სიმინდის ნათესის განოყიერება (გამოკვება)
ორგანულ-მინერალური სისტემა სიმინდის განოყიერების საუკეთესო საშუალებაა, ასეთ შემთხვევაში ერთდროულად ვიყენებთ სხვადასხვა ორგანულ და მინერალურ სასუქს. სიმინდის გასანოყიერებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული საშუალება: ნაკელი, მწვანე სასუქი, მინერალური სასუქი, ხოლო მჟავე ნიადაგებზე _ აგრეთვე კირი, ტკილი, დეფეკაციური ტალახი და კირის შემცველი სხვა სასუქები. გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ სასუქების შეტანის წელს სიმინდის მოსავალი ჰექტარზე მარტო ნაკელის გამოყენებით (20 ტონა ჰა-ზე) 3 ცენტნერით გაიზარდა.
ნაკელზე ფოსფორის მიმატებით _ 6,1 ცენტნერით, ხოლო ნაკელ-აზოტ-ფოსფორით _ 10,7 ცენტნერით. ორგანული და მინერალური სასუქებით ერთდროულად გამოყენება საუკეთესო საშუალებაა სიმინდის მოსავლიანობის გადიდებისათვის. ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთის მოქმედებას. ნაკელი თანდათანობით აწვდის მცენარეს საჭირო საკვებ ნივთიერებებს, ამდიდრებს ნიადაგს მიკროორგანიზმებით, აუმჯობესებს მის ფიზიკურ თვისებებს, გამორეცხვისაგან იცავს მინერალური სასუქების შეტანილ და ნიადაგში არსებულ ადვილად ხსნად შენაერთებს. გარდა ამისა, ორგანული სასუქის წვის შედეგად ნიადაგში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნახშირორჟანგი, რაც თავისთავად დადებითად მოქმედებს მცენარეთა ზრდა-განვითარებისა და მოსავლიანობაზე.
მწვანე სასუქად აღმოსავლეთ საქართველოში უნდა გამოვიყენოთ ცულისპირა ბარდა, ცერცველა. ისინი უნდა დაითესოს საშემოდგომო ხორბლის ან ქერის შემდეგ სანაწვერალოდ. ნაკვეთი მოსავლის აღებისთანავე უნდა მოიხნას, დაკულტივატორდეს და თესვა შუა აგვისტოს არ უნდა გადავაცილოთ. დათესვისთანავე ნაკვეთი ფრთხილად უნდა მოირწყას, ამით ჩვენ შეგვიძლია ჰექტარზე მივიღოთ 15-20 ტონა მწვანე მასა, რომელიც მზრალად მოხვნის დროს ჩაიხვნება. მწვანე სასუქის მოქმედება გრძელდება 3-4 წელი. ამ ხნის განმავლობაში მიღებული მარცვლის ნამატის ჯამი 45 ცენტნერს აჭარბებს ჰექტარზე. ამ ღონისძიების განხორციელება კი დიდ ხარჯს არ მოითხოვს; საჭიროებს 3-4 წელიწადში ერთხელ დამატებით ხვნას, მწვანე სასუქად დასათეს სათესლე მასალის და 1-2-ჯერ დამატებით მორწყვას. ეს ხარჯი ერთდროულად ანაზღაურდება სიმინდისა და სხვა კულტურების მოსავლის მნიშვნელოვანი ნამატით. რაც შეეხება დასაველთ საქართველოს, აქ მწვანე სასუქად უნდა გამოიყენოთ ხანჭკოლა, ცულისპირა და ბარდა. სიმინდის გასანოყიერებლად აუცილებლად საჭიროა როგორც აზოტიანი, ისე ფოსფორიანი სასუქები. კალიუმის მოქმედება სიმინდის მოსავლიანობაზე ბევრად ნაკლებია. ის საკმარისი რაოდენობით არის ნიადაგში. სიმინდის მოსავლის ზრდა ცალკე აზოტიანი სასუქით ჰექტარზე საშუალოდ 1,4 ცენტნერს შეადგენს, მარტო ფოსფორიანი სასუქის 2,7 ცენტნერს, ხოლო ორივეს ერთად გამოყენებისას კი 7,7 ცენტნერს.
სიმინდის ნათესში შესატანი მინერალური სასუქის ნორმატივები
(მინიმალური, მაქსიმალური)
# | სასუქის დასახელება | აღმოსავლეთ საქართველო | დასავლეთ საქართველო | ||
მოქმედი ნივთიერება | ფიზიკური წონა | მოქმედი ნივთიერება | ფიზიკური წონა | ||
აზოტიანი სასუქები | N90-120
P90-120
K45-60
N60-90
P60-90
K30-45
N60-90
P60-90
K30-45
N60-90
P60-90
K30-45 |
N90-120
P90-120
K45-60
N90-120
P90-120
K45-60
N90-120
P90-120
K45-60
N90-120
P90-120
K45-60 |
|||
1 | ამონიუმის გვარჯილა N 36% | 180-270 | 270-350 | ||
2 | სულფატამონიუმი N 20% | 300-450 | 450-600 | ||
3 | შარდოვანა N 46% | 130-200 | 195-260 | ||
ფოსფორიანი სასუქები | |||||
4 | სუპერფოსფატი, ფხვნილისებრი
P 18% |
330-500 | 500-660 | ||
5 | სუპერფოსფატი, გრანულები
P 20% |
300-450 | 450-600 | ||
6 | ორმაგი სუპერფოსფატი
P 45% |
130-200 | 200-260 | ||
7 | სამმაგი სუპერფოსფატი
P 54% |
110-165 | 165-220 | ||
კალიუმიანი სასუქები | |||||
8 | კალიუმის მარილი | 71-110 | 110-150 | ||
რთული სასუქები | |||||
9 | დიამფოსკა N10 P16 K16 | 230-345 | 345-460 | ||
10 | Nნიტროამაფოსკა N16 P16 K16 | 375-560 | 560-750 |
ოთარ ლიპარტელიანი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპოდენტი, დარგობრივი და სახელმწიფო პრემისს ლაურიატი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, პროფესორი.
ფილარეტ ბეგოიძე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის სპეციალისტი სოფლის მეურნეობის დოქტორი.
ლია ქირიკაშვილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის მთავარი კონსულტანტი სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი.