ბიომევენახეობა და მისი ძირითადი პრინციპები
ბიომევენახეობის ოფიციალურ მიმართულებას ჩვენში დიდი ხნის ისტორია არა აქვს. შესაბამისად ეს დარგი ერთგვარი სიახლეა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართულების პირველი მიმდევრები დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდნენ. ამ დროიდან მოყოლებული, ბიომევენახეობის პრინციპები თანდათან დაიხვეწა და იგი მეტ-ნაკლებად მიესადაგა საქართველოში არსებულ სიტუაციას.
აღნიშნული დროიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბდა პირველი მასერტიფიცირებელი ორგანო და აქედან გამომდინარე, მევენახეობის ამ მიმართულების მიმდევრებს საშუალება მიეცათ, ურთიერთობა ჰქონოდათ არა მხოლოდ საკონსულტაციო სამსახურთან, არამედ ბიოსერტიფიკატის გამცემ მაკონტროლებელ ორგანოსთანაც. მართალია, ჯერხნობით საქართველოში ბიოსერტიფიკატის მფლობელი სულ თხუთმეტიოდე მევენახე-მეღვინეა, მაგრამ მიმართულება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ დარგის მიმდევრებს თავდაპირველად საკმაოდ სერიოზულ პრობლემებთან მოუხდათ შეხება. ძირითადად ეს გახლდათ ბიოპრეპარატების არარსებობა, ან მათი უხარისხობა და ფალსიფიკაცია… თუმცა დარგის მიმართულების პოპულარიზაციამ თავისი გააკეთა და დღეისათვის ბაზარზე უკვე არსებობს თითქმის ყველა ის ბიოპრეპარატი, რითაც ხდება მევენახეობის მავნებლებისა თუ დაავადებების კონტროლი და მათთან ბრძოლა.
ბიოვენახად მიჩნეულია ისეთი ვენახი, სადაც არ გამოიყენება როგორც სისტემური და ძლიერმოქმედი შხამები, ისე ჰერბიციდები და მინერალური სასუქებიც. შესაბამისად, მათს ალტერნატივას წარმოადგენს ბიოპრეპარატები; ბიოსასუქები; ბიომეთოდები და აგროწესების რიგი, რითაც ხდება ბიომევენახეობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა. უნდა ითქვას, რომ ბიოპრეპარატებით წამლობა შედარებით მეტ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან კონტაქტური პრეპარატები სისტემურ შხამქიმიკატებთან შედარებით სუსტია. ამასთან დიდია ასეთი პრეპარატების წვიმით ჩამორეცხვის რისკიც. მაგალითად, თუ რომელიმე კონტაქტური პრეპარატით ჩატარებული წამლობის დროს მალევე მოვიდა მინიმუმ 20 მმ. ნალექი, ასეთ შემთხვევაში ბიოპრეპარატი ჩამორეცხილად მიიჩნევა. ბაზარზე არსებული იმ ბიოპრეპარატების უმეტესობა, რომლებიც გამოიყენება ვაზის ჭრაქისა და სიდამპლეების წინააღმდეგ, სპილენძის შემცველია. ამ პრეპარატების გამოყენება ბიომევენახეობაში გარკვეულწილად ლიმიტირებულია. მიღებულია, რომ ვეგეტაციის პერიოდში ერთ ჰექტარ ვენახში სუფთა სპილენძი 6 კილოგრამზე მეტი არ უნდა შევიდეს, რაც მეტ-ნაკლებად რთულია, თუმცა საქმის ცოდნით ეს ყოველივე სრულად შესაძლებელია! ამისათვის მევენახემ უნდა გაარკვიოს, თუ რამდენ გრამ სუფთა სპილენძს შეიცავს ესა თუ ის სპილენძის შემცველი პრეპარატი და ამის მიხედვით გამოთვალოს წამლობის რაოდენობა და პრეპარატის დოზირება.
ბიომევენახეობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ის, რომ მეურნემ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ნიადაგის ნაყოფიერება, რაც უპირატესად მიიღწევა ორგანული სასუქების, სხვადასხვა სახის კომპოსტების შეტანით, ნიადაგის მულჩირების, სიდერაციის გამოყენებით და პარკოსანი კულტურების შეთესვით. ცხადია, ყველაფერი სავენახე ნიადაგის შერჩევით იწყება. ვაზი ყველანაირ ნიადაგზე ხარობს, მაგრამ საუკეთესო მოსავალს ვენახი ყველგან როდი იძლევა. ამ მხრივ, საქართველოს ვენახებში, რომელთა საერთო ფართობიც დღეს დაახლოებით 35-40 ათასი ჰექტარია, ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაა! ვენახის გასაშენებელი ნიადაგი მევენახემ ძირეულად უნდა გამოიკვლიოს ლაბორატორიულად და ვაზი ამა თუ იმ ადგილას მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გააშენოს. ჩვენს წინაპრებს, ცხადია სავენახე ნიადაგები ლაბორატორიულად არ ჰქონდათ შესწავლილი, მაგრამ მათ ძალზედ კარგად იცოდნენ, თუ რა ნიადაგმა როგორი ღვინო იცოდა; რა ნიადაგზე რომელი კულტურა უფრო ამართლებდა და სხვ. ამ ყოველივეზე, ადგილზე გავრცელებული მცენარეული საფარიც მეტყველებს. ცნობილია, რომ ადგილი, სადაც, მაგალითად ხარობს ძეძვი, სავენახედ კარგია და ა.შ. ამ მხრივ მეტად საინტერესოა ნარკვევი — „ღვინის ქართულად დაყენება“ (თბილისი, 1887 წ), რომელიც ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს. ხსენებული ნარკვევით დაინტერესებული მკითხველი მასში ბევრ საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავს, როგორც მევენახეობის, ისე მეღვინეობის საკითხებში. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ილიასეული ეს ნარკვევი ეძღვნება არა ინდუსტრიულ, არამედ მევენახეობა-მეღვინეობის სწორედ ბიო — „ბუნებურ“ მიმართულებას. როგორც ითქვა ბიომევენახეობა არის სოფლის მეურნეობის ის მიმართულება, რომელიც არ გამოიყენებს ძლიერმოქმედ და სისტემურ შხამქიმიკატებს, ჰერბიციდებსა და მინერალურ სასუქებს. აქედან გამომდინარე, საბოლოო პროდუქტი — ყურძენი არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და „ცოცხალი“ პროდუქტი, რომლისგანაც მიიღება ძვირფასი ღვინო, რომელიც ინდუსტრიული ღვინოების უმეტესობისაგან განსხვავებით ძვირფასი სასმელია. საქართველოში ბიომევენახეობის მიმართულების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს და უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი ეხება არა მხოლოდ მევენახეობა-მეღვინეობას, არამედ სოფლის მეურნეობის ყოველ დარგს, რასაც მართებულად გამოყენება ესაჭიროება. ამ ყოველივეში ჩვენმა ხელისუფლებამაც უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს მასობრივ, თუ ინდუსტრიულ წარმოებაში ვერასოდეს გაეჯიბრება და ასეც რომ მოხდეს, ჩვენ ამაში უთუოდ დავმარცხდებით! ამიტომ ჩვენი შანსი, რომ დავაკმაყოფილოთ შიდა ბაზარი და პროდუქციის გარკვეული ნაწილი გავიტანოთ უცხოეთის ბაზარზეც, ბიოწარმოების შემთხვევაში ერთიათად იზრდება, რაც, მართალია მცირეხნიანმა, მაგრამ უტყუარმა პრაქტიკამ არაერთხელ აჩვენა.
ასევე საკმაოდ აქტუალური საგანია და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გარემოშია გაშენებული ვენახი, რასაც არც თუ იშვიათად ჯეროვანი ყურადღება არ ეთმობა. ეს ტენდენცია მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ დაიწყო გასული საუკუნის 70-იან — 80-იან წლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს მევენახეობამ მცდარი, ინდუსტრიული მიმართულება მიიღო, რის დროსაც ყურადღება არ ეთმობოდა არც ზემოთხსენებულ საკითხებს და არც სავენახე ნიადაგების შერჩევას. გარემოს, თუ სადაა გაშენებული ვაზი, როგორც აღინიშნა დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტადაა გასათვალისწინებელი ვენახთან საავტომობილო მაგისტრალის, რომელიმე ქიმიური ქარხნის, მაღალი ძაბვის დენის სადენების, ნაგავსაყრელისა თუ სხვა რისკის შემცველი ობიექტების სიახლოვე. მეტ-ნაკლებად შევეხოთ ჩამოთვლილ საკითხებს.
ბიოვენახის მდებარეობა საავტომობილო მაგისტრალის მახლობლად დაუშვებელია, არსებობს კიდეც საერთაშორისო წესები, რის მიხედვითაც ვენახისა და საავტომობილო მაგისტრალის დაშორება რეგულირდება. ჩვენი ქვეყნის მაგალითის შემთხვევაში სასურველია, თუ ბიოვენახი მთავარი საავტომობილო მაგისტრალისაგან დაშორებული იქნება დაახლოებით 100 მეტრით მაინც. თუმცა ეს მანძილი მეორეხარისხოვანი გზების შემთხვევაში შესაძლოა იყოს 30-50 მეტრი. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ვენახის სიახლოვეს არ იყოს ქიმიური, ან სხვა სახის რომელიმე ქარხანა (მაგ., ცემენტის და სხვ.), საიდანაც გარემოსაც და ვენახსაც ეფინება ქარხნის გამონაბოლქვი. ამგვარი ვენახი, რაგინდ ზედმიწევნითაც იყოს იქ ყოველი სხვა ოპერაცია და წესი დაცული, ბიოვენახად არ ჩაითვლება. შესაძლოა, ამგვარი ქარხნები იმ გამდინარე წყალსაც აბინძურებდეს, რომლითაც ვენახი ირწყვება, რაც ასევე დაუშვებელია!
მართალია, ბიომევენახეობის წესები ვენახთან ახლოს მდებარე მაღალი ძაბვის დენის მაგისტრალების არსებობას არ კრძალავს, მაგრამ, ეს გარემოება ძალზედ ცუდად აისახება თავად ყურძნისა და ღვინის ხარისხზეც კი, რადგან ვენახთან არსებული მაღალი ძაბვის რკინის კონსტრუქციული ანძები ვენახს სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს, თანაც მუდმივად. ასეთი მაღალი ძაბვის სადენის ქვეშ გაჩერება, თუნდაც მცირედი ხნით ადამიანისთვისაც არ არის რეკომენდებული. უცხოეთის გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ნატურალური მეღვინეობის მიმართულების შემთხვევაში ვენახისა და მაღალი ძაბვის დენის ანძების დაშორება უნდა იყოს მინიმუმ 300 მეტრი, რაც ჩვენს სინამდვილეში უმეტესწილად დარღვეულია და ხშირად ვაზი პირდაპირ მაღალი ძაბვის სადენების ქვეშაა გაშენებული.
ერთ-ერთი პრობლემა, რაც ბიომევენახეობის წინაშე დგას, ესაა ნაგავსაყრელები, ან ქიმიური ნივთიერებების ნარჩენების საწყობები, თუ მათი საუტილიზაციო ადგილები. მართალია, ამ უკანასკნელ საკითხს ხშირი ხასიათი არა აქვს, მაგრამ, ვინაიდან ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში მაინც გვხვდება, ორი სიტყვით ვახსენებთ იმას, რომ ნაგავსაყრელისა და, მეტადრე ქიმიური ნარჩენების საწყობის სიახლოვეს ბიოვენახი არ უნდა გაშენდეს. რისკი ამ შემთხვევაში ორმხრივია, რადგანაც ვენახი შესაძლოა ქიმიური ნარჩენებით დაბინძურდეს და მეორე, დიდი რისკია, რომ ნაგავსაყრელის სიახლოვემ ღვინის გემოვნურ თვისებებზეც იმოქმედოს უარყოფითად, რის პრაქტიკული მაგალითებიც მრავლადაა. ამრიგად, როგორც უკვე აღინიშნა, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გარემოში ხარობს ვაზი.
ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ყურძნისა და ღვინის ხარისხი ძალიან ბევრ, ერთი შეხედვით წვრილმან დეტალზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ეს წვრილმანი დეტალები თავის დროზე უნდა იქნეს გათვალისწინებული. იმ წესთა დაცვა, რომლებიც ძირითადად ჰიგიენას უკავშირდება, საბოლოოდ დიდ გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ხარისხზე და პირიქით, რიგ წესთა უგულებელყოფა აუცილებლად უარყოფითად აისახება ღვინის ხარისხზე. ის, რომ ვაზი არ უნდა ჩაიყაროს ისეთ ადგილზე, სადაც გრუნტის წყალი ნიადაგის ზედაპირთან ძალიან ახლოს, მაგალითად, 1-1,5 მეტრშია, ან ისეთ ადგილას, სადაც სავენახე ფართობი უშუალოდ უღრან ტყეს ესაზღვრება, ელემენტარული წესებია. დავამატებთ ერთსაც, რომ უძველესი ნავენახარი ადგილები, რომლებიც ასე მრავლადაა ჩვენში და რაზეც ადგილობრივი ტოპონიმიკაც მეტყველებს (ნავაზარი, ნავაზი, ვაზიანა, ნაზვრევი, ნავენახევი, ზვარი, ბერების ზვრები, დედოფლის ზვრები და სხვ.) საუკეთესოდაა შერჩეული ჩვენი წინაპრების მიერ და ძველთაგანვე განთქმული მევენახეობის ხსენებული ადგილები აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში საოცრად შეესატყვისება ვაზის კულტურას, რადგან ვენახის გაშენებას ჩვენი წინაპრების მხრიდან წინ უძღოდა ნიადაგისა და ვაზის ჯიშების შეხამება და, საერთოდ, გარემო პირობების ძირეული შესწავლა.
გიორგი ბარისაშვილი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“
მცხეთა, 2015 წ.