ხორბლის კომერციალიზაცია

ქართველი ხალხის ძირითად სასურსათო კულტურას ხორბალი წარმოადგენს, რომელზედაც იხარჯება საშუალო ფენის მოსახლეობის შემოსავლის 25%. ისტორიულად საქართველო პურის და ღვინის, ანუ ხორბლის და ვაზის ქვეყანაა. ორივე საკრალური კულტურაა და არცერთი საეკლესიო დღესასწაული მათ გარეშე არ იმართება. მოსახლეობის პურზე ასეთი დიდი მოთხოვნილებაც დაკავშირებულია ამ კულტურის განვითარების ისტორიასთან.

ქართველი ხალხი თითქმის 10 ათასი წელია ქმნის ხორბლის მრავალფეროვან გენეტიკურ მასალას და აწვდის მსოფლიოს უნიკალურ შესაძლებლობებს, შექმნას გამძლე და ხარისხიანი ჯიშები. მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში მოჰყავთ 14 სახეობა, რომელთაგან 5 ვიწრო ენდემურია და ასეთი სახით არსად მოიპოვება. ყველა ენდემური სახეობა ხასიათდება განსაკუთრებული თვისებებით, რომლითაც გამოირჩევა ყველა სხვა სახეობებიდან. ხორბალი ჩელტა ზანდური და ჰექსაპლოიდური ზანდური (ჟუკოვსკი) ხასიათდება სოკოვანი დაავადების მიმართ ფენომენალური კომპლექსური იმუნიტეტით, მარცვალში მაღალცილიანობით და პურცხობის მაღალი ხარისხით. ენდემური სახეობა კოლხური ასლი ხასიათდება ნაცრის სხვადასხვა რასისადმი გამძლეობით. ხორბალი მახა ხასიათდება მცენარეზე ფოთლების დიდი მასის განვითარებით, ღეროს სიმტკიცით და კარგად იტანს ჭარბ ტენიანობას. უხსოვარი დროიდან ხორბალს ქართველი ხალხი იყენებდა, როგორც წამალს მრავალი დაავადების საწინააღმდეგოდ. 2016 წელს გერმანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც მიუთითებენ, რომ მომავალში ადამიანებმა ზანდურის პურით უნდა იკვებონ. ქართველი ხალხის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის ხორბლის კულტურას, რომლის ფორმებიც უძლებს ზამთრის მკაცრ პირობებს და თოვლის პირობებშიც კი არ ღივდებოდა თავთავში და ინახებოდა გაზაფხულამდე. შემდეგ კი ხალხი აგროვებდა და სათესლედ იყენებდა. ამიტომ წერდა შაჰ-აბასი: „შევედი საქართველოში, ყველაფერი გავანადგურე, გადავწვი ხორბალი, ავჩეხე ვაზი და ხალხი მაინც ვერ ამოვწყვიტეო“.

ქართველი ხალხი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა ხორბალს. ამ სახელით არც კი მოიხსენიებდა და ყოველთვის მას პურს უწოდებდა — „პურის ყანა“, „დედას პური“. ტრადიციებმა და ხორბლის სიყვარულმა შეგვაძლებინა, რომ 1970-იან წლებში საქართველო ხორბლის მოსავლიანობით ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 4.5 ტ/ჰა-ს აღწევდა. მიუხედავად წარმატებისა, მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველო გადაეყვანა სამხრეთული კულტურების წარმოებაზე და მთლიანად შეზღუდა ხორბლის წარმოება. ამას დაემატა აქტიური პროპაგანდა ხორბლის დაბალ შემოსავლიანობაზე და გლეხმა დაკარგა ინტერესი ამ მეტად მნიშვნელოვანი კულტურისადმი. სამწუხაროდ, ყველამ დაივიწყა, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცნობიერებაში პურზე ხელმისაწდომლობა სტაბილურობის და კეთილდღეობის ძირითადი განმსაზღვრელი კრიტერიუმია.

დემოგრაფების მონაცემებით პლანეტის მოსახლეობა თავისი არსებობის მანძილზე 18-ჯერ და მეტად გაიზარდა. ყოველ მომდევნო ეტაპზე ზრდის ტემპი გაცილებით უფრო მაღალია. მოსახლეობის პირველ გაორმაგებას 600 წელი დაჭირდა, მეორეს — 220. პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მკვლევართა მონაცემებით უახლოეს 40 წელიწადში სახნავი სავარგულების ფართობი სავარაუდოდ განახევრდება. დღეისათვის სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნილება ბევრად უსწრებს მის წარმოებას. ამიტომ მსოფლიოს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა არამარტო აგრარული დარგის სპეციალისტთა ზრუნვის საგანია, არამედ დემოგრაფების, სოციოლოგების და პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშია.

შექმნილი მდგომარეობის ანალიზი აუცილებელს ხდის საქართველომ, როგორც აგრარული დარგის უძველესი ტრადიციების ქვეყანამ, უზრუნველყოს ძირითად სასურსათო კულტურებზე მოსახლეობის მოთხოვნილების ძირითადი დაკმაყოფილება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ხორბლის კულტურის წარმოების სწორი და გეგმაზომიერი განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის 60-70%-ით დაკმაყოფილებას. ამ პროგრამის შესრულება სრულიად შესაძლებელია, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ გამოუყენებელია დაახლოებით 200-300 ათასი ჰა. გარდა ამისა, მემინდვრეობა და მეცხოველეობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგებია, რომელთა განვითარება დამოუკიდებლად შეუძლებელია, ამ საქმეში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხორბლის კულტურა.

ქვეყანაში ხორბლის კულტურის კომერციალიზაცია უზრუნველყოფს: 1. ფერმერული და გლეხური მეურნეობების შემოსავლების გაზრდას; 2. მეცხოველეობის დარგის განვითარებას; 3. კულტურათა მოსავლიანობის ამაღლებას; 4. კოოპერატიული საზოგადოებების შექმნას;

ხორბლის კომერციალიზაცია გულისხმობს: უნარჩენო წარმოებას; სათესლე და სასურსათო მასალის წარმოებას; სასაწყობო მეურნეობის განვითარებას; წისქვილკომბინატების და საცხობების მოწყობას; ფერმერული მეურნეობის მოწყობას; კოოპერაციული ამხანაგობების განვითარებას;

ხორბლის კომერციალიზაციის პირველი ეტაპია უნარჩენო წარმოება. იგი გულისხმობს ხორბლის აღების შემდგომ ჩალის და სხვა ნარჩენების ისევ უკან ნიადაგში დაბრუნებას. ეს პროცესი დაკავშირებულია აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ ზონაში მულჩის სახით ტენდაგროვებასთან. დაქუცმაცებული ჩალა და ნარჩენი ორ თვეში იძლევა წონის 70% ორგანულ მასას, რაც მომდევნო კულტურის მოსავლიანობის გაზრდის გარანტიაა. ასევე გამორიცხავს მინდვრის გადაწვას, რაც მკვეთრად ამცირებს საკვებ ელემენტებს და ანადგურებს ნიადაგის ცოცხალ მიკროფლორას.

კომერციალიზაციის მეორე ეტაპია მოსავლის მიზნის სწორი დაგეგმვა. აქ ორი მომენტია. ერთი: თუ სათესლე ნაკვეთებია, მაშინ ყურადღება ექცევა ჯიშურ სიწმინდეს და მარცვლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. პროცესი რთულია და თუ ფერმერი ვერ ერკვევა მეთესლეობის საკითხებში, შესაძლებელია მოგების ნაცვლად წააგოს. ამიტომ თესვამდე კარგად უნდა გაერკვეს და შეიძინოს ისეთი თესლი, რომლის შემდგომი გაყიდვაც არ გაუჭირდება. მეორე მომენტია სასურსათო თესლის წარმოება. აქ მთავარია მარცვლის ხარისხობრივი მაჩვენებლები, განსაკუთრებით წებოგვარა. ნაკლები წებოგვარის და ცილის შემთხვევაში წისქვილკომბინატები პროდუქციას არ ჩაიბარებენ. ასეთი ხარისხის პროდუქციის მიღება მოითხოვს ზედმეტ ხარჯებს. სწორად დაგეგმილი და ჩატარებული აგროტექნიკური ღონისძიებები გარანტირებულად უზრუნველყოფს მაღალ შემოსავალს.

კომერციალიზაციის მესამე ეტაპი გულისხმობს მეორე ეტაპზე მიღებული მოსავლის გაწმენდას და დახარისხებას. დაუშვებელია მიღებული მოსავლის მინდვრიდან ან საწყობიდან გაუწმენდავად და დაუხარისხებლად გაყიდვა. ამის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ გაწმენდის შემდეგ რჩება მოსავლის 25-30%, რომლის გამოყენებაც შეიძლება: 1. ფერმერული მეურნეობის მოსაწყობად; 2. კომბინირებული საკვების დასამზადებლად. ორივე შემთხვევაში შემოსავლები საგრძნობლად იზრდება. აქ გვაქვს შესაძლებლობა ფერმერული მეურნეობა დავგეგმოთ ჩვენი ფართობების მიხედვით ან, შეიქმნას ამხანაგობა მოსაზღვრე ფერმერთან. ასეთივე ამხანაგობა შეიძლება შეიქმნას საკვების წარმოების დროსაც.

კომერციალიზაციის მეოთხე ეტაპია წინა სამუშაოების გათვალისწინებით სასაწყობო მეურნეობების მოწყობა. აქაც მნიშვნელოვანია ფართობების გათვალისწინებით დაიგეგმოს საკმარისი რაოდენობის საწყობი ან მოხდეს კოოპერატიული ერთიანი დიდი საწყობის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს წლის განმავლობაში თესლის შენახვას.

კომერციალიზაციის მეხუთე ეტაპი მნიშვნელოვანია, როგორც დიდი, ისე მცირე მწარმოებლისთვის. მცირე მწარმოებელს შეუძლია თვითონ გახსნას საცხობი და წლის განმავლობაში უზრუნველყოს ოჯახი შემოსავლით. ხორბლის დიდი მწარმოებლისთვის უმჯობესია ხელშეკრულება დადოს ფქვილის ან ხორბლის მიწოდებაზე და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.

გასათვალისწინებელია, რომ მეცხოველეობის დარგის განვითარებით, ფერმერს შეუძლია აწარმოოს ორგანული მასა, რომელიც საშუალებას მისცემს შეამციროს მოყვანის ხარჯები და გაზარდოს მოსავლიანობა. ეს კიდევ ერთი მყარი შემოსავლის წყაროა.

კომერციალიზაციის დამაგვირგვინებელი ეტაპია კოოპერატიული ამხანაგობების ჩამოყალიბება. ყველასათვის ცნობილია, რომ დიდ ფართობებზე მოსავლის მიღება გაცილებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პატარა ფართობებზე, იაფი და ხარისხიანი პროდუქციის მიღება კი შემოსავლების გაზრდის ყველაზე კარგი საშუალებაა. სამწუხაროდ, საქართველოში კოოპერატივების განვითარება ნელა მიმდინარეობს, რაც გამოწვეულია ძველი გამოცდილების უნდობლობით, ამის გადალახვა კი შესაძლებელია სახელშეკრულებო სისტემაზე გადასვლით. წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულება უნდა იყოს გარანტი, რომელიც ადამიანებში აღადგენს ნდობას და მივიღებთ კონკურენტუნარიან, იაფ და მაღალხარისხიან პროდუქციას.

ამის გარანტიას იძლევა ქართველი ხალხის ტრადიციები, რომლებიც წარმატებით იყენებდნენ ნადს, ულამს, თემს და გასაჭირში თანადგომით გაჰქონდათ თავი.

გულნარ ჩხუტიაშვილი, სმმ დოქტორი

ცოტნე სამადაშვილი, პროფესორი;