ხეხილის  სხვლა-ფორმირება და მისი მნიშვნელობა

 სხვლა-ფორმირება მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა. გასხვლის შედეგად მცენარეს ეძლევა სათანადო ფორმა, რაც უზრუნველყოფს მზის სხივების შესაბამის შეღწევადობას და წარმოადგენს მაღალი მოსავლის, მსხვილი და კარგი შეფერვის ნაყოფების მიღების წინაპირობას.

სხვლა-ფორმირების მიზანს წარმოადგენს:
1. ხის ვარჯის ფორმირება, ჩახშირებული ტოტების მოცილება, რაც ამარტივებს ბაღში სამუშაოების ჩატარებას და ტექნიკის გამოყენებას;

2. ხარისხიანი და რეგულარული მოსავლის მიღება;

3. ვეგეტაციურ ზრდასა და სანაყოფე-გენერაციული ორგანოების ჩასახვა-განვითარებას შორის თანაფარდობის დაცვა;

4. ხის მსხმოიარე ნაწილების განახლება;

5. განათების გაუმჯობესება , რაც მნიშვნელოვანია კარგი შეფერილობის ნაყოფის მისაღებად.

არსებობს გასხვლის სხვადასხვა მეთოდი : დამოკლება – მიზანია ტოტების დამოკლება და ზრდის სტიმულირება, გამოხშირვა – არახელსაყრელ ადგილას მყოფი ტოტების მოცილება, გასხვლა ქუსლის დატოვებით – გამოიყენება ვერტიკალურად მიმართული ტოტების ამოსაჭრელად.

გასხვლა სიძლიერის მიხედვით არი სამი სახის: ძლიერი სხვლა – იჭრება ტოტის ორი მესამედი, საშუალო სხვლა – იჭრება სიგრძის ნახევარი, სუსტი სხვლა – ტოტს ეცლება სიგრძის ერთი მესამედი.

სხვლის სიძლიერე დამოკიდებულია კულტურის ბიოლოგიურ თავისებურებებზე .

გასხვლა შესაძლებელია ჩატარდეს ხეების მოსვენების პერიოდში და ვეგეტაციის განმავლობაში. საქართველოს მეხილეობის რეგიონში, მოსვენების სხვლის ჩატარება შესაძლებელია გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე – გასხვლის პერიოდი იწყება ფოთოლცვენიდან 20-25 დღის შემდეგ და გრძელდება კვირტების დაბერვამდე. გასხვლის ვადების შერჩევა დამოკიდებულია კულტურაზე და ხის მდგომარეობაზე. ბაღში კურკოვანი ხეხილის გასხვლის შემდეგი თანმიმდევრობა უნდა იყოს დაცული: ქლიავი, ტყემალი, ალუბალი, ბალი, გარგარი და ატამი. საქართველოს რაიონებში, სადაც გვიანი საგაზაფხულო წაყინვები ხშირია, გარგარის და ატმის სხვლა შესაძლებელია ვეგეტაციის დაწყების შემდეგაც.

სხვლის წინ მეურნემ უნდა შეაფასოს და გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები: ხის მდგომარეობა, ბაღის ასაკი, მოსავლიანობის ხასიათი, კლიმატური პირობები, სხვლის მიზანი და სიძლიერე.

სხვლა-ფორმირების დროს დაგჭირდებათ : ბაღის მაკრატელი – სეკატორი, ხერხი , გრძელმკლავებიანი სეკატორი. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასურველია სამუშაო იარაღების დეზიფენქცია.

ზვიად ბობოქაშვილი, სსმ დოქტორი,

კუკური ძერია, სსმ დოქტორი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.