აგროსიახლეები

2023 წლის წინასწარი მონაცემებით აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ექსპორტი, რეკორდულ, 1.44 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების მოკლე მიმოხილვა და სამომავლო ხედვები წარადგინა.
„მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვაა. განხორციელებული პოლიტიკის შედეგად,  ყოველწლიურად იზრდება როგორც აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების, ასევე ექსპორტის მაჩვენებლები.  2023 წლის წინასწარი მონაცემებით აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ. ლარს გადააჭარბებს ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება, ხოლო ბოლო 12 წელიწადში გვაქვს 180%-იანი ზრდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი თითქმის სამჯერ არის გაზრდილი. აღსანიშნავია ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი, რომელიც 2023 წელს, ჯამურად,  455 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 16%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2024 წელს სოფლის განვითარების სააგენტო სულ მცირე თხუთმეტ სხვადასხვა პროგრამას განახორციელებს, რომელიც მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლის დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამებისთვის, 2024 წლის ბიუჯეტით 330 მლნ ლარია გამოყოფილი.

 „2024 წლის ბიუჯეტით, სამი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი“

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამა გახლავთ „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც გაშენებულია 22 ათას ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი. ჩვენი გათვლებით, მას შემდეგ რაც, გაშენებული ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა, მიღებული მოსავლის რაოდენობა 200 ათას ტონას და ღირებულებაში 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს. პროგრამის შედეგები უკვე აისახება საექსპორტო მაჩვენებლებზე. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მოცვი, რომელიც ბოლო წლებში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენდა. გასულ წელს მისი ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 21 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე და მომავალ წლებში კი ველოდებით ამ მაჩვენებლების კიდევ მეტად ზრდას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან დღემდე, 46 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, რომლის მეშვეობით ფერმერებს და მეწარმეებს იაფ ფულად სახსრებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცათ; სახელმწიფოს მხრიდან საპროცენტო განაკვეთი წლიური 11 პროცენტის ფარგლებშია. საფინანსო ორგანიზაციების მიერ ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულია 6 მლრდ ლარზე მეტი სესხი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გაცემული თანადაფინანსება 900 მლნ ლარს აღემატება.

„გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამის ფარგლებში დღემდე დაფინანსებულია 257 საწარმო, საიდანაც 176 უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად იწარმოება 250  მილიონ ლარამდე ღირებულების  პროდუქცია. შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 100 ათას ტონამდე პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას. სამივე ეს პროგრამა გრძელდება და 2024 წლის ბიუჯეტით მათ დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 „სახელმწიფოს თანადაფინანსებით ფერმერების მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, შეძენილ იქნა  6000-მდე  ერთეული, 235 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტების შედეგები და სამომავლო ხედვა წარადგინა.

„2023 წელს, სპეციალურად კოოპერატივებისათვის, დავიწყეთ  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების საკმაოდ მაღალი 50%-იანი საგრანტო დაფინანსებით. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მაღალი რჩება. სახელმწიფოს თანადაფინანსებით ფერმერების მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, შეძენილ იქნა  6000-მდე  ერთეული, 235 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა. მიმდინარე წელს პროგრამის დაფინანსებისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრობის კანდიდატმა დარგობრივი მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2024 წელს  მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისათვის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია და ამისთვის ისარგებლოს შეღავათებით უპრეცედენტოდ გრძელვადიანი პირობებით, 7 წლის განმავლობაში. პროგრამა ფარავს როგორც მეხორცულ, ისე მერძეულ მიმართულებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხორცისა და რძის წარმოების ზრდას. მცირე მეურნეობებისთვის გათვალისწინებულია საგრანტო დაფინანსებაც.

„განვითარების დიდი პოტენციალი აქვს აკვაკულტურას. გასულ წელს საზღვაო აკვაკულტურის  ფერმების მოსაწყობად 8 ლოკაცია გამოიყო, რამაც შექმნა მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები ათეულ ათასობით ტონა თევზის და ზღვის პროდუქტების წარმოებისთვის და ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ასათვისებლად. აქტიურად ვმუშაობთ სალიცენზიო პირობებზე, რათა მიმდინარე წელსვე შევძლოთ ამ მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს არსებული მცირე მეურნეობების განვითარებასაც“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურისთვის მოზიდულია უპრეცედენტო ოდენობის – 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი“

„ინტენსიურად ვითარდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა. სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი ფართობი 45000-იდან 163 000 ჰექტრამდე გაიზარდა;  მოზიდულია უპრეცედენტო ოდენობის – 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი 4 მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან და მიმდინარე წლიდან, იწყება სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელსვე, ჩვენ გვექნება მზად წინასწარი ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება კახეთში, მდ. ილტოზე წყალსაცავის მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული წყალსაცავი შესაძლებლობას მოგვცემს, კახეთის რეგიონში,  40 ათას ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდეს წყალუზრუნველყოფა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

 „44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს  21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით“

„თხილი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გაგრძელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, ასევე  მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის სტიმულირება და მხარდაჭერა, რისთვისაც გასულ წელს, სამინისტრომ ახალი პროგრამა დაიწყო. დაფინანსდა 60  ბიზნესიდეა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ოთარ შამუგიამ აგროდაზღვევის პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  პროგრამის ფარგლებში  ანაზღაურებული ზიანი 80 მლნ ლარს აღემატება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, რათა პროგრამა უფრო მეტად მორგებული იყოს ფერმერების ინტერესებზე.

 „ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, მიმდინარე წელს რეკორდულად მაღალი დაფინანსება, 19 მლნ ლარი არის გათვალისწინებული“

„ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით აქტივობებს და დაფინანსებას პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, რეკორდულად მაღალი დაფინანსება 19 მლნ ლარი არის გათვალისწინებული“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, დარგი ვითარდება, იზრდება ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. გასულ წელს ორგანიზებულად ჩატარდა რთველი – გადამუშავდა 221 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციიდან  ფერმერების შემოსავალმა 300 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ჩვენ გავაგრძელებთ დარგის მხარდაჭერას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები და ხარისხის კონტროლი, რისთვისაც დავიწყეთ შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის სავალდებულო სერტიფიცირება. ასევე, დავასრულეთ ვენახების კადასტრის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, აღწერილია 48700 ჰა ფართობი.

„სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა – ბოლო წლებში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, გაიზარდა ტექნიკური და ადამიანური რესურსები, რასაც ცხადყოფს ევროკომისიის ანგარიშიც, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებული რეფორმები“

„შესაძლებლობების გაზრდამ განაპირობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბების ზრდა და ეფექტიანობის გაუმჯობესება. 2023 წელს ეს მაჩვენებელი  32 ათასზე მეტს შეადგენს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს როგორც ცხოველების უფასო ვაქცინაციას, ასევე მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს, რისთვისაც გამოყოფილია სათანადო დაფინანსება 2024 წლის ბიუჯეტით. იზრდება ლაბორატორიული შესაძლებლობები და ინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები. 2024 წელს დაგეგმილია 40-ზე მეტი ახალი კვლევის მეთოდის დანერგვა, მათ შორის  19 მეთოდი დაინერგება თევზის დაავადებების მიმართულებით.

მინისტრობის კანდიდატმა მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, პირველად გახდება ხელმისაწვდომი საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ერთიანი ბალანსი.

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, გამოწვევად რჩება დაბალი პროდუქტიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის ნაკლებობა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ა.შ., რომელთა დაძლევაზეც სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

 „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკომისიის რეკომენდაციების  შესრულებაზე მუშაობას“

„გასულ წელი საქართველოსთვის ისტორიული იყო – ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკომისიის რეკომენდაციების  შესრულებაზე მუშაობას. მიმდინარეობს ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის დანერგვას. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით, შემუშავდა „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიღებაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საკანონმდებლო დაახლოების გზაზე. საქართველო წარმატებით აახლოებს ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით,  ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან,  კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 133 სამართლებრივ აქტთან და პროცესი გეგმის მიხედვით გრძელდება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

2014 წელს, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით დაიწყო ამბიციური რეფორმები გარემოსდაცვითი პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების მოკლე მიმოხილვა და სამომავლო ხედვები წარადგინა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2014 წელს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით დაიწყო ამბიციური რეფორმები გარემოსდაცვითი პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7-თან დასაახლოებლად მუშაობა გრძელდება.

„ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში შექმნილია სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია და მათი ფართობი შეადგენს 912 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.1%-ია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და პარლამენტში წარდგენილია გურიის ეროვნული პარკის დაარსების შესახებ კანონპროექტი; მიმდინარე წელს განხორციელდება კვლევები სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიების დაარსების და ასევე, რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოების მიმართულებით. ვაგრძელებთ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.  წელს დასრულდება 15 დაცულ ტერიტორიაზე 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც 30 მლნ ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ასევე წელს, სულ მცირე 10 ლოკაციაზე შეიქმნება ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა რისთვისაც 10 მლნ ლარი იქნება მიმართული. აღნიშნულის შედეგია, რომ  2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა 1 070 000 ვიზიტორი, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ მიიღო რამდენიმე ფუნდამენტური კანონი – ტყის კოდექსი, კანონები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, აკვაკულტურის შესახებ, წყლის რესურსების მართვის შესახებ და სამრეწველო ემისიების შესახებ. 2023 წლის ბოლოს მთავრობამ მოიწონა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც შემდგომი განხილვისთვის პარლამენტშია წარდგენილი.

 „მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით“

„შემოღებულ იქნა ავტომობილის ემისიის ევრო 5 სტანდარტი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებისთვის და მიკროავტობუსებისთვის  უკვე ძალაშია შესული.  გაგრძელდება საწვავის ხარისხის კონტროლი. დავიწყეთ ავტომობილების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი და მიმდინარე წელს ვზრდით ეკიპაჟების რაოდენობას. აგრეთვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციისთვის დაწესდა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულება. ამ ეტაპზე, 51 აქტიური საწარმოდან 31-მა დაამონტაჟა სისტემა, რასაც თან უძღოდა ტექნიკური გადაიარაღება, ფილტრაციის სისტემების გამართვა.  დარჩენილი საწარმოების უმეტესობა აქტიურად მუშაობს სისტემების დასანერგად და, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მათი დიდი ნაწილი დაასრულებს პროცესს.

მინისტრობის კანდიდატმა ტყის მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტყის ახალი კოდექსის შესაბამისად, ქვეყანა გადადის მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩამოყალიბებაზე. საქმიანი ეზოები მოეწყობა ყველა მუნიციპალიტეტში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

მნიშვნელოვნად იზრდება ტყის აღდგენის სამუშაოების მასშტაბები და მიმდინარე წელს დაახლოებით 1500 ჰა ფართობზე განხორციელდება.

„მიმდინარე წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს გასულ წელთან შედარებით დამატებით 13 მილიონი ლარი გამოეყო, რაც ითვალისწინებს თანამედროვე მონიტორინგის ქსელის კიდევ უფრო გაფართოება-გაძლიერებას

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაჩქარებული კლიმატური ცვლილებების პირობებში ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში განვითარებულმა მასშტაბურმა სტიქიამ, რომელიც სამწუხაროდ კლიმატური ცვლილებების თვალსაჩინო მაგალითია, უდიდესი ტრაგედიის მომსწრენი გაგვხადა.  ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო მომხდარი სტიქიასთან დაკავშირებით მეცნიერულად დასაბუთებული, ობიექტური  დასკვნის მომზადება. სწორედ ამიტომ, დასკვნის შედგენის პროცესში ჩავრთეთ საერთაშორისო სპეციალისტები, რომელთაც მსგავსი სტიქიური პროცესების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. განხორციელდა ექსპედიცია მყინვარ ბუბაზე და ადგილზე  დეტალურად იქნა შესწავლილი მდგომარეობა. რამდენიმე დღეში, სააგენტოს სპეციალისტებს ექნებათ შეხვედრა ადგილობრივ ექსპერტებთან რომლებთანაც ამ საკითხებზე გვქონდა არაერთი განხილვა, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და არაუგვიანეს მომავალ კვირას წარვუდგენთ საბოლოო  დასკვნას საზოგადოებას, რომელშიც მოცემული იქნება აგრეთვე რეკომენდაციები განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 245 დაკვირვების ჰიდრომეტეო სადგური, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას. წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად თემებში მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები. ფინეთის მეტეოსამსახურთან თანამშრომლობით, რომელიც მოწინავეა ამ მიმართულებით, დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზის გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა. გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მოწყობა და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება. მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების ჩართულობით და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ყველა მყინვარულ ხეობაში შეფასდება არსებული საფრთხეები, შესაბამისად, მომზადდება რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები.