დარგებიმებოსტნეობა

თესლი, თესვის მეთოდები და ნორმები

მაღალი მოსავლის მიღების საქმეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თესლის ჯიშური და სათესი თვისებები. ისინი განისაზღვრება თესლის ჯიშური სიწმინდის ხარისხით. ჯიშური ხარისხის მიხედვით კულტურულ მცენარეთა თესლი იყოფა ელიტური, პირველი და მეორე კატეგორიის ჯიშური სიწმინდის თესლად.

თესლის ჯიშური ხარისხი დგინდება ნათესების საველე აპრობაციით და დასტურდება დოკუმენტაციით. თესლის სათესი თვისებები განისაზღვრება მათი გაღივების ენერგიით, აღმოცენადობით, ტენიანობით, სიწმინდით, სამეურნეო ვარგისიანობით.

აგრონომიული მეცნიერებისა და მოწინავე პრაქტიკით შემუშავებულია თესლის წინასწარი დამუშავების სხვადასხვა მეთოდები. მათი ძირითადი დანიშნულებაა_თესლის ყოველი პარტიის უმაღლეს სათეს კონდიციამდე მიყვანა, სორტირება და ერთნაირი კალიბრის თესლის გამოყოფა, მავნებლებისა და დაავადებების გამომწვევთა განადგურება. იყენებენ აგრეთვე მცენარეთა აღმოცენების, ზრდის დამაჩქარებელ და არახელსაყრელი გარემო ფაქტორებისადმი მათი მედეგობის გაზრდის საშუალებებს.

თესლის თესვისწინა დამუშავება მოიცავს _ თესლის შეწამვლას, თბური ჰაერით ან აქტიური ვენტილირებით დამუშავებას, პარკოსანი მცენარეების ინოკულაციას, ინკუსტირებას, დრაჟირებას, სკარიფიკაციას და სხვა.

შეწამვლა (გაუვნებელყოფა) _ თესლის თესვისწინა დამუშავების აუცილებელი ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია თესლის გაუვნებელყოფისკენ მავნებელთაგან, ასევე ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების გამომწვევთაგან, რომელთაც შეუძლიათ დიდი ზარალი მიაყენონ მოსავლიანობას.
არსებობს თესლის ქიმიური შეწამვლის სამი მეთოდი: მშრალი, ნახევრადმშრალი და სველი. იმის გამო, რომ ყველა თანამედროვე თესლის შესაწამლი პრეპარატი გამოდის დასველებადი ფხვნილის სახით, დღევანდელ დღეს ძირითადად გამოიყენება მშრალი შეწამვლა დასველებით (10 ლიტრი წყალი 1 ტონა თესლზე), დიდი რაოდენობის შემთხვევაში თესლის შეწამვლას ახდენენ სპეციალური მანქანებით.

მარცვლოვანი კულტურების შემთხვევაში (ქერი, ხორბალი) მიმართავენ თესლის თბურ დამუშავებას მტვრიანა გუდაფშუტას წინააღმდეგ. დამუშავებას იწყებენ თესლის გათბობით 28-32°C წყალში 4 საათის მანძილზე, რათა გააქტიურონ მტვრიანა გუდაფშუტას სპორები, რომლებიც იმყოფებიან თესლის შიგნით. შემდეგ თესლს აჩერებენ 50-53°C გაცხელებულ წყალში, 7-10 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ თესლს აშრობენ და თესავენ.

დალბობა. აღმონაცენის გამოჩენის დაჩქარებისა და მაღალი მოსავლის მიღების მიზნით, მიმართავენ თესლის დალბობას. 12-24 საათის მანძილზე, როდესაც ისინი გაჯირჯვდებიან, მათ შეაშრობენ გაბნევად კონდიციამდე და დათესავენ. ხშირად წყალში ამატებენ სხვადასხვა მიკროელემენტებს ან მათ ნაკრებს და ზრდის სტიმულატორებს.

თბური ჰაერით დამუშავება. არახელსაყრელი პირობების დროს (დაბალი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა) თესლი ნელა გადის აღებისშემდგომი მომწიფების ეტაპს და მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლისუნარიანნი არიან, მაინც დაბალი აღმოცენადობით ხასიათდებიან. ასეთი თესლის აღმოცენების ენერგიის გასაძლიერებლად მიმართავენ მათი თბური ჰაერით დამუშავებას.

სკარიფიკაცია და სტრატიფიკაცია. სამყურას, ძიძოს, ხანჭკოლას და ზოგიერთი სხვა კულტურის თესლი ხასიათდება მკვრივი გარსით. ამის გამო ისინი ხელსაყრელ პირობებშიც კი ნელა ღვივდებიან. ამიტომ, მიმართავენ მათი საფარველი გარსის მექანიკურ დაზიანებას, რაც ზრდის აღმოცენადობას. ეს მეთოდი ტარდება სპეციალური მანქანების _ სკარიფიკატორების დახმარებით.

ზოგიერთი კულტურის თანაბარი აღმონაცენის მისაღებად მიმართავენ სტრატიფიკაციას – თესლის დაყოვნებას დაბალ ტემპერატურაზე (0-+3 +5°C), ხანგრძლივი დროის მანძილზე. თესლს 1-3 თვის მანძილზე ინახავენ ტენიან ქვიშაში, ტორფში და სხვა.

ზოგიერთი კულტურისთვის მიმართავენ დრაჟირებას (შაქრის და საკვები ჭარხალი, პარკოსანი და ბოსტნეული კულტურები). ასეთი დამუშავება საშუალებას იძლევა, თესლს შემოეკრას საკვები გარსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის მიკროელემენტები, პესტიციდები, ზრდის რეგულატორები, რაც აუმჯობესებს აღმონაცენების გამძლეობას და განვითარებას. ამავე დროს დრაჟეს აძლევენ სფერულ ფორმას, რომელიც გამოიყენება თესვის მიზნით (პუნქტირული მანქანის საშუალებით). დრაჟეს დიამეტრი წვრილი თესლისთვის დაყავთ 2,5-მმ-მდე, საშუალოსი – 5-6 მმ-მდე და მსხვილის – 7-10 მმ-მდე. დრაჟეს ნაწილების შესაწებებლად იყენებენ დაბლობის ტორფს ან პოლიაკრილამიდის ხსნარს.

თესლის ხანგრძლივი შენახვისთვის, დრაჟეს აშრობენ საშრობში 8-10% ტენიანობამდე: თესლის აღმონაცენის დასაჩქარებლად, საგაზაფხულო თესვისას, დრაჟეს დათესვამდე 2-3 დღით ადრე ასველებენ წყლით, გარსის 30-35% ტენიანობამდე და ათავსებენ 18-20°C–ზე, ასეთი თესლის დათესვა საშუალებას იძლევა საგრძნობლად შევამციროთ შრომითი დანახარჯები.

ინოკულაცია. პარკოსანი ბალახების ფესვებზე ვითარდება კოჟრები, რომლებშიც სახლობენ რიზობიუმის ოჯახის კოჟრის ბაქტერიები, რომლებსაც შესწევთ უნარი ფიქსაცია გაუკეთონ ატმოსფერულ აზოტს და ხელი შეუწყონ მის დაგროვებას ნიადაგში. თესვის წინ მიმართავენ თესლის დამუშავებას ამ ბაქტერიების სპეციალური შტამებით.

უკანასკნელ ხანებში რეკომენდაციას უწევენ თესლის თესვისწინა დამუშავებას სხვადასხვა პრეპარატებით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, აგრეთვე ზოგიერთი ბიოოქიმიური მეთოდით (ლაზერული დასხივება, მაგნიტური დამუშავება და ა.შ.).

კერძო ფერმერულ მეურნეობებში წარმოებული თესლის თესვის წინ საჭიროა, იგი შეიწამლის ტმტ-ით ან დალბეს კალიუმმანგანუმის 1%-იან ხსნარში 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ მათ გადაავლებენ სუფთა წყალს და შეაშრობენ.

თესვისთვის იყენებენ სხვადასხვა მეთოდს: რიგობრივ, ჯვარედინ, ვიწრორიგიან, ფართორიგიან, ზოლობრივ, მობნევით თესვას და ა.შ.
თესლის შენახვის პირობები. თესლის შენახვის ამოცანა აღებიდან დათესვამდე, ხან რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი (ისე, რომ არ დაკარგონ გაღივების უნარი) მდგომარეობს იმაში, რომ მათი ცხოველქმედება (სუნთქვა და სხვა პროცესები) მიიყვანონ მინიმუმადე ჩანასახის სრული შენახვით. ამას აღწევენ იმით, რომ შესანახად ჩადებამდე, ბოსტნეულის თესლის ტენი არ უნდა აღემატებოდეს 10-12%-ს (წვრილ თესლში ნაკლები).

თესლი უნდა ინახებოდეს მუდმივ, თანაბარ ტემპერატურაზე 0-5°C ფარგლებში ან 14-18°C-ზე და 50-60% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში. ჰაერის მკვეთრ რხევებს მივყავართ თესლის დაოფვლამდე და აღმოცენადობის შემცირებამდე, ხანდახან კი მის დაკარგვამდე. 14-18°C-ზე თესლის შენახვისას, მათი შენახვისუნარიანობა მატულობს საშუალოდ 2-3 წლით.

ბოსტნეული კულტურების თესვის და დარგვის ვადები განისაზღვრება სხვადასხვა მცენარეების მოთხოვნით სითბოსა და ტენის მიმართ, აგრეთვე მათი ვეგეტაციის პერიოდის ხანგრძლივობით.

პირველად თესავენ სიცივეგამძლე მცენარეებს _ სტაფილოს, ოხრახუშს, ძირთეთრას, თვის ბოლოკს, ხახვს.
ჭარხალს თესავენ რამდენადმე გვიან, როდესაც ნიადაგი შეშრება და გათბება 56°C-მდე, რადგან საადრეო თესვის დროს დაბალი, დადებითი ტემპერატურის მოქმედება ხელს უწყობს საყვავილე ყლორტების ნაადრევ წარმოქმნას.

ამავე ვადებში ირგვება კვნიწი ხახვი და თეთრთავიანი და ყვავილოვანი კომბოსტოს საადრეო ჯიშების ჩითილები, ხოლო 7-10 დღის შემდეგ რგავენ საგვიანო კომბოსტოს.

გოგრისებრთა ოჯახის სითბოსმოყვარული კულტურების თესლს და ლობიოს თესენ, როდესაც ნიადაგი გათბება 10-12°C-მდე, მაგრამ ისეთი ანგარიშით, რომ ღივები გამოჩნდეს წაყინვების გავლის შემდეგ.

თესლის ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია მათ სიდიდეზე და ნიადაგის თავისებურებებზე. მსუბუქ ნიადაგებზე თესლს ღრმად თესავენ, ხოლო მძიმეზე ნაკლებ სიღრმეზე. ძირხვენების, ხახვის, სალათის, კომბოსტოს თესლს 1-2 სმ სიღრმეზე ჩათესავენ, ჭარხალის, ისპანახის, კიტრის თესლებს 1,5-3 სმ-ზე; პარკოსანთა თესლს 3-5 სმ-ზე.

მცენარეების უფრო თანაბარი და ნაადრევი აღმონაცენები მიიღება თესლის მკვრივ ფუძეზე დათესვით, ამიტომ თესვის წინ მათ ტკეპნიან, ხოლო ფხვიერ ნიადაგებზე ტკეპნიან თესვის შემდეგაც.

ქვიშიან ნიადაგებზე, აგრეთვე ნიადაგებზე, რომლებიც ადვილად იკეთებენ ქერქს, დიდი მნიშვნელობა აქვს დამულჩვას (ტორფით, კომპოსტით), რაც ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას, ზრდის მის ტემპერატურას, უზრუნველყოფს აღმონაცენის თანაბრობას.

თესლის თესვის ნორმები (კგ-ობით 1 ჰა-ზე)

ჩითილის მეთოდი
კულტურა ჰა/კგ
ბადრიჯანი 0.8
თალგამურა 0,7
კომბოსტო 0,35-0,6
ხახვი 3
კიტრი 3
წიწაკა 1
ნიახური 0,3-0,4
პომიდორი 0,3-0,5
ღია გრუნტში თესვისას
კულტურა ჰე/კგ
ცერცვი 250-300
თალგამი 3
ბარდა 100-200
ყაბაყი 2-3
კომბოსტო 2-2,5
სიმინდი 25-30
ხახვი ბოლქვად 7-10
პრასი 7-8
ჭლაკვი 12-15
სტაფილო 5-6
კიტრი 5-7
ძირთეთრა 5
პატისონი 2-3
ოხრახუში 2-3
ბოლოკი 5-6
სალათა 3-6
ჭარხალი 6-10

„მებოსტნეობა“

ილია მჭედლიძე