თავთავიან კულტურათა ბიოლოგიური თავისებურება და კომერციული მნიშვნელობა
პურეული კულტურები ეკუთვნიან გეოგრაფიულად ფართოდ გავრცელებულ და მსოფლიო წარმოების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან მცენარეთა ჯგუფს. დედამიწაზე, მცირე გამონაკლისის გარდა, მოსახლეობა პურეულის მარცვლისაგან დამზადებული პროდუქტით იკვებება, რომელიც წარმოადგენს ადამიანისათვის ყოველდღიურ და აუცილებელ საზრდოს.
ბიოლოგიურ თავისებურებათა მიხედვით თავთავიანი კულტურები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: საშემოდგომო და საგაზაფხულო. გარდა ამისა, არის ორთესელა (ფაკულტატური) ჯიშები, რომელთა თესვა და მოსავლის მიღება შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ ორივე სავეგეტაციო პერიოდში.
განვითარების ტიპის მიხედვით ორ ძირითად ფორმას შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ საშემოდგომო ფორმები ითესება შემოდგომაზე და მოსავალს ძლევა იაროვიზაციის მომდევნო წლის ზაფხულში. საშემოდგომო ფორმები თავისი განვითარებისათვის მოითხოვენ შემცირებულ ტემპერატურას 0-დან -10°C-მდე, თითქმის 30-65 დღე-ღამის განმავლობაში. ხოლო საგაზაფხულო ფორმა წარმოადგენს ნამდვილ ერთწლოვან მცენარეს, რამდენადაც თავის ზრდასა და განვითარებას ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ამთავრებს.
თავთავიანი კულტურების საშემოდგომო ფორმები ძირითადად წარმოდგენილია დაბალ და საშუალო ზოლში, ზოგჯერ 1000-1200 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ამაზე ზევით უპირატესობენ საგაზაფხულო ფორმები. საქართველოში საშემოდგომო ფორმებს უკავიათ თავთავიან პურეულთა ნათესის 97%.
ხორბალი მთელ მსოფლიოში მეტად მნიშვნელოვანი კულტურაა. ადამიანისთვის საჭირო სასურსათო პროდუქტთა შორის პურს ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხორბლისგან მიღებული პური ყუათიანი, კალორიული და გემრიელია, რის გამოც ადამიანს თავისი არსებობის შენარჩუნება შეუძლია მარტო პურის საშუალებითაც. მარცვალი შეიცავს ნახშირწყლებს(62-66%), ცილას (20%), ცხიმს (2,1%), ვიტამინებს, ფერმენტებს, მინერალურ ნივთიერებებს. ხორბლისგან, გარდა პურისა, ამზადებენ მაკარონს (სახეობა მაგარი ხორბალი და სახეობა რბილი ხორბლის ძლიერი ჯიშები), იყენებენ კულინარიაში, მისი მარცვლიდან ღებულობენ სახამებელს, სპირტს და ზეთს (ხორბლის ჩანასახი), ხორბლის ნამჯა გამოიყენება ქაღალდის და მუყაოს წარმოებისათვის, მეცხოველეობაში საქონლის საკვებად, მარცვლის ახლად აღმონაცენი და ახლად გამოტანილი თავთავი გამოყენებულია სამკურნალოდ.
საშემოდგომო ხორბალი ძირითადად თბილზამთრიან რაიონებში მოჰყავთ. მისი თესლის გაღივება იწყება 1-2°C ტემპერატურაზე, მაგრამ აღმოცენებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა 12-15°C. ხორბლის ბარტყობა ნორმალურად მიმდინარეობს 8-10°C პირობებში, ხოლო 3-4°C-ზე წყვეტს ვეგეტაციას. მასზე უარყოფითად მოქმედებს დღეღამური ტემპერატურის მკვეთრი რყევა, დღისით პლიუს 5-10 და ღამით-10°C-მდე. უთოვლო ზამთარში დამღუპველია — 16-18°C, ხოლო 20 სმ. თოვლის ქვეშ-30°C.
ხორბალს გაღივება-აღმოცენებისათვის სჭირდება თესლის წონის 50% წყალი, კიდევ უფრო იზრდება ტენზე მოთხოვნილება ბარტყობის, აღერების, მარცვლის ჩასახვისა და დამსხვილების პერიოდში. ტენის სიმცირე აფერხებს ამ პროცესებს, რადგან შემცირებულია საკვები ელემენტების შესვლა მცენარეში. ეს კულტურა ცუდად იტანს გვალვას.
ხორბალი უხვ მოსავალს იძლევა მხოლოდ საკვები ელემენტებით მდიდარ შავ მიწებზე, აგრეთვე ალუვიურ და ყომრალ ნიადაგებზე. მისი ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა ნიადაგს ჰქონდეს ნეიტრალური ან სუსტმჟავე არეს რეაქცია, ე. ი. მისთვის ოპტიმალურია 6-7ph. ცუდად ხარობს მჟავე ნიადაგებზე. ამ კულტურის მოსაყვანად არ გამოდგება ჭაობიანი, ტორფიანი, დამლაშებული, მძიმეთიხნარი და ძლიერ გაეწერებული ნიადაგები.
საშემოდგომო ხორბლის სათეს ნორმად მიღებულია, რომ თესლის რაოდენობა ჰექტარზე არ უნდა იყოს 4-5 მილიონზე ნაკლები (180-200 კგ). მკაცრი ზამთრის პირობებში, აგრეთვე დასარევლიანებულ მინდვრებზე სათესი ნორმა 6 მილიონამდე (250 კგ) იზრდება.
საქართველოში გავრცელებული ხორბლის ჯიშები ხასიათდება მაღალი გენეტიკური პოტენციალით, რაც ინტენსიური აგროფონის პირობებში უხვი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა.
ქერი მისი მრავალმხრივი გამოყენების გამო საკმაოდ გავრცელებული კულტურაა. იგი მოჰყავთ როგორც სასურსათო და საფურაჟე კულტურა. ფართო გამოყენება აქვს კვების მრეწველობაში. მისი მარცვლისაგან მზადდება ბურღული. ქერის ფქვილის 20-25% ერევა ხორბლის ან ჭვავის ფქვილში და ცხვება პური. ქერს ფართო მოხმარება აქვს ლუდისა და სპირტის წარმოებაში. სალუდე ალაოსათვის განსაკუთრებულია ორრიგიანი და მსხვილმარცვლიანი ჯიშები, რომლებიც გაღივების მაღალი ენერგიით (95% მეოთხე დღეს) ხასიათდება.
კიდევ უფრო ფართო მოხმარება აქვს ქერს პირუტყვის საკვებად, რომელიც ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით და კარგი კონცენტრირებული უხეში საკვებია. ამ მხრივ იგი აღემატება ხორბლისა და ჭვავის ნამჯას.
ქერი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში მოჰყავთ, დასავლეთში კი გავრცელებულია მხოლოდ მთისწინებში. ქერს ახასიათებს საგაზაფხულო, საშემოდგომო და ორთესელა ფორმები. მისი იაროვიზაცია მიმდინარეობს 0-12°C-მდე. ქერი ხორბალზე უფრო ნაკლებზამთარგამძლეა. თესლი ღივდება 1-2°C-ზე, აღმონაცენი უძლებს-8°C-ს. მარცვლოვნებს შორის ქერი ყველაზე ადრეული, გვალვაგამძლე და დამლაშებული ნიადაგებისადმი გამძლე კულტურაა. ძნელად იტანს მაღალტენიანობას.
საგაზაფხულო ჯიშების სავეგეტაციო პერიოდი მერყეობს 75-დან 105 დღემდე. გვალვიან რაიონებში საგაზაფხულო ქერი ხშირად უფრო მარცვლის უხვ მოსავალს იძლევა, ვიდრე საგაზაფხული ხორბალი და შვრია. ეს მისი მოკლე სავეგეტაციო პერიოდით და მაღალი ტემპერატურული გამძლეობით ხასიათდება. ქერის გვალვაგამძლეობა განპირობებულია წვრილი ფოთლებით და ცვილისებური ნაფიფქით, უხეში ფხებით და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით. ქერის მაღალმოსავლიანობას განსაზღვრავს მაღალი პროდუქტიული ბარტყობა და ღეროთა სიხშირე.
ტრიტიკალე ახალი ბოტანიკური სახეობაა, რომელიც შექმნილია ადამიანის მიერ ხორბლისა და ჭვავის შეჯვარებით. სწორედ მისი სახელწოდებაც ტრიტიკალე ((TRITICALE) წარმოდგება ორი გვარის ლათინური სახელწოდებიდან-ხორბალი (TRITICUM) და ჭვავი (SECALE). ტრიტიკალეს თანამედროვე ჯიშების მოსავლიანობაა 10,4-11,6ტ/ჰა. მისი სელექცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და შექმნილია მაღალმოსავლიანი, მაღალხარისხიანი, დაავადებებისადმი და არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლე საკვები და სამარცვლე მიმართულების ჯიშები.
ტრიტიკალე ტემპერატურისადმი უფრო ნაკლებად მომთხოვნია, ვიდრე საშემოდგომო ხორბალი. თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურაა 20°C, მინიმალური — 5°C. კარგად იზრდება და ვითარდება ნიადაგის 65-76% ტენიანობის პირობებში. დათესვიდან 5-7 დღის შემდეგ იძლევა აღმონაცენს.
ადრეულ პერიოდში ტრიტიკალე სწრაფად იზრდება და ახშობს სარეველების განვითარებას. ტრიტიკალე სიმაღლის მიხედვით ხორბლის და ჭვავის შუალედურია.მცენარეს აქვს სწორმდგომი ღერო და ბუჩქი. ღერო შედგება 4-7 მუხლთაშორისისგან, რომელიც ხშირად დაფარულია ცვილისებური ნაფიფქით. ტრიტიკალეს ყვავილედი რთული თავთავია. თავთუნში 2-5 ყვავილია, ზოგიერთ ფორმებში — 7-9 ყვავილი.
სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით არის საგვიანო და საადრეო ფორმები, თუმცა, 5-12 დღით გვიან თავთავდება და მწიფდება, ვიდრე ხორბალი.
მკვლევარები ტრიტიკალეს მომავლის პურად მიიჩნევენ, რადგან მისი ზოგიერთი ფორმა კარგ შედეგს იძლევა პურის ცხობაში და მაკარონის დამზადებაში. ლუდის წარმოებაში ტრიტიკალესაგან დამზადებული ალაო გამოირჩევა მაღალი ფერმენტაციის უნარით და ნაყენის განსაკუთრებული არომატით.
ტრიტიკალეს ჩალა გამოიყენება საქონლის საკვებად და საფენად. საკვები მიმართულების ტრიტიკალეში ფოთოლი უფრო მსხვილი და გრძელია, დიდხანს ინარჩუნებს სიმწიფეს და გვიან ცვივა. გვალვების დროს ფოთლები იგრიხება და ეკვრება ფხებს.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში ამ ახალ კულტურას კომერციული ხასიათი არ აქვს. თუმცა, 1987-1990 წლებში საქართველოში გავრცელებული იყო საკვები მიმართულების ტრიტიკალეს ჯიში „ქართლი 2“, რომელიც იძლეოდა უმაღლესი ხარისხის სასილოსე მასას. საკვები მიმართულების „ქართლი 5“-დან მიღებული მარცვლის საკვებად გამოყენების შემთხვევაში ძროხის წველადობა 20%-ით, გოჭების ზრდა 30-40%-ით იზრდება.
შვრია მნიშვნელოვანი საფურაჟე მარცვლეული მცენარეა, რომლის საკვებ ღირებულებასაც მის მარცვალში შემავალი ცილები (9,0-19,5%), სახამებელი (40-56%) და ცხიმები (4-6%) განსაზღვრავს. მარცვალი გამოიყენება ბურღულეულის, ხოლო ხორბალთან ნარევში საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად. შვრიიდან დამზადებული პროდუქტები მნიშვნელოვანია დიეტურ და ბავშვთა კვებაში.
შვრია კარგი საკვებია შინაური ცხოველებისა და ფრინველებისათვის. შვრიის ჩალა და ბზე კვებითი ღირებულებით უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა კულტურების იგივე ანარჩენები. პარკოსან ბალახებთან ნარევი შვრია კარგია მწვანე საკვებად და თივად. შვრიას ხშირად თესავენ ცერცველასთან ნარევში. ცერცველა-შვრიის ნარევი ერთ-ერთი საუკეთესოა დაკავებულ ანეულზე დასათესად. იგი იძლევა დიდი რაოდენობის მაღალხარისხოვან მწვანე საკვებს ან თივას და ადრე ათავისუფლებს მინდორს ნიადაგის მოსამზადებლად საშემოდგომო კულტურებისათვის.
შვრია სითბოსადმი არ არის მომთხოვნი, იგი ზომიერი ჰავის მცენარეა. აღმოცენებიდან ყვავილედის გამოტანამდე შედარებით გრილი ამინდით კმაყოფილდება. თესლი გაღივებას იწყებს 3-4°C ტემპერატურაზე. გაზაფხულის სუსხს -3-4°C-ს კარგად იტანს. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურაა აღმოცენების შემდგომ პირველ ოთხ კვირაში 10-12°C. ისეთ პირობებში, თუ ტენი საკმარისია, შვრია კარგად ვითარდება და ნაკლებად ზიანდება მავნებლებით. მაღალი ტემპერატურის მიმართ უფრო მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე ხორბალი და ქერი.
შვრია ტენის მოყვარულია — თესლის გაღივებისათვის საჭიროა მარცვლის წონის 65% წყალი. წყლისადმი გადიდებულია მოთხოვნა აღერებიდან ყვავილედის განვითარებამდე.
შვრია ნიადაგისადმი უფრო ნაკლებ მომთხოვნია, ვიდრე სხვა საგაზაფხულო პურეული, რაც გამოწვეულია კარგი ფესვთა სისტემით და მისი მაღალი შეთვისებადობით. შვრია იზრდება ქვიშნარ, თიხნარ და ტორფიან ნიადაგებზე. ამავე დროს შვრია დადებითად ეხმაურება ნიადაგის ნაყოფიერებას. კარგი მოსავალი მიიღება შავ მიწებზე საკმარისი ტენიანობის დროს. მშრალქვიშიან ნიადაგებზე წყლის ნაკლებობა იწვევს წვრილთესლიანობას, ცუდ ამოვსებულობას და გადიდებულ კილიანობასა და ფხიანობას. შვრია სხვა კულტურებზე უკეთესად ეგუება მჟავე ნიადაგებს, ვერ ეგუება ბიცობ და მარილიან ნიადაგებს.
რეკომენდებულია შვრიის თესვა თესლბრუნვის ბოლო კულტურად. ეს კულტურა უკეთესია გაადგილდეს სათოხნი (სიმინდი, კარტოფილი, მზესუმზირა) ან სამარცვლე პარკოსანი კულტურების შემდეგ. იგი მოითხოვს ბევრ აზოტს, რის გამოც მისთვის კარგია სამარცვლე პარკოსნები და განსაკუთრებით ბარდა. მაღალი მოსავალი მიიღება განოყიერებული საშემოდგომოების შემდგომ თესვის შემთხვევაშიც. არ არის რეკომენდებული მისი დათესვა ორ წელიწადს ზედიზედ ერთ და იმავე ფართობზე და ქერის შემდეგ.
შვრია მიეკუთვნება ადრე გაზაფხულზე დასათეს კულტურათა რიგს, განსაკუთრებით გვალვიანი მიწათმოქმედების პირობებში. მისი თესვის ნორმა დამოკიდებულია თესლის სიმსხოსა და ხარისხზე, თესვის წესსა და ნიადაგის ტენიანობაზე. საშუალოდ იგი უტოლდება 5,0-5,5 მილიონს ჰექტარზე. შვრიის 1000 მარცვლის მასა 25-38 გრამის ფარგლებშია (170-200 კგ/ჰა). ჯვარედინ და ვიწრომწკრივად თესვის დროს ადიდებენ თესვის ნორმას 10-15%-ით.
ჭვავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასურსათო კულტურაა. მისი ფქვილისაგან მზადდება მაღალი გემური თვისებების მქონე სხვადასხვა ხარისხის პური, რომელიც ხასიათდება სპეციფიკური არომატით და გემოთი. მასში შედის სრულფასოვანი ცილები (9-17%) და ვიტამინები (A,D,E). კალორიულობის მიხედვით ჭვავის პური ზოგჯერ უკეთესია ხორბლისაზე, თუმცა, ჩამორჩება მას მონელებადობისა და შეთვისებადობის მიხედვით.
გარდა სასურსათო გამოყენებისა, ჭვავის მარცვალს და მის ქატოსაც ფართოდ იყენებენ მეცხოველეობაში როგორც საუკეთესო კონცენტრირებულ საკვებს. ამ მხრივ იგი სჯობნის ქერსაც და შვრიასაც ცილების უფრო მეტი და უჯრედისის ნაკლები რაოდენობის გამო.
ჭვავს, როგორც სწრაფ და ძლიერ მოზარდ მწვანე მასის განვითარების მცენარეს იყენებენ მწვანე საკვებად: სუფთად, ცერცველასთან და სხვა პარკოსან ბალახებთან ნარევის სახით. საშემოდგომო ჭვავს ახასიათებს ძლიერი ბარტყობა და სწრაფი განვითარება, რის გამოც ჩაგრავს და განვითარების საშუალებას არ აძლევს მთელ რიგ სარეველებს, ამიტომ მას ხშირად თესავენ როგორც შუალედურ კულტურას და კარგი წინამორბედია საგაზაფხულო და სათოხნი კულტურებისათვის.
გარემო ფაქტორების მიმართ ჭვავი ნაკლებ მომთხოვნი მცენარეა, ვიდრე ხორბალი. მისი თესლი გაღივებას იწყებს 1-2°C სითბოს პირობებში, განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20-22°C, კარგად იტანს 30°C სითბოსაც. ტენის მიმართ ჭვავი მომთხოვნი არ არის, ხორბალზე მეტად იტანს გვალვას, რაც აიხსნება იმით, რომ მის ფესვთა სისტემას აქვს უნარი შეითვისოს ძნელადხსნადი ნაერთებიდან ფოსფორი, კარგად იტანს ნიადაგის მჟავიანობასაც. მისთვის გამოუსადეგარია ჭაობიანი და მძიმე თიხნარი მიწები. განსაკუთრებით დიდ მოსავალს იძლევა სასუქებით განოყიერებულ ნიადაგებზე.
ჭვავის სათესი ნორმა განისაზღვრება თესლისა და გარემო პირობების მიხედვით, ჰექტარზე ითესება 170-220 კგ მარცვალი. სამხრეთ რაიონებში თესენ 150 კგ-საც.საშემოდგომო ჭვავი თანაბრად მწიფდება და ადვილად ცვივა, ამიტომ მოსავალს იღებენ შემჭიდროებულ ვადებში, როცა მარცვლის ტენიანობა 16-18%-ია.
ნანა ჩხუტიაშვილი,
ცოტნე სამადაშვილი,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი