საქართველოს აგროსაინჟინრო სექტორის სტაბილიზაციისა და განვითარების პრიორიტეტები
როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, აგროსაინჟინრო სფერო კი, მისი განვითარების თანამედროვე ეტაპზე, სოფლის მეურნეობის ძირეული რეფორმების ლოკომოტივია.
საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის საინჟინრო სფეროს აღდგენისა და განვითარებისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია საფუძვლიანად გადავხედოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის არსებულ სამანქანო ტექნოლოგიებს და მანქანათა კომპლექსებს, მათი განვითარების მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით. არსებული ტექნოლოგიით ჩვენში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია 5-ჯერ უფრო ენერგოტევადი და 4-ჯერ უფრო ლითონტევადია, ვიდრე აშშ-ში. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანაში გამოყენებული ტექნოლოგიები მრავალოპერაციული და მაღალხარჯიანია. ისინი სრულდება სპეციალიზებული ერთოპერაციანი სამანქანო აგრეგატებით. რაიმე მიზეზით ერთი რომელიმე ოპერაციის შეუსრულებლობაც კი მთლიანად პროცესის ჩავარდნას და პროდუქციის დანაკარგებს იწვევს. ტექნოლოგიებისა და მანქანათა კომპლექსების განვითარების თანამედროვე მსოფლიო ტენდენცია ისეთია, რომ ოპერაციების რაოდენობა ციკლების რაოდენობას უნდა გაუტოლდეს.
ისტორიულად არსებობდა მანქანების სამი თაობა: 1 — ტექნიკა, რომლის ფორმირება ხდებოდა კომპიუტერული ძრავის მქონე ტრაქტორებზე; 2 — ტექნიკა, რომელიც აგრეგატირდებოდა დრელის ძრავის მქონე ტრაქტორებზე, რომლებიც გამოიყენებოდა 50-იან წლებში; 3 — ჩქაროსნული აგრეგატები მაღალი ერთეული ენერგოაღჭურვილობით და მწარმოებლურობით, რომლებიც გამოიყენებოდა მიწათმოქმედებაში ინტენსიური ტექნოლოგიების ათვისებისათვის. ასეთი ტექნიკა მიეწოდება სოფლის მეურნეობას 70-იანი წლებიდან დღემდე. ხხჳ საუკუნეში მსოფლიო შევიდა მანქანების მეოთხე თაობით, რომლებიც განკუთვნილნი არიან მაღალი ტექნოლოგიების რეალიზაციისათვის და ხასიათდებიან რიგი კონსტრუქციული და ექსპლუატაციური თავისებურებებით. კერძოდ, აქვთ ადაპტაციის თვისება, ე.ი. ეგუებიან მცენარის გაბარიტებს, და აგროლანდშაფტს, ცვალებად დინამიკურ და კინემატიკურ პარამეტრებს, სერვისის ინფრასტრუქტურას, შრომის ორგანიზაციის ცვალებად პირობებს და წარმოების ტექნოლოგიას. ისინი დაპროექტებული და აწყობილი არიან ბლოკ-მოდულური პრინციპის საფუძველზე, ე.ი შედგებიან უნიფიცირებული ბლოკებისა და მოდულებისაგან და შეუძლიათ ერთი გავლით შეათავსონ რამდენიმე ტექნოლოგიური ოპერაციის შესრულება, ანდა, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნან როგორც ერთოპერაციული მანქანები. ისინი აღჭურვილნი არიან ინტელექტუალური ტექნიკით კომუნიკაციის ახალი სახეების გამოყენებით (კოსმოსური, ლაზერული, კომპიუტერული და ა.შ.).
საჭიროა თანდათანობით გაიზარდოს ისეთი ტრაქტორების რაოდენობა, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან როგორც უკანა, ისე წინა დაკიდების სისტემებით, ასევე როგორც უკანა, ისე წინა და გვერდითი სიმძლავრის ამრთმევი ლილვებით (სალ). გარდა ამისა, ამ ტრაქტორებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ტვირთამწეობა. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია კომბინირებული ტექნოლოგიური მანქანების დააგრეგატებისათვის.
ნიადაგის დამუშავების დარგში უნდა დამუშავდეს დიფერენცირებული ზონალური სისტემა ბუნებრივ-კლიმატური პირობების, ნალექების რაოდენობის, ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობის, რელიეფის, ტემპერატურისა და ქარის რეჟიმის, ასევე თესლბრუნვასთან დამოკიდებულებით. ჩვენში მიღებული „ტოტალური“ ხვნა ყოველ რეგიონში იწვევს ნიადაგის დეგრადაციას, ჰუმუსის მინერალიზაციას და ფერდობის პირობებში — ეროზიის ზრდას. ფრთიანი გუთნებით ხვნა რეკომენდებულია იმ რეგიონებში, სადაც ნალექების რაოდენობა 300-400 მმ-ზე მეტია. ის შეუცვლელია ასევე ყამირი და ნასვენი მიწების ათვისებისათვის, ასევე სიდერატებისა და სარეველების ჩახვნისათვის. პერიოდულად ხვნა საჭიროა ასევე ნიადაგის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის პირობებშიც. ამიტომ ხვნის ტექნოლოგია და გუთნის კონსტრუქცია წარმოადგენს მუდმივი კვლევის საგანს. საჭიროა გაიზარდოს საბრუნი გუთნების რაოდენობა პროგრამული გლუვი ხვნისათვის და მოხდეს მისი კონსტრუქციული სრულყოფა ღრმად გამაფხვიერებელთან კომბინაციაში ფერდობების ეროზიის საწინააღმდეგო დამუშავების ტექნოლოგიისათვის. სასურველია, რომ ამ გუთნებს ჰქონდეს საცვლელი კორპუსები და აგებული იყვნენ ბლოკ-მოდულური პრინციპით სხვადასხვა წევითი კლასის ტრაქტორებზე აგრეგატირებისათვის.
ახლანდელ ეტაპზე ნიადაგის თესვისწინა დამუშავებისა და ერთდროულად თესვისათვის საჭიროა შევიძინოთ საზღვარგარეთული ფირმების ტექნოლოგიური მანქანები („დუტცი“, „რაუ“, „ამაზონი“, „ლემკენი“, „ჰოვარდი“ და ა.შ.). ამასთან საჭიროა მხედველობაში მივიღოთ, რომ ჩამოთვლილი მანქანების მოთხოვნილი სიმძლავრე მოდების განის ერთ მეტრზე შეადგენს 25-36 კვტ. ამიტომ მაღალი ტექნოლოგიების ათვისების პროცესის დაჩქარებისათვის საჭიროა შევქმნათ ანალოგიური, მაგრამ ნაკლებად ენერგოშემცველი ადაპტური, გადაწყობადი ტექნიკური საშუალებანი ნიადაგის დამუშავების სხვადასხვა პირობებისათვის: ჩვეულებრივი, მინიმალური, ეროზიის საწინააღმდეგო, დაბაზოების, ღრმად დამუშავების, ფინიშური ოპერაციების პრეცეზიული შესრულებისათვის და ა.შ.
სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის დარგში დანერგვისა და კვლევის საგანს წარმოადგენს სამანქანო ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებანი სასუქების დოზირებულად, ზოლურად და ლოკალურად შეტანისათვის. საქმეესკის კვლევებმა აჩვენა, რომ პნევმოდინამიკური ეფექტის გამოყენებით შესაძლებელია მოვახდინოთ ღრმა ლოკალური და ზოლური შეტანა მინერალური და თხევადი ორგანული სასუქებისა ნიადაგის გაფხვიერებასთან ერთად მრავალწლიან კულტურებში. ამ დარგში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამუშაოები სასუქების დიფერენცირებულად შეტანისა და შხამქიმიკატების შეფრქვევის მიმართულებით „კოორდინატული მიწათმოქმედების“ სისტემაში.
თესვის მექანიზაციის დარგში, მაღალი ტექნოლოგიების ათვისების კვალობაზე, საჭიროა შევიძინოთ და შევქმნათ ე.წ. „სათესი კომბაინები“, რომლებიც აგრეგატირდებიან საშუალო და მცირე სიმძლავრის ტრაქტორებზე იმ მიზნით, რომ ერთი გავლით შევასრულოთ ნიადაგის ფინიშური დამუშავება, სასუქების შეტანა, სხვადასხვა მცენარეების თესლის შეთესვა და მათი რიგთაშორისებში მიტკეპნა. გამოკვლევებით დადგენილია, რომ ასეთი ტექნიკური გადაწყვეტის პირობებში მცირდება: ნიადაგის გამკვრივება, საჭირო მანქანების რაოდენობა 2,5-ჯერ, მანქანების ლითონტევადობა 30-60 %-ით, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება 10-15%-ით.
მარცვლის ამღები კომბაინების შეძენის დროს აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას მეცნიერულად დასაბუთებული თანაფარდობა მოსავლიანობასა და კომბაინის გამტარუნარიანობას შორის. როცა მარცვლეულის მოსავლიანობა 25 ც/ჰა-ზე მცირეა, რეკომენდებულია 3 კგ/წმ გამტარუნარიანობის (მიწოდების) კომბაინები, როცა საშუალო მოსავლიანობაა 25-40 ც/ჰა — 5-6 კგ/წმ კლასის კომბაინები, ხოლო როცა მოსავლიანობა მაღალია (40 ც/ჰა და მეტი) — 9-12 კგ/წმ კლასის კომბაინები. მცირემოსავლიანი და წვრილი ფერმერული მეურნეობებისათვის არსებობენ მისაბმელი კომბაინები. ასეთი კომბაინების ენერგეტიკული ნაწილი (ტრაქტორები) შეიძლება დავტვირთოთ მთელი წლის განმავლობაში სხვა ოპერაციებზე. საჭიროა სამუშაოების გაფართოება მცირე ფერმერულ მეურნეობებში, სამთო პირობებში და მცირეკონტურიან ნაკვეთებში თავთავიანი და სათოხნი კულტურების მოსავლის აღების ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შექმნის მიმართულებით.
მებოსტნეობის მექანიზაციის დარგში აუცილებელია ინტენსიური და მაღალი ტექნოლოგიების ათვისება (მათ შორის ჩითილების კასეტური რგვა) და ასეთ ტექნოლოგიებზე მორგებული მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების დამუშავება. ბოსტნეულის აღების, დახარისხების და ტრანსპორტირების დროს შრომის პირობების შემსუბუქებისათვის საჭიროა დამუშავდეს დაბალჩარჩოებიანი პლატფორმები. საჭიროა ასევე გამოიძებნოს საშუალებანი მაღალშპალერიანი (4-მ-მდე) ბოსტნეული კულტურების მექანიზებული მომსახურებისათვის დაცულ გრუნტებში.
მებაღეობისა და მევენახეობის მექანიზაციის დარგში პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება სხვადასხვა ოპერაციების (მცენარის გასხვლა, ნაყოფის კრეფა, ორმოების ამოთხრა, დატვირთვა-გადმოტვირთვა, დასხურება-დაფრქვევა, ბოძების დასობა ა.შ.) შემსრულებელი აგრეგატების შექმნა, რომლებიც შედგენილი იქნებიან სწრაფად მოსახსნელი მოდულებისაგან. ასეთი აგრეგატების შექმნის ბაზად შეიძლება გამოდგეს საქმეესკ-ში დამუშავებული უნივერსალური ფრონტალური საკიდი მექანიზმი ამწე მოწყობილობით, რომელიც სხვადასხვა კლასის ტრაქტორზე აგრეგატირდება.
საქმეესკ-ში დამუშავებული ადაპტური თვითმავალი შასის ბაზაზე საჭიროა შეიქმნას ბლოკ-მოდულური კომპლექსი სანერგეებში სამუშაოების მექანიზაციისათვის, რომელიც უნდა შეიცავდეს საცვლელ მოდულებს ორ რიგში ნერგების ამოსათხრელად; ვარჯის და ვარჯების სისტემების ფორმირებისათვის, დასხურებისათვის, შემოყრილი მიწის გაშლისათვის და ვეგეტაციურად გამრავლებული საძირეების ასხლეტისათვის.
სათბურებში სარგავი მასალის გამოზრდისათვის საჭიროა დამუშავდეს მოწყობილობა მოკროკლიმატის შესაქმნელად, რომელიც უნდა შეიცავდეს მაღალადაპტურ ღრუბელწარმომქმნელ მოწყობილობას და სითხის პნევმოაკუსტიკურ გამფრქვევს მცენარეებისა და მისი კალმების გახარების პროცესის ამაღლებისათვის, ასევე ქიმიური პრეპარატებისა და სითხეების ეკონომიისათვის.
მეჩაიეობის მექანიზაციის დარგში საჭიროა გაგრძელდეს სამუშაოები სტანდარტული ჩაის პლანტაციებიდან ჩაის დუყის მოვლა-მოყვანის და კრეფის ტექნოლოგიური პროცესების შემსრულებელი სერიული მანქანების მწარმოებლურობის და საიმედოობის მახასიათებლების ამაღლებისათვის. ამ მიმართულებით მკვეთრი წინსვლა შეიძლება მოხდეს, თუ ჩაის შპალერის ოვალური ფორმირებიდან გადავალთ ბრტყელ ფორმაზე. ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მაღალი მწარმოებლურობის როტაციული ტიპის სასხლავ-საკრეფი უნივერსალური მანქანა და მკვეთრად შევამციროთ საჭირო ტექნიკური საშუალებების ნომენკლატურა და რაოდენობა.
უკანასკნელ წლებში ათასობით ჰექტარი ჩაის პლანტაციებისა გამოსულია მიმოქცევიდან. საჭიროა ნაწილი პლანტაციების რეაბილიტაცია, ხოლო დეგრადირებულის ამოძირკვა ახალი პლანტაციების ან ალტერნატიული კულტურების გაშენებისათვის.
ამ მიზნისათვის საქმეესკ-ში შექმნილია შესაბამისი სამანქანო ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალება, რომელიც ერთი გავლით ახდენს გადაზრდილი (გატყევებული) ჩაის ბუჩქების მოჭრას საჭირო სიმაღლეზე, მოჭრილი მასის დაქუცმაცებას და მის მობნევას რიგთაშორისებში მულჩის სახით. უკანასკნელი დასაწყისში ხელს უწყობს ჩაის ამონაყრების განვითარებას, ხოლო შემდეგ, ლპობის კვალობაზე, გამოიყენება როგორც მაღალხარისხოვანი ორგანული სასუქი.
კარტოფილის წარმოების მექანიზაციის დარგში საჭიროა გადავიდეთ დაბაზოება-დაკვალვის ტექნოლოგიაზე. მაღალი ტემპერატურის პირობებში ბაზოებში უკეთესად ინახება ტენი, ხოლო წვიმის პირობებში კვალი გამოიყენება ზედმეტი ტენის მისაღებად და გასატარებლად. ბაზოებში ხდება ერთნაირი სახის კარტოფილის ტუბერების ფორმირება. აღების დროს იხარჯება ნაკლები ენერგია და ნაკლებად ზიანდება ტუბერები.
აღნიშნული ტექნოლოგიით კარტოფილის მოვლა-მოყვანისა და აღების ყველა ტექნოლოგიური ციკლისთვის მანქანათა კომპლექსს აწარმოებს გერმანული ფირმა „გრიმე“. ჩვენს პირობებში მცირეკონტურიანი ნაკვეთებისათვის საჭიროა დამუშავდეს მანქანათა კომპლექსი მცირე ენერგეტიკის ბაზაზე. ამ მხრივ საყურადღებოა იტალიური ფირმის „ჩეკჩი და მაგლი“-ს გამოცდილება.
მეცხოველეობისათვის საკვებწარმოების მექანიზაციის დარგში ჩვენში გამოყენებული ბალახების მოთიბვის და მათი მობნეული სახით 17-18 % შრობის ტექნოლოგია ითვლება ყველაზე არარაციონალურ ტექნოლოგიად, რადგან მისი გამოყენების დროს ადგილი აქვს საკვები ნივთიერების 33-38 % დანაკარგებს (მაგალითად, კარატინის 90%-მდე), რის შედეგად მკვეთრად მცირდება საკვების ხარისხი. ამჟამად ყველაზე უფრო პროგრესულ ტექნოლოგიად ითვლება „შეფუთული სენაჟი“. ცნობილია, რომ სენაჟი არის საკვები, რომელიც დამზადებულია ადრეული ვეგეტაციის ფაზის ბალახისაგან, რომელიც შეჭკნობილია 45-55% და შენახულია ანაერობულ პირობებში. სენაჟის კონსერვირება ხდება წყლის შემცველობის უკმარისობის შედეგად შეჭკნობილ მდგომარეობაში, როდესაც ბაქტერიების უმრავლესობას არ შეუძლია ამოწოვოს თავისი ინტენსიური განვითარებისათვის აუცილებელი წყალი გარემოს ე.წ. ფიზიოლოგიური სიმშრალის გამო. ამის გამო სენაჟში მჟავიანობის წარმოქმნის პროცესი შეზღუდულია, სუსტად ვითარდებიან სიდამპლის და მჟავე ზეთის გამომწვევი ბაქტერიები, რაც ხელს უწყობს საკვებში ნივთიერებების და, პირველ რიგში, შაქრის შენახვას. თუმცა სასენაჟე მასაზე კარგად ვითარდებიან ობის სოკოები. მათი განვითარების აღკვეთისათვის საჭიროა მოვახდინოთ სასენაჟე მასის იზოლირება ჰაერისაგან სპეციალური შემფუთავი აპკების გადახვევით. ასევე მცენარეული უჯრედების სუნთქვა და თერმოფილური ბაქტერიების განვითარება, რომელიც იწვევს მასის გადახურებას.
სენაჟირების დროს მშრალი ნივთიერებები ნაკლებად იკარგებიან, ვიდრე თივისა და სილოსის დამზადების დროს. კარგად დამზადებული სენაჟი კვებითი და ბიოლოგიური ღირებულებით უახლოვდება ახლად მომკილი ბალახისას და შეიცავს საკვები ნივთიერებების 80-84%-ს საწყისიდან.
„შეფუთული სენაჟის“ ტექნოლოგია შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული შემდეგი ტექნოლოგიური ოპერაციებისაგან: ბალახის მოთიბვა და მისი ერთდროული დატლეჟა სპეციალური რეზინის ვალცებით. ბალახის მასის გადაბრუნება და აბურცება; ღვარეულების წარმოქმნა; ღვარეულებიდან აღება და დაწნეხვა მაღალი სიმკვრივის რულონებად; სენაჟის რულონების შეფუთვა სპეციალურ აპკებში; რულონების დაქუცმაცება და მისი ცხოველებისათვის საკვებად დარიგება.
ტექნოლოგიური ოპერაციები სრულდება შემდეგი მანქანებით: სათიბელა-სატლეჟელა; ამომბურცველი; ფოცხი-ღვარეულების წარმომქმნელი; დამწნეხ-ამკრები; რულონების შემფუთავი; რულონების დამაქუცმაცებელი-საკვებდამრიგებელი.
მთიანი რეგიონებისთვის, მცირეკონტურიანი, გზისმიერი და ტყისმიერი ნაკვეთებისათვის და მცირე ფერმერული (გლეხური) მეურნეობებისათვის საქმეესკში დამუშავებულია შესაბამის პირობებზე მორგებული „შეფუთული სენაჟის“ ტექნოლოგია მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების და სტაციონალური დამწნეხ-შემფუთავი დანადგარის გამოყენებით.
უკანასკნელ წლებში მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების შემცირების პროპორციულად საძოვრების და სახნავის გარკვეული ფართობი სტიქიურად გამოვიდა მიმოქცევიდან. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აქტუალური გახდა საკითხი ამ ფართობების გამდელოების, კულტურული საძოვრების შექმნის და სახნავი სავარგულების აღდგენის შესახებ. ასეთ ფართობზე კულტურულ-ტექნიკური სამუშაოების ჩატარების ტრადიციული ტექნოლოგია მრავალსტადიური და მრავალოპერაციულია. დანახარჯების შემცირებისათვის საჭიროა მეცნიერულად დასაბუთებული ადაპტური მუშა ორგანოების მქონე კომბინირებული აგრეგატის დამუშავება, რომელიც ერთი გავლით შეასრულებს ყველა საჭირო ოპერაციას (ბუჩქნარების მოჭრა და დაქუცმაცება, დაკორდებული ნიადაგის დაფრეზვა, დამუშავებული ზედაპირის მოსწორება და მიტკეპნა, ბალახისა და მათი ნარევის თესლის ჩათესვა, ნათესის მიტკეპნა). ასეთი აგრეგატისათვის საბაზოდ შეიძლება გამოდგეს საქმეესკში შექმნილი ბლოკ-მოდულური მანქანა გადაზრდილი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისათვის.
სოფლის მეურნეობისათვის საჭიროა ისეთი აგროსაინჟინრო სერვისის სტრუქტურა, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს შეეძლება გაატაროს თანამედროვე ტექნოლოგიური და ტექნიკური პოლიტიკა სოფელში, ე.ი. პრაქტიკაში დანერგოს ინტენსიური და მაღალი ტექნოლოგიები ახალი თაობის საზღვარგარეთული და სამამულო ტექნიკის ბაზაზე. სწორედ მაღალი ტექნოლოგიებისა და მაღალმწარმოებლური ტექნიკის შესაძლებლობების საფუძველზე დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში შეძლეს მოეხდინათ ფრერმერული მეურნეობების გამსხვილების პროცესის სტიმულირება და მიეღწიათ აგროლანდშაფტის პოტენციალის გამოყენებისა და პროდუქტიულობის მაღალი დონისათვის მემცენარეობასა და მეცხოველეობაში. თუ მხედველობაში მივიღებთ მსოფლიოში ცნობილ მოდელებს (სამანქანო რიგები გერმანიაში, საკონტრაქტო ფირმები იტალიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოოპერატივები ნიდერლანდში და ა.შ.) საქართველოში, ისე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ისეთ მანქანა-ტექნოლოგიურ სადგურებს, რომელთა ძირითადი ამოცანა იქნება, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მაღალი ტექნოლოგიების ათვისება და მათი გავრცელება რეგიონების ფერმერულ მეურნეობებში, საწარმოო და ტექნიკური ექსპლუატაციის სამუშაოების შესრულება საქონელმწარმოებლის დაკვეთით, შეუსრულოს მარკეტინგულ-საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურება მომხმარებელს, შეასწავლოს ახალი ტექნოლოგიები ფერმერებს, შეასრულოს სავაჭრო-სალიზინგო ოპერაციები და ა.შ.
საქართველოში ამჟამად ჩამოყალიბებულ სერვის-ცენტრებს შეიძლება დამატებით დავაკისროთ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები და გადავაქციოთ ისინი ინოვაციური ტექნოლოგიების გამავრცელებელ მანქანა-ტექნოლოგიურ სადგურებად. ამას გარდა, ისინი უნდა აღიჭურვონ დამატებითი ჩარხ-დანადგარებით, რათა შეასრულონ სასოფლო-სამეურნეო მანქანების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ფუნქციები.
გარდა სერვისის განხილული ფორმისა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა მიანიჭოს პრიორიტეტული მნიშვნელობა, როგორც მაღალი ტექნოლოგიების ამთვისებელ და გამავრცელებელ ფორმას, ტექნიკური სერვისის ბაზაზე საჭიროა შეიქმნას ცივილური კონკრეტული გარემო, რათა შემცირდეს სხვადასხვა სახის მომსახურების ღირებულება და ამაღლდეს ოპერატიულობა. ამისთვის ორგანიზებული უნდა იქნას სხვადასხვა ზომის და საკუთრების ფორმის სერვისები ტექნიკის რემონტისა და ტექნიკური მომსახურებისათვის, მისი გაქირავების, არენდის და კონტრაქტით სამუშაოების შესრულებისათვის. ასევე უნდა შეიქმნას სოფლად ენერგეტიკული სერვისი (ელექტრიფიკაცია, გაზიფიკაცია და ა.შ.), სატრანსპორტო სერვისი, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სერვისი, წარმოებული პროდუქციის შეგროვების, შენახვისა და გასაღების სერვისი და ა.შ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგროსაინჟინრო სექტორში სადილერო სისტემის ფორმირება. იგულისხმება, რომ დილერი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის რეალიზაციას და მისი მუშაობის უნარიანობას აგროსამრეწველო საქონელმწარმოებლის შეკვეთის საფუძველზე.
საჭიროა შეიქმნას საინჟინრო-ტექნიკური სფეროს მონაწილეობის ინფორმაციულ-საკონსულტაციო სისტემა, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო რესურსების ფორმირებას, ტექნიკისა და საინჟინრო სერვისის მონიტორინგის მეთოდოლოგიის დამუშავებას, კატალოგების, ცნობარების, სახელმძღვანელოების, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მომზადებას და გამოცემას, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიის დამუშავებას და გამოყენებას და ინფორმაციულ-კონსულტაციური უზრუნველყოფის ახალი მოდელების შექმნას.
აგროსამრეწველო სექტორის საინჟინრო-ტექნიკური სფეროს განვითარებისათვის საჭიროა კადრების მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის რეფორმა უმაღლესი და პროფესიულ-ტექნიკური განათლების ყველა დონეზე. კორექტირებული უნდა იქნას განათლების ყველა დონის პროგრამები, რათა უზრუნველყოფილი იქნას პროგრესული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ღრმა შესწავლა, მომზადდეს ახალი თაობის სახელმძღვანელოები და განახლდეს საინჟინრო-ტექნიკური სფეროს კადრების სწავლების ტექნოლოგია.
ზემოთ მოყვანილი პრიორიტეტების შესრულება შეუძლებელი იქნება, თუ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინოვაციისადმი არ ჩამოყალიბდება სისტემური მიდგომა. ასეთი მიდგომის არარსებობის პირობებში ტექნიკური გადაიარაღება საქართველოში ხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტრადიციული, ოპერაციული ტექნოლოგიის საფუძველზე. ამის შედეგია, რომ მიუხედავად საზღვარგარეთ შეძენილი ტექნიკის რაოდენობის ზრდისა, პროპორციულად არ იზრდება წარმოებული პროდუქციის მოცულობა. იმისათვის, რომ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე მოვახდინოთ მუდმივი კონტროლი, გავატაროთ დასაბუთებული საინოვაციო პოლიტიკა, საჭიროა შეიქმნას შესაბამისი ტექნიკის შეძენაზე (ზოგიერთ შემთხვევაში წარმოებაზე) ზემოქმედების მექანიზმი. ასეთი მექანიზმი შეიძლება იყოს ძირითადი კულტურების მოვლა-მოყვანის მუდმივად განახლებადი რესურსდამზოგი ტექნოლოგიების სისტემა და მანქანათა სისტემა. ასეთი „სისტემის“ ფორმირება ხდება გარკვეული, საკმაოდ ხანგრძლივი 5-10 წლიანი პერიოდისათვის. მათი დამუშავება უნდა ხდებოდეს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სამთავრობო ორგანოების დაკვეთით და მტკიცდებოდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მთავრობასთან შეთანხმებით. ტექნოლოგიებისა და მანქანათა სისტემა უნდა იყოს ძირითადი დოკუმენტი ახალი მანქანების შეძენის, საჭიროების შემთხვევაში მათი მოდერნიზაციის და სპეციფიკური მანქანების ადგილზე წარმოების დაფინანსებისათვის, მანქანა-ტრაქტორთა პარკების და საინჟინრო სერვისის ობიექტების ფორმირებისათვის, ე.ი. საინოვაციო პროცესების მართვისათვის.
ქვეყნის მასშტაბით საინოვაციო პოლიტიკის გატარებისათვის ყველაზე დიდ გართულებას იწვევს მექანიზაციის მიმართულებით მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების გაუქმება. მექანიზაციის დარგში ადრე მეცნიერულ უზრუნველყოფას ემსახურებოდნენ: სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ინსტიტუტი (საქაგრომანქანა); მანქანების საგამოცდო სადგური; ნორმირების სადგური. ამის შედეგი იყო, რომ სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციის დარგში საქართველოს ჰქონდა მსოფლიო დონის მიღწევები. შეიქმნა მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი მანქანა და სხვა ტექნიკური საშუალებანი, რომელთაც დაიმსახურეს იმ დროისათვის ყველაზე პრესტიჟული სახელმწიფო პრემიები. ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილია სამეცნიერო-საპროექტო მუშაობის მდიდარი გამოცდილების მქონე კადრები.
რევაზ მახარობლიძე, აკადემიკოსი