დინდგელის წარმოება და პირველადი დამუშავება
ფუტკრის პროდუქტები ძალზე პერსპექტიულია კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობისათვის. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად. აღნიშნულის გამო, ისინი საფუტკრის რენტაბელობის ზრდის დიდი რეზერვია. თითოეული მათგანის წარმოება დაკავშირებულია გარკვეული პროფესიული ჩვევების ათვისებასთან, რასაც მეფუტკრე უნდა დაეუფლოს, სანამ მათ წარმოებას დაიწყებს
დინდგელი და მისი წარმოება-გადამუშავების ტექნოლოგია
ბის ტექნოლოგია. თავისი თვისებების წყალობით იგი ფუტკრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კომერციული თვალსაზრისით პერსპექტიული პროდუქტია. ფუტკრისთვის მას საკმაოდ მრავალმხრივი დანიშნულება აქვს: დინდგელის საშუალებით იგი სკაში ქმნის საჭირო მიკროკლიმატს (ბუდის ზედმეტი აერაციის აღკვეთა) ყველა არასაჭირო ხვრელების ამოქოლვით, დაუპატიჟებელი არსებების (თაგვი, მწერები და სხვა) მოკვლის შემდეგ ფუტკარი მათ ფარავს დინდგელის ფენით, გახრწნის ასაცილებლად (მუმიფიცირება); სკის მოძრავ ნაწილებს ამაგრებს კორპუსზე, რომ მათი მერყეობით მუშაობაში ხელი არ შეეშალოს, საფრენის ნაწილის ამოქოლვით აუმჯობესებს სკის დაცვის მექანიზმს. დედა ფუტკრის მიერ კვერცხის ჩადების წინ უჯრედის მომზადების ერთ-ერთი ოპერაცია არის კედლების მოპრიალება ინფექციურ დაავადებათა აღმძვრელების საწინააღმდეგოდ. ამ საინტერესო თვისებების გამო პროდუქტმა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში მიიქცია ყურადღება და მისი შესწავლა, ახალი თვისებების გამოვლენა დღემდე გრძელდება. კვლევის უახლესი მეთოდების გამოყენებით დადგინდა:
_მავნე მიკროფლორის მოქმედების ჩახშობის ან ლიკვიდაციის (მათ შორის ევროპული და ამერიკული სიდამპლეების აღმძვრელების) უნარი;
_ იგი არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;
_ ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიმიკოზური აქტივობა;
_ გააჩნია სასურსათო პროდუქტების კონსერვაციის უნარი;
_ შეუძლია საზრდო საშუალებებში ზოგიერთი ნივთიერების (ვიტამინები, ცხიმები) დაცვა დაჟანგვისაგან.
აღნიშნულის გამო დინდგელი სულ უფრო პოპულარული ხდება, თუმცა მისი წარმოებისა და გადამუშავების ხერხების შეზღუდულობა და ჩამორჩენილობა ჩვენს ქვეყანაში დაძლეული არ არის.
დინდგელის მოპოვება
ფუტკარი დინდგელს აგროვებს მცენარის კვირტებიდან და მისი მერქნიდან, ფისოვანი ნივთიერებების შეგროვებით. დინდგელი გროვდება შემდეგი ხემცენარეებიდან: ტირიფი, ალვისხე, ცხენისწაბლი, იფანი, მურყანი, თელა, ქლიავი, ბალახეული მცენარეები. სკაში დინდგელის დაგროვების ადგილებია: ჩარჩოთა ზედა თამასები (კიდეები), სკის ნარიმანდი, საფრენის შიდა მხარე, კედლები, აგრეთვე სკის ჭუჭრუტანები (ხვრელები). დინდგელს ფუტკარი აქტიურად აგროვებს გაზაფხულზე (წინა წლის ნაშთი უკვე საკმაოდ დაძველებულია) და სექტემბერში. დინდგელის გარეშე ფუტკარი, როგორც წესი, ცუდად ზამთრობს.
თვისებები
დინდგელი ფისოვანი ნივთიერებაა, ფერი საკმაოდ ცვალებადია: მოყავისფრო, მოწითალო, მორუხო _ მომწვანო, ხვედრითი მასა საშუალოდ 1,11_1,27-ს შეადგენს, რეფრაქციის კოეფიციენტი – 1,45, აქვს მძაფრი სუნი (არომატული ეთერზეთების გავლენა), გემოთი ცხარეა (მწკლარტე), 200ჩ-ზე დაბლა მყიფეა, ადვილად იმსხვრევა, უფრო მაღალ ტემპერატურაზე წელვადი ხდება. ამასთან შენახვის ხანგრძლივობის კვალად იგი უფრო მყიფე და მაგარი ხდება (Schmidt et al, 2010).
დინდგელში შედის შემდეგი ნივთიერებები:
მცენარეული ფისები – 55% (38-60%);
ბალზამები -15 (3-30);
მთრიმლავი ნივთიერებები – 8 (0.15-15);
ეთერზეთები -8 (2-15);
ცვილი – 22 (7,836), შეიცავს აგრეთვე მექანიკურ მინარევებს (მათ შორის ყვავილის მტვერს).
ფისებში შედის ორგანული მჟავები და სპირტები. დინდგელში არსებული ნივთიერებებიდან ყველაზე საინტერესოა ფლავონოიდები და ფენოლური ნაერთები, რომელთაც აქვთ მოქმედების ფართო სპექტრი, დაწყებული სხვადასხვა დაავადებების მკურნალობიდან, დამთავრებული მისი გამოყენებით საკვებ დანამატად: წიწილებს, რომლებიც საკვებთან ერთად დინდგელს იღებდნენ, აღენიშნათ უკეთესი ზრდა: წონამატმა 20% შეადგინა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (Chisalberti, 1979). დინდგელი წყალში ძალიან ცუდად იხსნება, მისთვის გამოსადეგია ორგანული გამხსნელები: დიეთილის ეთერი (ხსნადობა 66-80% ტემპერატურაზე დამოკიდებით), 960იანი ღვინის სპირტი (40-75%), აცეტონი (20-54%), ქლოროფორმი (8-22). გამხსნელებად გამოიყენება აგრეთვე: კარაქი, სხვადასხვა ზეთი, ლანოლინი, ვაზელინი და სხვ.
დინდგელის მოპოვებისას ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული ცდომილება ის არის, რომ მეფუტკრე დაუდევრობით ან სხვა მოსაზრებით, დინდგელთან ერთად ცვილის ნაწილაკებსაც აგროვებს. ცვილს არ გააჩნია ის თვისებები, რაც დინდგელში არის. ასეთი დამახინჯების გამოვლენა საკმაოდ ადვილია: წყალში დინდგელი უნდა ჩაიძიროს, ცვილნარევი პროდუქტი კი ზემოთ ამოტივტივდება.
დინდგელის მოპოვების გავრცელებული ხერხია მეფუტკრის ასტმით მისი აფხეკა ჩარჩოების ზედა თამასის, სკის ნარიმანდის, საფრენის შიდა მხრიდან და სხვა, თუმცა ასეთი პრიმიტიული წესით მიღებულ დინდგელს ბიოლოგიური აქტივობა დაბალი აქვს.
გაითვალისწინეთ, რომ სკის ზედა ნაწილში (ჩარჩოები, ნარიმანდი, საფარი ტილო) შეგროვებული დინდგელი თავისი თვისებებით უფრო მაღალხარისხოვანია, ამიტომ ყველა მოწყობილობა გათვალისწინებულია სკის ზედა ნაწილზე მოსარგებად.
ამ ხერხით თითოეულ ოჯახზე წლიურად 50-150 გ დინდგელის შეგროვება ხდება შესაძლებელი. უფრო მეტი და მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად სხვა ხერხებია შემოთავაზებული. მათი გაცნობისას პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ფუტკარი დინდგელს აგროვებს იმ ხვრელების ამოსაქოლად, რომლის ზომა 4,5 მმმდეა, უფრო გაზრდილი ზომის შემთხვევაში (3,5-10 მმ) ფუტკარი იყენებს ცვილს ან ცვილისა და დინდგელის ნარევს (Туников и др.,2001). ერთ-ერთი თანამედროვე კონ-სტრუქციაა ჩარჩოებს ზემოთ რეზინის ვიწრო ზოლებით ერთიმეორეზე მიკრული, ხის ლარტყებისაგან გაკეთებული ფიცარნაგი.
ეს კონსტრუქცია შემოთავაზებულია უ. ბელის მიერ (1985) და საშუალებას იძლევა, აქტიურ სეზონზე 0,5 კგ დინდგელი შეგროვდეს. დინდგელით ლარტყებს შორის შუალედების ამოვსების შემდეგ მეფუტკრე მას აფხეკს ასტმით.
უნგრელი მეფუტკრეების მიერ შემოთავაზებული საფეხურისებრი ჭერის კონსტრუქციის მეშვეობით აქტიურ სეზონზე შესაძლებელია 2 კგმდე დინდგელის შეგროვება. ჩარჩოებს ზემოთ იდება პლასტმასის სამი ღობურა სხვადასხვა ზომის უჯრედებით: ქვედა -100×100 მმ, შუა – 3×3 მმ და ზედა – 25×25 მმ. ბრაზილიური ხერხით დინდგელის შეგროვება გულისხმობს სკის გვერდის კედლებში გამჭოლი ხვრელების (გასწვრივი) გაკეთებას (სიგანით 8 მმ), რომლებიც მოძრავი თამასებით არის დაფარული. ამ უკანასკნელთა დაშორებისას ფუტკარი ხვრელებს დინდგელით ამოავსებს, წლიურად 800 გ-ის ოდენობით (Туников и др.,2001).
საქართველოს პირობებში არსებობს შეგროვებული დინდგელის ჩრჩილისაგან დაზიანების საფრთხე, რადგან დინდგელი საკმაო რაოდენობით შეიცავს ცვილს.
ამის ასაცილებლად გამოიყენეთ მაცივრის საყინულე განყოფილება, სადაც ჩრჩილის სტერილიზაციისათვის საჭირო ტემპერატურა იქმნება (-150C). აქ 6-8 საათის განმავლობაში დამუშავების შემდეგ დინდგელი გადამუშავებამდე შეინახეთ პოლიეთილენის ტომრებში, ბნელ ადგილას. ნუ შეეცდებით დინდგელის გაცხელებას ან გადადნობას, რადგან ამით იგი ბიოლოგიურ აქტივობას კარგავს!
მკითხველი სპეციალურ ლიტერატურაში შეიძლება წააწყდეს უსაფუძვლო მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ჩვეულებრივ პირობებში დინდგელი უცვლელად ინახება წლობით, რაც არასწორია. როგორც ყველა ბიოლოგიური ობიექტი, დინდგელიც ცვალებადობას განიცდის (ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები), ზედაპირზე უფრო მუქი ხდება, მცირდება მასში ფლავონოიდური ნივთიერებების რაოდენობა, რასაც აჩქარებს შენახვის მაღალი ტემპერატურა. აღნიშნულის გამო სასურველი იქნება მინიმალურ ტემპერატურაზე შენახვა და სავარაუდოდუჟანგბადო არეში, თუმცა ავტორს ამისი პირდაპირი მტკიცებულება არ გააჩნია.
დინდგელის გადამუშავება
საოჯახო პირობებში დინდგელს იყენებენ როგორც ბუნებრივი, ისე სხვადასხვა მალამოებისა და ნაყენების სახით. ბუნებრივი დინდგელი იხმარება მტკივან ადგილზე სალბუნის ფორმით. ნაყენის დასამზადებლად ჩვეულებრივად გამოიყენება ღვინის სპირტი 70-930 კონცენტრაციით. დინდგელს წვრილად აქუცმაცებენ, ჩაყრიან ჭურჭელში, სპირტს ან მის წყალხსნარს 1:5 მასური შეფარდებით დაასხამენ და ინახავენ სიბნელეში, პერიოდულად (დღეში რამდენჯერმე) ანჯღრევენ. 5_7 დღის შემდეგ ნაყენს უხსნად ნალექს მოაცილებენ გაწურვით ან გაფილტვრით და იყენებენ დანიშნულებისამებრ.
ყურადღება! დინდგელი გამოიყენეთ ექიმის მეთვალყურეობით, თვითმკურნალობას ნუ დაიწყებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უარყოფითი შედეგი მიიღოთ, ან საერთოდ ვერ მიიღოთ შედეგი და იმედი გაგიცრუვდეთ!
სამრეწველო საწარმოში დინდგელის გადასამუშავებლად საჭიროა ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის გამოყენებით იზოგება სამუშაო დრო და მცირდება სხვა საწარმოო დანახარჯები:
_ მაცივარი;
_ დამაქუცმაცებელი წვრილი ნაწილაკების (არა უმეტეს 2 სმ. დიამეტრით) მისაღებად;
_ წისქვილი ჩაქუჩებიანი ფქვილოვანი მასის წარმოსაქმნელად;
_ ჰორიზონტალური მბრუნავი რეაქტორი გამათბობლით და შიგ ჩამონტაჟებული ფრთებით, სუსპენზიის არევის უზრუნველსაყოფად;
_ ფილტრი ვაკუუმიანი ორმაგი ძირით, მჭიდრო გასაფილტრი ქსოვილით და შიგა დახვრეტილი ფირფიტით;
_ რესივერი, რომელშიც იქმნება როგორც ვაკუუმი, ისე დადებითი წნევა გასაფილტრად და ფილტრატის ჩამომსხმელ მოწყობილობაში გადასატანად;
_ ჩამომსხმელი მოწყობილობა;
ასეთი მოწყობილობით მთლიანი საწარმოო ციკლი არ აღემატება 12-13 საათს, მიღწეული იქნება სასურველი გამოსავლიანობა და ნაყენში გადავა ყველა საჭირო სამკურნალო ნივთიერება.
გადამუშავების დროს ყურადღება მი-აქციეთ საწარმოო პროცესების დაცვას: ტემპერატურა მბრუნავ რეაქტორში არ უნდა იყოს 420ჩ-ზე მეტი; გახსნის დასაჩქარებლად დინდგელი უნდა დამუშავდეს აღნიშნულ ტემპერატურაზე; თუ გამოიყენებთ გამხსნელს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე მყარდება, მაშინ სითბური რეჟიმის დაცვა უნდა შეძლოთ ფილტრში, რესივერსა და ჩამომსხმელ დანადგარშიც.
ეს ფორმები საკმაოდ მრავალრიცხოვანია:
1) ექსტრაქტები, ძირითადად ღვინის სპირტის გამოყენებით;
2) დინდგელიანი მალამოები, სხვადასხვა (მყარ) გამხსნელზე მომზადებული;
3) დინდგელიანი პასტა;
4) დინდგელის ემულსია, სპირტში უხსნადი ნალექის წყალთან ან რძესთან შერევით;
5) დინდგელის საფენები;
6) სხეულში დინდგელის შეყვანა ინჰალაციით;
7) ბიოლოგიური შესახვევები;
8) საღეჭი რეზინა და კონფეტები, ძირითადად სტომატოლოგიაში გამოყენებით;
დინდგელი გამოიყენება სრულიად განსხვავებული დანიშნულებით:
_ ძნელადშეხორცებადი ჭრილობების დასამუშავებლად;
_ ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების, სხეულის როგორც შიგნით, ისე გარეგანი ანთებითი კერების და დამწვრობის სამკურნალოდ;
_ ვეტერინარიაში დინდგელის პრეპარატები გამოიყენება ანალოგიური დანიშნულებით: ქირურგიული ოპერაციების, შინაგანი დაავადებების დროს, მასტიტის, გამონაყარის, თურქულის გაჩენის შედეგად წარმოქმნილი დერმატოზის, ცურის ფურუნკულოზის, ყვავილის, ეგზემის, მკრეჭავი მუნის, პარატიფის, წინაკუჭების ატონიის, ჩირქოვანი ენდომეტრიტის, ვაგინიტის, ქათმის წიტას, ავიტამინოზების, ფუტკრის ბარტყის სიდამპლეების სამკურნალოდ;
_ წარმოების სხვადასხვა დარგებში: ხისა და ლითონის ნაკეთობათა დეკორაციული და წყალმედეგი საფარვლის შექმნისათვის, საპნის არომატიზაციისათვის, მუსიკალური ხელსაწყოების წარმოებაში და სხვა.
ხარისხის მონიტორინგი
დინდგელის ხარისხის შეფასებისთვის გამოყენებული მაჩვენებლებიდან აღსანიშნავია (ГОСТ 28886-90 ,, Прополис“
- ორგანოლეპტიკური:
გარეგნული სახე (გუნდა, ნამსხვრევები და სხვა);
ფერი: სხვადასხვა (მუქი მწვანე, წაბლა ან რუხი, მოყვითალო);
სუნი: დამახასიათებელი, ფისოვანი;
გემო: მწარე, მოცხარო;
კონსისტენცია: კონსისტენცია: 20-400C-ზე წელვადი, 200C ქვევით – მაგარი;
2) ბიოქიმიური:
ჟანგვადობა, წმ, არა უმეტეს-22,0;
ცვილის შემცველობა, % არაუმეტეს-25,0;
ფლავონოიდებისა და სხვა ფენოლური ნაერთების რაოდენობა, არანაკლებ-25,0;
იოდური რიცხვი, %, არანაკლებ-35,0.
„მეფუტკრეობა“
გიორგი მაძღარაშვილი