვიდა საქართველოში. თავის წიგნში შარდენმა აღწერა სამეგრელოს ცხოვრება, სადაც ქებით მოიხსენია სამეგრელოს ღვინო. ის წერს: „სამეგრელოს ღვინო საუცხოვოა, იგი მაგარი და ბლანტია; მეტად სასიამოვნოა სასმელად და კუჭისთვისაც მარგებელია. მთელ აზიაში უკეთესს ვერაფერს დალევ. აქაურებმა რომ ღვინის ისეთივე დაყენება იცოდნენ, როგორც ჩვენ, სამეგრელოს ღვინო საუკეთესო იქნება მთელ მსოფლიოში, მაგრამ ისინი ამ საქმისათვის აუცილებელ წესებს არ იყენებენ~. ჟურნალი. „ისტორიული მემკვიდრეობა“ 2016 წ. გვ. 39.

შარდენი სამეგრელოდან თბილისში ჩამოვიდა. მეფემ ის ქორწილში მიიწვია. მეფის სასახლეში დაგემოვნებული ღვინით აღფრთოვანებულმა შარდენმა შემდეგი სიტყვებით შეამკო, ამჯერად უკვე, აღმოსავლეთ საქართველოს ღვინო: „ამაზე უკეთესი ღვინო არ შეიძლებოდაო“. საბედნიეროდ მაქებარი დღესაც ბევრი ჰყავს ქართულ ღვინოს, მაგრამ ეს ღვინო, რომ ისეთი აღარაა, რაც უწინ იყო, ეს აშკარაა. ამის ნათელი დასტურია ის, რომ ერთ დროს ფრანგი მოგზაურის და მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა მომაჯადოებელი ღვინო, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოთა ათეულშიც ვერ შედის. ჩვენი ღვინის ხარისხის ასეთ დაცემას ბევრი სუბიექტური და არცერთი ობიექტური მიზეზი აქვს.

ქართული ღვინის ხარისხის გაუარესების უპირველესი მიზეზი ის „40 თეთრიანი ყურძენია“, რომელიც ყოფილი თუ დღევანდელი მთავრობების დიდი მცდელობის შედეგად ასე გაგვიმრავლდა. ცნობილია, რომ ევროპელი მეღვინე ხარისხიან ღვინოს 3-5 ტონა ყურძნის საჰექტარო მოსავლიდან აყენებს. ქართველი მეღვინე კი 12-15 ტონა მოსავლიდან. ამის მიზეზი ყურძნის ის დაბალი ფასია, რასაც კილოგრამ ყურძენში მევენახეს უხდიან, ამის გამო მევენახე იძულებულია ვაზი ზედმეტად დატვირთოს და სამმაგი მოსავალი მიიღოს, რადგან ნორმალური მოსავლიდან მიღებული შემოსავალი, მოსავლის მოსაყვან ხარჯსაც ვერ ანაზღაურებს. ყველა დამეთანხმება, რომ ყურძნის ასეთ მოსავალს, ფრანგი მეღვინის მოსავლის ხარისხი არ ექნება და რა გასაკვირია, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი, ჩვენი ყურძნის ხარისხის შესაბამისი რომ იყოს.

ჩვენი ღვინის ხარისხზე ცუდად მოქმედებს ის შხამქიმიკატებიც, რომლითაც ვაზის დაავადებას ებრძვის ქართველი გლეხი. დღეს ვაზს ბევრი დაავადება უჩნდება. მეცნიერებამ ყველა მათგანის საწინააღმდეგო შხამი შექმნა. მართალია ეს პრეპარატები წამალია ვაზისთვის, მაგრამ საწამლავია ღვინისთვის. არის ასეთი ფრთიანი გამოთქმა: „ნორმით მიღებული საწამლავიც წამალიაო“. სწორედ ეს ნორმა ეშლება ქართველ მევენახეს და მასწავლებელიც აღარავინ ჰყავს, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებამ მთლიანად გაანადგურა მკვლევარიც და კვლევითი ინსტიტუტიც, ხოლო ბ. ივანიშვილის მთავრობა ასეთ სამეცნიერო დაწესებულებათა აღდგენის აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავს. ამიტომაა, რომ ცოდნით შეიარაღებულ ევროპელს ყურძნის მოსავალი ვაზის 5-6-ჯერ შეწამვლით მოჰყავს, ქართველი გლეხი კი ვაზს სეზონზე 12-15-ჯერ წამლავს და რა გასაკვირია, ღვინოც უარესი რომ დააყენოს.

ქართული ღვინის ხარისხის დიდ პრობლემად იქცა გოგირდი. გოგირდს მეღვინეობა უხსოვარი დროიდან იყენებს, როგორც ღვინის დაავადებათა საწინააღმდეგო საშუალებას. გოგირდი ძლიერი ანტისეპტიკია. მის ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ თვისებებზე დიდი ხანია იციან სპეციალისტებმა, მაგრამ ღვინოსთან მიმართებაში მისი გვერდითი მოვლენებიც ცნობილია. მიუხედავად ამისა, ის დღემდე ფართოდ გამოიყენება მსოფლიო მეღვინეობაში. როგორც ხედავთ, გოგირდი ღვინისათვის წამალიცაა და საწამლავიც, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მკაცრად განსაზღვრული დოზირებით უნდა მოხდეს. სწორედ ეს დოზირება და ნორმაა ჩვენი მეღვინეობის პრობლემა, ასეთ პრობლემებს კი ყველა ნორმალურ ქვეყანაში მეცნიერება წყვეტს. ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი აქვთ, ჩვენი მეღვინეობა კი ასეთ დახმარებას მოკლებულია, ამიტომ რა გასაკვირია, რომ შედეგსაც შესაბამისს ვიღებთ.

როგორც ხედავთ, ქართული ღვინის ხარისხზე მოქმედი სამივე ეს ფაქტორი ქვეყნის ყოფილ თუ ახალ ხელისუფალთა მახინჯი ჩარევის შედეგია. ამიტომ ვფიქრობ, მათი გამოსწორება მათივე კეთილი ჩარევის შედეგად უნდა მოხდეს.

მინდა ამ წერილით, ზემოთ აღნიშნულ პრობლემების გადაწყვეტის გზაზე, ჩემი თვალსაზრისი შემოგთავაზოთ, ეგებ ვინმეს გამოადგეს კიდეც: პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ მევენახე და მეღვინე თავთავიანთი დარგის მონოპოლისტია, იმ განსხვავებით, რომ ორივე დარგის მონოპოლია მეღვინის ხელშია. აქედან გამომდინარე მათ ურთიერთობას ბაზარი ვერ დაარეგულირებს, ამიტომ მათი ურთიერთობა სახელმწიფო მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაარეგულიროს. როცა მევენახე 5 ტ. ყურძენში იმდენივე გასამრჯელოს მიიღებს, რამდენსაც 15 ტ-ში, ადგება და დასწევს საჰექტარო მოსავალს ხარისხიანი ღვინის წარმოების ნორმამდე, ამით კი ღვინის ხარისხსაც ეშველება და იმ უაზრო დოტაციაში გადასახდელ ათობით მილიონსაც, რომელსაც ხელისუფლება მეღვინის მაგიერ უხდის მევენახეს. რაც შეეხება ვენახის შხამქიმიკატით შეწამვლას და მევენახეობა-მეღვინეობაში გოგირდის გამოყენების მინიმუმამდე დაყვანას, ამ პრობლემის გადაწყვეტა მევენახეობა-მეღვინეობაში ოზონისა და კოლოიდური ვერცხლის ფართოდ დანერგვით შეიძლება.

ოზონს სოფლის მეურნეობაში მთელი მსოფლიო იყენებს. ის საუკეთესო მადეზინფიქცირებელი საშუალებაა. ოზონით გაჯერებულ წყალს კი ვენახის შესაწამლად ხმარობენ. ის ნებისმიერ შხამქიმიკატზე უფრო ეფექტიანია და ყველა სახის შხამქიმიკატის შემცვლელად მოიაზრება. მართალია მისი გამოყენება უშუალოდ ღვინოზე არ შეიძლება, მაგრამ ვაზის შესაწამლად გამოყენებული შხამქიმიკატების უარყოფით ეფექტს რომ მოუხსნის ღვინოს, ეს უდიდესი შეღავათია. ოზონს, როგორც ვაზის შესაწამლი შხამქიმიკატის შემცვლელს, მეორე წელია ცდიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები. მართალია, მათ პირველი წლის შედეგების გასაჯაროებისაგან თავი შეიკავეს, მაგრამ ამ კვლევათა დაწყება იმედს გვისახავს, რომ ჩვენი ღვინო მალე განთავისუფლდება ვაზის შესაწამლი შხამქიმიკატების მავნე ზემოქმედებისგან და ამასთანავე ჩვენ უკანასკნელები არ ვიქნებით ამ სიახლის დანერგის საქმეში. რაც შეეხება ქვეყნის ოზონატორებით მომარაგების საქმეს, ამ მხრივ ჩვენ ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში შეგვიძლია ვიყოთ. საქმე ისაა, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა პროფესორ ვასილ შველიძის ხელმძღვანელობით, ჯგუფის წევრები: აკადემიკოსი ჯანო ბურჯანაძე, მეცნიერებათა დოქტორები გურამ ტოგონიძე და მიხეილ ელიზბარაშვილი, ჩამოაყალიბეს სამეცნიერო — კვლევითი ორგანიზაცია „სა ველი მისიონი“, სადაც სხვა საოცარ პროექტებთან ერთად უნიკალური მახასიათებლების მქონე ოზონატორი შექმნეს, რომელიც საზღვარგარეთის ანალოგებს ბევრად სჯობს, ხოლო ფასი გაცილებით დაბალი აქვს. გამოშვებულია რამდენიმე ათეული საპილოტე ნიმუში, ანუ მეცნიერებმა გააკეთეს თავის წილი საქმე, ახლა ჯერი ხელისუფლებასა და საპარტნიორო ფონდზეა.

გარდა ოზონისა სოფლის მეურნეობაში და მედიცინაში დღეს ფართოდ ინერგება კარგახნის დავიწყებული კოლოიდური ვერცხლი. როგორც ანტისეპტიკი საშუალება კოლოიდური ვერცხლი შეუდარებელია. იგი ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული საშუალებაა. იგი ანადგურებს ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე მიკრობებს და ვირუსებს. ვერცხლის აქტიური იონები შეაღწევენ რა ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილებში იქ ხვდებიან მავნე მიკრობებს, სოკოებს და ვირუსებს, შეაღწევენ მათ გარსში და ბლოკავენ მათი სუნთქვის ფუნქციას, ამის გამო მათ აღარ შეუძლიათ გამოიმუშაონ მდგრადობა ვერცხლის იონების გამანადგურებელ მოქმედებაზე, რასაც ისინი ანტიბიოტიკებთან შეჯახების დროს აკეთებენ. კოლოიდური ვერცხლი ანადგურებს ბაქტერიებისა და მიკრობების 650 სახეობას, ანუ ვერცერთი ცნობილი დაავადების გამომწვევი ბაქტერია ვერ გადარჩება ვერცხლის მინიმალური შემცველობის დროსაც კი.

კოლოიდური ვერცხლი შეიძლება ფართოდ გამოვიყენოთ მევენახეობა-მეღვინეობაში. ოზონისაგან განსხვავებით ის უარყოფითად არ მოქმედებს ღვინოზე, პირიქით რამდენიმეჯერ ამაღლებს მისი შენახვის დროს და თავის სამკურნალო თვისებებსაც გადასცემს ღვინოს. კოლოიდური ვერცხლის ხსნარით შეწამლულ ვაზს ვერანაირი დაავადება ვერ გაეკარება. მართალია ოზონთან შედარებით ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ არსებობს ამ ხარჯის შემცირების ბევრი საშუალება, რომელთა გატარების შემდეგ მის მიერ მოტანილი სიკეთე გადაარჭაბებს მის ღირებულებას.

დღეს მთელ მსოფლიოში ბევრს ლაპარაკობენ ბიოღვინოზე, რომლის წარმოება გამორიცხავს ვაზის შხამქიმიკატებით შეწამვლას, უმისოდ კი ვაზი სხვადასხვა დაავადებებით ავადდება, კოლოიდური ვერცხლის გამოყენებით კი შესაძლებელია ვაზიც ჯანმრთელი გვქონდეს და ეკოლოგიურად სუფთა მოსავალიც მივიღოთ.

გავითვალისწინე რა კოლოიდური ვერცხლის კოლოსალური შესაძლებლობები, ვაზის გაშენების პირველ ეტაპზე მისი გამოყენებით გამოვიყვანე სრულიად ჯანმრთელი და მაღალი იმუნიტეტის მქონე ვაზი, რომელიც დღეს უკვე თვითონ უმკლავდება ვენახის ყველა დაავადებას. ვენახის (საფერავის ჯიში) 10 ძირი გაშენებული მაქვს სოფ. კუმისში, ის უკვე 9 წლისაა, აქედან უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ვაზი არანაირი ხსნარით აღარ შემიწამლავს. აღსანიშნავია, რომ ვაზს ავადმყოფობის გამო არც ერთ წელს, ერთი მარცვალიც არ დაჰკლებია. ვფიქრობ, ეს გამოცდილება მეცნიერულად უნდა დამუშავდეს და მისი ფართომასშტაბიანი საველე გამოცდა და საქართველოს მევენახეობაში დანერგვა მოხდეს. ვენახის შეწამლვას არც წელს ვაპირებ, მისი ნახვა და მასზედ დაკვირვება ყველა მსურველს შეუძლია. ალბათ საინტერესო იქნება მიღებული ღვინის ლაბორატორიული გამოკვლევა, რისთვისაც მზად ვარ. ამ მიზნით კვლევის ჩასატარებლად მთლიანი მოსავალი ამ პროფილით მომუშავე ნებისმიერ ავტორიტეტულ ორგანიზაციას შემიძლია დავუთმო.

ჟორა გაბრიჭიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,

ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო ცენტრი,

თუ შეკითხვა გაგიჩნდათ, დაუკავშირდით ავტორს, ტელ: 551 333 155