პომიდვრის ფესვების ლპობის გამომწვევი სოკოები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
ბოსტნეულ მცენარეებს აქვთ გარკვეული სახის კვებითი ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვანია ზოგადად ადამიანის განვითარებისა და მისი სრულყოფისათვის. მეცნიერებამ კვების შესახებ დაადგინა, რომ ადამიანის დღე-ღამის რაციონის არანაკლებ 1/4 უნდა შედგებოდეს სხვადასხვაგვარი ბოსტნეულისაგან.
ბოსტნეული ვიტამინების, ორგანული ნივთიერებების და მინერალური მარილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
ბევრი ბოსტნეული კულტურა მოიხმარება მხოლოდ გადამუშავებული სახით. გადამუშავებისას ხშირად ხდება იმ სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების დაკარგვა, რაც ბოსტნეულშია. ამიტომ უფრო მეტად სასარგებლო ბოსტნეულად ითვლება ის ბოსტნეული კულტურა, რომელსაც ადამიანი უმეტესად მიირთმევს გადაუმუშავებელი სახით. სწორედ ასეთ ბოსტნეულს მიეკუთვნება პომიდორი (Solanumlycopersicum).
პომიდორი განსაკუთრებული ქიმიური შედგენილობით ხასიათდება: წყალი 94%, მშრალი ნივთიერება 16%, შაქარი 0,3%, უჯრედანა 5% და ა.შ. მისი ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებით. უკანასკნელი სამეცნიერო გამოკვლევებით დადგენილია, რომ პომიდორი დიდი რაოდენობით შეიცავს ლიკოპენს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების ალბათობას.
პომიდორს აქვს მთელი რიგი დაავადებებისა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ მოსავლიანობას, რომელთაგან აღსანიშნავია ფესვის სიდამპლეებით გამოწვეული სოკო Fusariumoxysporum da Rhizoctoniasolani.
თითქმის ყველა ბოსტნეული კულტურისათვის ფესვის ლპობის დამახასიათებელი სიმპტომები ერთნაირია. ჩითილების დაავადებებისას აღინიშნება ფოთლების გაყვითლება, ზრდაში ჩამორჩენა, ხშირად ფესვის ყელის და ფესვის გაწვრილება. ასეთი ჩითილების ნიადაგიდან ამოღებისას ფესვებს ადვილად სცილდება ეპიდერმისი, ბუსუსა ფესვები კი მთლიანად წყდება და რჩება ნიადაგში.
პომიდორი ფუზარიოზით (გამომწვევი— Fusarium oxysporum (Schlech) ავადდება ნებისმიერ ასაკში. დაავადების გამომწვევია სოკოს სპორები, რომელიც ინახება ნიადაგში ან ვრცელდება სათესლე მასალით. ფოთლების ჭკნობა იწყება ქვედა იარუსიდან, რადგანაც სპორები იჭრებიან ფესვთა სისტემიდან და გადაადგილდებიან ზევით. ჭკნება ყლორტები, დეფორმირდება ყუნწები და ფოთლის ფირფიტა.შეინიშნება ფოთლის აჭრელება და ტურგორის დაკარგვა,რაც იმით არის განპირობებული, რომ ეს სოკო იწვევს ჭურჭელ-ბოჭკოვანი კონების დაცობას გუმისმაგვარი ნივთიერებით. ღეროს გადანაჭერზე ადვილად შეინიშნება ჭურჭელ-ბოჭკოვანი კონების დაზიანება. ფესვები ლპება, ფოთლებზე ჩნდება ყვითელი ფერის ლაქები და ყვითლდება . დაავადებული მცენარის ბუჩქი მომჭკნარია. როცა ტენიანობა მაღალია, ბუჩქზე ვითარდება თეთრი ფიფქი. პომიდვრის ბუჩქი სწრაფად კვდება გამომწვევი სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებით. ფუზარიოზის განვითარების სიჩქარეზე გავლენას ახდენს ნიადაგის მჟავიანობა. PH6,5-7,0 სოკო ვითარდება შედარებით ნელა, ვიდრე უფრო მეტი მჟავიანობის მქონე ნიადაგზე.
Fusarium oxysporum (Rhizoctonia solani Kuehn). ივითარებს ჰაეროვან მრავალუჯრედიან დატოტვილ მიცელიუმს. ივითარებს როგორც მიკრო, ასევე მაკროსპორებს. მიკროსპორები დიდი რაოდენობითაა, ზოგი თავაკებადაა შეკრული, ერთუჯრედიანია, იშვიათად ორუჯრედიანი, მოგრძო-ოვალური, ცილინდრული ან ოდნავ მოხრილი, ზომით: 7,6-22,8×2,3-6,1 მკმ. მაკროსპორები ერთეულია,2-3 ტიხრით, მოგრძო, წვეროებში ოდნავ მოხრილი, ზომით:24,7-34,2×3,8-4,9 მკმ. ჰიფებს შუა ივითარებს ქლამიდოსპორებს, რომელიც მომრგვალო ფორმისაა, ოდნავ კუთხოვანი.
პომიდვრის მშრალი სიდამპლით დაავადებისას (გამომწვევი — Rhizoctonia solani Kuehn.) ფესვთან შეერთების ადგილას ღეროს ნაწილი შავდება, ხმება და მცენარე იღუპება. დაზიანების არეალის ზემოთ ახალი ფესვების გაჩენის შემთხვევაშიც კი ძლიერ ფერხდება ჩითილის განვითარება. რიზოქტონიოზი ასნებოვნებს მოუმწიფებელ ნაყოფებსაც, რომელზედაც ჩნდება სხვადასხვა ფორმის ლაქები ღია ყავისფერი შეფერილობიდან მუქ ყავისფერ, თითქმის მოშავო შეფერილობამდე. ლაქის ქვეშ ქსოვილი ნეკროზირდება (კვდება) და მასზე წარმოიქმნება ღია ნაცრისფერი ნახეთქები, რომლებზედაც ნესტიან ამინდში იწყება ლპობა.
Rhizoctonia solani Kuehn.-თვის კი დამახასიათებელია თხელი, გართხმული, წაბლისფერი მრავალუჯრედიანი სწორკუთხოვნად დატოტვილი მიცელიუმი. სპორათგროვები თითქმის არ წარმოიქმნება. პათოგენი, როგორც წესი, ვრცელდება მიცელიუმის ნაგლეჯებით. დიდი რაოდენობით ივითარებს სკლეროციუმებს. სკლეროციუმები მუქი მოშავო ფერისაა, მომრგვალო, ზოგჯერ უსწორმასწორო. ძალიან იშვიათად, მიცელიუმზე ფორმირდება ბაზიდიები ბაზიდიოსპორებით, ზომით 8-14×4-6 მკმ (Thanotephorus Cucumeris).
დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორი აგროტექნიკა. პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია შემოდგომით ნიადაგის მორწყვა შაბიამნის ხსნარით ხარჯვის ნორმით 50 გრ. 10 ლ. წყალზე. რადგან ინფექცია ინახება ნიადაგში და მცენარეულ ნარჩენებში,ამიტომ ფესვის ლპობასთან საბრძოლველად საჭიროა მცენარეული ნარჩენის განადგურება და დარგვის წინ ნიადაგის დეზინფექცია, ღრმად ხვნა ბელტის გადაბრუნებით, საღი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება, თესლბრუნვა.
რიზოქტონიოზის წინააღმდეგ საბრძოლველად რეკომენდებულია ნიადაგის მორწყვა 0,3% გოგირდის შემცველი პრეპარატებით: კუმულუსი, თიოვიტი ან კოლოიდური გოგირდი. დაავადების უფრო მეტად გავრცელებისას გამოიყენება რიდომილ გოლდი მც 0,25%-იანი სუსპენზია. ფუზარიოზისა და რიზოქტონიოზის წინააღმდეგ ეფექტურია პრეპარატ აპრონ XL (ხარჯვის ნორმა 50 გრ. 100 ლიტრ წყალზე) ფესვებში ჩასხმით.
ანა დადეგაშვილი,
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია