მინდვრის კულტურათა სათესლე მასალის სერტიფიცირება
საქართველოში დაიწყო მინდვრის კულტურათა სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების და მეთოდიკების შესაბამისად. სერტიფიცირების ახალი სისტემა დაფუძნებულია ეკონომიკური თანაშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მეთესლეობის სქემებზე, ინსპექტირების მეთოდიკებზე და თესლის ტესტირების საერთაშორისო ასოციაციის (ISTA) წესებზე.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ამაღლების ღონისძიებათა კომპლექსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ჯიშების და ჰიბრიდების მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის თესვა. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა დამოკიდებულია როგორც აგროტექნიკის დონეზე, ასევე ჯიშის ან ჰიბრიდის სწორ შერჩევასა და დასათესად გამოყენებული სათესლე მასალის ხარისხზე, თესლის ხარისხის დასადგენად კი საჭიროა ქვეყანაში იყოს გამართული სერტიფიცირების სისტემა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.
სელექციური ჯიში მყარად ინარჩუნებს თავის მემკვიდრულ თვისებებს მრავალ თაობაში, მაგრამ გამრავლების პროცესში თანდათანობით ეცემა მისი სამეურნეო-ბიოლოგიური თვისებები, მაგალითად მოსავლიანობა, ხარისხი, გამძლეობა და სხვა. ეს გამოწვეულია მექანიკური დასარევლიანებით, სხვა ჯიშების გადამტვერვით, დათიშვით, დაავადებებით, მუტაციების გამოვლინებით. ამიტომ მეთესლეობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს გასავრცელებლად დაშვებული მაღალპროდუქტიული და მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლების ჯიშებისა და ჰიბრიდების სათესლე მასალის დამზადება, მათთვის დამახასიათებელი სელექციური ნიშნების და თვისებების შენარჩუნება, რაც მაღალი მოსავლის მიღების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
ამრიგად, მეთესლეობა, როგორც სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგი, ემსახურება ჯიშებისა და ჰიბრიდების მაღალხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალით ფერმერული მეურნეობების უზრუნველყოფას. ის არის შუალედურ რგოლი სელექციასა და სოფლის მეურნეობის წარმოებას შორის.
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის არარსებობის გამო ხშირ შემთხვევაში ითესებოდა გაურკვეველი წარმომავლობისა და ხარისხის თესლი, რაც შემდგომში უარყოფითად აისახებოდა როგორც მოსავლიანობაზე, ასევე პროდუქციის ხარისხზე.
სათესლე მასალის სერტიფიცირება არის განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს, შეესაბამება თუ არა თესლი დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა ქვეყანაში ხელს შეუწყობს ფერმერთა უზრუნველყოფას მაღალხარისხიანი თესლით და დაიცავს სამომხმარებლო ბაზარს არაკეთილსინდისიერი რეალიზატორებისაგან და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან. სერტიფიცირების სისტემის არსებობისას ფერმერს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი ჯიშისა და ხარისხის თესლი, ხოლო მწარმოებელს აქვს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი — სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი პროდუქცია შეესაბამება ხარისხის მოთხოვნებს და დამზადებულია მეთესლეობის პრინციპების დაცვით, რაც გარკვეულ უპირატესობას აძლევს მას ბაზარზე არასერტიფიცირებულ თესლთან შედარებით. გარდა ამისა, სერტიფიცირების განხორციელებისას ჩატარებული პროცედურები დაეხმარება მეწარმეებს გამოცდილების გამდიდრებაში, რომელიც გამოიხატება პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფაში და თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების დანერგვაში.
იმისათვის, რომ მეთესლეობის ორგანიზაციამ სარეალიზაციოდ დაამზადოს რომელიმე ჯიშის თესლი და მასზე მიიღოს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი — სერტიფიკატი, საჭიროა ჯიშს გავლილი ჰქონდეს ოფიციალური გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე და შეტანილ იქნას გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების კატალოგში. თუმცა, ზოგიერთი კულტურის ჯიშები შესაძლებელია არ დაექვემდებაროს ასეთ გამოცდას და გამოიცადოს მხოლოდ ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობაზე და განსხვავებულობაზე, მაგალითად, ბოსტნეული კულტურები. გასავრცელებლად დაშვების მიზანია მაღალპროდუქტიული და მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ჯიშების გავრცელება ქვეყანაში.
სელექცია-მეთესლეობის სისტემა მოიცავს შემდეგ ძირითად რგოლებს:
1. სელექცია — ახალი ჯიშების და ჰიბრიდების მიღება.
2. გამოცდა სამეურნეო სარგებლიანობაზე — ახალი ჯიშების და ჰიბრიდების შეფასება სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატური ზონების მიხედვით.
3. ახალი ჯიშების გასავრცელებლად დაშვება და ეროვნულ კატალოგში შეტანა.
4. მეთესლეობა ფერმერულ თუ სხვა მეთესლეობის ორგანიზაციებში.
5. სათესლე მასალის სერტიფიცირება — სათესლე მასალის ჯიშობრივი და თესვითი ხარისხის შემოწმება და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა.
თესლის სერტიფიცირებისათვის მისი დამზადება უნდა წარიმართოს მეთესლეობის სქემების შესაბამისად. სქემები წარმოადგენს წესების, სტანდარტების, მითითებებისა და რეკომენდაციების ერთობლიობას, რომლებიც გამოიყენება გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების და მაღალი ხარისხის სათესლე მასალის დამზადებისა და სერტიფიცირებისათვის. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მეთესლეობის სქემები (OECD Seed Schemes) მოიცავს სქემებს ცალკეულ კულტურათა ჯგუფების მიხედვით და ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს მეთესლეობის ცალკეული საფეხურებისადმი.
მეთესლეობის სქემების მიხედვით სათესლე ნათესების მიმართ მინიმალურ მოთხოვნებში შედის:
ადგილი თესლბრუნვაში, საიზოლაციო მანძილი, დასარევლიანება, ჯიშობრივი სიწმინდე, სათესლე მასალის პარტიის მასა და სხვა.
უხვი მოსავლისა და მაღალხარისხოვანი თესლის მისაღებად მეთესლეობის ნაკვეთებზე უნდა გატარდეს მაღალ დონეზე შესრულებული აგროტექნიკური ღონისძიებები. სათესლე ნაკვეთებზე ყველა სამუშაო, დაწყებული თესვიდან, მოსავლის აღებისა და მისი გადამუშავების ჩათვლით, მეთესლეობისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად ტარდება. წინამორბედად უნდა შეირჩეს ისეთი კულტურები, რომელთა ბიოლოგიურ-მორფოლოგიურ სხვაობათა გამო ჯიშობრივი თუ სახეობრივი დასარევლიანება სრულად გამორიცხული იქნება.
სათესლე მასალის ხარისხი მოიცავს ჯიშობრივ და თესვით ხარისხს. ჯიშობრივი ხარისხი დგინდება სათესლე ნათესებში ჯიშობრივი სიწმიდისა და იდენტურობის განსაზღვრით რომელსაც ამოწმებს სერტიფიცირების ორგანოს მიერ წარგზავნილი სათანადოდ მომზადებული საველე ინსპექტორი. ჯიშობრივი სიწმინდე არის ძირითადი ჯიშის მცენარეების პროცენტული რაოდენობა სათესლე ნათესში, ხოლო იდენტურობის დადგენა ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ სათესლე ნათესი დათესილია დეკლარირებული ჯიშის სათესლე მასალით. საველე ინსპექტირება ტარდება იმ შემთხვევაში, თუ სათესლე მასალის დამამზადებელს აქვს სათანადო დოკუმენტაცია და სათესლე ნათესი სათანადო მდგომარეობაშია. საველე ინსპექტორი სათესლე ნათესში ამოწმებს, სრულდება თუ არა მეთესლეობის სქემებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სათესლე ნათესები, რომლებიც ექვემდებარება საველე ინსპექტირებას, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
თესლბრუნვების ისტორია უნდა იყოს ისეთი, რომ ჯიშობრივი, სახეობრივი თუ სხვა სახის დასარევლიანება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
უნდა იქნეს დაცული საიზოლაციო მანძილი, რათა არ მოხდეს არასასურველი გადამტვერვა.
სათესლე ნათესი საკმარისი მანძილით უნდა იყის გამოყოფილი სხვა ნათესებისაგან, რათა არ მოხდეს თესლის მექანიკური შერევა მოსავლის აღების დროს.
სათესლე ნათესი უნდა იყოს იზოლირებული თესლით გადამტანი დაავადებების წყაროსაგან სათესლე ნათესი უნდა იყოს სუფთა სარეველებისაგან, განსაკუთრებით იმ სარეველებისაგან, რომლებიც თესლის გაწმენდის დროს ძნელად მოსაცილებელია.
სათესლე ნათესი უნდა აკმაყოფილებდეს ჯიშობრივი სიწმინდის სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ნათესი არ უნდა იყოს ჩაწოლილი და მცენარეები უნდა იყოს ნორმალურად განვითარებული.
ჰიბრიდების სათესლე ნათესებისათვის მამა და დედა მშობელ ფორმებს შორის პროპორცია უნდა შეესაბამებოდეს სელექციონერის მიერ განსაზღვრულ პროპორციას. დედა მშობელი ფორმების კასტრაცია უნდა ხდებოდეს სათანადოდ.
სათესლე მასალის დამამზადებელმა უნდა მიაწოდონ სერტიფიცირების ორგანოს დეტალური ინფორმაცია თითოეულ სათესლე ნათესზე წინა წლებში დათესილი წინამორბედების შესახებ. თესლბრუნვაში მსგავს სახეობებს შორის დროის მინიმალური ინტერვალი უნდა შეესაბამებოდეს მეთესლეობის სქემებში მოცემულ მონაცემებს. ერთი და იმავე მინდორზე შეიძლება დაითესოს ერთი და იგივე ჯიშის უფრო დაბალი კატეგორიის თესლი.
სათესლე ნათესების საველე ინსპექტირების ვადები და ფაზები განისაზღვრება მეთესლეობის სქემებით დადგენილ მცენარეთა განვითარების ფაზების მიხედვით. მაგალითად, სულ მცირე ერთი ინსპექტირება უნდა ჩატარდეს ყვავილობის შემდეგ ხორბლის, ქერის, შვრიის სათესლე ნათესებში. სიმინდის ჯიშებისათვის საბაზისო და სერტიფიცირებული თესლის დასამზადებლად ჯიშობრივი სიწმინდის განსაზღვრისას უნდა ჩატარდეს სულ მცირე ერთი საველე ინსპექტირება. სიმინდის ჰიბრიდების საბაზისო და საჰიბრიდიზაციო სათესლე ნათესებისათვის ტარდება სულ მცირე სამი საველე ინსპექტირება.
სათესლე ნათესი, რომელიც ძლიერ დასარევლიანებულია, უნდა იქნეს დაწუნებული. დასარევლიანების დასაშვები დონე უნდა შეესაბამებოდეს მეთესლეობის სქემებში მითითებულ მოთხოვნებს, სათესლე მასალა თაობებთან დამოკიდებულებით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: „წინასაბაზისო“ თესლი (სუპერელიტა); „საბაზისო“ თესლი (ელიტა);
I და II თაობის „სერტიფიცირებული“ თესლი (რეპროდუქციული თესლი, I და II თაობის).
„წინასაბაზისო“ სათესლე მასალის დამზადება ხდება სელექციონერის ან ჯიშის შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით. მათ შესაბამისი სელექციური თუ მეთესლეობის მეთოდების გამოყენებით უნდა უზრუნველყონ ჯიშის ჯიშური ნიშან-თვისებების შენარჩუნება და ჰიბრიდების შემთხვევაში უნდა დაიცვან ჰიბრიდიზაციის ფორმულა.
როგორც თვითმტვერია, ისე ჯვარედინმტვერია ჯიშებისათვის სათესლე ნათესები ისე უნდა იყოს ერთმანეთისაგან დაცილებული, რომ მოსავლის აღების დროს არ მოხდეს თესლის მექანიკური შერევა. მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს ყველა იმ წესების დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს ჯიშობრივი და თესვითი ხარისხის შენარჩუნებას.
სათესლე მასალის ყოველი პარტია, რომელიც განკუთვნილია ტრანსპორტირებისთვის და რეალიზაციისათვის, უნდა იყოს დაფასოებული შესაბამის ტარაში და დალუქული. ტარას უნდა ჰქონდეს მიმაგრებული დადგენილი ფორმის ეტიკეტი. ეტიკეტზე ან ტარაზე უნდა მიეთითოს ინფორმაცია მის წარმომავლობაზე და ხარისხზე. ეტიკეტებზე დატანილ მონაცემებს განსაზღვრავს შესაბამისი სეტიფიცირების ორგანო. ქიმიურად ან ბიოლოგიურად დამუშავებული სათესლე მასალა უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობას და გარემოს უსაფრთხოებას.
ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული სათესლე მასალის პარტიების შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია ხდება დაფასოებულ მდგომარეობაში. კონტეინერებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი წარწერები და ასეთ თესლთან მოპყრობის წესების განმსაზღვრელი დოკუმენტები.
საველე ინსპექტირების შედეგებს ადასტურებს სერტიფიცირების სამსახურის მიერ მოწყობილი საკონტროლო გამოცდა, რომელიც ითესება სათესლე ნათესის დასათესად განკუთვნილი პარტიიდან აღებული თესლის ნიმუშებით. ამ შემთხვევაში საველე ინსპექტირების და საკონტროლო გამოცდის შედეგები ერთმანეთს ედარება. დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში შეისწავლიან მის თესვით ხარისხს.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა დამოკიდებულია როგორც ჯიშის ჯიშობრივ მახასიათებლებზე, ასევე სათესლე მასალის თესვით ხარისხზე, რომლის დადგენა ხდება თესლის ლაბორატორიული ანალიზის გზით. ის მოიცავს ანალიზური სიწმინდის, აღმოცენების უნარის, ტენიანობის, მავნებელ-დაავადებით დაზიანების და სხვა მახასიათებლების განსაზღვრას. თესლის თესვითი ხარისხის განსაზღვრისათვის სათესლე მასალის პარტიიდან საანალიზოდ იღებენ საშუალო სინჯს. სინჯის აღება ხდება სერტიფიცირების ორგანოს მიერ. ამ საქმისათვის გამოყოფილი ან დამოუკიდებელი სინჯის ამღების მიერ. თუ ლაბორატორიის ანალიზის შედეგები აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს, მაშინ სათესლე მასალის პარტიაზე სერტიფიცირების ორგანო გასცემს შესაბამის თესვითი ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს. შესაძლებელია გაიცეს თესლის ხარისხის ერთი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურების როგორც ჯიშობრივ, ასევე თესვით ხარისხს. კანონის — „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ თანახმად. სათესლე მასალაზე სერტიფიკატს გასცემს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი. ამ ეტაპზე საქართველოში სერტიფიცირება შესაძლებელია ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემაში. მისი განხორციელების შესაძლებლობა და უფლებამოსილება გააჩნია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს.
სათესლე მასალის სერტიფიცირების საფეხურები:
რეგისტრაცია — სათესლე მასალის დამამზადებელი წარადგენს განაცხადს სერტიფიცირების ორგანოში.
საკონტროლო გამოცდა — ტარდება ჯიშობრივი იდენტურობისა და სიწმინდის განსაზღვრისათვის, რომელსაც ახორციელებს სერტიფიცირების ორგანო.
საველე ინსპექტირება — მინდვრად ჯიშობრივი იდენტურობისა და სიწმინდის დადგენა. ახორციელებს სერტიფიცირების ორგანო საველე ინსპექტორის მეშვეობით.
სინჯის აღება დამზადებული სათესლე მასალის პარტიიდან საკონტროლო დანაყოფების გამოცდისა და თესლის ლაბორატორიული შემოწმებისათვის — ახორციელებს სერტიფიცირების ორგანოს თესლის ხარისხის ლაბორატორია ან კერძო აკრედიტებული ლაბორატორია დადგენილი მეთოდიკით.
სერტიფიკატის გაცემა — სერტიფიცირების ორგანოს მიერ ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და თესლის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა.
მირიან ჩოხელი,
თამარ ჯინჯიხაძე, ირინა თვაური