ხეხილის ცოცხალი ღობე
ხეხილის ცოცხალი მსხმოიარე ღობე კეთდება შპალებზე. ამგვარად, ერთდროულად შეგიძლიათ მივიღოთ მოსავალიც და დაუპატიჟებელი სტუმრებისგანაც დაიცვათ ეზო.
ასეთი ღობე იკავებს ბევრად ნაკლებ ადგილს ჩვეულებრივ ხეხილთან შედარებით. კიდევ ერთი უპირატესობა _ სიბრტყეზე გაშლის გამო ნაყოფი იღებს გაცილებით მეტ მზის სინათლეს და იძენს განსაკუთრებით მკვეთრ შეფერილობას.
შპალებზე ღობის ფორმირება უფრო ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. განვითარებული ყლორტები მაგრდება ღობის მავთულზე. დასარგავად გამოდგება ერთ და ორწლიანი ნერგები სუსტ საძირეებზე М9 და М26. აგრეთვე გამოდგება უფრო ძლიერ საძირეებზე М7 და ММ106 გამოყვანილი ნერგები. მაგრამ ამ შემთხვევაში ძირებს შორის მანძილი უნდა გავზარდოთ 2,5 მ.-მდე.
ხეების კედელთან ფორმირება ასე შეიძლება:
თავისუფლად მზარდი მწკრივი;
ბუნებრივი მარაოსებრის პალმისებურად (ჰოლანდიური მწკრივი);
მკაცრი ფორმის მწკრივი.
განსაკუთრებით მარტივია პირველი ორი მეთოდი და მათ გაშენებას არ სჭირდება დიდი დრო და ცოდნა.
გამორჩეულად ადვილია თავისუფლად მზარდი მწკრივის მოწყობა. ამგვარ მწკრივებს არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და ის დაამშვენებს სახლის ან ავტოსადგომის კედელს.
აღნიშნული ღობის გასხვლა მარტივია: ძლიერი ყლორტები უნდა განვითარდეს მხოლოდ ორი მიმართულებით ღობის სიბრტყის გასწვრივ. ასეთი გვერდითი ტოტების ფორმირება ხდება ხის ძირთან (ტანთან) მიმართებაში ბლაგვი კუთხით ან სულაც ჰორიზონტალურად.
ნერგის ფორმირება იწყება მისი დარგვის მომენტიდან, პირველი ორი ტოტის შპალერის პირველ მავთულზე დამაგრებით. ცენტრალური ყლორტი მოკლდება კვირტის თავზე გვერდითი ყლორტებიდან 50სმ.-ით მაღლა.
მეორე წელს გასხვლა ოდნავ რთულდება:
კონკურენტი ყლორტი შორდება, ცენტრალური წამყვანი ყლორტი მოკლდება, ხოლო გვერდითი ყლორტები მაგრდება მავთულზე.
გვერდით ტოტებზე ახლად ამონაყარი ყლორტები მიმართული უნდა იყოს ოდნავ წამოწეულ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცენტრალურ ყლორტს.
თუ გსურთ, მიიღოთ განსაკუთრებული გაშლილტოტებიანი ხე, ტოტები უნდა დაამაგროთ მხოლოდ ზაფხულში ან შემოდგომაზე.
შემდეგ გაზაფხულზე ცენტრალური წამყვანი ყლორტი მოკლდება გვერდითი ყლორტებიდან 50სმ.-ს დაშორებით. ამგვარად განვითარდება თავისუფლად ზრდადი მსხმოიარე შპალერული ღობე. ჰორიზონტალური ყლორტები, რომლებიც ვითარდება ხის ტანზე შპალერის მავთულების პარალელურად, არ მოკლდება — ისინი სასხლავის დაუხმარებლად მსხმოიარე ტოტებად ჩამოყალიბდება.
ასეთი ღობის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2-2.5მ.-ს, ხოლო ისეთი ხეებისთვის, რომლებიც გაზრდილი არიან სუსტ საძირეებზე, სიმაღლე იზღუდება 1.8-2 მეტრამდე. აღნიშნული სიმაღლის მიღწევისას ცენტრალური ყლორტი უნდა მოიხაროს ჰორიზონტალურად და დამაგრდეს მავთულზე. მოხრის ადგილზე აუცილებლად დაიწყებს ზრდას ძლიერი, ვერტიკალური ყლორტები—ისინი უნდა გადაიჭრას სეკატორით რკალისებურად.
მიაქციეთ ყურადღება, რომ მწკრივის ქვედა ტოტები ყოველთვის ზედა ტოტებზე გრძელი იყოს. ამ შემთხვევაში ის დაემსგავსება მკაცრი ფორმის მწკრივს, მოითხოვს ნაკლებ დროსა და ძალისხმევას.
მასალა მოამზადა
ზაზა ნოზაძემ