კოლხური ზუთხი (თართი) – Acipenser guldenstadti cilchicus

ზურგის ფარფლში, სხივი _27-48, ანალურში _ 16-36.

ფარეკლები: ზურგისა _ 7-19, გვერდისა _ 24-44, მუცლისა _6-13.

თავის ზედა ფარები რადიალურ მარცვლოვანია, ერთიმეორისაგან მცირედაა დაშორებული, ფარეკლების რიგებს შორის სხეული დაფარულია რამდენიმე მწკრივად განწყოფილი ვარსკვლავისებური ფირფიტებით.

ლაყუჩის კბილაკები სადა _ 16-36. ქვედა ტუჩი შუაზეა გაყოფილი. ულვაშები სადა, უკან პირამდე ვერ აღწევენ, ხოლო წინ დინგის ბოლომდეა ჩამოშვებული. სიგრძე 230 სმ-მდეა, წონა 80 კგ-მდე, ჩვეულებრივ უფრო მცირე ზომის გვხვდება.

გავრცელება

ბინადრობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან. გასამრავლებლად შედის მდინარეებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, ოქუმი, ერისწყალი, ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, ფსოუ.

საქართველოს გარეთ ცნობილია: შავი და აზოვის ზღვებში. შედის მდინარეებში: ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი და სხვ.

ბიოლოგია

გამსვლელი თევზია. ძირითადად ცხოვრობს ზღვაში. გასამრავლებლად შედის მდინარეებში. ენგურში ადის სოფ. ჯვარამდე, ხოლო რიონში – სამტრედიამდე (რიონჰესის აგებამდე ადიოდა ქუთაისამდე). იკვებება ძირითადად ლოკოკინებით (75%), კიბოსნაირებით, ჭიებით, თევზებით და სხვ.

მამალი სქესობრივად მწიფდება 8-14 წლისა, დედალი – 10-20 წლისა. ტოფობს მაისიადან სექტემბრამდე. ნაყოფიერება აღწევს 72-837 ათას ქვირითამდე. ქვირითის დიამეტრია 3-3,5 მმ.

სამეურნეო მნიშვნელობა

ძვირფასი სარეწაო თევზია. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან მოპოვება ხდება: ფოთის, ანაკლიისა და სხვა პუნქტებში. ადრე მოიპოვებოდა დიდი რაოდენობით. გასული საუკუნის 70-იან წლებში რიონში დაუჭერიათ 480-640 ცენტნერამდე, 1927-1928 წლებში კი მხოლოდ 125 ცენტნერი; ასევე მცირე რაოდენობით იჭერენ მდ. ენგურის შესართავთან. 1955 წელს აქ დაუჭერიათ  13 ეგზემპლარი ზუთხი. საერთო წონით 250 კგ.

აზოვ-შავი ზღვის სხვა ადგილებში ამზადებენ გაცილებით მეტს. მოიპოვებენ მცურავი, ჩასადგმელი ბადეებით და სხვა იარაღებით. დღეს კოლხური ზუთხის ჭერა აკრძალულია.

იყენებენ ნედლად, ამზადებენ: დოშს, ზურგიელს, ხიზილალას, კონსერვს, საცურავი ბუშტისგან მიიღება უმაღლესი ხარისხის წებო.

წყარო: https://inadire.ge/kolxuri-zutxi-tarti/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.