აგრარული განათლება

სასუქები ორგანულ სოფლის მეურნეობაში

 სასუქის გამოყენება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მცენარის მიერ ნიადაგიდან გამოტანილი ნივთიერებების უკან დაბრუნების პროცესი. ამიტომ მცენარის ნორმალური კვებისათვის აუცილე– ბელია ნივთიერებათა მარაგი ამოუწურავი იყოს, რისთვისაც საჭიროა მისი შევსება გარედან, სასუქების სახით. ადრე თუ გვიან ნებისმიერი ნიადაგი გამოიფიტება და უნაყოფო გახდება.

ორგანულ მეურნეობაში ნიადაგის ნაყოფიერების შენარ- ჩუნებისა და მცენარის უკეთ გამოკვების საქმეში, ანუ ერთიანი ორგანიზმის „ნიადაგი-მცენარის“ სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ორგანული და ბუნებრივი მინერალური სასუქების გამოყენებას.

სასუქებს, რომელთა შედგენილობაში დიდი რაოდენობით შედის ორგანული ნივთიერება, ორგანული სასუქები ეწოდება.

გახრწნის შედეგად მასში არსებული საკვები ელემენტები გადადის ხსნად ფორმებში, ე.ი მცენარისთვის ადვილად შესათვისებელ შენაერთებში.

ორგანულ სასუქებს მიეკუთვნება: ნაკელი, წუნწუხი, ტორფი, ფეკალი, ფრინველის ექსკრემენტი, სამეურნეო ანარჩენები, ქალაქის მრეწველობის ნარჩენები, მწვანე სასუქები, კომპოსტი.

დაუშლელი ორგანული ნივთიერება უმეტესად შედგება ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადისაგან. მისი დადებითი მოქმედება ნიადაგის თვისებებზე და მცენარის ზრდა – განვითარებაზე არ არის შეპირობებული მარტო ზემოთ აღნიშნული ელემენტების არსებობით; მცენარე მათ ჰაერიდან და წყლიდან ითვისებს. ორგანული სასუქების დადებითი მოქმედება ნიადაგის ნაყოფიერებაზე ძირითადად აიხსნება მასში აზოტის, ფოსფორის, კალიუმისა და ორგანული ნივთიერებების შემცველობით, აგრეთვე მიწათმოქმედებისათვის სასარგებლო მრავალრიცხოვანი მიკრო – ორგანიზმების არსებობით. საერთოდ ორგანულ სასუქებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდებაში. ჩვენს ქვეყანაში ორგანული სასუქების დიდი რეზერვები არსებობს.

ორგანული სასუქები არის ენერგეტიკული მასალა და საკვები მიწათმოქმედებისათვის სასარგებლო ნიადაგის მიკროორგანიზ- მებისათვის. ორგანული სასუქებით იზრდება შთანთქმის ტევადობა და ფუძეებით მაძღრობის ხარისხი, Ca, Mg , K. ნაწილობრივ მცირდება მჟავე ნიადაგების მჟავიანობა, რკინის, ალუმინის და მანგანუმის ხსნადობა და იზრდება ბუფერობა, ტენტევადობა, მძიმე ნიადაგები იოლი დასამუშავებელი ხდება, უმჯობესდება ნიადაგების სტრუქტურა.

ორგანული სასუქების გამოყენებით იზრდება სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი.
კომპოსტი

კომპოსტირების საუკეთესო მასწავლებელი თავად ბუნებაა. ტყეში სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესების შედეგად, კომპოსტირება ბუნებრივად მიმდინარეობს. ჩამოცვენილი ფოთლები და მცენარეები, კვდომის შედეგად ნიადაგის ორგანიზმების მეშვეობით, სასიამოვნო სუნის მქონე შავ მიწად გარდაიქმნებიან. როდესაც ბუნებაში არსებული ორგანიზმები კვდებიან, მათი სიკვდილი საშუალებას იძლევა დასაბამი დაედოს ახალ სიცოცხლეს. კომპოსტს ორმაგი ამოცანა აქვს: ერთის მხრივ ის ნიადაგის სტრუქტურას აუმჯობესებს, მეორეს მხრივ კომპოსტი უზრუნველყოფს მცენარეებს სასარგებლო ნივთიერებებით, ხოლო მისი ორგანული მჟავების შემწეობით ნიადაგში არსებული სასარგებლო ნივთიერებები მისაწვდომი ხდება მცენარეებისთვის. კომპოსტის ერთ მარცვალში ბინადრობს 6 მილიარდზე მეტი მიკროსკოპული ორგანიზმი – რაოდენობრივად იმაზე მეტი, რაც ეხლა ადამიანია დედამიწაზე. პრინციპში შესაძლებელია ნებისმიერი ორგანული მასალის კომპოსტირება, ნებისმიერი სახლისა თუ ბაღის ორგანული ნარჩენებისა, რომლებიც ჩვეულებრივ ნაგვის ყუთში იყრება ან იწვება. გარდა ამისა: შინაურის ცხოველების ნაკელი, მატყლის ნარჩენები, ბუმბული, ბეწვი, სამზარეულოს ნარჩენები (ორგანული), კარტოფილისა და პამიდვრის ღერო, ფოთოლი, ჩამოცვენილი ფოთლები, ხეხილის, ბუჩქნარისა და ვაზის ანასხლავი, ხის ქერქი, ნაცარი, ჩალა, კვერცხის ნაჭუჭი. შესაძლებელია აგრეთვე მოთხრილი სარეველების ან მოთიბული ბალახის კომპოსტირება. მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ არ მოხვდეს სარეველა მცენარის თესლი. მაშასადამე კომპოსტი უზრუნველყოფს ნიადაგში სტრუქტურის გაუმჯობესებას, ტენის შეკავებას, აერაციას, ნიადაგის ნაყოფიერების ზრდას, აზოტის მარაგის შენარჩუნებას, pH-ის ბუფერიანობას, ნიადაგის ტოქსინების ნეიტრალიზაციას, სასარგებლო ნივთიერებების გამოთავისუფლებას და წარმოადგენს ნიადაგის ორგანიზმების კვების წყაროს.

რა არ უნდა გამოვიყენოთ კომპოსტის დამზადების დროს: სოკოვანი დაავადებით დაავადებული მცენარეები; შხამიანი მცენარეები (როგორიცაა ოლეანდრე, კონიო, აბუსალათინი), რომლებიც ანადგურებენ სიცოცხლეს ნიადაგში; მცენარეები, რომლებიც ლპებიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში (მაგნოლიის ფოთლები); მცენარეები, რომლებიც შეიცავენ სხვა მცენარეებისა და მიკროორგანიზმების მიმართ ტოქსიკურ მჟავებს ( ევკალიპტი, დაფნა, წაბლი, აკაცია, კვიპაროსი); კატისა და ძაღლის ექსკრემენტები, რომლებიც შესაძლებელია შეიცავენ პათოგენურ მიკროორგანიზმებს. ეს უკანასკნელნი ყოველთვის არ კვდებიან კომპოსტური გროვის გახრწნის პროცესში. კომპოსტის გროვაში მიმდინარე პროცესები:

1 ფაზა. უპირველეს ყოვლისა, ბაქტერიების ხარჯზე მიმდინარეობს, რომლებსაც ნივთიერებათა ცვლის აქტიური პროცესების გამო შეუძლიათ ტემპერატურის ძლიერ აწევა. ამის შედეგად ხდება სარეველების აღმონაცენების და განსაკუთრებით მავნე ორგანიზმების დაშლა პათოგენური მიკროორგანიზმებით.

2 ფაზა. ამ ფაზას ქუდიანი სოკოები მართავენ. მიცელიუმის (სოკოს ძაფისებრი “ფესვები”) მეშვეობით ხდება მათი გავრცელება მთლიან ზედაპირზე. მათი ცნობა ადვილად ხერხდება სპორების მატარებელი ქუდების მეშვეობით.

 3 ფაზა. ამ დროს ხორციელდება პროგრესული გარდაქმნები. აქ უკვე ხდება დიდი რაოდენობით მწერების, როგორიცაა ბოლოფეხიანები, ჟუნჟრუკი და ნიადაგის მრავალი სხვა ცხოველის გამოჩენა, რომლებიც საღეჭი აპარატების მეშვეობით ახდენენ მასალის დაქუცმაცებას. მათ ხარჯზე ხდება აქამდე მზარდი მიკრობების და სოკოების გამრავლების შეფერხება.

4 ფაზა. მისთვის დამახასიათებელია ნაკელის ჭიების ( წითელი, პატარა ჭიაყელები) გამოჩენა. ისინი ამყარებენ კავშირს ნიადაგის მარცვლებსა და ორგანულ სუბსტრანციებს შორის. ნივთიერებების შავი შეფერილობა C/N – ის სწორ თანაფარდებობაზე მეტყველებს.

კომპოსტირების პროცესების ოპტიმალური მიმდინარეო– ბისათვის აუცილებელია შემდეგი ფაქტორები:

1.კომპოსტის მასალის კარგი განიავება (აერაცია);

2.განსაზღვრული ტენიანობა;

  1. მასალის ოპტიმალური ( მრავალფეროვანი ) ნარევი;
  2. ნახშირბადისა და აზოტის ( C/N ) ხელსაყრელი თანაფარდობა;
  3. კომპოსტირების პროცესის საწყის ფაზაში დათბუნება (ჩალით ან სხვა მასალით დაფარვა).

ნორმალური ოდენობით ტენის შემცველობას ამოწმებენ მუშტის მეთოდით. კომპოსტის გროვის შუა ნაწილიდან ავიღოთ ერთი სავსე მუჭი საკომპოსტე მასალა და მუშტი შევკრათ. თუ თითებს შორის წვეთები ოდნავ გამოიწურება – ტენის ოდენობა ნორმალურია. თუ წყალი თითებს შორის წურწურით გამოედინება – მასალა ჭარბად ტენიანია და მას აუცილებლად მშრალი მასა უნდა დავუმატოთ, სანამ ტენის ოდენობა ნორმას არ მიაღწევს. ხოლო თუ მასალა ძალზედ მშრალი აღმოჩნდა (თუ მუშტში დაიფშვნა), მას წყალი დავასხით ან უფრო კარგია თუ ჭინჭრის ნაყენით მოვრწყავთ და კიდვ ერთხელ ავურევთ.

კომპოსტის დამზადებისას სასურველია მიწა გაფხვიერდეს 30-60სმ. სიღრმეზე (კარგი დრენაჟისათვის), შემდეგ 3-5სმ-ის სისქეზე ხდება საკომპოსტე მასალის დამატება. პირველად მშრალი მცენარეული მასალა, შემდეგ მცენარეთა მწვანე 117 ნაწილები და სამზარეულოს ნარჩენები და ზემოდან მოვაყაროთ 1სმ. სისქეზე მიწა. შესაძლებელია მასალის ყოველდღიური ან მათი გროვების დამატება, მაგრამ ის ნელა ლპება. ყოველთვის სამზარეულოს ნარჩენების დამატების შემდეგ დავაფაროთ ახალი ნაკელი, მიწა, ნამჯა ან თივა, რათა ავიცილოთ ბუზების შეჯგუფება და არასასიამოვნო სუნის წარმოქმნა. ახალი მასალის დამატებისას აუცილებელია მოირწყას.

ტენის უკმარისობის დროს ბიოლოგიური აქტიურობა მცირდება, ხოლო ჭარბი ტენის დროს მთელი აერობული პროცესის მოქმედება მასში “იძირება”. საკომპოსტე მასა უნდა დავაქუცმაცოდ 5სმ. სიგრძის ნაჭრებად, რაც ხელს უწყობს სწრაფად გახსნას და მასალის არევას. კომპოსტის დასამზადებლად უკეთესი დროა გაზაფხული ან შემოდგომა, როცა ბიოლოგიური აქტიურობა ყველაზე მაღალია, რადგანაც ძლიერი სითბო ან სიცივე ანელებენ და ხანდახან წყვეტენ მიკრობიოტურ სიცოცხლეს. უკეთესია კომპოსტის გროვა მოვაწყოთ მუხის ხის ქვეშ ან სხვა ნებისმიერი ხის ქვეშ, გარდა კაკლისა და ევკალიპტისა, ხის ტოტებიდან 2სმ_ის დაშორებით. ბიოინტენსიური მეთოდის მიხედვით კომპოსტის გამოყენება შეიძლება 2,5-3 თვის შემდეგ, ან კომპოსტი გამოყენებისათვის მზად ითვლება, როცა ღებულობს შავ ან მუქ ფერს, ხდება ცხიმოვანი გარეგნობის, იწყებს დაფშვნას, ან სტრუქტურის მიხედვით ვეღარ გავარჩევთ საწყის მასალებს. კომპოსტის დამწიფებისათვის სასურველია შევამოწმოთ იგი ვარგისიანობაზე. ამისათვის კომპოსტი მოვათავსოთ ბრტყელ ჯამში და მასში ჩავთესოთ წიწმატის თესლი. დაახლოებით 3 დღეში წიწმატი უნდა ამოიწვეროს, 5 დღეში ჩამოუყალიბდება ფოთოლი.

თუ გაღივება შეფერხდა, ან ფოთლები ყვითელი ან ყავისფერია, მაშინ კომპოსტი უმწიფარია, ამიტომ კიდევ უნდა გადავაბრუნოთ და ოთხი კვირა ვაცალოთ.

ყოველი დათესვის წინ ნიადაგში შეგვაქვს კომპოსტი არანაკლებ 2კგ. 1მ2 ფართობზე (მინიმალური დამატებითი საკვები). სრული დამატებითი საკვების შეტანისას კი 1მ2 ფართობზე შეაქვთ 12კგ.

კომპოსტი. ამ დროს მისი ფენის სისქე დაახლოებით 2.5სმ-ს შეადგენს, საზოგადოდ კი კომპოსტის ნიადაგში შეტანის ოდენობა ტოლია 6კგ 1მ2  წელიწადში. ეს რაოდენობა 3 სავსე ნიჩაბს შეესაბამება. ჰუმუსით ღარიბ ნიადაგზე, პირველ წელს უნდა შევიტანოთ მეტი კომპოსტი 10-12კგ 1მ2-ზე. ჩითილების გამოყვანისას კომპოსტი უნდა გაიცრას 3-6მმ ზომის ნახვრეტების მქონე საცერში. გაცრის შემდეგ დარჩენილი მასალა ახალი კომპოსტისათვის გამოიყენება.

კომპოსტის დანამატები

კომპოსტის დანამატები ამდიდრებს მას საკვები ნივთიერებებით, ზოგი აუმჯობესებს მის სტრუქტურას. დანამატებს მიეკუთვნება ნაკელი, კირი, წყალმცენარეების ფხვნილი, თიხიანი მიწა, დაფქვილი თიხა, ქვა, ძვლები, რქები, ამასთან ნებისმიერ კომპოსტს მოუხდება თუ შეძლებისდაგვარად მეტ ჭიაყელებს დავუმატებთ. კომპოსტს შეიძლება დავუმატოთ ბოლოს კარგი მიწა 5%_ის ოდენობით. თუ კომპოსტი ყინვების შედეგად კოშტოვანი ხდება, სასურველია თიხის შემცველი ნიადაგების დამატება. 119 ცხოველური სასუქები ვერ იტანს კირის დანამატებს. ყველა სხვა შემთხვევაში კი კირი დაემატება 2_4კგ მ 2 -ზე. მსუბუქ ნიადაგებზე კარგ ეფექტს იძლევა გამომწვარი, დაფშვნილი თიხის დამატება. მაგ: გატეხილი დოქის დამატება. ფოსფორის ნაკლებობისას სასურველია ძვლის ფქვლის, ქათმის მშრალი ნაკელის ან ნედლი ფოსფატის დამატება. იგივე შეიძლება ითქვას კალიუმზეც, რომლის მოყრა შეიძლება მოხდეს ნაცრის ან დაფქვილი კვერცხის ნაჭუჭის სახით. აზოტის ნაკლებობის დროს შეიძლება რქოვანი ნივთიერებების, წუნწუხის, ჭინჭრის ხსნარის და ქათმის ნაკელის დამატება. კომპოსტის გასამდიდრებლად შეიძლება დავუმატოთ მცენარეები, რომლებიც დიდი რაოდენობით მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. მაგ: ლაშქარა შეიცავს კალიუმს, აგრეთვე თამბაქოს ფოთოლი. წიწიბურას და ნესვის ფოთოლში დიდი რაოდენობითაა კალციუმი, ჭინჭარში რკინა. ორგანულ მიწათმოქმედებაში კომპოსტს უმატებენ სამკურნალო მცენარეებსაც: ფარსმანდუკი, ჭინჭარი, სამკურნალო გვირილა, ბაბუაწვერა (სანამ თესლს გამოიღებს), მუხის ქერქი. მცენარეები უნდა დავაქუცმაცოთ და შევურიოთ კომპოსტს ერთი მუშტის ოდენობით.

 სპეციალური კომპოსტები

 ჭინჭრის კომპოსტი _ განსაკუთრებით გამოსადეგია სიმინდისათვის და როგორც დანამატი სხვა კომპოსტისათვის. დაქუცმაცებულ 3 ნაწილ უთესლო ჭინჭარს დავუმატოთ ერთი წილი ბაღის მიწა, მცირე რაოდენობით ქვის ფქვილი, დავნამოთ, ავურიოთ და დავტოვოთ კომპოსტირებისათვის.

მიწის კომპოსტი _ გამოიყენება დეკორატიული კულტურე- ბისათვის, ბოსტნეულთათვის. კომპოსტის დასამზადებლად გამოიყენება ბალახიანი ბელტები, ტბორის შლამი და ბაღიდან აღებული გრუნტი. ბელტები იდება ბალახის ფესვებით ზემოთ. ემატება 1-3 სმ სისქის ჭინჭრის კომპოსტი, ან ერთი მუჭა კირი ან ნაცარი.

კომპოსტი ჩამოცვენილი ფოთლებისაგან გამოიყენება ყვავილებისათვის, ჩითილების გამოსაყვანი ნიადაგებისათვის. მომზადებისათვის იყენებენ სხვადასხვა ხის ჩამოცვენილ ფოთლებს. ფოთლებს აქუცმაცებენ, უმატებენ ბაღის შავ მიწას, მზა კომბოსტს ან ჭინჭრის კომპოსტს ან ტორფს 2:1 თანაფარდობით.

ნაკელის კომპოსტი –კარგი სასუქია იმ მცენარეებისათვის, რომლებიც ნიადაგს ძლიერ ფიტავენ. გამოიყენება ჩითილის ან ნერგის გამოსაყვანად, სიმინდის მოსაყვანად. კომპოსტის დასამზადებლად გამოიყენება, როგორც ახალი, ისე გამხმარი ნაკელი (წინასწარ დაინამება ან წყალში იხსნება). ახალ ნაკელს ემატება მისი საერთო რაოდენობის 10% ბაღის შავი მიწა, ქვის ფქვილი, ნაცარი, დაჭრილი ჩალა ან ფოთლები.

ჩალის კომპოსტი _ გამოიყენება კენკროვნების, დეკორატიული ბუჩქნარების, ხახვის, სტაფილოს ნარგავთა გასანოყიერებლად. ჩალას ჭრიან, კარგად ნამავენ, შეურევენ ბაღის მიწას მზა კომპოსტისათვის 2:1 თანაფარდობით, ნაცარი, კირი ან ნედლი ფოსფატი 1-2 თვეში დაინამება ქათმის ნაკელისაგან დამზადებული წუნწუხით. 1 კგ. მშრალ ჩალაზე უნდა მოდიოდეს 250გრ. მშრალი ნაკელი.

ტორფის კომპოსტი _ იგი თრგუნავს სოკოვან დაავადებებს, გამოიყენება მძიმე ნიადაგებში ან მჟავიანობის მოყვარული მცენარეებისათვის. კომპოსტი შეიძლება დამზადდეს არა მიწაზე, გროვების სახით, არამედ ამ მიზნისათვის გაკეთებულ რკინის კასრებში.

 ნაცარი

ხის ნაცარი მცენარისათვის კალიუმის მნიშვნელოვანი წყაროა, აზოტის გარდა იგი მცენარისათვის საჭირო ყველა ნივთიერებას შეიცავს.

ქვის ფქვილი

ქვის ფქვილი ბუნებრივი მინერალური სასუქია და წარმატებით გამოიყენება ორგანულ მეურნეობაში, განსაკუთრებით მრავალწლიანი კულტურებისათვის. იგი შეიცავს მცენარისათვის საჭირო თითქმის ყველა ელემენტს და მათ შორის დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს. მიუხედავად იმისა, რომ მიკროელემენტებს მცენარე მცირედ მოიხმარს და უმეტესად ისინი ნიადაგში საკმარისი ოდენობითაა, ხშირად ადგილი აქვს ამ ელემენტების დეფიციტს, რომლის დროსაც მცენარეებში ფიზიოლოგიური პროცესები ირღვევა. მათი შევსება აუცილებელი ხდება გარედან სასუქების გამოყენებით.

 ნაკელი

ადამიანმა ნიადაგის გამანაყოფიერებელი საშუალების გამოყენებას ხელი  მას შემდეგ მიჰყო, რაც  მუდმივად ერთ ადგილზე ცხოვრება და სწორ მიწათმოქმედებაზე გადასვლა დაიწყო. ანტიკური დროის მწერლები ნიადაგის გამანაყოფიერებელ საშუალებად ნაკელს ასახელებენ. ჰომეროსი” ოდისეაში” ნაკელზე და მის მნიშვნელობაზე მიუთითებდა ნიადაგის ნაყოფიერე- ბისათვის.

ნიადაგის მინერალურ წარმოებასა და მოხმარებაზე გადასვლის შემდეგ მოსახლეობამ ნაკელის გამოყენებისადმი ყურადღება შეანელა, რასაკვირველია ეს სრულიად არ არის მართებული, რადგან არც ერთ მინერალურ სასუქს არ შეუძლია შეცვალოს ნაკელი. ნაკელი მეცხოველეობის ანარჩენია, ძირითადად შეიცავს ცხოველების ექსკრემენტს. ზოგიერთ მეურნეობაში ნაკელს ემატება ცხოველების საფენი. ამიტომ ვარჩევთ საფენიან და უსაფენო ნაკელს. საფენიანი ნაკელი შედგება ცხოველების მაგარი, თხევადი გამონაყოფისაგან. მშრალი ნივთიერება ნაკელში 25 % – ია, წყალი კი 75 % – ია.

უსაფენო, ნახევრად თხევადი ნაკელი შეიცავს ცხოველის მაგარ და თხევად გამონაყოფებს. მასში მშრალი ნივთიერება 11-12%-ია, წყალი კი 89-90%. უსაფენო ნაკელში ხშირად, როგორც წესი, გვხვდება საწარმოო ანარჩენები. მაგარი განავლის რაოდენობა ძირითადად დამოკიდებული პირუტყვის სახეობაზე , მაგრამ ის იცვლება აგრეთვე საკვების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით. ცხოველთა მიერ გამოყოფილი თხევადი განავლის რაოდენობა, დამოკიდებულია პირუტყვის სახეობასა და საკვების შედგენილობაზე. წვნიანი საკვებით კვებით დროს გაცილებით მეტი შარდი გამოიყოფა. მსხვილი რქოსანი პირუტყვი და ღორი ცოცხალ წონასთან შედარებით მეტ შარდს გამოყოფს ცხენთან და ცხვართან შედარებით. შარდის ქიმიურ შემადგენლობას ძირითადად განსაზღვრავს ცხოველთა სახეობა და საკვების შემცველობა. ცხოველთა შარდი მაგარ განავალთან შედარებით უფრო მდიდარია აზოტითა და კალიუმით, ვიდრე ფოსფორით. ფრინველის სკორე ძვირფასი ორგანული სასუქია ბოსტნეული კულტურებისთვის.

 ხელოვნური ნაკელი

ხელოვნური ნაკელი მიიღება ჩალის, ნამჯისა და სხვადასხვა მცენარეთა ფოთლების მინერალურ ან ორგანულ სასუქებთან დაკომბოსტებით.

 ტორფი

ტორფი არის არასრულად გახრწნილი ჭაობის მცენარეული მასა, რომელიც წარმოიქმნება ჭარბი ტენიანობისა და ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში. ყოველგვარი ტორფი შედგება არა ჰუმიფიცირებული მცენარეული ნაშთების, ნეშომპალისა და მინერალური ჩანართებისგან. ტორფნარების 90% არაშავმიწა ნიადაგების ზონაშია. ა. მენაღარაშვილის მონაცემებით, საქართველოში ტორფნარები 16 ათას ჰა-ზეა 1 მილიარდი ნედლი ტორფის მარაგით. ტორფის ტიპს განსაზღვრავს მისი წამოშობის პირობები. კერძოდ ტორფის ჭაობების განლაგება რელიეფული ელემენტების მიხედვით. წარმოშობის მიხედვით ტორფი სამგვარია – მაღლობის, დაბლობის და გარდამავალი.

 მწვანე სასუქი

მწვანე სასუქი გამოყენება ან სიდერაცია არის ორგანულ ნივთიერებათა და აზოტით ნიადაგის განოყიერების ისეთი ხერხი, რომელიც ხორციელდება ნაკვეთზე სპეციალურ მცენარეთა, უპირატესად პარკოსნების ოჯახიდან თესვითა და მათი მწვანე მასის ნიადაგში ჩახვნით. მწვანე სასუქის ცნება პირობითია, რადგან ამ ღონისძიებაში იგულისხმება ნიადაგში არა მარტო მცენარის მწვანე მასის, არამედ ფესვთა სისტემის, კოჟრის ბაქტერიებისა და კოჟრების ჩახვნა, რაც რასაკვირველია აძლიერებს მწვანე სასუქის ეფექტურობას. მწვანე სასუქად უმთავრესად გამოიყენება პარკოსანი მცენარეები. მათ უნარი შესწევთ ისარგებლონ და ნიადაგში ბმულ მდგომარეობაში გადაიყვანონ ატმოსფეროს თავისუფალი აზოტი, როგორც ცნობილია, ატმოსფეროს თავისუფალი აზოტი შეუძლია შეითვისოს პარკოსანი მცენარეების ფესვებზე არსებულმა მიკროორგანიზმებმა- კოჟრის ბაქტერიებმა.

პარკოსანი მცენარეების მწვანე სასუქად გამოყენებით წარმოებს ნიადაგის გამდიდრება აზოტით და ორგანული ნივთიერებებით, რის შედეგადაც უმჯობესდება მცენარის კვების პირობები და ნიადაგის ქიმიური, ფიზიკური, ფიზიკურ ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მწვანე სასუქის გამოყენების პრაქტიკა სოფლის მეურნეობაში დაინერგა მე-18-ე საუკუნის დასაწყისიდან.

მდინარის შლამი

საქართველოს მთელ რიგ მდინარეებს მოაქვს დიდი რაოდენობის ატივტივებულ, ორგანულ და მინერალურ ნივთიერებათა ნაწილაკები.

ორგანული ნივთიერებებიდან წყალში ატივტივებულია სხვადასხვა ხარისხით გახრწნილი მცენარეული პროდუქტები, ხოლო მინერალური ნივთიერებებიდან ძირითადად კარბონატული ქანები. წყალში ატივტივებული ნაწილაკების რაოდენობა იცვლება წლის პერიოდების მიხედვით, შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე წყალს მეტი ორგანული და მინერალური ნივთიერება მოაქვს, ვიდრე ზაფხულში.

წყალში ატივტივებული ნაწილაკების რაოდენობა იზრდება წვიმიან და დიდ ნალექიან ამინდებში. მოშლამვა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში. იგი ნიადაგის ზედაპირზე უნდა მოიბნეს, რაც შეიძლება თანაბრად, ამავე დროს აუცილებელია მისი მალე ჩახვნა.

თანამედროვე პირობებში ორგანულ მეურნეობაში ინერგება ორგანული წარმოების სასუქები და ბიოენერგოაქტივატორები, რომელთაგან აღსანიშნავია:

 ბიოჰუმუსი, მარცვალა სასუქი

იგი წარმოადგენს მაღალჰუმუსიან მაკრო და მიკრო ელემენტებით დაბალანსებულ, მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე ორგანულ სასუქს, რომელიც შეიცავს ცხოველური და მცენარეული ცელულოზის შემცველ ნარჩენებს, ბუნებრივად ჭიაყელების მიერ გადამუშავებულ პროდუქტს. გამოიყენება ნებისმიერი სახის ნიადაგზე და ნებისმიერი კულტურის ქვეშ. 3 ტონა ბიოჰუმუსი ცვლის 20 ტონა ნაკელს. ამავე დროს ნაკელისაგან განსხვავებით, არ შეიცავს მავნე ბაქტერიებს. ჯანმრთელ ნიადაგში საკმარისია 3 წელიწადში ერთხელ შეტანა. იგი 60–100%–ით უფრო ეფექტურია, ვიდრე იგივე რაოდენობის ნაკელი. 1 გრამ ბიოჰუმუსში მცენარისათვის საჭირო რამდენიმე მილიარდი მიკროორგანიზმის უჯრედია, ხოლო 1 გრამ ნაკელში _ 250000.

ორგანიკა _ თხევადი ორგანული სასუქი “ორგანიკა“. დამზადებულია მცენარეული ნარჩენებისგან. იგი მდიდარია მაკრო და მიკრო ელემენტებით, შეიცავს ვიტამინებს, ბუნებრივ ფიტოჰორმონებს, ჰუმატებს, ნიადაგის მიკროორგანიზმების სპორებს. პრეპარატს გააჩნია ბუნებრივი ფუნგიციდური და ბაქტერიოციდული თვისებები, სრულიად უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოსათვის. გამოიყენება მცენარის ფესვით და ფესგვარეშე კვებისთვის, ყველა სახის მცენარისთვის – ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლეული (ხორბალი, ქერი, სიმინდი და ა.შ.), ყვავილები, გაზონის ბალახი, კენკროვნები, ხეხილი და სხვა. “ორგანიკა” აგრეთვე, გამოიყენება როგორც ნიადაგის თვისებების გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის საშუალება (ჰუმუსი, აგრეგატული მდგომარეობა და ა. შ.); მცენარეში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ფოტოსინთეზს. სასუქი განსაკუთრებით ეფექტურია ორგანულ მეურნეობებში. თხევადი ორგანული სასუქი “ორგანიკა” არის ქართული წარმოების ერთადერთი სასუქი, რომელსაც მოპოვებული აქვს ორგანული სერტიფიკატი, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინი QC100 და ოფიციალურად დაშვებულია ევროკავშირში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად. მას ახასიათებს:

♦ ხარისხიანი მოსავალი, შენახვის ვადის გახანგრძლივება;

♦ ნაყოფის ბუნებრივი არომატი, მეტი რაოდენობით ვიტამინების შემცველობა;  მცენარის გამძლეობა სტრესისადმი;

♦ დაბალი ღირებულება და მარტივი გამოყენება;

♦ ნიადაგში ორგანული შემცველობის ზრდა;

♦ ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური თვისებების გაუმჯობესება და დაცვა გამოფიტვისგან;

♦ არ არსებობს მავნე ეფექტი და უკუჩვენება;

♦ ნიტრატების არ არსებობა ნიადაგში, მცენარეებსა და ნაყოფში;

♦ მოსავლიანობის მატება 15-20%-ით.

ეკოლოგიკი _ თხევადი ბიოორგანული სასუქ-სტიმულატორია. დამზადებულია ზღვის წყალმცენარეებისაგან. იგი მცენარეს აწვდის საკვებ ელემენტებს. შეიცავს აზოტს, ფოსფორს, კალიუმს, სულფატებს, მაგნიუმს, სპილენძს, რკინას, მანგანუმს, თუთიას. აძლიერებს მცენარეს სტრესული და კრიტიკული სიტუაციების მიმართ. ამცირებს ყვავილისა და ნაყოფის ცვენას, ზრდის პროდუქციის ხარისხს 27–120%–ით, უნარჩუნებს ნაყოფს ბუნებრივ გემოსა და სურნელს. გამოიყენება ყველა სახის მცენარისათვის. იმდემად უვნებელია, რომ მისი შესხურების შემდეგ მაშინვე შეიძლება ნაყოფის საკვებად გამოყენება, კარგად იტანს ტრანსპორტირებას.

 ბიორაგი _ ბიორაგი წარმოადგენს თხევად ბიოენერგოაქტი- ვატორს. იგი ხელს უწყობს მცენარეს მაქსიმალურად გამოავლინოს პოტენციური სასიცოცხლო შესაძლებლობანი, ზრდის დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი მის მდგრადობას, ზრდის მოსავლიანობას და ხარისხობრივ მაჩვენებლებს. გამორიცხავს მეწლეობას. ნაყოფში და მწვანე მასაში მატულობს ცილის, შეუცვლელი ამინომჟავეების, ვიტამინების, მიკრო ელემენტების (იოდი, სელენი) შემცველობა. ‘ბიორაგით“ მუშავდება თესლი, მიეწოდება მცენარის ფესვებს, ხე მცენარეებისათვის საკმარისია 3 წელიწადში ერთხელ მიცემა.

აგროვიტა _ აგროვიტა ქართული წარმოების ორგანულ– მინერალური სასუქია. მუქი ყავისფერი, ჰომოგენური სუსპენზიის კონცენტრატია. დამზადებულია ადგილობრივი ტორფის ბაზაზე. იგი უზრუნველყოფს მოსავლიანობის ამაღლებას, აჩქარებს მომწიფების პროცესს, ხელს უწყობს ნაყოფებში მაღალი კვებითი ღირებულების ნაერთების დაგროვებას, აუმჯობესებს ნაყოფების შენახვის ხანგრძლივობას, აჩქარებს თესლის გაღივებასა და აღმოცენებას, აუმჯობესებს ჩითილების და ნერგების გადარგვისას გახარების ხარისხს, აძლიერებს მცენარის იმუნურ სისტემას, ამაღლებს მის სტრესული პირობებისადმი შეგუების უნარს.

აგროვიტას ახასიათებს მცენარეთა ზრდა-განვითარების სტიმულირება და ფუნგიციდური თვისებები. სასუქი ჰუმინური ნაერთების არანაკლებ 15%-ს შეიცავს, დაბალანსირებულია მაკრო და მიკროელემენტებით. პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია 2010 წელს დაიწყო. ჰუმინური სასუქი „აგროვიტა“ გამოიყენება ყველა სახის მცენარეთა გამოკვებისათვის, ნებისმიერი ნიადაგურ-კლიმატური რეგიონისათვის, მცენარეთა განვითარების ყველა ფაზაში-თესლის დამუშავებიდან დაწყებული ვეგეტაციის ბოლომდე და ნიადაგის განოყიერება-რეკულტივაციისათვის, მოსავლის აღების შემდეგ ან ადრე გაზაფხულზე. სასუქი გამოიყენება წყალში გახსნილი სახით, როგორც დამოუკიდებლად, ასევე მცენარეთა დაცვის საშუალებებთან და თხევად სასუქებთან ნარევის სახით. იგი უსაფრთხოების IV კლასს მიეკუთვნება.

ნუნუ ნაკაშიძე, დარეჯან ჯაში,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი