აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

აკარიციდული, ინსექტიციდური, რეპლენტური, როდენტიციდური, ნემატიციდური, ფუნგიციდური, ჰერბიციდური თვისების მქონე მცენარეები

 ორგანულ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება აკარიციდული (მავნე ტკიპების), ინსექტიციდური (მავნე მწერების), რეპლენტური (მწერების დამაფრთხობელი), როდენტიციდური (მავნე მღრღნელების), ნემატიციდური (მრგვალი ჭიების), ფუნგიციდური (სოკოვანი დაავადების), ჰერბიციდური (სარეველა მცენარეების) აქტივობის მცენარეების გამოყენებას მავნებელდაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ინსექტოაკარიციდული აქტივობის მცენარეები — აბზინდა, ავშანი, ამორფა, ანწლი, შხამა, იელი, ხარისთვალა
ნემატიციდური აქტივობის მცენარეები — აბუსალათინი, ბაღის სატაცური, გულყვითელა, მთის ჩადუნა, ქრიზანთემა, ხავერდა, ზაფრანა

ფუნგიციდური აქტივობის მცენარეები — მთის ღანძილი, ნიორი, ღანძილი, ღორისქადა

ფიტონციდური აქტივობის მცენარეები — ნიორი, პირშუშხა, შოთხვი, ხახვი

რეცელენტური აქტივობის მცენარეები — გლედიჩია, დიდგულა, თეთრი მდოგვი, ქაფურა, ჩვეულებრივი კანაფი, ძაღლის ენა

ჰერბიციდული აქტივობის მცენარე  ხემყრალი...

აბზინდა აბზინდა

ავშანი, აბზინდა (Artemisia) – მრავალწლოვან, იშვიათად ერთწლოვან, ბუჩქ-ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავი– ლოვანთა ოჯახისა. ავშნის გვარის 500-მდე სახეობიდან კავკასიაში გვხვდება 27, ხოლო საქართველოში – 12 სახეობა. აქვს სწორმდგომი ღერო, ფესვები, ზოგს (ტარხუნა – Artemisia dracunculus) – კარგად განვითარებული ფესურები. ფოთლები დანაკვთულია და უმეტესად ლეგა. პატარა კალათები რთულ საგველანაირ ყვავილედს ქმნის. ნაყოფი თესლურია. ავშნის სახეობათა უმრავლესობა შეიცავს ეთეროვან ზეთებსა და გლიკოზიდებს, რომლებიც მედიცინაშიც იხმარება. ავშნის ზოგიერთი სახეობა (ავშანი–Artemisia fragrans) გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართ– ველოს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში და ქმნის ცხვრის ზამთრის საძოვრებს. ზოგი სახეობა (Artemisia taurica) შხამიანია, განსაკუთრებით ცხენებისათვის. არის აგრეთვე ავშნის დეკორატიული სახეობები-გიეში (Artemisia caucasica) და სარევე– ლები (უჯანგარი-Artemisia annua, მამულა- Artemisia vulgaris, სამწვანე – Artemisia scoparia და სხვა). ავშნის ზოგი სახეობა უდაბნოებში მოძრავ ქვიშებს ამაგრებს.

აწლი

ანწლი (Sambucus) _ ყვავილოვან მცენარეთა გვარი ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწევრიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითელი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში 2 – დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში – ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში, ზოგჯერ ქმნის რაყას. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.

იელი

იელი (Rhododendron luteum) – ზაფხულმწვანე ბუჩქი როდოდენ– დრონის გვარისა. სიმაღლე 2 მ აღწევს. აქვს სურნელოვანი დიდი, წინწკლებიანი ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები. გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და მცირე აზიაში, კავკასიასა და უკრაინაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, უფრო კოლხეთში. იზრდება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე ქვეტყედ, ტყის პირებზე. სუბალპურ სარტყელში ქმნის ბუჩქნარს–იელიანს. ყვავილობს ფოთლის გამოტანამდე ან მასთან ერთად აპრილ-ივნისში. დეკორატიულია, ყვავილობისას ან შემოდგომაზე თავისი კაშკაშა წითლად შეფერილი ფოთლების გამო. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. კულტურაში ცნობილია იელის მრავალი ჰიბრიდული ჯიში.

გულყვითელა

გულყვითელა (Calendula) – მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახოვანი, იშვიათად ბუჩქ-ბალახა მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვთ ჯირკვლოვანი ბუსუსებით შემოსილი 5-60 სმ სიმაღლის ღერო, მოგრძო, ლანცეტა ფოთლები, დიდი ზომის კალათა ყვავილედებად შეკრებილი მოყვითალონარინჯისფერი ყვავილები. ევროპასა და აზიაში გვხვდება გულყვითელას 20-ზე მეტი სახეობა. ძველთაგანვე ცნობილია დეკორატიული სახეობა Calendula officinalis, რომელსაც სამკურნალოდაც იყენებენ. საქართველოში იზრდება გულყვითელას 2 სახეობა: Calendula arvensis და Calendula gracilis.

ქრიზანთემა

ქრიზანთემა (Chrysanthemum) — ერთ და მრავაწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 50 – 150 სმ აღწევს. ფოთოლი მუქი მწვანეა, კიდემთლიანი ან კიდენაკვთული, ყვავილები შეკრებილია სხვადასხვა ზომის კალათა ყვავილედად, ნაყოფი თესლურაა. ქრიზანთემის 180 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში ველურად არსად არ არის. ბევრი სახეობა გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში. მეყვავილეობის პრაქტიკაში მათ ყოფენ დიდყვავილა და წვრილყვავილა ქრიზანთემებად. ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და აზიის სხვა ქვეყნებში ქრიზანთემის ღეროს, ფოთოლსა და ყვავილედს იყენებენ საჭმელად, როგორც ბოსტნეულს. შუა აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში ღია გრუნტის მცენარეა. ქრიზანთემა მრავლდება თესლით (უმთავრესად სასელექციო დანიშნულებით) და ვეგეტატიურად.

ზაფრანა

ზაფრანა, კროკო (Crocus) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. გორგლ-ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არა აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვიდან ამოდის. 80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. საქართველოში 5 სახეობაა. ისინი ძირითადად ალპური მდელოს კომპონენტებია. მხოლოდ 2 სახეობა Crocus adamii და შემოდგომაზე მოყვავილე Crocus speciosus გვხვდება შუა სარტყელში. Crocus autranii ვიწრო ენდემური სახეობაა და მარტო აფხაზეთში იზრდება. Crocus scharojani კი — კავკასიის ენდემია. ზაფრანის ყველა სახეობა ლამაზყვავილიანი, ამიტომ აშენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. Crocus sativus მხოლოდ კულტურაშია ცნობილი და იყენებენ სუნელსანელებლად; მისი წითელი დინგები შეიცავს ძვირფას საღებავს — კროცინს.

მთის ღანძილი

მთის ღანძილი (Allium victorialis) – მრავალწლოვანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. მისი ღეროს სიგრძე 30-70 სმ აღწევს. ბოლქვი ირიბ ფესურაზე ზის და შემოხვეული აქვს რუხმურა ბადისებრი გარსი. გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება ტყეებსა და ტყისპირებზე, მდელოებზე, ძირითადად მთის ზედა სარტყელში. იჭმევა მოხარშული და დამწნილებული, გამოიყენება სურავანდის საწინააღმდეგოდ.

ნიორი ნიორი

ნიორი (Allium sativum) – ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარე შროშა– ნისებრთა ოჯახისა. ველურად გვხვდება შუა აზიის მთებში, სამხრეთ ყაზახეთში, კავკასიაში. აქვს მუქი მწვანე, ვიწრო და ლანცეტისებრი ფოთოლი. ბოლქვი 2-50-მდე კბილისაგან შედგება. კბილი დაფარულია თხელი აპკით, ხოლო მთლიანად ბოლქვი 2-8 მბზინავი აპკით ან ქერქლით. ნიორის ზოგი ჯიში ივითარებს 60- 150 სმ სიმაღლის საყვავილე ყლორტს, ყვავილში 60-450-მდე პატარა საჰაერო ბოლქვაკია. ნიორი თესლს არ იძლევა, მრავლდება კბილით და ბოლქვაკით. ბოლქვსა და მწვანე მასას იყენებენ საჭმელად, კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში. ნიორის კბილი შეიცავს 35-42% მშრალ ნივთიერებას, 6,0-7,9% ნედლ ცილას, 7,0-28,8 მგ C ვიტამინს, 0,5% რედუცირებულ შაქარს, 20-27% პოლისაქარიდებს და სხვა. ნიორს სპეციფიკურ გემოსა და სუნს აძლევს ეთერზეთი (0,23-0,74%), რომელიც ფიტოციდს შეიცავს (ამიტომ მას იყენებენ ფარმაკოლოგიაში).

ღორის ქადა

ღორისქადა (Lactuca) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ, ორ ან მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად ნახევრად ბუჩქები. ასზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში, მცირე რაოდენობა – ამერიკაში. საქართველოში 8 სახეობა იზრდება უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს ფორმაციებში, დამლაშებულ ნიადაგზე, ტყისპირებზე, ბუჩქნარებში, მშრალ ფერდობებზე, ნათესებში როგორც სარეველა. ზოგიერთი სახეობა შეიცავს რძეწვენს, რომელიც ჰაერზე მაგრდება.

პირშუშხა, მდფა

პირშუშხა (Armoracia) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. მოიცავს 2 სახეობას, რომელიც იზრდება ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი პირშუშხა (Armoracia rusticana). მოჰყავთ ბოსტანში. ხშირად ველურდება. ფესვსა და ფოთოლში არის ვიტამინები, ეთეროვანი ზეთები, მინერალური მარილები, ფიტონციდები და ფერმენტი ლიზოციმი. ფესვის ცხარე გემო და სპეციფიკური სუნი გამოწვეულია მასში მდოგვის ზეთისა და გლიკოზიდ სინიგრინის არსებობით. ფესვი იჭმება (ნედლი, მოხარშული), ფესვის გამონაწური კი სურავანდის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. მრავლდება ვეგეტატიურად. მოსავალს იღებენ (100-300 ც/ჰა) გვიან შემოდგომაზე.

შოთხვი
A bird-cherry tree in bloom. Prunus padus, known as bird cherry, hackberry, hagberry, or Mayday tree

შოთხვი (Prunus padus, Padus racemosa) — მცენარის სახეობა ვარდისებრთა ოჯახისა. ზოგი ქლიავს მიაკუთვნებს, ზოგიც — ალუბლის სექციას. ტანდაბალი ხე ან იშვიათად ბუჩქნარია. სიმაღლე 0,6-10 მ. აქვს წაგრძელებული და ხშირი ვარჯი. ქერქი მქრქალია, მოშავო-მონაცისფრო. ფოთლების სიგრძე 3-10 (იშვიათად 15) სმ აღწევს. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერი აქვს. ნაყოფი შავია და სფეროსებრი მოყვანილობის, დიამეტრი — 8-10 მმ. გავრცელების ბუნებრივი არეალია: ჩრდილოეთი აფრიკა (მაროკო), სამხრეთი, ცენტრალური, დასავლეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპა, მცირე, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, სამხრეთი კავკასია. უპირატესობას ანიჭებს ნოყიერ ნიადაგს. უმეტესწილად იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, მდინარისპირა ტყეებში, ბუჩქნარებში და სხვ. მრავლდება ვეგეტატიურად, ზოგჯერ თესლით. კულტივირებულია როგორც დეკორატიული მცენარე. სამკურნალოა.

ხახვი

ხახვი ( Állium) — ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი, მეცნიერული ლათინური სახელი მისცა კარლ ლინემ, ლათ. allium — წარმოშვებულია ლათინული სიტყვა ნიორისაგან, რომელიც თავის მხრივ, ალბათ დაკავშირებულია კელტურ სიტყვასთან all — მშუშხავი; მეორე ვერსიით–წარმოშობილია ლათ. halare – სურნელება. ცნობილია რამდენიმე ასეული სახეობა, რომელნიც ჩვეულებრივ იზრდება ჩრდილო ნახევარსფეროში. ხახვის სამშობლოდ ითვლება სამხრეთ-დასავლეთი აზია. ამ გვარის სხვადასხვა სახეობები იზრდებიან მინდვრებზე, სტეპებში, ტყეებში.

გლადიჩია

გლედიჩია (Gleditsia) – ფოთოლმცვენი ხეების გვარი ცეზალპინი– ასებრთა ოჯახისა. ღეროსა და ტოტებზე აქვთ მარტივი ან დატოტვილი ეკლები: ფოთლები ფრთართულია, პატარა მომწვანო ყვავილები მტევნებად არის შეკრებილი. ნაყოფი ბრტყელი პარკია. გლედიჩიას 12 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ზომიერსა და სუბტროპიკულ აზიაში, ტროპიკულ აფრიკაში. თალიშში (აზერბაიჯანი) ველურად იზრდება მხოლოდ ერთი სახეობა – კასპიური გლედიჩია (Gleditsia caspia), რომელიც კავკასიაში შემორჩენილი მესამეული პერიოდის ფლორის რელიქტია. კულტივირებულია 7 სახეობა. მათგან ძვირფასმექნიანი ჩრდილოამერიკული ჩვეულებრივი გლედიჩია (Gleditsia triacanthos) ძველთაგანვეა მოშენებული ყირიმის, კავკასიის (კერძოდ, საქართველოს) და შუა აზიის ბაღებსა და პარკებში. გლედიჩია სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა; იტანს ნიადაგის სუსტ დამლაშებას. იყენებენ ცოცხალ ღობედ, მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად და სხვა მერქნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობებს, ნაყოფისაგან – ყავის სუროგატს. თაფლოვანია.

დიდგულა

დიდგულა (Sambucus nigra) – მაღალი (3-6 მ) ტოტებგაშლილი ბუჩქი ან დაბალი ხე ცხრატყავასებრთა ოჯახისა. ტოტების გული რბილი და თეთრია. აქვს თეთრი ან მოყვითალო-მოთეთრო ფარისებრსაგველა კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მოშავომოიისფრო კენკრასებრი ნაყოფი. გავრცელებულია ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და მცირე აზიაში; ყირიმსა და კავკასიაში; საქართველოში -თითქმის ყველგან; იზრდება ტყეში, ტყისპირებსა და ხევებში მთის შუა სარტყლამდე. უმთავრესად ტენიან ფერდობებზე. დიდგულას ქერქს, ყვავილსა და ნაყოფს იყენებენ მედიცინაში. ფოთოლი შეიცავს A ვიტამინს, ნაყოფს იყენებენ საჭმელად და საღებავის დასამზადებლად.

კანაფი

კანაფი (Cannabis) –ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარის გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. ცნობილია 3 სახეობა: ჩვეულებრიცი კანაფი (Cannabis sativa), ინდური კანაფი (Cannabis indica) და ველური კანაფი (Cannabis ruderalis). ჩვეულებრივი კანაფი ორსახლიანია (მამრობითი და მდედრობითი კანაფი), ღერო სწორია 0,5-4მ სიმაღლის. ფესვი მთავარღერძიანია, ფოთოლი დანაკვთული, მწვანე. მამრობითი კანაფის ყვავილები საგველა ყვავილედია, მდედრობითი კანაფისა–თავაკისებრი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. კანაფი იზრდება ჭარბტენიან ნიადაგზე, მოჰყავთ ბოჭკოსათვის. მამრობითი კანაფისგან და ტექნიკური სიმწიფის პერიოდის მდედრობითი კანაფისგან ღებულობენ ბოჭკოს (ქერელს), რომლისგანაც ამზადებენ ქსოვილს. კანაფის სამშობლოა ცენტრალური აზია, მოჰყავთ მრავალ ქვეყანაში; რუსეთის ცენტრალურ შავმიწა ზონაში, სამხრეთ უკრაინაში, ბელორუსიაში, ვოლგისპირეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და დასავლეთ ციმბირში.

ძაღლის ენა

ძაღლის ენა, ოსერო (Cynoglossum) – ორ ან მრავალწლოვან (იშვიათად ერთწლოვან) ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. გვარში 60 სახეობაა, გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. საქართველოში 4 სახეობა იზრდება, მეტწილად მშრალ ადგილსამყოფელზე. სამკურნალო ძაღლის ენა (Cynoglossum officinale), ისე როგორც სხვა სახეობები, შხამიანია, ფესვი და თესლი შეიცავს ალკალოიდებს (ცინოგლოსინს, ცინოგლოსეინსა და სხვა), გლიკოალკალოიდებს. ფესვსა და ფოთოლს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, ხველების დასაწყნარებლად, საფენებად, აგრეთვე მავნე მწერებისა და მღრღნელების წინააღმდეგ.

შხამიანი მცენარეების გამოყენებაზე რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდეს განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს მათი გამოყენების შესახებ. კვიპაროსის დაქუცმაცებული ფოთლები იცავს მარცვლეულს სხვადასხვა მწერის მატლებისაგან; თამბაქოს ექსტრაქტს ჯერ კიდევ 300 წლის წინათ იყენებდნენ მავნე მწერების წინააღმდეგ; ანწლის ფოთოლი ადვილად ათავისუფლებს კომბოსტოს მწერების მავნე ზემოქმედებისაგან; ნივრის პრეპარატი აფრთხობს ჩრჩილს და მავნე მწერებს.