ნაყრიანობა ფუტკრის ოჯახის ბუნებრივი გამრავლების სახეა
ნიკო კეცხოველის პრემია 2018
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლა
ჭიათურის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივას, მომხდარიყო მეფუტკრეობისა და მეფუტკრეობის პროდუქციის პოპულარიზაცია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უკვე რამენიმე მეფუტკრე გამოეხმაურა.
გთავაზობთ სტატიას ფუტკრის ნაყრიანობაზე, რომელიც ეკოკლუბს დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანა ფშავის თემიდან მიაწოდეს.
ნაყრიანობა ფუტკრის ოჯახის ბუნებრივი გამრავლების სახეა. ფუტკრის ოჯახში, შესაძლოა, 50-60 ათასზე მეტი ფუტკარი იყოს. როცა ფუტკრის ოჯახში ახალგაზრდაა, ფუტკრის ოდენობა ძალიან დიდია და ამ დროს უკვე მოსალოდნელია ნაყრიანობა.
ახალგაზრდა ფუტკარი გამოყოფს ცვილსა და რძეს. თუ ფუტკარს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ცვილი და რძე დახარჯოს (აშენოს ფიჭა და კვებოს ბარტყი), მაშინ ოჯახში ყალიბდება ნაყრიანობის წინაპირობები.
საყრელი გუნდის სტრუქტურა ძირითადად შედგება ახალგაზრდა ფუტკრითა და ძველი დედით, თუმცა, შესაძლოა, იყოს ახალგაზრდა დედიანი ნაყარიც. ნაყრის გამოსვლამდე ფუტკრის მასა მაქსიმალური ოდენობით ითვისებს თაფლის მარაგს. ამის გამო, ფუტკარი ვერ ახერხებს მოხრას და, შესაბამისად, დანესტვრას (ამიტომაა, რომ ნაყარი ვერ ავლენს აგრესიას და მასთან მუშაობა უსაფრთხოა).
ნაყარი, რომელსაც ძველი დედა ჰყავს, გუნდად იკვრება (ძირითადად, ხის ტოტზე) და მისი გადაყვანა სასწრაფოდ უნდა შევძლოთ სკაში, სადაც წინასწარ ჩალაგდება ჩარჩოები (უმჯობესი იქნება, თუ რამდენიმე ჩარჩო იქნება ამოშენებული ანუ ე.წ. მშრალი, დანარჩენი _ ამოუშენებელი), რომელზეც ნაყარი სწრაფად იწყებს შენებასა და ახალი თაობის გამოყვანას.
ნაყრის წონა თუ 3 კილოგრამზე მეტია, ასეთ დროს, ახალ სკაში მოქცევისას გამოიყოფა მაღალი ტემპერატურა და ფიჭის ჩაქცევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვენტილაცია. ამას შევძლებთ იმით, რომ საფრენები (ძირითადი და დამატებითი) იქნება ბოლომდე გაღებული, სახურავიც, შესაძლოა, ნაწილობრივ დავახუროთ სკას. ნაყარს, როგორც ახალ ბიოლოგიურ მთლიანობას, აქვს ძალიან კარგი თვისება: ის სრულყოფილ ოჯახად ძალიან მალე იქცევა.
აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ნაყრიანობისას შესაძლოა, დავკარგოთ გუნდი (მეფუტკრე ყოველთვის ვერ მიაქცევს ყურადღებას გუნდის გამოსვლას), რაც მატერიალური ზარალია. ნაყარი სკიდან, ძირითადად, გამოდის მზიანი დღის პირველ ნახევარში. საფრენზე დედა მოუსვენრად მოძრაობს, რომელსაც ახალგაზრდა ფუტკრის გუნდი ეხვევა და იწყებს მზადებას გასაფრენად. თუ ნაყარი მაღალ ადგილად დაეკიდა, ჩათვალეთ, რომ დედა ახალგაზრდაა და ნაყრის ჩამოხსნისას სიფრთხილეა საჭირო: არ უნდა დაგვეკარგოს დედა და არ უნდა დაგვეფანტოს გუნდი. დაფანტული გუნდი ისევ შეიკვრება, თუმცა, უმჯობესია, გუნდი თავიდანვე დაუშლელად გადავიყვანოთ სკაში. გაითვალისწინეთ, რომ ნაყრიანი ტოტი უნდა მოიხერხოს ფრთხილად, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია გუნდის დაშლა.
ფუტკრის ნაყრიანობა პროდუქტული ივლისამდეა. მის მერე რთულია ნაყრის სრულფასოვან ოჯახად ჩამოყალიბება. ნაყრიანობა, შესაძლოა, გამოიწვიოს სკის სივიწროვემ, ფუტკრის დაავადებით, გარემო პირობების გაუარესებით (მაგალითად, ხანძრის დროს) და მას ბუნებრივ ნაყრიანობას ვერ ვუწოდებთ. ზოგჯერ, საფუტკრეს ნაყრიანობის „სოლიდარობა“ ახასიათებს. სკებიდან სტიქიურად გამოდიან ნაყრები, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ ფუტკარს ოდითგანვე თვითგადარჩენის ძლიერი ინსტიქტი აქვს. შესაძლოა, ის სიგნალები, რაც ბუნებრივ ნაყარს გააჩნია, სხვა, არასანაყრე ოჯახებს „მოეჩვენოთ“ თავდაზღვევისა და გაქცევის სიგნალად, ამიტომ კულტურულ მეფუტკრეობაში ოჯახებს ნაყრიანობამდე ხელოვნურად ყოფენ. ამით მეფუტკრე თავს იზღვევს გუნდის დაკარგვისა და სხვა გაუთვალისწინებელი შედეგებისგან.
მომზადებულია ნოდარ ტოხოსაშვილის (ეკობიჭის) მიერ.
დუშეთის მუნიციპალიტეტი, უკანა ფშავი ტელეფონი: 598 58 57 33
Facebook: Nodar Tokhosashvili ნოდარს აქვს მაღალი ხარისხის ალპური ზონის თაფლი, კილოგრამის ფასი 20 ლარი.