აგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობამემცენარეობა

თავთავიან კულტურებში საგაზაფხულო სამუშაოების ხარისხიანი და დროული ჩატარება უხვი მოსავლის გარანტიაა

თავთავიანი კულტურების გამოყენება ძირითადად ორი მიმართულებით ხდება – ერთი ადამიანის საკვებად და მეორე ცხოველთა საკვებად. მოთხოვნილებიდან გამომდინარე ხორბლის კულტურა პირველ ადგილზე დგას და შეუცვლელია ადამიანის რაციონში. ცხოველთა კვებაში ქერს, ტრიტიკალეს  და შვრიას განსხვავებული მიზნით იყენებენ.
 ქერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეღორეობაში ბეკონის და მაღალხარისხიანი ხორცის მისაღებად. 

რიტიკალეს მეცხოველეობაში ორი მიმართულებით გამოიყენებენ. ერთი სამარცვლედ, როგორც მაღალყუათიანი საკვები და მეორე მწვანე მასის მისაღებად. მისი მწვანე მასის მოსავალი 40-50 /ჰა-ს აღემატება.

ასეთივე მოთხოვნაა შვრიაზე, რომლის მარცვლის მოსავლიანობა გაზრდილია 3.5-4.5 /ჰა-მდე(ჯიში „არგო“), მწვანე მასის მოსავალი 50-60 /ჰა-მდე.

მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა საჰექტრო მოსავლიანობა საქართველოში ძალიან დაბალია და ევროპულ მონაცემებს მკვეთრად ჩამოუვარდება. მოსავლიანობის მკვეთრად ამაღლებისათვის, გარდა საწარმოო ჯიშების შერჩევისა, მნიშვნელოვანია ნათესის მოვლის ღონისძიებების დროული და ხარისხიანი ჩატარება. განსაკუთრებით საჭიროა საგაზაფხულო სამუშაოები.

საგაზაფხულო სამუშაოები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იწყება თებერვლის პირველი ნახევრიდან. მნიშვნელოვანია ნათესის მდგომარეობის შეფასება. ნათესი უნდა გამოიყურებოდეს ჯანსაღად. ფარავდეს ნიადაგს მთლიანად მოყვითალო-მომწვანო შეფერვით. მნიშვნელოვანია შემოდგომის ბარტყობის განსაზღვრა. ამისათვის საჭიროა ტიპური ადგილიდან 1 მ2 ფართობზე დავითვალოთ მცენარეთა რაოდენობა(არ დაიზაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია). ერთგვაროვანი ნათესის შემთხვევაში საკმარისია ორი ადგილის შერჩევა. არათანაბარი ნათესის დროს საანალიზო ფართობი უნდა გაიზარდოს(5-6 მ2). თუ მცენარეთა რაოდენობა 200-225-ია ნათესი აკმაყოფილებს მოთხოვნას. განოყიერება ჩატარდება  წინასწარ შედგენილი(ნიადაგის ანალიზი) გრაფიკის მიხედვით. თუ მცენარეთა რაოდენობა მერყეობს 170-200-ის ფარგლებში აუცილებელია აზოტიანი სასუქის ნორმების 20-30%-ით გაზრდა. 1 მ2-ზე 150-ზე ნაკლები მცენარის შემთხვევაში  მოსავლის მისაღებად აუცილებელია, სარწყავ პირობებში დამატებითი რწყვა და სასუქების მკვეთრი დოზებით შეტანა. მეჩხერი ნათესის გასაუმჯობესებლად სასუქების შეტანისთანავე საჭიროა ნათესის დაფარცხვა მსუბუქი კბილებიანი ფარცხით. მწკრივების გარდიგარდმო დაფარცხვა ახლად შეტანილ სასუქს აქცევს ნიადაგის ტენიან ფენაში, რაც აადვილებს მცენარის მიერ მის შეთვისებას, აფხვიერებს ნიადაგს და ხელს უწყობს ჯეჯილის განახლებულ ბარტყობას, სპობს სარეველებსა და რაც მთავარია, ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას. მცენარეების ნაკლებად დაზიანების მიზნით, ჯეჯილის ფარცხვა  ტარდება დაბალ სიჩქარეზე. ნათესების საგაზაფხულო დაფარცხვა 0.2–0.3 ტონით ზრდის მარცვლის საჰექტრო მოსავლიანობას.   თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიების მოთხოვნით 1 მ2 ფართობზე პროდუქტიულ ღეროთა რაოდენობა უნდა იყოს 700-დან 1000 ღერომდე. როცა მცენარეთა რაოდენობა 220-ია, საშუალო ბარტყობა 3-4 ცალი, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტიული ღეროების რაოდენობა 660-დან 880-მდე მერყეობს. ასეთ შემთხვევაში მოსავალი 6.5-8.5 /ჰა-მდე მერყეობს. გაზაფხულზე აუცილებლად უნდა შევუქმნათ მცენარეს პირობები ასეთი მაჩვენებლების მისაღებად. ამ საკითხში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სასუქის შეტანის პერიოდის ზუსტი განსაზღვრა. ტემპერატურული რეჟიმის გარდა ყურადღება უნდა მივაქციოთ მცენარის მდგომარეობას. სასუქის შეტანა უნდა მოხდეს, მაშინ, როდესაც მცენარის მიწისზედა ნაზრდი ნახევარი(ქვედა ნაწილი) მწვანეა, ნახევარი კი ყვითელი(ზედა ნაწილი).

მნიშვნელოვანია სასუქის შერჩევა. უფრო ხშირად წარმოებაში იყენებენ გრანულირებულ სასუქს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, სასუქის შეტანის შემდეგ, მოხდეს ან მორწყვა, ან ნიადაგში ჩაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასუქის(აზოტის) 30-40% იკარგება. თანამედროვე ტექნოლოგიით უმჯობესია სასუქის შეტანა მოხდეს თხევადი სახით. ამ შემთხვევაში დანაკარგი ნულის ტოლია. გაითვალისწინეთ, რომ დღეს არსებული სასუქები თითქმის ყველა წყალში ხსნადია. სასუქების შერჩევის დროს გაითვალისწინეთ მისი პროცენტული შემადგენლობა. გაზაფხულზე უმჯობესია აზოტით მდიდარი სასუქის გამოყენება. შემიძლია გირჩიოთ შვეიცარიული ფირმის სასუქი KAS-32. ეს სასუქი შეიცავს სამი ფორმის აზოტს, რომელიც იხსნება სხვადასხვა დროს და მისი მოქმედება გრძელდება 30-40 დღე.

სამწუხაროდ საქართველოში სასუქის შეტანა გაზაფხულზე მხოლოდ ერთხელ ხდება, იშვიათად ორჯერ. თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით სასუქის შეტანა უნდა მოხდეს მცენარის მოთხოვნის მიხედვით. ამის მიხედვით ის შეტანა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს გათვალისწინებულია ბარტყობის გასაძლიერებლად. მომდევნო საჭიროა სწრაფი აღერებისათვის, მესამე დათავთავებისათვის, მეოთხე ყვავილობისათვის, მეხუთე მარცვლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. თუ კლიმატურ პირობებსაც გავითვალისწინებთ 2-3 შეტანა შეიძლება აუცილებელი გახდეს. ასეთ ტექნოლოგიის განხორციელებისათვის აუცილებელია დრონების გამოყენება.  უკანასკნელ ხანს არის მუნიციპალიტეტები, რომლებმაც შეიძინეს დრონები და ცდილობენ მის მიზანმიმართულ გამოყენებას. დღეისათვის შემიძლია გირჩიოთ, რომ თხევადი სასუქის შეტანა გაზაფხულზე ორჯერ აუცილებლად ან სამჯერ შეიტანოთ.

სასუქების გამოყენება დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელთა გაღება ქართველ ფერმერთა უმრავლესობას არ შეუძლია. აგროტექნოლოგიური პროცესების დარღვევის გამო კი  მოსავლიანობა მკვეთრად ეცემა და შესაძლებელია ვერ დაფაროს  გაწეული ხარჯები. დაგვიანებით შეტანილი ფოსფორიანი სასუქის ანაზღაურება 3-4-ჯერ დაბალია. გამოკვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მარცვლის ხარისხის განვითარებაში. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ფერმერები აღმოჩნდნენ გადაუჭრელი პრობლემის წინაშე. მათ მიერ მიღებული მოსავალი ძირითადად უხარისხოა, წებოგვარის დაბალი შემცველობის გამო და წისქვილკომბინატები უარს ამბობენ ასეთი ხორბლის შესყიდვაზე. მეცნიერულად და პრაქტიკულადაც დადასტურებულია, რომ გაზაფხულზე ფოთლიდან კვებით სრულიად ადვილი მისაღწევია ხარისხიანი მარცვლის მიღება. ასეთი გამოკვებით შესაძლებელია მივიღოთ ხარისხიანი ხორბლის მარცვალი წებოგვარის შემცველობით 25-35%. 

საშემოდგომო ხორბლის ჯეჯილი გაზაფხულზე შეიძლება დაიფარცხოს, რის შედეგად იშლება ნიადაგის ქერქი, მცენარეებს სცილდება გამხმარი ნაწილები, იქმნება ნორმალური პირობები ხორბლის მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის. თავის დროზე დაფარცხვა მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის აორთქლებას, ღონისძიება ტარდება იმ დროს, როცა ნიადაგი კარგად ფხვიერდება, არ იზილება გადაჭარბებული ტენიანობისგან და არ იმტვერება გამოშრობის გამო.

საგაზაფხულო სამუშაოებში მნიშვნელოვანია ნათესის მორწყვა. სამწუხაროდ თავთავიანი კულტურებისათვის სარწყავ ზონებს ნაკლებად იყენებენ.   საშემოდგომო თავთავიანები ვეგეტაციის პერიოდში მნიშვნელოვნად მეტ წყალს მოითხოვს, ვიდრე საგაზაფხულო ხორბალი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საშემოდგომო ხორბალს ახასიათებს უფრო გრძელი სავეგეტაციო პერიოდი და იძლევა უფრო მეტ მოსავალს. ტენზე მოთხოვნა დამოკიდებულია მცენარის ზრდის ინტენსივობაზე, განვითარების სიძლიერეზე, ნიადაგში ტენის არსებობაზე, ტემპერატურაზე, ჰაერის ფარდობით ტენიანობაზე, განათებაზე, ფესვთა სისტემის განვითარებაზე, საკვები ნივთიერებების უზრუნველყოფაზე და სხვა ფაქტორებსა და პირობებზე.

საშემოდგომო თავთავიანი კულტურები როგორც წესი ითვლება ტენგამძლე, გვალვაგამძლე კულტურებად, მაგრამ არის პერიოდები, როდესაც მცენარეები მოითხოვენ წყლის გარკვეულ რაოდენობას. ურწყავ პირობებში წყლის რეგულირება უნდა მოხდეს ნათესის სიხშირით და ცვრის რეგულირებით. აზოტიანი სასუქების გამოყენების კოეფიციენტი მკვეთრად მაღლდება მაღალი ცვარიანების პერიოდში, რაც ყურადღება მისაქცევია. ურწყავ პირობებში ძალიან ეფექტურია ფოთლიდან კვების გამოყენება. ამაზე ჩვენ ზევით ვისაუბრეთ, მაგრამ ტენიანობის შესანარჩუნებლადაც ძალიან კარგი საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოყენება თესლის ფორმირების და რძისებრ სიმწიფეში. ამ დროს, ცხელ ამინდში, ხსნარის შეტანა ხორბალში ახდენს მიკროკლიმატის შექმნას და ძლიერდება ფოტოსინთეზის პროცესი. ეს კი საშუალებას იძლევა მივიღოთ ამოვსებული და მძიმე მარცვალი.

სარწყავ პირობებში უფრო მარტივია ტენიანობის მართვა. გაზაფხულზე მორწყვა საშუალებას იძლევა გავზარდოთ ბარტყობა. აღერება-დათავთავების პერიოდი და მარცვლის ფორმირება მოითხოვს დიდი რაოდენობით წყალს.

საგაზაფხულო სამუშაოებში მნიშვნელოვანია სარეველებისგან ნათესების დაცვის ღონისძიებათა შემუშავება. ამ  დროს მთავარია სწორად შეფასდეს დასარევლიანების ხარისხი. აქაც საჭიროა აღრიცხვა მოხდეს 1 მ2 ფართობზე. თუ ამ ფართობზე სარეველების რაოდენობა აღემატება 120 ცალს, გვაქვს ძლიერი დასარევლიანება. მცირე დასარევლიანების დროს სარეველების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 50-ს. მნიშვნელოვანია სახეობრივი შემადგენლობის განსაზღვრაც. სუსტად დასარევლიანების შემთხვევაში საჰექტარო მოსავლიანობა მცირდება 6-8%-ით, ხოლო ძლიერი დასარევლიანებისას – 25-30%-ით და მეტადაც. ამიტომ სარეველებთან ბრძოლა მოსავლიანობის გადიდების მეტად მნიშვნელოვანი და ეფექტური ფაქტორია.

გასათვალისწინებელია ორი მომენტი: პირველი – განსაკუთრებული ღონისძიებების ჩატარება ნიადაგის გასასუფთავებლად შემოდგომაზე და მეორე – გაზაფხულზე ჰერბიციდების შეტანა მოხდეს განსაკუთრებული სიზუსტით. ერთი დღის დაგვიანებამაც კი შეიძლება მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს. გაზაფხულის ღონისძიებები ფაქტობრივად უნდა იყოს პრევენცია და არა სარეველებთან ბრძოლა.

მოზამთრე და საშემოდგომო სარეველების მოსასპობად საშემოდგომო ხორბლის მცენარეთა აღმოცენებამდე ზოგიერთ მიკრორეგიონში რეკომენდებულია ძლიერი  ჰერბიციდების შეტანა. ძლიერი ჰერბიციდები გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და ასუფთავებს ნათესებს სარეველებისგან 90-95%-ით და უზრუნველყოფს მარცვლის მოსავლის მატებას 0,30-0,59 ტონამდე ჰექტარზე. ჰერბიციდებს, როგორც წესი, ასხურებენ ბარტყობის ფაზაში, მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 12-15°C-ს, უფრო ადრე შესხურება უარყოფითად მოქმედებს მცენარის შემდგომ განვითარებაზე. ამ უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ თხევადი სასუქები. ასეთი სასუქების შერევით ჰერბიციდის ხსნარში მცენარეზე გავლენა მკვეთრად მცირდება. კარგ ეფექტს იძლევა თხევადი სასუქი ორგანიკა და ბლეკ ჯეკი.

ხორბლის მცენარე ზრდა-განვითარების პერიოდში შეიძლება დაზიანდეს სხვადასხვა სახის დაავადებებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს ნათესებს და მკვეთრად ამცირებს მოსავალს და უარესდება მარცვლის ხარისხობრივი მაჩვენებლები.  სუსტდება მცენარეთა განვითარება, შეიძლება გამოიწვიოს მცენარეთა დაღუპვაც.

ხორბლის მცენარის ჟანგოვანი დაავადებების განვითარებისათვის ყველაზე კრიტიკული პერიოდია, თავთავის ვაგინიდან გამოსვლიდან ყვავილობამდე ფაზები. ამ პერიოდში ხდება მოსავლის 80%–ის ჩამოყალიბება. რაც უფრო ადრეულ ფაზაში ვლინდება დაავადება, მით მეტია ეპიდემიის წარმოქმნის საფრთხე და მოსავლის დანაკარგი.

სოკოვანი დაავადებებისა და ჟანგას წინააღმდეგ აღერების ბოლოს – დათავთავებამდე ნათესი უნდა დამუშავდეს ფუნგიციდებით .  მოსავლის დაცვის მიზნით დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე  საჭიროა ქიმიური საშუალებების გამოყენება.

სოკოვან ავადმყოფობებთან ბრძოლის ღონისძიებებიდან, მათი ორბინიანობის გამო, დიდი მნიშვნელობა აქვს შუალედი მკვებავი მცენარეების მოსპობას, მაღალი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებით.

ბოლო ორი წელია ხორბალს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს  მავნებლები.  ნაწილი მწერებისა ხორბლის მცენარეს აზიანებს წუწნით, ნაწილი კი ღრღნით. განსაკუთრებით ზიანის მომტანია მინდვრის და ტყის თაგვების მომრავლება. ყოველივე ამის ცოდნას მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ქიმიური ღონისძიებების გამოყენების დროს, რადგან ნაწილი პესტიციდებისა მოქმედებს კონტაქტური, ნაწილი კი სისტემური გზით.

გაზაფხულზე, საშემოდგომო ხორბლის ნათესებში, მარცვლოვანთა მავნებლების აღმოჩენის შემთხვევაში მავნებლების წინააღმდეგ ტარდება ინსექტიციდების შესხურება ასეთი წამლობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს. დღეისათვის თავთავიან კულტურებში მავნებლების წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ ინსექტიციდები, რომლებიც ცხრილი 1-ში არის მოცემული (4).

მავნებლები და მათ წინააღმდეგ გამოსაყენებელი ინსექტიციდები

ცხრილი 1

მავნებელი პრეპარატი და ხარჯვის ნორმა
მავნე კუსებურათრიფსებიჭიჭინობელები, ხოჭოები, რწყილები, ჭია-წურბელა, პურის ხერხიები, ბუგრები (ვირუსული დაავადებების გადამტანები)

 

 

   მღრღნელი – (მემინდვრია, ამიერკავკასიური და რუხი ზაზუნელა, ტყის თაგვი)

ინსექტიციდიბი-58 ახალი 0,8-1,2 /ჰა, პროტეუსი 0,5-0,75 /ჰა, ან ფიური (იგივე არივო და შერპა) 0,1 /ჰა ან ფასტაკი 0,1-0,15 /ჰა ან დეცის ფლუქსი 0,25 /ჰა ან კარატე-ზეონი 0,2 /ჰა ან ალპაკი 0,15 /ჰა ან ნურელ  0,75-1 /ჰა ან გრანდ  0,75-1 /ჰა ან ბიოლოგიური ინსექტიციდები: ლეპიდინი 2-3 /ჰა ან  ლეპიდოციდი 1 კგ/ჰა ან დელფინი 1კგ/ჰა (შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 100 თავთავზე 20 მატლის არსებობისას საგაზაფხულო ხორბალში მარცვლეულის ხვატრის წინააღმდეგ) სამუშაო ხსნარი: 250-350 /ჰა 

როდენტიციდი:  კლერატი  (3 კგ/ჰა, 5/სოროზე, 0,05% მისატყუარზე) ან თუთიის ფოსფიდი (2,5-5% შემცველობა მისატყუებელში,  8-10 გრ მზა პრეპარატი სოროზე) ან ანტიკოაგულანტები ბროდიფაკუმი 2კგ/ჰა ან შტორმი 0,5-1 ტაბლეტი სოროზე (ხელით შეტანა სოროებში) ან ბიოპრეპარატი   ბაქტოროდენციდი 1-4 კგ/ჰა.

თავთავიან კულტურებში საგაზაფხულო სამუშაოების დროული და ხარისხიანი ჩატარება საშუალებას მოგვცემს, ჯერ ერთი, გამოვასწოროთ ზამთრის პერიოდში კლიმატური პირობებით გამოწვეული ნაკლოვანებები და მეორე, უზრუნველყოთ მაქსიმალურად მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება.

ცოტნე სამადაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

გულნარ ჩხუტიაშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,

ნუგზარი ბენდიანიშვილი – მთავარი სპეციალისტი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

. უჯმაჯურიძე, . სამადაშვილი, . ჩხუტიაშვილი, . ბენდიანიშვილი – კლიმატური ცვლილებების პირობებში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ცნობარი. თბილისი, 2020;

  1. . სამადაშვილი, . ჩხუტიაშვილი და სხვ. – ხორბლის კულტურის განოყიერების ახალი სისტემა (მეთოდური რეკომენდაცია). თბილისი, 2016; 
  2. ხორბლის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია (მეთოდური მითითება). – ს/მ სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. თბილისი,2016;
  3. ხორბლის მავნებლები, დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები(ფერმერის სამახსოვრო) – მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი. თბილისი, 2015.