ნივრის მოვლა-მოყვანა და სხვა სასარგებლო რჩევები
ნიორი მოჰყავთ ერთწლიანი კულტურის სახით. როგორც წესი, იკეთებს ისარს, რომელზედაც ვითარდება ყვავილი, მიღებულ თესლს კი, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, გაღივების უნარი არ აქვს. აქვე ვითარდება აღმოცენების უნარის მქონე პატარა ზომის ვეგეტატიური საჰაერო კვიჭიჭები.
მიწაში წარმოქმნილი ნივრის ბოლქვი რთული ვეგეტატიური ორგანოა, რომელიც შეიცავს 4-30 კბილს, რომელსაც გასამრავლებლად და სასურსათოდაც იყენებენ. დასარგავად უმჯობესია მსხვილი კბილების გამოყენება, რადგან მათგან უფრო მსხვილი და სრული ბოლქვები მიიღება.
ნივრის მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს დარგვის დრო. შემოდგომით დარგული უფრო მაღალ მოსავალს იძლევა გაზაფხულზე დარგულთან შედარებით. თუ რაიმე მიზეზით შემოდგომაზე ნივრის დარგვა არ მოხერხდა, ამ შემთხვევაში ნიორი უნდა ინახებოდეს 4-00C -ზე და ადრე გაზაფხულზე უნდა დაირგას.
ადრე გაზაფხულზე რგვა 30-40 წელია ვეღარ ხერხდება, რადგან გასული საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში გავრცელდა ტიტას (ნივრის) ოთხფეხა ტკიპა, რომელიც დიდი ინტენსივობით მრავლდება და შენახვის დროს იწვევს ნივრის გაქრობას (გამოფიტვას) ისე, რომ იგი გაზაფხულს ვერ აღწევს. ამასთან, ამ მავნებელს გადააქვს ვირუსული დაავადება ხახვის მოზაიკა, რომელიც ამ კულტურის სათესლე მასალის (ვეგეტატიურის) გადაგვარების ძირითადი მიზეზია. ამან კი გამოიწვია ნივრის საღი სარგავი მასალის კატასტროფული შემცირება და ბაზარზე მისი დეფიციტი.
შექმნილი მდგომარეობიდან დროებითი გამოსავალი ნივრის სარგავი მასალის წარმოება და დამზადებაა მაღალმთიან (1700—2000 მ.ზ.დ.-დან) ზონებში იქ, სადაც ნივრის ოთხფეხა ტკიპა არ გვხვდება. თუმცა აქ გავრცელებულია ისრის მკეთებელი ჯიშები, რომლებიც დაბალი გემური და ტექნოლოგიური მაჩვენებლებით ხასიათდებიან და ამავე დროს დაბლობებზე ძლიერ ზიანდებიან სხვადასხვა დაავადებებით (ჟანგა, სიდამპლეები).
პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად აუცილებელია ქსოვილოვანი (მერისტემული) კულტურით ან ბიოლოგიური თესლის ლაბორატორიულად მიღების გზით ხახვის მოზაიკის ვირუსისაგან ნივრის სარგავი მასალის განთავისუფლება, რომელიც ძვირადღირებული და ორგანიზაციულადაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
ნივრის განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 10-25 გრადუსია და იგი საკმაოდ კარგი ყინვაგამძლეობით ხასიათდება.
ნიადაგი ნიორისათვის უნდა იყოს განოყიერებული, კარგად გადამწვარი საქონლის ნაკელით, რისთვისაც ერთ ჰა-ზე 50-60 ტონა შეაქვთ. გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ გადაუწვავი ან ცუდად გადამწვარი ნაკელი იწვევს ბოლქვიან მცენარეებში სიდამპლეებს. ამიტომ ნაკელი ან კარგად უნდა იყოს გადამწვარი, ან ისეთი წინამორბედი კულტურის (თავთავიანები, სიმინდი, მზესუმზირა და ა.შ.) ქვეშ უნდა შევიტანოთ, რომელიც ნაკლებად რეაგირებს ასეთ ნაკელზე.
ნივრის აგროტექნიკა. ნიორისათვის კარგი წინამორბედია პარკოსანი კულტურები, კიტრი, საადრეო კომბოსტო, თავთავიანები და სხვა. ხახვის თესვის შემდგომ იმავე ნაკვეთზე ნივრის დარგვა დაუშვებელია, რადგან ერთნაირი მავნებელ-დაავადებებით ზიანდება.
წინამორბედი კულტურის ანარჩენებისგან გასუფთავების შემდეგ ნაკვეთი უნდა მოიხნას, ორგანული სასუქების შეტანის შემდეგ აგვისტო-სექტემბერში, დარგვამდე დაიდისკოს და დაიფრეზოს, მინერალური სასუქების შეტანის (N40 P30 K40) შემდეგ დაიჭრას, დაბაძოვდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაირგოს.
დარგვის წინ ნივრის გადარჩეულ ბოლქვებს ანაწილებენ კბილებად. დასარგავად უმჯობესია გამოვიყენოთ მსხვილი კბილები. ნიორი უნდა დაირგოს შემოდგომაზე, ყინვების დაწყებამდე 35-40 დღით ადრე. ასეთ დროს დარგული ნიორი ზაფხულში დარგვების დაწყებამდე ასწრებს ბოლქვების დასრულებას და სარწყავებში ნანივრალი ნაკვეთი მეორე მოსავლის მისაღებად გამოიყენება.
ნიორი უნდა დაირგას მწკრივად ან ზოლებრივად. პირველ შემთხვევაში მწკრივთშორისი უნდა იყოს 30 სმ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 6-8 სმ. დარგვის წინ სასურველია ნიორის სარგავი მასალა მცირე ხნით ჩავასველოთ 3% ბენლატის ან ფუნდაზოლის და რომელიმე აკარიციდის (ომაიტი, ენვიდორი, თიოვიტ ჯეტი, ვერტიმეკი, ნეორონი და ა.შ.) ნაზავში. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩასველების მეთოდი იწვევს ნივრის სარგავი მასალის სრულ გაქერცვლას. ამდენად, უმჯობესია ამ ნაზავით მისი დატენიანება და გადანიჩბვა.
ჰექტარზე რგვის ნორმა განისაზღვრება კბილების სიმსხოთი და მცენარეთა საჰექტარო დგომით. საერთოდ, წვრილკბილა ნივრის ჯიშების რგვის ნორმა ნაკლებია (700-1200 კგ/ჰ), მსხვილკბილიანისა კი მეტი (1600-2500კგ/ჰ).
ნივრის ნარგაობაში ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ 50%-იან „გეზაგარდს” — 3-5კგ/ჰ ნიადაგს ასხურებენ კულტურის აღმოცენებამდე. ნივრის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად კი აუცილებელია 4-წლიანი თესლბრუნვის დაცვა.
ნიადაგის მავნებლებისა (მომღრღნელი ხვატრების, მავთულა და ცრუმავთულა ჭიების, ღრაჭების და ა. შ.) და ხახვის ბუზის წინააღმდეგ შეგვაქვს რომელიმე გრანულირებული ინსექტიციდი (5 ან 10%-იანი ბაზუდინი ან დურსბანი და სხვა) 50 კგ/ჰ რაოდენობით, ხოლო როცა ნიორი სიმაღლეში 10 სმ-ს მიაღწევს, საჭიროა 25%-იანი არივოს 0,16 ლ/ჰ,ან 2,5%-იანი დეცისის 0,15 ლ/ჰ, ან 5%-იანი კარატეს 0,1 ლ`ჰ, ან კონფიდორ მაქსის 0.04-0,05 კგ/ჰა შესხურება.
ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ აუცილებელია 30%-იანი ომაიტის 1-1,5 კგ/ჰ, ან ბი-58 ახალი 0.5-0.9 ლ`ჰა, ან ენვიდორის 0..2 ლ/ჰა, ან ვერმიტეკის 0.3-1.2 ლ/ჰა, ან ნეორონის 0.8-1 ლ/ჰა ანდა სხვა რომელიმე აკარაციდის შესხურება.
ბარის რაიონებში ნიორი ჩვეულებრივად ივნის-ივლისში შემოდის, მთაში — უფრო გვიან. ნიორი აღებული უნდა იქნას მშრალ ამინდში, როცა ფოჩი გამხმარია, ცრუ ღერო მორბილებული და მიწისაკენ დახრილი ან ჩაწეულია.
ამოთხრის შემდეგ ნიორს თავზევით ფოჩი უნდა წაეჭრას 3-5 სმ დაცილებით და გაშრეს.
ცუდად გამშრალ ნიორს გალებად დაწნულსაც ინახავენ.
გოდერძი გოდერძიშვილი,
სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების კოორდინატორი