დარგებიმეცხოველეობა

ძროხის რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები

მეცხოველეობის დარგებს შორის სარძეო მეძროხეობა ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული და მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რამეთუ მას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური დატვირთვა აქვს. იმავდროულად, რძესა და რძის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნილება ამ დარგს ხდის ინვესტიციებისთვის მიმზიდველ მიმართულებად.

უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ძირფესვიანად შეცვალეს შეხედულებები ცხოველთა მოვლა-შენახვის სისტემებსა და ტიპებზე, კვებაზე, რძის წარმოებისა და პირველადი დამუშავების ტექნოლოგიაზე და სხვ. შესაბამისად შეიცვალა სარძეო ფერმის ტრადიციული იერსახე, რამაც ცხოველებისთვის უზრუნველყო კომფორტული გარემო და გააუმჯობესა მომსახურე პერსონალის შრომის პირობები.

დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძროხის რძის მწარმოებელი თანამედროვე ფერმები ერთეულ ფართობზე პროდუქციის გამოსავლიანობით, გაწეული დანახარჯებისა და უკუგების მოცულობით, აგრეთვე სულადობის კონცენტრაციით, სულ უფრო უახლოვდებიან მეფრინველეობისა და მეღორეობის საწარმოებს. ასეთ მდგომარეობას კი უზრუნველყოფს სულადობის მაღალი კონცენტრაციის პირობებში მათი ტექნიკური შეიარაღება, ორიგინალური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და წარმოების ტექნოლოგიური ციკლის მექანიზაცია-ავტომატიზაციის მაღალი დონე.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა მინიმუმამდე შემცირდეს „ადამიანური ფაქტორის“ გავლენა და ამაღლდეს რძის წარმოების სტაბილურობა და საიმედოობა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მშენებლობასა და ტექნიკურ უზრნველყოფაზე გაწეული ხარჯების სწრაფად უკუგებას. ამის გამო ისეთი შრომატევადი ოპერაციები, როგორებიცაა საკვების მომზადება და კვება, წველა, ნაკელის გატანა, რძის პირველადი დამუშავება და სხვ. საძროხეებში თანამედროვე ტექნოლოგიური და ტექნიკური გადაწყვეტილებების, მათ შორის, რობოტული ტექნიკის გამოყენების ხარჯზე, მაქსიმალურად ავტომატიზებულია.

ძვირადღირებული ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვა მოითხოვს შეზღუდულ ფართობზე სულადობის მაღალი კონცენტრაციის აუცილებლობას, რაც მსოფლიო სარძეო მეძროხეობის საერთო ტენდენციაა; ეს პროცესი უფრო მკვეთრად გამოხატულია აშშ-ის მაგალითზე, სადაც 1970 წლიდან განვლილ პერიოდში სარძეო ფერმებში ფურების საშუალო სულადობა 19-დან 125-მდე, ანუ 6,5-ჯერ გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში რეგისტრირებული ძროხის ნახევარზე მეტი კონცენტრირებულია 1000 სული და უფრო მეტი ფურის მყოლე ფერმებში და, იმავდროულად, წარმატებით ფუნქციონირებენ ცალკეული მეგაფერმები, რომლებსაც 10 ათასი და მეტი (24 ათ. სულამდე) მეწველი ფური ჰყავთ. ასე, მაგალითად, არიზონას შტატში, ძმები დეიგანების ფერმაში 10,5 ათასი ფური ჰყავთ, რომელთა საშუალო წლიური მონაწველი 12000 კგ რძეა.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში მეგა — ფერმების ხვედრითი წილი რძის მწარმოებელ ფერმების საერთო ბალანსში შეადგენს 5%-ს, რომლებზეც ქვეყანაში წარმოებული რძის დაახლოებით 50%2 მოდის.

სულადობის კონცენტრაციისა და ინტენსიფიკაციის მიმართულებით მკვეთრი „ნახტომი“ აღინიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სარძეო მეძროხეობაში. არსებული მონაცემებით ამ ქვეყანაში ფუნქციონირებს რძის მწარმოებელი ფერმა, რომელშიც 50 ათასი ფური ჰყავთ.

ასეთი სპეციალიზაცია-კონცენტრაცია, ერთის მხრივ, იძლევა მეტად მაღალ ეკონომიკურ ეფექტს, მაგრამ, მეორეს მხრივ, სწორ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, დაავადებების პროფილაქტიკასა და კონტროლს, აგრეთვე დიდი რაოდენობით ერთტიპიური ცხოველების ყოლას.

ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს წვრილი და საშუალო ფერმების ეფექტურობის უარყოფას. უფრო მეტიც, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში წარმოებული რძე, ძირითადად, მიღებულია წვრილი და საშუალო ფერმერული მეურნეობებიდან. ასე მაგალითად, არსებული მონაცემებით ბრიტანეთში 13500 სარძეო ფერმიდან მხოლოდ 94-ში ჰყავთ 500 სულზე მეტი ფური, ხოლო გერმანიის სარძეო ფერმების 25%-ში ჰყავთ 50 სულამდე, 23%-ში — 100 სულამდე და 30%-ში – 199 სულამდე ფური. განსხვავებული მდგომარეობაა პოსტსაბჭოური სივრცის უმეტეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, უკრაინის, ბელარუსის, რუსეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების რძის მწარმოებელი ფერმების უმეტესობაში ფურების რაოდენობა 20-დან 200 ფარგლებშია.

ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ფერმის სიდიდის განსაზღვრისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ეკოლოგიურ-ეკონომიკური და აგროლანდშაფტური პირობები, აგრეთვე სოციალურ-ფსიქოლოგიური და ზოგიერთი სხვა მომენტები.

მოვლა-შენახვის სისტემების ოპტიმიზაცია

სარძეო მეძროხეობის ისტორიული განვითარების პერიოდში დამუშავებულია და პრაქტიკაში დღესაც გამოიყენება ძროხის მოვლა-შენახვის განსხვავებული სისტემები: საძოვრული, ბაგურ-საძოვრული, ბაგურ-ბანაკური, ბაგური და მომთაბარე. განსხვავებულია სადგომების ზომები და ტიპი, მათი ასაგები სამშენებლო მასალა, საწარმოო პროცესების ტექნოლოგია და მათ განსახორციელებლად გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სადგომში ცხოველების განთავსების მეთოდი (დაბმული, დაუბმელ-ბოქსური, გალიური…) და რაოდენობა და სხვ.

საქმე ის არის, რომ რძის წარმოების ნებისმიერი სისტემისა და მეთოდის მიზანია არა ნებისმიერ ფასად, არამედ მინიმალური დანახარჯებით ყოველი ფურიდან მაქსიმალური მონაწველის მიღება. ეს კი, თავის მხრივ, მიიღწევა დამპროექტებლების, ზოოტექნიკოსების, ტექნოლოგების, ინჟინრების, ლოჯისტიკის სპეციალისტებისა და ეკონომისტების მიერ, ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებით, რაც მშენებლობაზე, აპარატურა-დანადგარების შერჩევა-შეძენასა და ექსპლუატაციაზე გაწეული დანახარჯების მინიმალიზაციის გარანტია.

რძის ეფექტურად წარმოებისთვის ფერმერმა ხუთი ძირითადი პირობის შესრულება უნდა უზრუნველყოს:

I. კარგი სადგომი;

II. კარგი კვება;

III. კარგი ჯიში;

VI. კარგი აღწარმოება და

V. კარგი ჯანმრთელობა;

მკვლევარებსა და პრაქტიკოს სპეციალისტებში მეწველი სულადობის შენახვის სისტემაზე მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ერთი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს დაუბმელად, მეორენი კი ტრადიციულ, დაბმულად შენახვას, ორივე შემთხვევაში საძოვარზე კვებით, ან მის გარეშე.

ცნობილია, რომ რძის წარმოების ეფექტურობას ძირითადად განსაზღვრავს ცხოველის ბიოლოგიური ბუნების, ანუ მისი ორგანიზმის მოვლა-შენახვის პირობებისადმი მოთხოვნილებების ცოდნა. შესაბამისად, ამოცანა მდგომარეობს ტექნიკური საშუალებების სწორად შერჩევითა და ტექნოლოგიური ხერხების რაციონალურად გამოყენებით მათ შეექმნათ ოპტიმალური საარსებო გარემო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ცხოველის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებასთან და არ უნდა მოდიოდეს მასთან წინააღმდეგობაში. სპეციალურ ლიტერატურაში ეს მაჩვენებელი განმარტებულია ტერმინით “Cow Comfort”, რომელშიც იგულისხმება:

1. ცხოველების კარგი ჯანმრთელობის;

2. ხანგრძლივის სიცოცხლის;

3. მაღალი პროდუქტიულობის მენეჯმენტით სწორი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების უზრუნველყოფა.

ცხოველთა კომფორტის მნიშვნელოვანი შემადგენელია მაღალხარისხოვანი და საკმარისი რაოდენობის საკვები და წყალი, სუფთა ჰაერი, რბილი და სუფთა დასასვენებელი ადგილი; ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ბოსელში ფურის ბუნებრივი ქცევის რეაქციებს, რაც გამოიხატება რბილ და ჰიგიენურ ბაგაზე სურვილისამებრ დასვენებით, ადვილად გადაადგილებით (იატაკზე ფეხები არ უნდა უცურავდეს), საკვებისა და წყლის ნებაზე მიღებით და სხვ.

დაბმულად შენახვა სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და პროდუქტიულობის მეწველი ფურებისადმი ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ეწინააღმდეგება ცხოველის ბუნებრივ მოთხოვნილებას — თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობას. იმავდროულად, დაბმულად შენახვისას ერთეულ პროდუქციაზე იზრდება შრომისა და ენერგეტიკული დანახარჯები. ასე მაგალითად, 200 სულ ფურიან ფერმაში, უშუალოდ ცხოველთა მომსახურებისთვის აუცილებელია მინიმუმ 8-10 კაცი (მ.შ. მილგამტარ სისტემაში წველისას 5 მწველავი) მაშინ, როდესაც დაუბმელ-ბოქსურად შენახვისას ეს რაოდენობა თითქმის ნახევრდება. გარდა ამისა, დაუბმელად შენახვისას გაადვილებულია ცხოველებისთვის კომფორტული პირობების შექმნის შესაძლებლობები, რაც მაღალი მონაწველისა და პროდუქტიული სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის საფუძველია.

დაუბმელად შენახვის უპირატესობას სპეციალისტები ასაბუთებენ ცხოველის ბუნებრივი მოთხოვნილების სურვილისამებრ („ნებაზე“) შესრულების, ანუ ქცევის რეაქციების თავისუფლად გამოხატვის აუცილებლობით5.

საქმე ის არის, რომ რძის წარმოების თანამედროვე კონცეფციის თანახმად, ფურმა დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია:

  1. სურვილისამებრ მივიდეს საკვებურთან, საწყურვებელთან და, შესაბამისად, ნებაზე შეჭამოს საკვები ან დალიოს წყალი;
  2. „თავისუფალ დროს“ დაისვენოს მისთვის განკუთვნილ ადგილზე და რაც შეიძლება მეტხანს იცოხნოს;
  3. ნებაზე მივიდეს საწველ დარბაზში და სრულად გამოიწველოს;

სადღეისოდ საწარმოო პრაქტიკაში დაუბმელი შენახვის სამი ვარიანტი გამოიყენება: ა) ბოქსური — კვებისა და დასვენების ზონების განცალკევებით, „საკვებ-სანაკელე“ გასასვლელით, ბ) კომბიბოქსური — დასასვენებელ ბაგასთან მოწყობილი საკვებურით, ცალ-ცალკე „საკვები“ და „სანაკელე“ გასასვლელით, გ) ღრმა საფენზე გალიურ-ჯგუფური.

მეწველი სულადობის შენახვის მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ფორმაა დაუბმელ-ბოქსური. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ცხოველებს ინახავენ ჯგუფურად, ბუნებრივთან მიახლოებული პირობებში. უპირატესობებიდან აგრეთვე აღსანიშნავი ის არის, რომ მცირდება ტრავმული დაზიანებები, დაბალია ქვეშსაფენის დანახარჯი და იშვიათდება ექსკრემენტებით ცხოველთა დასვრის შემთხვევები.

ბოქსი არის სადგომში ყველა ფურისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური დასასვენებელი ადგილი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ტიხრით. ბოქსის ფართობი დამოკიდებულია ცხოველის ზომებზე. მაგალითად, საშუალოდ 500 კგ და უფრო მაღალი ცოცხალი მასის ფურისთვის ოპტიმალურად ითვლება 2,05-2,2 სიგრძისა და 1,05-1,2 მ სიგანის ბოქსი, რომლის იატაკი 200-ით დაქანებულია ნაკელგამტანი არხის მიმართულებით. ასეთი პირობების დაცვისას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეშსაფენის დანახარჯი საშუალოდ 1 ფურზე არ აღემატება 2-3 კგ-ს კვირაში, ცხოველის დასასვენებელი ადგილი ყოველთვის მშრალი და სუფთაა.

ბოქსი ორი სახისაა.

1. მარტივი, ანუ მხოლოდ დასასვენებელი ადგილით, 

2. კომბინირებუული, ანუ დასასვენებელ ადგილთან საკვებურის (კვების ფრონტის) მოწყობით.

როგორც წესი, მეწველი სულადობის ბოქსურად შენახვისას ძირითადი ნაგებობა განკუთვნილია მხოლოდ ფურის დასასვენებლად; ამის გამო ბოსელში არ არის არცერთი ტექნოლოგიური დანადგარი და აპარატურა, რაც საშუალებას იძლევა მასში განვათავსოთ გაცილებით მეტი ცხოველი, ვიდრე დაბმულად შენახვისას.

ბოლო 7-10 წელია ბოქსის იატაკზე დასაფენად გამოიყენება რეზინის, პოლიმერული მასალის ან მათი ნარევისგან დამზადებული „ხალიჩა“. დადგენილია, რომ ეს ამცირებს ჩლიქების დაზიანების შემთხვევებს, უფრო მოხერხებულია ფურისთვის და ჰიგიენურია.

ასეთ პირობებში ფურების ქცევის რეაქცია ბუნებრივია. ისინი ადვილად გადაადგილდებიან, წვებიან, დგებიან, ან ისვენებენ: დაკვირვებებმა ცხადყო, რომ დაუბმელ-ბოქსური შენახვისას მეწველი ფურის ქცევის რეაქციებიდან ყოველდღიური „აქტივობების“ თითქმის ნახევარი, 45%, მოდის წოლით დასვენებაზე, 20,8 — ცოხნაზე, ხოლო 7,9% — კვებაზე (ცხრილი 1). ეს მაჩვენებლები პრაქტიკულად ანალოგიურია ბუნებრივ პირობებში შენახული ცხოველის „დღის განრიგთან“.

ამის გათვალისწინებით, სარძეო მეძროხეობაში ტრადიციული დაბმული შენახვიდან თანდათან გადადიან დაუბმელად შენახვაზე, რომლის „მოდის ავანგარდის“ როლში გამოდის აშშ; ცხრილი 2-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ ამ ქვეყანაში 2009 წლისთვის საერთო სულადობის 85%-ს ინახავდნენ დაუბმელად. მსგავსი ტენდენცია აღინიშნება ევროპის ქვეყნებშიც, სადაც დაუბმელად შენახვაზე გადავიდა მეურნეობების 70%-მდე;

მოტანილ მონაცემებში საყურადღებოა ისიც, რომ აშშ-ში მეურნეობების 1/3-ში მიმართავენ ცხოველების ბაგურ-საძოვრული შენახვის სისტემას მაშინ, როცა ევროგაერთიანების ქვეყნების მხოლოდ 15-20%-ში;

აღნიშნულიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ფერმის სიდიდის განსაზღვრისას, აგრეთვე მოვლა-შენახვისა და კვების სისტემის შერჩევისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ეკოლოგიურ-ეკონომიკური და აგროლანდშაფტური პირობები, აგრეთვე სოციალურ-ფსიქოლოგიური და ზოგიერთი სხვა მომენტები; რაც შეეხება წარმოების ტექნიკურ უზრუნველყოფას, კომპანია GEA-ს ვიცე-პრეზიდენტი ა. ტრეტიენი განმარტავს, რომ თანამედროვე მიდგომები ხსნიან ცხოველთა სულადობის საკითხს, რამეთუ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ნებისმიერი სიდიდის ფერმის მართვის საშუალებას იძლევა.

დაუბმელი შენახვის პირობებზე „მორგებული“ ცხოველების გამოყვანას ემსახურება რძის ასაკის შემდგომ პერიოდში სანაშენე დეკეულების ჯგუფურად გამოზრდა და უშობლების ლაქტაციისთვის სწორად მომზადება; ამასვე ისახავს მიზნად მსხვილმასშტაბიანი სელექცია, რომელიც ჯოგური ინსტიქტების სასურველი მიმართულებით განვითარებასთან ერთად უზრუნველყოფს ერთგვაროვანი სამეურნეო-სასარგებლო თვისებებისა და ქცევის რეაქციების მქონე ცხოველების გამოყვანას.

დაუბმელად შენახვისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეწველი სულადობის ტექნოლოგიურ ჯგუფებად სწორად დაყოფას. ფურების დაჯგუფება ხდება მოგების თარიღის, ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და დღიური მონაწველის გათვალისწინებით. მიღებულია, რომ ჯგუფში ფურების რაოდენობა უნდა იყოს 25-დან 50-მდე.

როგორც წესი, განურჩევლად სულადობისა, სარძეო ფერმაში ფურებს ყოფენ შემდეგ ტექნოლოგიურ ჯგუფებად:

— მაკე-მშრალი;

— მოსაგები და ახლადმოგებული ფურების;

— განწველისა და ხელოვნური განაყოფიერების;

— რძის მწარმოებელი;

საჭიროების შემთხვევაში, შედარებით მრავალრიცხოვანი და მონაწველის მიხედვით გამოუთანაბრებელი სულადობის მყოლე ფერმაში, დამატებით შეიძლება მაღალპროდუქტიული ფურების ჯგუფის ცალკე შენახვა, რაც მათი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენას უწყობს ხელს. ამასთან, ტექნოლოგიურ ჯგუფებს შიგნით საწარმოო ჯგუფების რაოდენობა დამოკიდებულია მათი დაკომპლექტების დროზე (ვადებზე), ფურების საერთო რაოდენობაზე (ფერმის სიმძლავრეზე), დანადგარების ტიპსა და ოპერატორთა შრომის მწარმოებლურობაზე.

მკვლევარები და პრაქტიკოსი სპეციალისტები მიუთითებენ იმაზე, რომ დაუბმელად შენახვის აუცილებელი პირობაა ჯგუფში ცხოველთა შემადგენლობის სტაბილურობა („თანამცხოვრებთა“ უცვლელი გარემოცვა); ეს ნიშნავს იმას, რომ დაუშვებელია ერთი საწარმოო ციკლის პერიოდში ჯგუფში ახალი ინდივიდების დამატება, ან ჯგუფიდან გაყვანა. საქმე ის არის, რომ ძროხა ხასიათდება ტიპიური, მაღალორგანიზებული ჯოგური ქცევით, რაც ნიშნავს იმას, რომ ნახირში`ჯგუფში ცხოველები ნაწილდებიან მკაცრად რანგებად. ყოველ ახლადშედგენილ საწარმოო ჯგუფში, როგორც წესი, მისი შედგენიდან რამდენიმე დღეში ფურების ქცევის რეაქციები სტაბილიზირდება, რის შედეგად შეიმჩნევა რანგობრივი დიფერენციაცია, ანუ ერთი ცხოველის დომინირებული და სხვებზე დაქვემდებარებული მდგომარეობა/ქცევა. ჯგუფში ახალი ცხოველის დამატება, ან გაყვანა (განსაკუთრებით ჯგუფის ლიდერის) იწვევს სტრესს, რამეთუ ორივე შემთხვევაში აღინიშნება უმაღლესი რანგის მოსაპოვებლად ცხოველთა შორის შიდაჯგუფური ბრძოლის განახლება, რაც სხვადასხვა ფიზიოლოგიური ფუნქციის მოშლისა და, შესაბამისად, მონაწველის შემცირების მიზეზი ხდება;

სტრესულ სიტუაციებს, ასევე, იწვევს ჯგუფში გაერთიანებული ფურების წველის რიგითობის და`ან დღის განაწესის დარღვევა, შენახვის პირობების შეცვლა, ახალი სახის საკვებზე გადასვლა და სხვ.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოველთა სადგომის ტიპის შერჩევას. სადგომი უნდა იყოს იაფი და იმავდროულად იძლეოდეს ზოოჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარული პირობების დაცვის შესაძლებლობას.

დღეისთვის ცხოველებისთვის აშენებენ მსუბუქ, თაღოვანი ან ჩარჩოიანი კონსტრუქციის სადგომებს, აგრეთვე სამკედლა ფარდულებს, რაც ტრადიციულთან შედარებით ბევრად უფრო იაფია. სამშენებლო მასალად, ძირითადად, მეტალოკონსტრუქციები გამოიყენება; ცივ კლიმატურ ზონაში თბოიზოლაციის ხარისხის გადიდების მიზნით, სადგომის გვერდითი კედლები აწყობილია ე.წ. „სენდვიჩის“ ტიპის პანელებისგან, ხოლო ზომიერ და ცხელ კლიმატურ ზონებში მათ ნაცვლად შემოთავაზებულია მოძრავი შტორი (ფარდა), რაც საძროხის მიკროკლიმატის ფართო დიაპაზონში რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. ამასვე ხელს უწყობს სადგომის სიმაღლე (გვერდითი კედლების 4-4,5 მ, ხოლო მაქსიმალური, ჭერის ცენტრალურ ნაწილში — 6-6,5 მ).

საგულისხმოა, რომ ახალ სადგომებში ცხოველთა დასასვენებელი ადგილის განლაგების სქემა ტრადიციულისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება, ხოლო საშუალოდ 1 ფურზე მოდის 4-5 მ2 იატაკის ფართობი.

ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში კორექტირებულია მიკროკლიმატის პარამეტრები, აგრეთვე სადგომის შიდა სივრცის მოწყობის ნორმატივები

ა. კომფორტულ ტემპერატურად ითვლება -15…+150C (ძველი ნორმებით -5…+150C); ამასთან, თავიდან უნდა იქნას აცილებული ჰაერის ტემპერატურის +220C-ზე უფრო მაღლა და -200C-ზე უფრო დაბლა ცვალებადობა;

ბ. ყოველ ფურზე უნდა მოდიოდეს 50 მ3 სადგომის ჰაერის მოცულობა მაშინ, როდესაც „ტრადიციულ“ ფერმებში ეს მაჩვენებელი 34 მ3-ს არ აღემატებოდა;

ც. იატაკის საფარი მდგრადი, ჰიგიენური და არაცურვადი პროფილის, ფურის დასასვენებელი ადგილი კი რბილი უნდა იყოს. ამ მიზნით გამოიყენება რეზინის, ან მისი პლასტიკურ მასასთან კომბინირებული საფენები/ხალიჩები;

დ. კომფორტულ მიკროკლიმატს უზრუნველყოფს სადგომის ჰაერის კარგი ვენტილაცია, დღე-ღამეში არანაკლებ 18 სთ ხანგრძლივობის განათება, სიცხისას ცხოველის გასაგრილებლად მოწყობილი შხაპი (ძირითადად საწველ დარბაზში), აგრეთვე მწერებისა და მკბენარების გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებები.

ე. ნაკელისა და სხვა ნარჩენების გასატანი მოდიფიცირებული სისტემები ჰაერში ამცირებს ამიაკისა და სხვა მავნე აირების კონცენტრაციას, აუმჯობესებს წველის ჰიგიენურ პირობებსა და ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობას;

ფ. ბალნის საფარისა და კანის მოვლის საშუალებები ცხოველისთვის სურვილისამებრ მიწვდომადია, ასევე გადაწყვეტილია ჩლიქების სადეზინფექციო საშუალებებით ყოველდღიურად დამუშავების საკითხი;

გ. ნაკელის, ფერმის სხვა ნარჩენებისა და ჩამონადენი წყლების სწორად მართვა უზრუნველყოფს ხარისხიანი ორგანული სასუქის მიღებას და მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც.

კვება-დაწყურვების  პირობები

რძის წარმოების ეფექტურობის საფუძველთა საფუძველია ფერმის ინფრასტრუქტურის სწორად მოწყობა და მართვა; განსახორციელებელ ღონისძიებათა სპექტრში წამყვანი ადგილი უკავია საკვები ბაზითა და ხარისხიანი სასმელი წყლით ცხოველების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტას.

კვება გავლენას ახდენს არამარტო რძის წარმოების მოცულობაზე, არამედ ის მოქმედებს წველის ეფექტურობაზე, ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და აღწარმოების უნარზე. ამის გამო მეწველ ფურს დღე-ღამის მანძილზე შეუზღუდავად უნდა შეეძლოს ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისი ყუათიანობის საკვების მიღება.

საკვების ასორტიმენტის, შესაბამისად კვების ტიპის შერჩევა ხდება ნიადაგობრივი და ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით; ამასთან, მთავარი პირობაა საკვებმა საშუალებებმა უზრუნველყონ საყუათო ნივთიერებებით ცხოველის ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

თანამედროვე სარძეო ფერმების 70-97%-ში ცხოველებს კვებავენ სრულულუფიანი საკვებნარევით, რასაც უზრუნველყოფს მონაწველის რაოდენობისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისი ულუფების დაგეგმვის, საკვებნარევის შემზადებისა და დარიგების პროცესის ავტომატიზირებული სისტემები; ე.წ. „კვების ბლოკში“ გაერთიანებული აპარატურა-დანადგარები და მოწყობილობები უზრუნველყოფენ ულუფის შემადგენელი კომპონენტების წინასწარ მომზადებას, საკვებნარევის რეცეპტურის მიხედვით შერევასა და ცხოველებისთვის დარიგებას. ასეთი მიდგომა, ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისი საკვებნარევის შემზადებასა და გადატანასთან ერთად, აადვილებს მისი დარიგების პროცესს და, რაც მთავარია, ზრდის საკვების ჭამადობას.

საწარმოო პრაქტიკამ ცხადყო, რომ მეწველი ფურისთვის საკვების მიღების შეზღუდვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 30-40 წუთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკვეთრად მცირდება მათ მიერ მიღებული მშრალი ნივთიერების რაოდენობა და, შესაბამისად, მარგი მწარმოებლურობა.

დეტალიზირებული ულუფებით ნორმირებული კვების უზრუნველსაყოფად მსხვილ ფერმებში მეწველ სულადობას ყოფენ ე.წ. „პროდუქტიულ ჯგუფებად“, რომლებშიც გაერთიანებულია, მაგალითად, 15 კგ-მდე, 16-25 კგ. და 30 კგ. და მეტი რძის მომცემი ინდივიდები. შესაბამისად, ცალკეულ ჯგუფებს კვებავენ მოთხოვნილების შესატყვისი ყუათიანობისა და სტრუქტურის ულუფებით, ხოლო საკვების დარიგება ცხოველებზე ხდება დღეში 2-ჯერ, ზუსტად ერთსა და იმავე დროს. საკვების დარიგების წინ აუცილებელი პროცედურაა საკვებურების („საკვები მაგიდის“) ნარჩენებისგან დასუფთავება.

ცნობილია, რომ დღეისთვის საკვებ ულუფაში მიმოცვლითი ენერგიისა და პროტეინის ნორმებს ადგენენ ფურის ცოცხალი მასისა და მონაწველის მიხედვით, ხოლო მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებზე მოთხოვნილებას — მხოლოდ ცოცხალი მასის გათვალისწინებით. ამდენად, სპეციალისტთა აზრით, მომავალში მიზანშეწონილი იქნება მეწველი ფურის ულუფების დაგეგმვაში მოხდეს უფრო ღრმა დიფერენციაცია.

სასმელი წყალი ცხოველს, ასევე, უნდა ჰქონდეს შეუზღუდავად. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წველის შემდგომი პერიოდი, როდესაც რძის გაცემის გამო ორგანიზმში აღინიშნება სითხის ნაკლებობა. ნორმით, საშუალოდ 1 ფურმა შეჭმული საკვების ყოველ 1კგ. მშრალ ნივთიერებაზე უნდა დალიოს 4-5 ლ წყალი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, 500 კგ მასის ცხოველი დღე-ღამეში სვამს დაახლოებით 50-60 ლ. წყალს, რომლის ტემპერატურა უნდა იყოს +10…+170C-ის ფარგლებში.

მეწველი ფური წყალს სვამს საკმაოდ სწრაფად, წუთში 20 ლ სისწრაფით. ინდივიდუალურ ავტოსაწყურვებელთან შედარებით, ცხოველი უპირატესობას ანიჭებს ღია ზედაპირიდან — ჯგუფური საწყურვებლიდან წყლის დალევას; ამასთან, დასალევად უფრო მოხერხებულად ითვლება საწყურვებლის ისეთი განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის თავის მდგომარეობასა და წყლის სარკეს შორის 600-თან მიახლოებულ კუთხეს.

რძის მიღება და პირველადი დამუშავება

დღეისთვის ევროპის ქვეყნებში ძროხის რძის მწარმოებელი მეურნეობების 60-65%-ში ფურებს წველიან მილგამტარ სისტემაში და მხოლოდ 25-30%-ში — საწველ დარბაზებში. ცნობისთვის, აშშ-ში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 14-15 და 84-85%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოში, ფურის საწველ დარბაზებში წველის ტექნოლოგია დანერგილია მხოლოდ რამდენიმე ფერმაში.

როგორც წესი, მაღალპროდუქტიულ ფურებს წველიან დღე-ღამეში 3-ჯერ; დაუბმელად შენახვისას, საწველი დარბაზისკენ, აქედან საწველი დანადგარისკენ, წველის შემდეგ კი საკვებურისკენ ან დასასვენებელი ბოქსისკენ ფურები, როგორც წესი, გადაადგილდებიან მომსახურე პერსონალის ჩაურევლად (ე.წ. „ნებაყოფლობითი წველა“).

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია განიცადა საწველ დარბაზებში გამოყენებულმა აპარატურა-დანადგარებმა. ჟურნალ „The DailyNews“-ის ინფორმაციით  გერმანიაში ჩატარებულ სიმპოზიუმზე «AutomationDay», ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები განიხილავდნენ სარძეო მეძროხეობაში მეოთხე თაობის ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივებს, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა საწველი აპარატებისა და რძის პირველადი დამუშავების პროცესის ავტომატიზაციის, აგრეთვე საწველი დანადგარების მოდერნიზაციის საკითხებზე;

საქმე ის არის, რომ დღეისთვის ექსპლუატაციაში არსებულ ფურის წველისა და რძის მიმღებ-დამმუშავებელ სისტემებში ჯერ კიდევ მაღალია ხელით შრომის ხვედრითი წილი (წველამდე და წველის შემდეგ ცურის ჰიგიენური დამუშავება, რძის პირველი ულუფის ცალკე ჭურჭელში ჩამოწველა, საწველი ჭიქების კერტებზე მორგება-ჩამოხსნა, რძის გაფილტვრა-გაცივება და და სხვ.), რაც სიმპოზიუმის მონაწილეთა აზრით სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს. მეოთხე თაობის რობოტიზირებულ დანადგარებზე თითქმის ყველა ჩამოთვლილი ოპერაცია, მათ შორის ცურიდან რძის გაცემის შეწყვეტისას აპარატის გამორთვა და კერტებიდან ჩამოხსნა ხდება ავტომატურად.

მნიშვნელოვანია ის, რომ მსხვილ საწარმოებთან ერთად ყურადღება ექცევა წვრილი და საშუალო სიდიდის სარძეო ფერმის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასაც: ასე მაგალითად, 500 და მეტი სულადობის ფერმებისთვის რობოტიზირებულ „კარუსელი“-ს ტიპის საწველ დანადგარ DairyProQ-თან ერთად, ფერმერებს სთავაზობენ მოდულს „Monobox“, რომელიც განკუთვნილია 70 სულამდე ფურის მყოლე მეურნეობებისთვის.

კომპანია დელავალის ნებაყოფლობითი წველის რობოტული სისტემა VMS™, სხვა ოპერაციების ავტომატიზაციასთან ერთად, ცურიდან გამოწველილი რძის პირველ ულუფას, აგრეთვე იმ რძეს, რომელიც თავისი მახასიათებლებით ვერ აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს, საერთო ნაწველში არ ურევს — გადატუმბავს ცალკე რეზერვუარში.

ამდენად, თანამედროვე ავტომატიზირებულ სისტემები, შრომის დანახარჯების შემცირებასთან ერთად, უზრუნველყოფენ მასტიტით დაავადების მინიმალურ დონეს და აუმჯობესებენ მოწველილი რძის ხარისხს, რაც მიიღწევა ყოველი ფურის ცურის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ონლაინ რეჟიმში კონტროლით.

ფერმის მართვა

სარძეო ფერმის ეფექტურად მართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სრულფასოვანი ინფორმაცია საწარმოო ოპერაციების შესრულებასა და ნახირში ცალკეული ინდივიდების შესახებ. ამის გათვალისწინებით, მართვის სწორი სისტემა მოითხოვს, როგორც ფერმის ზოგადსაწარმოო მიზნების სწორად განსაზღვრას, ასევე ფერმის საქმიანობის ცალკეული ელემენტების თანმიმდევრობითა და სრულფასოვნად შესრულების კონტროლს, მათ შორის: მოზარდის სწორად გამოზრდას, სადედე სულადობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასა და დროულად დაგრილებას, უშობლების ძირითად ბირთვში გადასაყვანად მომზადებას, რძის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების სისტემატურ კონტროლს და სხვ. ამ გეგმის განხორციელება შესაძლებელია საწარმოო პროცესების მკაცრი კონტროლის პირობებში, რათა არ მოხდეს დასახული მიზნებიდან გადახრა.

დღეისთვის ყველა ეს საქმიანობა სრულდება მართვის სხვადასხვა ავტომატიზირებული სისტემების დახმარებით, რომლებიც აგროვებენ და ინახავენ ინფორმაციას. ფერმერი, თავის მხრივ, მოთხოვნისას, იღებს ამ ინფორმაციას, აანალიზებს მას და თავის საქმიანობაში შეაქვს შესაბამისი კორექტივები.

სარძეო ფერმის მართვის ავტომატიზირებული სისტემა „Afimilk“ 30-წლიანი მუშაობის შედეგად შეიმუშავა ისრაელის კომპანია S.A.E. Afikim-მა, რომელიც რეალური დროის რეჟიმში აწვდის ოპერატორს ინფორმაციას ცალკეული ცხოველისა და საერთოდ ნახირის მონაწველზე, ჯანმრთელობაზე, აღწარმოებასა და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, აგრეთვე საწველი დანადგარის გამართულობაზე, წველის რეჟიმის პირობების დაცვასა და სხვა აპარატურა-მოწყობილობების ფუნქციონირებაზე. მოპოვებული ინფორმაცია ფერმერს/ მმართველს აძლევს საშუალებას მიიღოს როგორც მოკლევადიანი ტაქტიკური, ასევე გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ამავე კომპანიის მიერ, ასევე, შექმნილია ე.წ. „Industrial Zone“-ში შემავალი რძის მწარმოებელი ფერმების კომპლექსურად მართვის ავტომატიზირებული სისტემა.

ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდა კომპანია „დელავალი“, რომლის მიერ შემუშავებული RFC სისტემის დახმარებით, ინტერნეტის არსებობისას, შესაძლებელია პლანეტის ნებისმიერ წერტილში ინფორმაციის მიღება.

2013 წელს „Eurotier“-ის გამოფენაზე კომპანია Lely-ს მიერ წარმოდგენილი იყო სარძეო ფერმის მართვის მობილური სისტემა T4C InHerd, რომელიც იძლევა საშუალებას ნებისმიერ დროს მივიღოთ ინფორმაცია ცხოველებისა და ფერმის აპარატურა-დანადგარების მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემა საკმაოდ მარტივია სამართავად და შეიძლება დაკავშირებული იქნას სმარტფონთან.

პრაქტიკოს სპეციალისტებს გაზვიადებულად რომ არ მოეჩვენოს ფერმის მართვის მნიშვნელობასთან დაკავშირებული საკითხები, ცხრილ 3-ში მოგვაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა დანაკარგები შეიძლება გამოიწვიოს მოვლა-შენახვის, კვებისა და რძის მიღების, აგრეთვე სხვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ელემენტის გაუთვალისწინებლობამ ან შესრულების პირობის დარღვევამ.

 

 ჯიშის შერჩევა

სარძეო ფერმის მოგების ძირითადი ეკონომიკური შემადგენელია რძის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. შესაბამისად, შემოსავლების რაოდენობა დამოკიდებულია წარმოებული რძის მოცულობასა და მის ხარისხზე. ამდენად, ეკონომიკურად ეფექტური წარმოების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რძის წარმოების ტექნოლოგიის ძირითადი შემადგენელის, სადგამი ჯიშის შერჩევას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს მაღალპროდუქტიული;

საქმე ის არის, რომ საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენებისას უმთავრესი პირობაა ცხოველისგან დროის ერთეულში მიღებული იქნას რაც შეიძლება მეტი რძე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თვითღირებულება იქნება მაღალი, ხოლო წარმოება — წამგებიანი.

დადგენილია, რომ თანამედროვე სარძეო ფერმის ეფექტიანობა ვლინდება ფურების 6,0-6,5 კგ და უფრო მაღალი საშუალო წველადობისას. ამასთან, თანამედროვე კონცეფციით, მაღალპროდუქტიულად ითვლება ცხოველი (ჯიში), რომელიც მონაწველის მაღალ გენეტიკურ პოტენციასთან ერთად, ერთეული პროდუქციის წარმოებაზე ხარჯავს საკვების მინიმალურ რაოდენობას და გამოირჩევა სიცოცხლისუნარიანობით`ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობით, პროდუქტიული პერიოდის ხანგრძლივობითა და ნაყოფიერებით.

დღეისთვის ლაქტაციური მონაწველით მოწინავე პოზიციები უკავია ჰოლშტინურ ჯიშს, შემდეგ მოდის შვიცური, ხოლო ჯერსული ჯიში მესამე ადგილზეა, თუმცა რძეღალიანობით ის აღემატება ზემოთ დასახელებულ ორივე ჯიშს. ნიშანდობლივია, რომ ცალკეულ ფერმებში ფურების საშუალო ლაქტაციურმა მონაწველმა უკვე დიდი ხანია გადააჭარბა 15 ათას ლიტრს (დღიური მონაწველი 48-50 ლ), რაც ზრდის რძის წარმოების ეკონომიკურ ეფექტურობას.

ამდენად, მონაწველის გადიდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული, რასაც ვერ ვიტყვით ცხოველთა პროდუქტიულ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ ინტენსიური სარძეო მეძროხეობის ერთ-ერთი გადასაწყვეტი პრობლემაა ფურების პროდუქტიულობის პერიოდის გადიდება, რამეთუ, როგორც წესი, ეს პერიოდი იშვიათად აღემატება 3 ლაქტაციას.

მანქანური წველა წინა პლანზე აყენებს „ფურის ტექნოლოგიურობის“ საკითხსაც; ამ მოთხოვნების შესაბამისად ფური უნდა ხასიათდებოდეს:

  • კარგად განვითარებული აბაზანისებრი ან მომრგვალებული ცურით;
  • ცილინდრული ან კონუსის ფორმის კერტებით, რომელთა სიგრძე 6-8 სმ-ია და
  • რძის გაცემის მაღალი ინტენსიურობით;

ამ მოთხოვნებს ყველაზე მეტად პასუხობენ სარძეო პროდუქტიული მიმართულების ზემოთ აღნიშნული ჯიშები, თუმცა, ჯერ კიდევ საკმარისად ბევრია პრობლემები, რომელთა გადაწყვეტის ერთადერთი გზაა ინტენსიური მსხვილმასშტაბიანი სელექცია.

PS. ერთ ანალიტიკურ სტატიაში პრაქტიკულად შეუძლებელია რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე მკითხველისთვის ყოველმხრივი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება; ამასთან, ვფიქრობ, მოტანილი მასალები შესაძლებლობას მისცემს რძის მწარმოებელ ფერმერებს წარმოდგენა იქონიონ მსოფლიო სარძეო მეძროხეობაში მიმდინარე პროცესებსა და დარგის განვითარების ტენდენციებზე, რაც დაეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

გიული გოგოლი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

ააიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“