თბილისის პირველი ღვინის ქარხანა

თბილისში, ვასილ პეტრიაშვილისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, კუთხეში, ღვინის #1 ქარხანა მდებარობს. შენობა 1894-96 წლებში არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერაა აგებული.

XIX ს. 90-იან წლებში მიწის ფართი ღვინის ქარხნის ასაშენებლად შეისყიდა საუფლისწულო მამულების უწყებამ „უდელი”, მას უკავშირდება ქუჩის ადრინდელი სახელწოდებაც. მშენებლობას აფინანსებდა დავით სარაჯიშვილი.

ქარხნის შენობის საერთო სახე ეკლექტური არქიტექტურის ნიმუშია. მის გეგმაში გაერთიანებულია ორი სამნავიანი ბაზილიკის ფორმა, რაც ქართული საეკლესიო სამშენებლო ტრადიციიდან მომდინარეობს. ქართულ ეკლესიებთან მსგავსება ხაზგასმულია იმითაც, რომ ფასადები კედლის სვეტებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღებითაა მორთული, თუმცა აგურის კედლებისა და თლილი ქვის სვეტების მოტივის გამოყენება უცხოა ქართული ტრადიციისათვის და უფრო ევროპულ არქიტექტურას მისდევს.

თბილისის პირველი ღვინის ქარხანა გამორჩეული საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც თავისი დროის ღვინის დამზადების ტექნოლოგიების მოწინავე ნიმუშების მიხედვით არის შექმნილი, ის კულტურული ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

ქარხანაში განთავსებულია 2 საძველე, სადაც ხდებოდა ღვინის დაძველება. თითოეული საძველის ფართობი არის 2600 კვ. მ. დღემდე ამ საძველეებში ინახება 40 000 საკოლექციო ბოთლი ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით. შემონახულია ნაპოლეონ ბონაპარტისა და სხვა ცნიბილი მოღვაწეების პირადი კოლექციიდან სასმელები, რაც წარმოადგენს ისტორიის საკუთრებას.

ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების მცირე ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1700 დასახელების-სუფრის, მაგარი და სადესერტო ღვინოები, არაყი, ლიქიორი, შამპანური და კონიაკი;

1790 წლის ჩამოსხმის პოლონური ლიქიორი;

1806 წლის უნგრული ღვინო;

1811 წლის ჩამოსხმის ნაპოლეონის სარდაფის კონიაკი;

ძველი აფრიკული ღვინოები — 1747 წლისა და არაყი — 1717 წლის;

„წინანდალი” — 1899 წლისა;

„ნაფარეული” — 1909 წლისა;

„მწვანე” — 1938-39 წლისა;

„ცოლიკოური” — 1939 წლისა;

„წინანდალი” (წითელი) — 1893 წლისა;

„მუკუზანი” (წითელი) — 1893 წლისა და სხვ.

320 უცხოურიდასახელების ღვინო:

1775 წლის _ „შატო-ლაფიტი”;

1878-1905-1907 წლების _ „შატო-ლატური”;

1851 წლის _ „შატო-იკემი” და სხვ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.