დარგებივეტერინარია

ჯილეხი (ციმბირული წყლული)

ჯილეხი (ციმბირული წყლული) — ბაცილა ანტრაცის ყველაზე საშიში ზოოანთროპონოზული დაავადებაა,რითაც ავადდება ყველა შინაური და გარეული ცხოველი და აგრეთვე ადამიანი.დაავადება ხასიათდება სეპტიცემიის მოვლენებით, მძიმე ინტოქსიკაციით და კარბუნკულების წარმოქმნით.

არაბები ჯილეხს „თურქულ ცეცხლს“ უწოდებენ, ბერძნები და რომაელები _ „წმინდა ცეცხლს“. იგი მუსრს ავლებს ცხოველებს, იწვევს ადამიანის სიკვდილს. ჯილეხის აღმძვრელის გადაცემა შეიძლება სისხლის მწოვი მწერების საშუალებით. დაავადების გადამტანებია ბუზანკალი, კოღო, მაწუხელა. აღმძვრელი მაწუხელას პირის აპარატში 7 დღე, ხოლო კუჭში 2 კვირა ძლებს.

ჯილეხის აღმძვრელს გამოყოფენ მღრღნელებიც, გარეული ცხოველები: მელა, ტურა და სხვა ლეშის მჭამელი ფრინველები (ქორი, ქორცქვიტა). ჭამენ რა მღრღნელებს, გამოყოფენ აღმძვრელს გარემო არეში ფეკალის სახით. ამის საფუძველზე ჯილეხს მიაკუთვნებენ ფაკულტატურ-ტრანსმისიულ ინფექციათა ჯგუფს, რა დროსაც მწერები და მღრღნელები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება იყვნენ ჯილეხის აფეთქების და გავრცელების მიზეზი. სისხლში მოხვედრილი ბაცილა იწვევს სეპტიცემიას და ძლიერ ინტოქსიკაციას, ვითარდება ჰიპოქსია, ირღვევა მჟავა-ტუტოვანი თანაფარდობა(წონასწორობა), რის გამოც სისხლი კარგავს შედედების უნარს.

ადამიანებში ეს დაავადება ხშირად გამოვლინდება როგორც გარე საფარის ინფექცია, რომელიც იშვიათად რთულდება სეფსისით, ან შესაძლოა განვითარდეს გენერალიზებული ინფექცია ფილტვის ან ნაწლავური ფორმის სახით.

ჯილეხის აღმძვრელი მსხვილი უძრავი ჩხირია, ლაგდებიან წყვილად და ძეწკვისებურად. იზრდება საკვებ ნიადაგზე და ლომის ფაფარის სახელით არის ცნობილი. მიეკუთვნება სპორაწარმომქმნელ მიკროორგანიზმებს, რომელსაც განსაზღვრულ პირობებში ნიადაგში გამრავლების უნარი აქვს და შეუძლია შეინარჩუნოს თავისი ცხოველმყოფელობა და ვირულენტური თვისებები ათეული წლობით.

სპორებით დაინფიცირებული ნიადაგი ხანგრძლივი დროით რჩება ინფექციის აღმძვრელის გადაცემის ფაქტორად. ჩვეულებრივ აღინიშნება წლის თბილ დროს, როდესაც არის ღარიბი, მწირი და მშრალი ბალახეულობა, ზამთრის პერიოდშიც პირუტყვის ბაგური შენახვის დროს, რომელიც დაკავშირებულია სპორებით დაინფიცირებული საკვებით სარგებლობასთან. ჯილეხით ავადდება ყველა სახის ცხოველი, ნაკლებ ამთვისებელია ღორი და ნაკლებ მგრძნობიარეა ძაღლი და კატა.

ჯილეხის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-3 დღე.არჩევენ ორ ფორმას: სეპტიკურს და კარბუნკულურს. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ 3 ფორმას: კანის, ფილტვის და ანგინის ფორმას. მისი მიმდინარეობა არის ელვისებური და მწვავე.

ელვისებური ფორმა მიმდინარეობს ცხვარში და თხაში, იშვიათად ცხენში და მსხვილ რქოსან პირუტყვში. ცხოველი შეიძლება მოკვდეს კლინიკური ნიშნების გარეშე. ცხვარში შეიმჩნევა კანკალი, კრუნჩხვითი შეტევა, ცნობიერების დაკარგვა და რამდენიმე წუთში ცხოველი კვდება.ავადმყოფი ცხოველი აღმძვრელს გამოყოფს ფეკალით, შარდით, ნერწყვით, განსაკუთრებით საშიშია ბუნებრივი ხვრელებიდან გამოყოფილი სითხე, პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა სისხლიანი ქაფი.

კარბუნკულური ფორმა აღენიშნება ცხოველს როგორც მწვავე, ისე ქვემწვავე მიმდინარეობის დროს. სხეულის სხვადასხვა ადგილებში, უფრო ხშირად თავის, გულ-მკერდის, მხრების და მუცლის მიდამოში ჩნდება შეშუპებული შესიება, რომელიც დასაწყისში მკვრივი, ცხელი და მტკივნეულია, ხოლო მოგვიანებით უმტკივნეულო, ცივი და ცომისებური.

ნაწლავის ფორმა ხშირია ცხენებში, რომელიც ვლინდება საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციის მოშლით. ცხოველს აწუხებს კოლიტი, ყაბზობა, შემდეგ კი სისხლიანი ფაღარათი. ფილტვის ფორმა შედარებით იშვიათია. ამ დროს დამახასიათებელია ჰემორაგიული პნევმონიის და ფილტვის მწვავე შეშუპების ნიშნები.

ანგინის ფორმა ხშირია ღორებში. აღინიშნება კისრის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება, ხველება, საკვების მიღებისას იხრჩობა, ხილული ლორწოვანი გარსები ლურჯია, ხახის და ხორხის ძლიერი შეშუპების დროს ცხოველი შეიძლება მოიგუდოს. ჯილეხით მკვდარი ცხოველი ძლიერ გაბერილია, გაშეშება არ აღენიშნება, ლეში ძალიან სწრაფად იხრწნება, ბუნებრივი ხვრელებიდან გამოიყოფა ქაფიანი, მუქი ალუბლისფერი, შეუდედებელი სისხლი, ელენთა ძლიერ გადიდებულია, პულპა დარბილებული, ღვიძლი დუნე, თირკმელებში მრავალი სისხლჩაქცევაა, ფილტვები შეშუპებული, ბრონქებში და ტრაქეაში სისხლიანი ქაფი, გული შევსებულია მუქი შეუდედებელი სისხლით, ენდოკარდიუმზე სისხლჩაქცევები, წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსი შესიებულია.

ღორში აღინიშნება ყბისქვეშა, ხახის უკანა და კისრის ლიმფური კვანძების ჰემორაგიული ანთება.

ჯილეხზე ეჭვის მიტანისას ლეშის გაკვეთა სასტიკად აკრძალულია. ლეში აუცილებლად უნდა დაიწვას და დაიმარხოს. ხშირად ამ დაავადებით ავადდებიან ყასბები, რომლებიც ამუშავებენ ხორცს. ხელზე ჭრილობის არსებობის შემთხვევაში ადვილად ხდება დაინფიცირება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ და სწორ დიაგნოსტიკას.

ლაბორატორიაში იგზავნება გამოსაკვლევად მკვდარი ცხოველის ყური. სინჯების აღებისას დაცული უნდა იქნას უსაფრთხოების წესები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ტარდება მოლეკულურ-ბიოლოგიური, სეროლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევები ჯილეხზე, სწრაფი თანამედროვე მეთოდებით.

ქეთევან კვანტალიანი,

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია