დარგებივეტერინარიამეფრინველეობაფერმერი ფერმერს

თქვენი ფრინველი წონას კარგავს და მიზეზი კი ვერ გაგირკვევია!?

მეფრინველეობაში ხშირად ვაწყდებით გამოუცნობ პრობლემას: ფრინველი სათანადოდ იკვებება, მოვლის პირობებიც დაცულია, თუმცა გუნდი წონას კარგავს და პროდუქტიულობა საგრძნობლად იკლებს.

სანამ მიზეზს რთულ ინფექციებში დაუწყებდეთ ძებნას, გადახედეთ თქვენს სადგომს, შესაძლოა საქმე „უხილავ მტრებთან”, ტკიპებთან გქონდეთ. ეს პარაზიტები არა მხოლოდ აფერხებენ ფრინველის ზრდას, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მთელ მეურნეობას. 

ქვემოთ განვიხილავთ, როგორ ამოვიცნოთ საფრთხე და დავიცვათ ჩვენი ფრინველი ზიანისგან.

როგორ აზიანებს ტკიპა ფრინველს?

ტკიპა იკვებება ფრინველის სისხლით, რაც იწვევს:

  • ქრონიკულ ანემიას _ სისხლის მუდმივი კარგვა ფრინველს ფიტავს;
  • იმუნიტეტის დაქვეითებას _ დასუსტებული ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება სხვა ინფექციებს;
  • ტოქსინების ზემოქმედებას _ კბენისას ტკიპა გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს გაღიზიანებას და ანთებას;
  • დაავადებების გავრცელებას _ ტკიპა ისეთი საშიში დაავადებების გადამტანია, როგორიცაა სპიროქეტოზი და სხვა სისხლის პარაზიტები.

როგორ დავსვათ დიაგნოზი?

  1. დათვალიერება _ ვინაიდან ტკიპების უმეტესობა ღამის ცხოვრებით სავითარებს, მათი აღმოჩენა ყველაზე ადვილი ღამით, ფანრით დათვალიერებისასაა;
  2. ნიშნები  _ თუ შეამჩნევთ პროდუქტიულობის მკვეთრ კლებას და ფრინველის ფერმკრთალალობას (ანემია), ეს უკვე განგაშის საფუძველია;
  3. ლაბორატორია _ რთულ შემთხვევებში საჭიროა სისხლის ნაცხის ანალიზი გადამტანი დაავადებების გამოსარიცხად.

მნიშვნელოვანია _ ფრინველის ტკიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს! ბრძოლის ერთადერთი გზა პრევენცია და სწორი მკურნალობაა.

პრევენცია და ბრძოლის მეთოდები

  1. ბიოუსაფრთხოება და ჰიგიენა:
  • რეგულარულად დაასუფთავეთ და მოახდინეთ სადგომის დეზინფექცია.
  • ამოავსეთ ყველა ნაპრალი და ბზარი კედლებსა თუ იატაკზე< სწორედ აქ იმალებიან ტკიპები დღის განმავლობაში.
  • აკონტროლეთ ჩიტების სადგომში შეღწევა.
  1. ქიმიური კონტროლი _ გამოიყენეთ სპეციალური პრეპარატები: აკარიციდები (მაგალითად: ციპერმეტრინი, დელტამეტრინი). განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:
  • კედლებსა და კუთხეებს;
  • საბუდრებსა და გალიების შეერთების ადგილებს.

მკურნალობის ეტაპები

  1. გარემოს დამუშავება (ყველაზე მნიშვნელოვანი!) _ შეასხურეთ აკარიციდები (მაგ: ციპერმეტრინის 0.01–0.05%-იანი ხსნარი) მთელ სადგომში. პროცედურა აუცილებლად გაიმეორეთ 7-10 დღის შემდეგ, რათა ახლად გამოჩეკილი თაობაც განადგურდეს.
  2. ფრინველის დამუშავება _ გამოიყენეთ სპეციალური ფხვნილები ან სპრეები (პერმეტრინის ბაზაზე). დაიცავით დოზირება!
  3. აღდგენითი თერაპია _ დაეხმარეთ ფრინველს ძალების აღდგენაში. მიეცით რკინის დანამატები ანემიის წინააღმდეგ და მულტივიტამინების კომპლექსი (A, D, E, B ჯგუფი).

დაიმახსოვრეთ:

  • ყველაზე საშიში მტერი ქათმის ტკიპაა (Argas persicus);
  • მკურნალობა ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად მუშავდება სადგომიც და ფრინველიც;
  • ტკიპა შესაძლოა ადამიანსაც უკბინოს და გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

გირჩევთ, ნუ დაელოდებით ფრინველის დაუძლურებას. პროფილაქტიკური შეწამვლა გაზაფხულსა და ზაფხულში თქვენს მეურნეობას დიდ ზარალს ააცილებს.

მეფრინველეობაში ხშირად ვაწყდებით გამოუცნობ პრობლემას: ფრინველი სათანადოდ იკვებება, მოვლის პირობებიც დაცულია, თუმცა გუნდი წონას კარგავს და პროდუქტიულობა საგრძნობლად იკლებს. სანამ მიზეზს რთულ ინფექციებში

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ტკიპებთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. გახსოვდეთ, მხოლოდ ფრინველის მკურნალობა საკმარისი არ არის, მთავარი ძალა სადგომის ჰიგიენასა და გარემოს დეზინფექციაშია. დროული პრევენცია, ნაპრალების ამოვსება და ვიტამინებით მხარდაჭერა დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და, რაც მთავარია, დაიცავს თქვენს ბიზნესს ფინანსური ზარალისგან. ჯანსაღი გარემო ჯანსაღი და პროდუქტიული ფრინველის საწინდარია.

მოამზადა, ნატა მაჭარაშვილმა