როგორ დავიცვათ თავი გველებისგან
საქართველოში რამდენიმე სახეობის ქვეწარმავალი გავრცელებული, რომელთა შხამი ადამიანისთვის ძალიან საშიშია. ჩვენი ფერმერებისთვის, რომელთა მეურნეობებიც იმ ტერიტორიებზეა, სადაც შხამიანი ქვეწარმავლები ბინადრობენ, ვფიქრობ, ეს სტატია საჭირო და საინტერესო იქნება.
გველი ადამიანს თავს არ ესხმის. ის იკბინება თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს , შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას დაუპირებს, ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალყელიანი ჩექმა, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.
არა მარტო მოსახლეობაში, სამედიცინო წრეებშიც კი გავრცელებულია არასწორი, მცდარი შეხედულებები პირველი დახმარების შესახებ, ამიტომ ჯერ იმაზე შევჩერდეთ, რაც არ უნდა გაკეთდეს გველის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევაში:
არ უნდა გაკეთდეს კანის გრძელი, ლამპასისებური განაკვეთი;
არ უნდა გაკეთდეს ჯვარედინი განაკვეთი;
არ უნდა გაკეთდეს ცირკულარული განაკვეთი;
არ უნდა ამოვწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით (ამ გზით გამოდის შხამის მხოლოდ 20-30%, სამაგიეროდ, საფრთხე ექმნება დამხმარე პირს);
არ უნდა დაედოს ლახტი;
დაკბენილს არ უნდა მიეცეს ალკოჰოლი – კონიაკი, არაყი, სპირტი;
არ უნდა მოხდეს ნაკბენის ირგვლივ კალიუმის პერმანგანატის ხსნარის შეყვანა.
რა უნდა გაკეთდეს!
დააწვინეთ ავადმყოფი და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.
დაუფიქსირეთ ნაკბენი კიდური არტაშანით ან მსგავსი სახელდახელო საშუალებით (ორ სახსარზე).
ნაკბენ ადგილას ხელით ფართოდ, ნაოჭებით მოზიდეთ კანი და ხელის მოძრაობით “გამოწველეთ”. ჭრილობა პირს დააღებს და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე – ლიმფა.
ასვით დაკბენილს შეძლებისდაგვარად ბევრი წყალი.
თუ გაქვთ, გაუკეთეთ შრატი.
საველე პირობებში, თუ უახლოეს საავადმყოფომდე შორია ან გადაყვანა სხვა მიზეზით არის შეუძლებელი, დასაშვებია, ნაკბენის გვერდით გაკეთდეს 1-2 სმ სიგრძის განაკვეთი კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სიღრმეზე.
დაკბენილი დააწვინეთ საკაცეზე ან მსგავს სახელდახელო მოწყობილობაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საავადმყოფოში.
ზაფხულში განსაკუთრებით დიდია საფრთხე, გველმა ან მორიელმა დაგვკბინოს. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? ამაზე სასაუბროდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტ-ტოქსიკოლოგს, ევროპის კლინიკურ ტოქსიკოლოგთა და ტოქსიკოლოგიის ცენტრების ასოციაციის ნამდვილ წევრს, თსსუ-ის ას. პროფესორ თემურ კობიძეს ვეწვიეთ.
_ ბატონო თემურ, არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები გველისგან დაკბენილთა შესახებ? საერთოდ, რამდენად არის გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე შხამიანი გველები?
_ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შხამიანი გველები ყოველწლიურად კბენენ 500 000 ადამიანს. ამათგან 50 000 კვდება. დსთ-ის ტერიტორიაზე შხამიანი გველის 58 სახეობაა გავრცელებული. 10 მათგანი ადამიანისთვის სახიფათოა. საქართველოში გავრცელებულია გველის 20 სახეობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ოთხი ოჯახის – გველბრუცასებრთა, მახრჩობელასებრთა, ანკარასებრთა და გველგესლასებრთა – ათ გვარში. ამათგან შხამიანია ოთხი სახეობა: ველის გველგესლა (Vიპერა ურრსინი); ცხვირრქოსანი გველგესლა (Vიპერა Aმმოდყტეს); კავკასიური გველგესლა (V. Kაზნაკოვი) და გიურზა. გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 ადამიანი ხვდება, ძირითადად – შუა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრნი. მოზრდილთა სიკვდილიანობა კობრისა და გიურზას ნაკბენის შემდეგ 8-15%-ია, ასპიტის ნაკბენის შემდეგ – 2-12%, ბავშვებისა კი უფრო მაღალი – 25%. ასაკობრივად გველის ნაკბენი ყველაზე ხშირია 20-50 წლის ასაკში – 57%, ბავშვებში კი 30%-ია.
_ როგორ დავიცვათ თავი გველებისგან?
_ გველი ადამიანს თავს არ ესხმის. ის იკბინება თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს, შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას დაუპირებს, ამიტომ
პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალყელიანი ჩექმა, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.
_ როგორ გამომუშავდება გველის შხამი?
_ შხამი გამომუშავდება და ინახება სპეციალურ ალვეოლურ-მილაკოვან ჯირკვლებში. მათი ზომა ზოგჯერ გველის სხეულის ნახევარსაც კი უტოლდება. კბენის დროს შხამი ჯირკვლების სადინარებიდან ან კბილის არხებიდან გამოდის. კბილები 1-1,5სმ სიგრძისაა. შხამიანი კბილები მოძრავია. გველის დახურულ პირში ისინი ჰორიზონტალურად არის განლაგებული, პირის გაღების ან კბენის დროს კი ვერტიკალურ მდგომარეობას იღებს. გველის შხამი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რთული კომპლექსია. მასში შედის პროტეინები, ლიპოპროტეინები, ჰექტონები, მუცინი და მუცინის მსგავსი ნივთიერებები, მარილები, მიკროელემენტები, პურინის ფუძეები, ეპითელური უჯრედები.
_ როგორია გველის შხამით მოწამვლის სიმპტომები?
_ მოწამვლის სიმპტომები ძალზე მრავალფეროვანია. ეს იმიტომ, რომ არაფერმენტული ცილების, პოლიპეპტიდებისა და ფერმენტების თანაფარდობა არამცთუ სხვადასხვა სახეობის – თვით ერთი სახეობის გველების შხამშიც კი სხვადასხვანაირია. მოქმედი ნივთიერების შემცველობის მიხედვით გველის შხამები იყოფა 2 ძირითად ჯგუფად:
1. ჰემოვაზოტოქსიკურებად (ასპიტთა და ჩხრიალა გველების შხამები);
2. ნეიროტოქსიკურებად (კობრის შხამი).
ასპიტების მთავარი არაფერმენტული ტოქსინი ვიპეროტოქსინია, ჩხრიალა გველებისა კი კროტატოქსინი. ამ გველების შხამებს ჰემოკოაგულაციური თვისება აქვთ. ასპიტებისა და ჩხრიალა გველების შხამების ჰემოკოაგულაციური ეფექტი იწვევს თრომბოჰემორაგიულ ან დეფიბრინაციულ-ფიბრინოლიზურ სინდრომს. ეს სისხლის დისემინირებული შედედების სინდრომის განვითარებას ნიშნავს, რაც კბენიდან 1-3 საათის განმავლობაში ხდება. მრავალ ავტორს მიაჩნია, რომ ასპიტებისა და ჩხრიალა გველების შხამით მოწამვლის პათოგენეზში ჰემოკოაგულაციური მოქმედება უმთავრეს როლს ასრულებს და სიკვდილის მთავარი მიზეზია. ასპიტებისა და
ჩხიალა გველების შხამით მოწამვლის პათოგენეზში დიდ როლს ასრულებს აგრეთვე მისი ჰემოლიზური მოქმედება. შხამი ძირითადად ლიმფური გზით ვრცელდება. შესაძლოა, სისხლის ნაკადისა და ნერვული ბოჭკოების გზითაც გავრცელდეს. ორგანიზმიდან შხამი გამოდის კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის, თირკმელებისა და გარე სეკრეციის (სარძევე) ჯირკვლების საშუალებით
. გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველაზე საშიშია გველის კბენა კისერზე, სახეზე, თავის თმიან ადგილებზე. რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები. ასპიტებისა და ჩხრიალა გველების ნაკბენ ადგილას იმწამსვე აღმოცენდება ძლიერი ტკივილი.
რამდენიმე საათის შემდეგ ტკივილი აუტანელი ხდება. კბენიდან სულ რამდენიმე წუთში ვითარდება მთელი კიდურის ჰემორაგიული შეშუპება, რომელიც ხშირად ტანზეც გადადის. კანი კიდურსა და მთელ სხეულზე მოლურჯო ან რუხ ფერს იღებს. ნაკბენთან ხშირად წარმოიქმნება ჩირქგროვა ან ჩირქიანი მუწუკი, რომელიც შემდეგ დაწყლულდება და ძალიან ძნელად ხორცდება. ნაკბენის ირგვლივ ჩნდება ბუშტუკები სეროზული ან სისხლიანი შიგთავსით და ჰემორაგიები. ნელ-ნელა ისინი მთელ კიდურსა და სხეულს მოედება და თან ახლავს ლიმფანგოიტი და ლიმფადენიტი.
თუ ნაკბენმა დააზიანა ვენა, მეტადრე – მისი ვარიკოზული გაგანიერების ადგილი და შხამი დიდი რაოდენობით მოხვდა პირდაპირ სისხლში, ზოგადი მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ადამიანი ადგილობრივი სიმპტომების გამოვლენამდე კვდება. მოწამვლის ზოგადი ნიშნებია ძილიანობა, სისუსტე, თავბრუხვევა, გულის წასვლა.
ზოგჯერ ჭარბობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების სიმპტომები. იწყება გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავს იჩენს ცხელება, მერე – შემცივნება, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, ქოშინი, ციანოზი, პირის სიმშრალე და სიმწარის შეგრძნება, იშვიათად – ქუთუთოების ფთოზი, მხედველობის შესუსტება ან სიბრმავე, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თვალების მჭრელი ტკივილი. თანდათან ვითარდება კოლაპტოიდური მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, გულის უკმარისობა, რასაც მძიმე შემთხვევებში სიკვდილი მოსდევს. კობრის ნაკბენს, ასპიტების ნაკბენის მსგავსად, თან ახლავს მწველი ტკივილი, იმ განსხვავებით, რომ სწრაფად, რამდენიმე საათში გაივლის.
შეშუპება უფრო სუსტად არის გამოხატული და უფრო ნაკლებად ვრცელდება, ვიდრე ასპიტისა და ჩხრიალა გველების კბენის დროს. კანის ფერი არ იცვლება. ჭრილობიდან ერთხანს მოედინება სისხლიანი სითხე, შემდეგ კი ის ქერქით იფარება. ინტოქსიკაცია ელვისებურად, თითქმის კბენისთანავე იწყება. თავს იჩენს სისუსტე, შფოთვა, მოძრაობის კოორდინაცია ირღვევა, სიარული მერყევი ხდება. ამას მოჰყვება გულისრევა, სლოკინი, ღებინება, ყლაპვის გაძნელება, ნერწყვდენა, სუნთქვის მოშლა. კიდურების დამბლა იწყება კბენის ადგილიდან (უმეტესად ეს არის ქვედა კიდურები), ვრცელდება ზევით, გადადის ტანსა და სახეზე. ქუთუთოები და ქვედა ყბა ჩამოშვებულია, თვალების მოძრაობა – მოშლილი. მეტყველება ჯერ გაუგებარია (ლუღლუღი), შემდეგ კი აფონიური ანუ უხმო. ვითარდება გულის უკმარისობა, უნებლიე შარდვა და უნებლიე დეფეკაცია. ავადმყოფი შესაძლოა მოკვდეს სუნთქვის გაჩერებით კბენიდან 2-7 საათის შემდეგ.
_ რით შეიძლება გართულდეს გველის ნაკბენი?
_ გველის ნაკბენი შეიძლება გართულდეს სეფსისით, რბილი ქსოვილების ნეკროზით, კიდურთა განგრენით, ძნელად შეხორცებადი წყლულებით. მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს:
კანის აქერცვლა და ნაფლეთებად ჩამოფცქვნა (სავარაუდოდ, შხამების ტროფიკაზე ზემოქმედების შედეგად);
ყრუ ტკივილები;
თრომბოფლებიტი;
ნაკბენი ადგილების დაწყლულება (კბენიდან რამდენიმე წლის შემდეგ);
იმპოტენცია და უნაყოფობა;
მეორეული ანემია;
ალოპეცია;
ნერვების მეორეული დამბლა;
კუნთების ატროფია.
_ როგორ ვუმკურნალოთ გველის ნაკბენს?
_ არა მარტო მოსახლეობაში, სამედიცინო წრეებშიც კი გავრცელებულია არასწორი, მცდარი შეხედულებები პირველი დახმარების შესახებ, ამიტომ ჯერ იმაზე შევჩერდეთ, რაც არ უნდა გაკეთდეს:
არ უნდა გაკეთდეს კანის გრძელი, ლამპასისებური განაკვეთი;
არ უნდა გაკეთდეს ჯვარედინი განაკვეთი;
არ უნდა გაკეთდეს ცირკულარული განაკვეთი;
არ უნდა ამოვწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით (ამ გზით გამოდის შხამის მხოლოდ 20-30%, სამაგიეროდ, საფრთხე ექმნება დამხმარე პირს);
არ უნდა დაედოს ლახტი;
დაკბენილს არ უნდა მიეცეს ალკოჰოლი – კონიაკი, არაყი, სპირტი;
არ უნდა მოხდეს ნაკბენის ირგვლივ კალიუმის პერმანგანატის ხსნარის შეყვანა.
რა უნდა გაკეთდეს!
დააწვინეთ ავადმყოფი და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.
დაუფიქსირეთ ნაკბენი კიდური არტაშანით ან მსგავსი სახელდახელო საშუალებით (ორ სახსარზე).
ნაკბენ ადგილას ხელით ფართოდ, ნაოჭებით მოზიდეთ კანი და ხელის მოძრაობით “გამოწველეთ”. ჭრილობა პირს დააღებს და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე – ლიმფა.
ასვით დაკბენილს შეძლებისდაგვარად ბევრი წყალი.
თუ გაქვთ, გაუკეთეთ შრატი.
საველე პირობებში, თუ უახლოეს საავადმყოფომდე შორია ან გადაყვანა სხვა მიზეზით არის შეუძლებელი, დასაშვებია, ნაკბენის გვერდით გაკეთდეს 1-2 სმ სიგრძის განაკვეთი კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სიღრმეზე.
დაკბენილი დააწვინეთ საკაცეზე ან მსგავს სახელდახელო მოწყობილობაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საავადმყოფოში.
_ რას წარმოადგენს გველის საწინააღმდეგო იმუნური შრატი და როდის უნდა იქნეს ის გამოყენებული?
_ გველის საწინააღმდეგო იმუნური შრატი არის ანტისხეულთა იმუნოგლობულინების (lgG) კომპლექსი ასპიტების ვიპეროტოქსინის ან ჩხრიალა გველების კროტატოქსინის მიმართ. მასში შედის სხვა ცილები და ოლიგოპეპტიდებიც (ალბუმინები, ალფა და ბეტა გლობულინები, IgM და სხვა), ამიტომ მის შეყვანას შესაძლოა სერიოზული გართულებები – დაუყოვნებელი ან შენელებული ალერგიული რეაქცია მოჰყვეს. შრატი არ შეიძლება “პროფილაქტიკისთვის” დაინიშნოს, თუ მოწამვლის სიმპტომები სუსტია. შრატი შეჰყავთ მხოლოდ შხამის სისტემური მოქმედების ნიშნების გამოვლენისას, – ისეთებისა, როგორიც არის ცნობიერების დათრგუნვა, ნაკბენი ადგილის მზარდი შეშუპება ანტიჰისტამინური პრეპარატების მოქმედების, იმობილიზაციისა და სიცივის მიუხედავად. ნებისმიერი, მათ შორის უცხოური წარმოების შრატის მიმართ ალერგიულმა რეაქციამ სიმძიმით შესაძლოა თვით გველის შხამის ტოქსიკურ ზემოქმედებასაც კი გადააჭარბოს, ამიტომ შრატის გაკეთებამდე დაკბენილს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს შესაბამისი პრეპარატები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს გართულების შესაძლებლობას. შრატის შეყვანის დროს აუცილებელია ვაკონტროლოთ:
ავადმყოფის ცნობიერება;
არტერიული წნევა;
გამონაყარი.
შრატის შეყვანის დროს ყოველთვის უნდა გვქონდეს:
მომზადებული და კათეტერიზებული მეორე ვენა;
ანტიჰისტამინური პრეპარატები;
ჰორმონები;
ვაზოპრესორები;
სასულე მილის საინტუბაციო ხელსაწყოები.
შრატის შეყვანის შემდეგ დაკბენილს ორი დღის განმავლობაში უნდა გაეწიოს სტაციონარული დაკვირვება.
_ როგორ რეაქციას იწვევს მორიელის ნაკბენი და რა საფრთხის მომტანია ის?
_ მოზრდილებსა და მოზარდებში მორიელის ნაკბენი უპირატესად ადგილობრივ ეფექტს იწვევს და სპეციალურ მკურნალობას იშვიათად საჭიროებს. 10 წლამდე ასაკის (განსაკუთრებით – 2-3 წლის) ბავშვებში მორიელის ნაკბენი ხშირად მიმდინარეობს მძიმე რეაქციებით და ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. მორიელის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის გახშირება, მიოკარდიუმის იშემია, მიდრიაზი, სუნთქვის გახშირება, გლიკემიის გაძლიერება, არტერიული წნევის მომატება, სალივაცია, ცრემლდენა, ბრონქების სეკრეციის გაძლიერება, შარდის ბუშტისა და ნაწლავების გლუვკუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვა და შესაბამისად მათი ხშირი დაცლა. ბავშვებში ძლიერდება ბრონქების სეკრეცია, შესაძლოა განვითარდეს ოპისტოტონუსი კუნთების ფასციკულაციით და ფიბრილაციით. ავადმყოფ ბავშვებს ხშირად ეწყებათ ცხელება, თვალების მცურავი მოძრაობები, უვითარდებათ მხედველობის მოშლა, ზოგჯერ კი დროებითი, გარდამავალი სიბრმავეც. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, მოსალოდნელია, თუმცაღა იშვიათი, გულის პროგრესირებადი უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა, შოკი და სიკვდილი. აღწერილია ფილტვების შეშუპების, კოაგულოპათიის, სისხლის დისემინირებული სისხლძარღვსშიდა შედედების, პანკრეატიტის, სიყვითლის შემთხვევები.
_ როგორ მკურნალობენ მორიელის ნაკბენს?
_ ნაკბენზე უნდა დავადოთ ყინულის ბუშტი. არ შეიძლება შხამის ამოწოვა, განაკვეთის გაკეთება. სტაციონარული მკურნალობა მოიცავს:
ტრანსფუზიოთერაპიას;
სიმპტომურ თერაპიას.
აგზნებისა და კრუნჩხვების კუპირებისთვის კეთდება დიაზეპამი. სპეციფიკური შრატის გამოყენების დროს ხშირია ანაფილაქსიური შოკი და შრატის დაავადება, ამიტომ სპეციფიკური შრატი კეთდება მხოლოდ მძიმე შემთხვევებში, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის სერიოზული მოშლილობის დროს. მორიელის შხამის სპეციფიკის გამო, საქართველოში მას არ იყენებენ – დასავლეთ საქართველოს მორიელების ნაკბენი ძირითადად ალერგიას იწვევს. ამ დროს ტარდება ანტიჰისტამინური საშუალებების ინექცია, ანაფილაქსიური შოკის დროს კი შოკის საწინააღმდეგო შესაბამისი მკურნალობა.
წყარო: mkurnali.ge