ნესვი – შემადგენლობა, სასარგებლო და საზიანო თვისებები
ნესვი (Cucumis) გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ძველი ინდოეთი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მიიჩნევა. დღესდღეობით ნესვი ველური სახით პრაქტიკულად აღარ გვხვდება. კულტურაში უფრო გავრცელებულია ჩვეულებრივი, ანუ სუფრის ნესვი (Cucumis melo). საქართველოში გავრცელებულია ადგილობრივი ჯიშები: მეგრული ადგილობრივი, მუხიანური ადგილობრივი, აგრეთვე „მშვენება“, „კოლხოზნიცა“.
ნესვის კალორიულობა და სასარგებლო თვისებები
ნესვის კალორიულობა დამოკიდებულია მის ჯიშსა და მოყვანის პირობებზე. საშუალოდ 100 გრამ ნესვში 33 კკალორიაა.
ნესვში კარგად ერწყმის მისი გემოს თვისებები სასარგებლო თვისებებს. მის შემადგენლობაშია ვიტამინები A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, H, PP; ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ქლორი, გოგირდი, იოდი, ფტორი, ფოსფორი, ნატრიუმი, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, შაქარი, დაახლოებით 90–95% – წყალი.
ნესვი ძალზე ძვირფასი წყაროა ვიტამინი В9, ანუ ფოლიუმის მჟავისა. ეს ვიტამინი თერმული დამუშავებისას თითქმის მთლიანად ნადგურდება, ნესვს კი, ძირითადად, ნატურალური სახით ვიღებთ. ფოლიუმის მჟავა ფასდაუდებელია ორსულებისთვის და ქალებისთვის კლიმაქსის პერიოდში; ასევე ყველასთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება და დეპრესიისგან გათავისუფლება სურს. ასევე, ფოლიუმის მჟავას შეუძლია დადებითად იმოქმედოს სისხლის წარმოქმნის პროცესზე, შეამციროს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონე.
С–ვიტამინი შეუცვლელია ზამთრის სიცივის, ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი მარაგის შევსებაში ნესვი დაგვეხმარება.
უძველესი დროიდან არის ცნობილი ნესვის თვისება, როგორიცაა განწყობის ამაღლება. ის შველის უძილობას, დაღლილობას, გაღიზიანებას.
ნესვის რბილობი მდიდარია კრემნიუმით, რაც აუცილებელია მყარი ქსოვილების, ნერვების, კანისა და თმისთვის.
რკინის დიდი რაოდენობის წყალობით ის საუკეთესო საშუალებაა სისხლნაკლებობის პროფილაქტიკისთვის; ხოლო კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობის წყალობით ძალზე დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია გულ–სისხლძარღვების დაავადებების დროს.
ნესვი სასარგებლოა არა მხოლოდ ქალებისთვის. ის მამაკაცებზეც ძალზე კარგად მოქმედებს. ნესვის თესლი უძველესი დროიდან უძლიერეს აფროდიზიაკად მიიჩნევა. ის ამაღლებს მამაკაცურ ძალას. შესაძლებელია ნესვის თესლის უბრალოდ დაღეჭვა, სჯობს – თაფლთან ერთად. მთავარია ზომიერების დაცვა – დღეში არაუმეტეს 2 გრამისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება პრობლემები შეუქმნას ელენთას.
ნესვის ერთ–ერთი უმთავრესი ღირსებაა უჯრედისის დიდი რაოდენობა. ამ თვალსაზრისით მას სხეულის, ნაწლავების გაწმენდისთვის იყენებენ. მას ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს.
და კიდევ ერთი – ნესვი შეიცავს ოქროს, რომელიც სხვა ელემენტების მსგავსად, აუცილებელია ორგანიზმისთვის.
ნესვი ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა კანისა და თმის მოვლისთვის. ბეტა–კაროტინის წყალობით, რომელიც ნესვში უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში, ის ჩვენს კანს გლუვს ხდის და მას ატმისფერ ელფერს აძლევს.
ლამაზი რუჯის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ნესვი რუჯს უფრო მყარსა და თანაბარს გახდის.
ნესვი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში – სახისა და თმის ნიღბებისთვის, მკურნალობს გამონაყარს კანზე, სხვადასხვა ანთებას, თმას კი ბზინვარებას ანიჭებს.
ნესვს ზიანის მოყენებაც შეუძლია. მისი მიღება არ შეიძლება:
- რძის პროდუქტებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, რადგან იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას;
- მეძუძური დედებისთვის, რადგან ბავშვს შეიძლება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას.
- შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ნესვი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების დროს.
- გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს.
- კიდევ ერთი უსიამოვნო ასპექტია ის, რომ ნესვში შეიძლება იყოს პესტიციდებისა და ნიტრატების დაშვებულ ნორმაზე მეტი რაოდენობა, განსაკუთრებით, თუ მას სეზონზე ადრე შევიძენთ.
- ნიტრატებისა და პესტიციდების ყველაზე მეტი რაოდენობა კანსა და მისი „კუდის“ არეში გროვდება. ამიტომ ნესვის დაჭრისას მინიმუმ ერთი სანტიმეტრი რბილობიც უნდა მოვაჭრათ კანთან ერთად.
წყარო: sputnik-georgia.com