აგროსიახლეები

8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა

საკუთარი კულტურული იდენტობის გასაძლიერებლად საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. 

ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ქვეყანაში ახალი ოფიციალური თარიღი დაწესდა.

8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

„ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით:

ა) დაწესდეს „ღვინის ეროვნული დღე“;

ბ) „ღვინის ეროვნული დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 8 მაისს“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 12 თებერვლით თარიღდება.

ამგვარად, 8 მაისის „ღვინის ეროვნულ დღედ“ გამოცხადება არა მხოლოდ სიმბოლური აქტია, არამედ მიზნად ისახავს ქართული ღვინის, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული იდენტობის ამ განუყოფელი ნაწილის დაფასებასა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებას.