სახნავი მიწების ეროზია და მასთან ბრძოლა
ნიადაგის ეროზია არის მისი ზედაპირული, ყველაზე ნაყოფიერი ფენის და ქვედა ფენების დაშლის, ჩამორეცხვის, გადატანის და ახვეტის პროცესი ნადნობი და ნალექების წყლით (წყლისმიერი ეროზია), ან ქარის ძალით (ქარისმიერი ეროზია).
საქართველოში წყლისმიერ ეროზიას განიცდის 220 ათასი ჰექტარი სახნავი მიწა, ხოლო ქარისმიერ ეროზიას — 170 ათასი ჰექტარი, ე.ი. სახნავის 49%.
წყლისმიერი ეროზია გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში და სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებას და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. არსებობს წყლისმიერი ეროზიის შემდეგი სახეები: წვეთოვანი, სიბრტყითი და ირიგაციული.
წვეთოვანი ეროზიის დროს წვიმის წვეთების დარტყმის შედეგად იშლება ნიადაგის აგრეგატები, ფორები იხშობა წვრილ-წვრილი ნაწილაკებით, მცირდება ნიადაგის წყალგამტარობა და ტენტევადობა.
სიბრტყითი ეროზია ნადნობი და წვიმის წყლის წვრილი ნაკადებით ჩამორეცხვის შედეგია. იგი ადგილზე ტოვებს ნიადაგის შედარებით მსხვილ ნაწილაკებს და მიაქვს გამტვერიანებული, წყალში გაჯერებული ჰუმუსოვანი ნაწილი, რომელთანაც ყველაზე მეტად არის დაკავშირებული ნიადაგის ნაყოფიერება. ამიტომ ეს ფორმა ყველაზე ვერაგი ფორმაა.
ირიგაციული ეროზია ძირითადად წარმოიქმნება მშრალ-გვალვიან კლიმატურ პირობებში, რის შედეგად ნიადაგი შრება და ქარისადმი მდგრადობას კარგავს. ამიტომ ყველა ღონისძიება, რომელიც მიმართულია ნიადაგში ტენის დაგროვება-შენარჩუნებისაკენ, ქარისმიერი ეროზიისგან დაცვის ღონისძიებაცაა. ამ სახით ეროზია ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ გარე კახეთის ზეგანზე, სამგორისა და შირაქის ველზე. მისი მოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და ადრე გაზაფხულზე (დეკემბრიდან მარტის ჩათვლით).
როგორც წყლისმიერი, ისე ქარისმიერი ეროზიის გამომწვევი მიზეზებია: რთული რელიეფი, ნალექების დიდი რაოდენობა და მაღალი ინტენსივობა, ძლიერი ქარები და ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებისადმი უყაირათო დამოკიდებულება. წყლისმიერი ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის აგროტექნიკის უგულვებელყოფის შედეგია ის, რომ სახნავი მიწების ერთ ჰექტარზე წყლისმიერი ეროზიის შედეგად ყოველწლიურად ირეცხება აღმოსავლეთ საქართველოში 100-150 ტონა, ხოლო დასავლეთ საქართველოში 150-200 ტონა ნიადაგი. აჭარისა და აფხაზეთის პირობებში, ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე, დანაკარგი 200-300 ტონას აღწევს.
ქარისმიერი ეროზიის დროს ნიადაგი იწყებს დეფლაციას. ჰუმუსოვან ფენასთან ერთად ქარს მიაქვს კულტურული მცენარეებიც და ნამქერს ქმნის მეზობელ მინდორზე. არის წლები, როდესაც ზონაში მიღებული აგროტექნიკის მიხედვით დამუშავებული მზრალიდან ქარის მიერ წაღებული ნიადაგის ზედაფენის სისქე 18-28 მმ-ს, ხოლო საშემოდგომო ნათესებით დაკავებული მინდვრიდან 9,5 მმ-ს უდრის.
არის ცნობები იმის შესახებ, რომ 10 წლის განმავლობაში (1964-1974წწ) ქარისმიერი ეროზიის შედეგად საგარეჯოს რაიონში მთლიანად დაიღუპა 44812 ჰექტარი საშემოდგომო ხორბლის ნათესი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, თუ რა ზიანს აყენებს ნიადაგის ეროზია ქვეყნის სოფლის მეურნეობას. ამიტომ სახნავი მიწების დაცვა, მისი ნაყოფიერების შენარჩუნება და გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი საერთო სახალხო საქმეა. ამ ნაშრომში ჩვენს მიერ წარმოდგენილი ნიადაგდამცავი აგროტექნიკური ღონისძიებების პრაქტიკაში წარმატებით განხორციელება დიდ სამსახურს გაუწევს ფერმერებს, არენდატორებს და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ სხვა პირებს ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის საქმეში.
სახნავი მიწების ეროზიისაგან დაცვის აგროტექნიკური ღონისძიებები
ნიადაგდამცავი მიწათმოქმედების სისტემის არსი მდგომარეობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისას ეროზიული პროცესების ზემოქმედების გათვალისწინებაში, ნიადაგის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებაში. მან უნდა უზრუნველყოს მიწების რაციონალური ტრანსფორმაცია, მათი ეფექტური გამოყენება და ეროზიული პროცესების შეზღუდვა ხანგრძილივი დროის განმავლობაში, ნიადაგის ზედაპირზე მცენარეული საფარის და მისი ნარჩენების დაცვა, თესლბრუნვის განლაგება ფართობის დახრილობის, ეროზიის სიძლიერის და მცენარის ნიადაგდაცვითი თავისებურებების გათვალისწინებით.
ეროდირების სიძლიერის მიხედვით სხნავ მიწებს ყოფენ 7 კატეგორიად: I. უმნიშვნელო ჩამორეცხვა (წელიწადში 2,5 ტ/ჰა-მდე), II. – სუსტი (2,6-5,0 ტ/ჰა), III. ზომიერი (5,1-10,0ტ/ჰა), IV-საშუალო (10,1-15,0ტ/ჰა), V- ძლიერი (15,1-20,0 ტ/ჰა), VI- ძალიან ძლიერი (20,1-25,0 ტ/ჰა), VII- კატასტროფული ჩამორეცხვა (25ტ/ჰა-ზე და მეტი).
ეროზიის საწინააღმდეგო თესლბრუნვების შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები. მაგალითად, I-II კატეგორიის სახნავებზე უნდა მოეწყოს მარცვლეულ-სათოხნკულტურებიანი თესლბრუნვები, III-IVვ კატეგორიის მიწებზე — მარცვლეულ-ბალახიანი, I-VI კატეგორიის მიწებზე — ბალახიან-მარცვლოვანი თესლბრუნვა, VII კატეგორიის მიწების ნაწილზე — ეროზიის საწინააღმდეგო თესლბრუნვები, ხოლო უმეტესი ნაწილი უნდა გაყამირდეს ან დაეთმოს ხეხილსა და ტყის დამცველ ზოლებს.
როცა მიწების კატეგორიებად დაყოფის საშუალება არ არის, მაშინ თესლბრუნვის დაპროექტების დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ ფერდობის დახრილობის სიძლიერის და კულტურის ნიადაგდაცვითი უნარის შესაბამისად. ეს იმით აიხსნება, რომ ნიადაგის ეროდირების ხარისხსა და ფერდობის დახრილობას შორის არსებობს გარკვეული ურთიერთკავშირი, მაგალითად: 1-3° დახრილობის ფერდობზე არის არაეროდირებული ან სუსტადეროდირებული, 3-5°-ზე — სუსტად ან საშუალოდ ეროდირებული და 5°-ზე მეტი დახრილობის ფერდობებზე — საშუალოდ ან ძლიერეროდირებული ნიადაგები.
წყლისმიერი ეროზიისაგან ნიადაგდამცავი თვისებების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყოფა 3 ჯგუფად: პირველ ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულია ეროზიისაგან ნიადაგის ძლიერდამცავი მცენარეები, მიეკუთვნება მრავალწლიანი ბალახები, მეორე ჯგუფს — საშემოდგომო თავთავიანები ნიადაგდაცვითი საშუალო თვისებებით, ხოლო მესამე ჯგუფს — სათოხნი კულტურები, რომლებიც ვეგეტაციის განმავლობაში საჭიროებენ ნიადაგის ინტენსიურ დამუშავებას და ხასიათდებიან ნიადაგდაცვითი სუსტი თვისებებით.
ი.ნ ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ცდების შედეგების საფუძველზე, აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავი ფერდობებისათვის, წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია თესლბრუნვის შემდეგი სქემები.
1-5° დახრილობის ფერდობებზე 8 მინდვრიანი თესლბრუნვა -1-3 მრავალწლიანი ბალახები; 4 — საშემოდგომო თავთავიანები, 7 — სათოხნი კულტურები; 8 — საშემოდგომი თავთავიანები, ადრე გაზაფხულზე მრავალწლიანი ბალახების შეთესვით.
5-8° დახრილობის ფერდობებზე 6 მინდვრიანი თესლბრუნვა — 1-3 მრავალწლიანი ბალახები; 4 — საშემოდგომო თავთავიანები, 5 — შვრიანარევი ბარდა მწვანე საკვებად; 6 — საშემოდგომო თავთავიანები, ადრე გაზაფხულზე მრავალწლიანი ბალახების შეთესვით.
8-10° დახრილობის ფერდობებზე 6 მინდვრიანი თესლბრუნვა — 1-4 მრავალწლიანი ბალახები; 5 — საშემოდგომო თავთავიანები; 6 — საშემოდგომო თავთავიანები, ადრე გაზაფხულზე მრავალწლიანი ბალახების შეთესვით.
10-15°დახრილობის ფერდობებზე 6 მინდვრიანი თესლბრუნვა-1-5 მრავალწლიანი ბალახები; 6-საშემოდგომო თავთავიანები, ადრე გაზაფხულზე მრავალწლიანი ბალახების შეთესვით.
ეროზიის საწინააღმდეგო თესლბრუნვის შემოღება და ათვისება, მის მინდვრებზე ეროზიის საწინააღმდეგო აგროტექნიკის განხორციელების გარეშე სათანადოდ ვერ დაიცავს ნიადაგს ეროზიისაგან და მისი როლი ამ საქმეში მცირე იქნება. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ეროზიის საწინააღმდეგო თესლბრუნვების შემოღებაზე, ვგულისხმობთ ეროზიის საწინააღმდგეო აგროტექნიკასაც.
ფერდობებზე ნიადაგის დამუშავების სისტემამ თესლბრუნვის თითოეულ მინდორზე, მთელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ეროზიული პროცესების შეწყვეტა ან მისი დასაშვებ დონემდე შემცირება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის დამუშავების ისეთი წესების განხორციელებას, რომელიც გაზრდის ნიადაგის წყალგამტარობას და ტენტევადობას. ასეთად ითვლება: ღრმად ხვნა, ხვნის ერთდროულად სახნავი ფენის დაღრმავება, დაბაზოება, საფეხურიანი და საფეხურებიან-თხემებიანი ხვნა, ნიადაგის დანაპრალება, წყალშემკრები კვლების მოწყობა და სხვა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიადაგის ღრმად დამუშავების დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ჰუმუსოვანი ფენის სიღრმე. იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგის გაფხვიერების სიღრმე აღემატება ჰუმუსოვანი ჰორიზონტის სიღრმეს, ნიადაგი უნდა მოიხნას ბელტის ამობრუნებით ჰუმუსოვანი ფენის სიღრმეზე, ხოლო სასურველ სიღრმეზე ნიადაგის ქვედა ფენა გაფხვიერდეს დამაღმავებლით, ხვნის ერთდროულად. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი და იმავე ნაკვეთზე ყოველწლიურად ღრმად ხვნის ჩატარება არც ეკონომიურად და არც აგროტექნიკური თვალსაზრისით არ არის გამართლებული. იგი უნდა ჩატარდეს 2-3 წელიწადში ერთხელ.
წყლისმიერი ეროზიის ადგილებში თესლბრუნვის მინდვრები ისე უნდა მოთავსდეს, რომ თითოეული მინდვრის გრძელი მხარე მდებარეობდეს დაქანების გარდიგარდმოდ. ჩვეულებრივ დამრეც (1,5-2,00) მცირედ ეროდირებულ სწორ ფერდობზე ნიადაგი იხვნება მკაცრად დაქანების პერპენდიკულარული მიმართულებით 25-27 სმ სიღრმეზე, ხოლო რთული რელიეფის პირობებში — ჰორიზონტალების მიხედვით დაქანების მიმართულებისა და ხარისხის შესაბამისად.
ღრმად ხვნა, როგორც წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიება, კარგ შედეგს იძლევა 4-5 დახრილობის ფერდობებზე, მაგრამ იგი მთლიანად მაინც ვერ უზრუნველყოფს ჩამონადენის მინიმუმამდე შემცირებას. ამიტომ ღრმად დამუშავების პარალელურად უნდა ჩატარდეს ხნულის დაბაზოებაც. იგი შეიძლება განხორციელდეს სახნავი გუთნის ერთი რომელიმე ფრთის 40-45 სმ-მდე დაგრძელებით. ასეთი ფრთა ბელტს აგდებს წინა გავლაზე და წარმოქმნის 12-16 სმ სიმაღლის თხემს (ბაზოს). ამავე დროს ტოვებს რა ღრმა კვალს, ბაზოების კვლები ამცირებს ჩამონადენს და შესაბამისად ეროზიასაც. ი.ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოს 4-5 დახრილობის ფერდობებზე, თესლბრუნვის რგოლში (სიმინდი, საშემოდგომო ხორბალი) ნიადაგი უნდა დამუშავდეს სიმინდისათვის 30-32 სმ-ზე ხვნასთან ერთდროულად დაბაზოებით, მომდევნო საშემოდგომო ხორბლისთვის 22-25 სმ-ზე ბაზოების გარეშე, დასავლეთ საქართველოს იგივე დახრილობის ფერდობებზე სიმინდისა და საშემოდგომო ღრმად 30-32 ხორბლისათვის 22-25 სმ-ზე ბაზოების გარეშე, მესამე წელს დახრილობის ფერდობებზე სიმინდისა და საშემოდგომო ხორბლის მორიგეობის დროს (სიმინდი, საშემოდგომო ხორბალი, სიმინდი) სიმინდისათვის ღრმად (30-32 სმ) დაბაზოებით ან მის გარეშე, ხოლო სიმინდებს შორის საშემოდგომო ხორბლისათვის 22-25 სმ-ზე გარეშე.
10°-მდე დახრილობის ფერდობებზე ეფექტურია ნიადაგის დანაპრალება. ნაპრალების საშუალებით ფერდობებზე ჩამონადენი წყლის დიდი ნაწილი გადადის ნიადაგის ღრმა ფენებში და ამდიდრებს ქვედა ფენებს საკვები ელემენტებით. იგი ხელს არ უშლის ნიადაგის მექანიზებულ დამუშავებას მცენარის ვეგეტაციის განმავლობაში. მას იყენებენ ხვნის დროს, მრავალწლიან ბალახებსა და საშემოდგომო ნათესებში, სათიბებსა და საძოვრებზე, ნაპრალებს აკეთებენ ნაპრალმკეთებლით. ნაპრალებს შორის მანძილი 1,4 მეტრია, სიღრმე შეიძლება იყოს 30-60 სმ. ნაპრალებს შორის სიგანე 3-5 სმ.
წყლისმიერი ეროზიის ძლიერი განვითარების ზონებში, ნიადაგის დაცვის თვალსაზრისით, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საჭიროა დაქანების განივკონტურული მიმართულებით წყალშემკრები კვლების მოწყობა. კვლები შეიძლება მოეწყოს თესვის დროს სათესი აგრეგატის ერთ-ერთ განაპირა მხარეს საოში გუთნის ერთი ტანის დამატებით, ან თესვის შემდეგ ერთტარიანი გუთნის ან არხმჭრელის გატარებით. კვლებს შორის მანძილი დამოკიდებულია ფერდობის დახრილობის სიდიდეზე.
მარტივ, ერთმხრივ დაქანებულ ფერდობზე ეფექტურია საფეხურებიანი და საფეხურებიან-თხემებიანი ხვნა. საფეხურებიან (სხვადასხვა სიღრმეზე) ხვნას ატარებენ იმისათვის, რომ აღიკვეთოს დაფარული (ხნულისშიგა) ჩამონადენი. ამისათვის იყენებენ ჩვეულებრივ გუთანს ორი გადიდებული დგარით ერთის გამოკლებით, რაც ქმნის კვლის საფეხურიანობას, რომელიც აკავებს ნიადაგქვეშა ჩამონადენს. იმისათვის, რომ არ მოხდეს ნაკლებნაყოფიერი ფენის გადაბრუნება ნიადაგის ზედაპირზე, გრძელებდგარიან კორპუსებზე აყენებენ შემოკლებულ (შემოჭრილ) ფრთებს და ასეთ ხვნას უწოდებენ საფეხურებიან-თხემებიანს.
ფერდობებზე ნიადაგდამცავ თელსბრუნვაში ჩამორეცხვის წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ კულტურულ მცენარეთა ზოლური განლაგება, დაქანების გარდიგარდმო მიმართულებით, მთლიანი სათესი და სათოხნი ან მრავალწლიანი ბალახების და ერთწლიანი კულტურების ზოლების მორიგეობით.
ზოლების განი უნდა განისაზღვროს ფართობის დახრილობის გათვალისწინებით, 3-50 დაქანების ფერდობზე 35-50 მეტრი, ხოლო 8-12° დაქანებაზე 10-20 მეტრი. მსუბუქი შედგენილობის ნიადაგებზე ზოლების განი უნდა შემცირდეს 15-20 %-ით. ზოლების განი უნდა იყოს სათესის სიგანის ჯერადი.
ზოლების თესვა უნდა ჩატარდეს შემდეგი თანმიმდევრობით: პირველად უნდა მოიხნას და დაითესოს მრავალწლიანი ბალახებისათვის განკუთვნილი ზოლები. როდესაც მრავალწლიანი ბალახები საკმაოდ მოძლიერდება, ხნავენ ბალახების ზოლებს შორის მოუხნავად დატოვებულ ზოლებს და თესენ ერთწლიან მთლიან სათეს კულტურებს. ორი-სამი წლის შემდეგ მრავალწლიანი ბალახებით დაკავებული ზოლები იხვნება ერთწლიანი კულტურებისათვის, ხოლო ერთწლიანი კულტურების ადგილს იკავებს მრავალწლიანი ბალახები.
ი.ნ. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამოკვლევებით დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ქვემო რაჭის 10-150 დახრილობის ფერდობებზე საუკეთესოა კულტურათა ზოლური განლაგების ის ვარიანტი, სადაც სახნავის 50% უკავია მრავალწლიან ბალახებს სამი წლის სარგებლობით (ესპარცეტისა და სათითურას ნარევი), ხოლო დანარჩენ ფართობებზე თანაბარი რაოდენობით განლაგებულია საშემოდგომო ხორბლის, შვრიანარევი ბარდის და სამარცვლე სიმინდის ზოლები (თითოეული 16%, განი 13მ).
10-15° დახრილობის ფერდობებზე ეფექტურია აგრეთვე ბუფერული ზოლები, რაც ითვალისწინებს ფერდობის გარდიგარდმო დაუმუშავებელი ზოლების დატოვებას, ხოლო დამუშავებულ ზოლებში მრავალწლიანი ბალახების და ერთწლიანი მთლიანსათესი კულტურების თესვას. კარგი ბუფერული ზოლები მიიღება მრავალწლიანი ბალახების იონჯა-კოინდარის, ესპარცეტ-სათითურას ნარევის, საშემოდგომო ხორბლის, ქერის, ჭვავის, ბარდის, ცერცველას და სხვა მსგავსი კულტურის თესვით. ბუფერული ზოლების განი არ უნდა იყოს 5-10 მეტრზე მეტი, ხოლო მანძილი მათ შორის 20-30 მეტრამდე, ფერდობის დახრილობის ზრდის პარალელურად იზრდება ზოლების განი და მცირდება მათ შორის მანძილი.
წყლისმიერი ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის საკმაოდ ეფექტური ღონისძიებაა თოვლის ზოლებრივი დატკეპნა დაქანების პერპენდიკულარული მიმართულებით. იგი აჩერებს თოვლის დნობას 3-5 დღით, რითაც ხელს უწყობს ჩამონადენი წყლის ნიადაგში მეტი რაოდენობით ჩაჟონვას და ამცირებს ნიადაგის ჩამორეცხვას.
როგორც წყლისმიერი, ისე ქარისმიერი ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის კარგი ღონისძიებაა საშემოდგომო თავთავიანების ნათესში ადრე გაზაფხულზე მრავალწლიანი ბალახები შეთესვა. ამ შემთხვევაში საფარი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ შეთესლილი ბალახების მომძლავრებამდე ნიადაგი ხორბლის ან ქერის ფეხზე მდგომი ნაწვერალით, ბალახების გაზაფხულზე საფარგარეშე თესვისას კი ხნული მთელი შემოდგომა-ზამთრის და მომდევნო წლის გაზაფხულის განმავლობაში მცენარეული საფარის გარეშეა, ან დაფარულია სუსტად განვითარებული მცენარეულობით და წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის გავლენის ქვეშ იმყოფება. 10-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე, სადაც ეროზიის საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები არ იძლევა სასურველ შედეგს, უნდა მოეწყოს ფართობის დატერასება. იგი არა მარტო იძლევა შესაძლებლობას აქტიურ სამეურნეო ბრუნვაში ჩავაბათ გამოუყენებელი ფართობები, არამედ ხელს უწყობს ტენის დაგროვებას ნიადაგში, თითქმის მთლიანად წყვეტს ჩამონადენის სიჩქარეს და თავიდან გვაცილებს ეროზიული პროცესების განვითარებას. ტერასების შერჩევა და მოწყობა უნდა მოხდეს არსებული რეკომენდაციების მოთხოვნების შესაბამისად.
ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის კარგი საშუალებაა ნიადაგის მულჩირება. იგი იცავს ნიადაგის აგრეგატებს წვიმის წვეთების დამშლელი მოქმედებისაგან, ამცირებს მის განცალკევებას და გადატანას, ძლიერი წვიმის დროს ნიადაგს იცავს გამკვრივებისგან, ტენი ნაკლებად ორთქლდება და მცირდება ზედაპირული ჩამონადენი.
მულჩად იყენებენ გამხმარ გვიმრას, ტორფს, ცოცხალ კულტურას, რისთვისაც რიგთაშორისებში წინასწარ ითესება მთლიანმოთესილი ჭვავი ან შვრია, რომლის გათიბვის შემდეგ მწვანე მასა ქუცმაცდება და რიგთაშორისებში რჩება, შემდეგ კი ითესება ძირითადი კულტურა. მულჩად შეიძლება აგრეთვე გამოყენებული იქნას ცელოფნის შავი აპკი, მულჩის სპეციალური ქაღალდი ისე, რომ აპკის (ქაღლადის) სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 60 სმ-ს, რომლის შუაში გაკეთებულ ჭრილში ირგვება ტუბები ან ითესება სათოხნი კულტურების თესლი და რიგთაშორისები იფარება ნამჯით.
ირიგაციული ეროზია ძირითადად მიმდინარეობს კვლებში მიშვებით მორწყვისას. თუ კვლის ქანობი და სარწყავი წყლის ხარჯი აღემატება მოცემული პირობებისათვის დასაშვებ ზღვარს, იწყება ეროზიის ინტენსიური პროცესი. ამიტომ ფერდობების მორწყვის დროს გამოყენებული უნდა იყოს მორწყვის ისეთი წესი და ტექნიკა, დროებითი სარწყავი ქსელის განლაგების ისეთი სქემა, რომელიც არ გამოიწვევს ირიგაციულ ეროზიას.
ფერდობებზე ირიგაციული ეროზიის შემცირების მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაწვიმებითი მორწყვა, მაგრამ განსაკუთრებით მაღალეფექტურია წვეთოვანი და ე.წ. ნიადაგქვეშა რწყვა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ირიგაციული ეროზიის განვითარებას.
დღეისათვის ქარისმიერი ეროზიისაგან ნიადაგის და ნათესების დაცვის ყველაზე საიმედო ღონისძიებაა ნიადაგის დამუშავება ბრტყლადმჭრელი იარაღებით. ამ წესით ნიადაგის დამუშავების უპირატესობა წინმხვნელიანი და უფრთო გუთნით დამუშავებასთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ იგი უზრუნველყოფს ნაწვერალის 70-80%-ის შენარჩუნებას ნიადაგის ზედაპირზე, რომელიც ასრულებს მულჩის როლს. ნაწვერალი ამცირებს ქარის სიჩქარეს ნიადაგის ზედაპირზე, ხელს უწყობს თოვლის დაკავებას, უკეთესად შთაინთქმება ნიადაგში წყალი, იზრდება ნიადაგის ტენტევადობა და მცირდება ეროზია.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ბრტყლადმჭრელი იარაღების გამოყენებით ქარისმიერი ეროზიისაგან ნიადაგდამცავ ტექნოლოგიებს საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურებისათვის.
-
ნიადაგის დამუშავება საგაზაფხულო კულტურებისათვის
თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს ბრტყლადმჭრელი კულტივატორით (კპპ-2,2; კპე -3,8; კპ-9 და სხვა ) 8-10 სმ-ზე ნიადაგი მზრალად უნდა მოიხნას ბრტყლადმჭრელი ღრმად გამაფხვიერებლით (კპგ-250; პგ -3,5; პგ-100 და სხვა) 22-25 სმ-ზე. ადრე გაზაფხულზე, ტენის დახურვის მიზნით, მზრალი უნდა დაიფარცხოს ბიგ-3 ფარცხით, ხოლო მზრალის თესვის წინა კულტივაცია ტარდება იგივე კულტივატორ- ბრტყლადდამჭრელით.
-
ნიადაგის დამუშავება საშემოდგომო თავთავიანებისათვის
თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალის აჩეჩვა ბრტყლადმჭრელი კულტივატორით (კპპ-2,2; კპე -3,8; კპ-9 და სხვა ) 8-10 სმ-ზე. სარეველების აღმოცენების შემდეგ კულტივაცია ტარდება იგივე კულტივატორ-ბრტყლადმჭრელით. თუ ამ ოპერაციის ჩატარება საჭირო არ არის, მაშინ ნაწვერალი მოიხვნება ოპტიმალურ ვადაში ბრტყლადმჭრელი ღრმადგამაფხვიერებლით და ბიგ-3 ფარცხით, ხოლო თესვა სეზ -2,1 მ. სათესით.
იმ ზონაში, სადაც საშემოდგომო თავთავიანების მოსავლის აღებიდან საშემოდგომო თესვის ოპტიმალური ვადის დადგომამდე მცირე დრო რჩება, ნაწვერალის აჩეჩვა დანიშნულებას კარგავს. ამ შემთხვევაში მოსავლის აღებისთანავე უნდა ჩატარდეს ნიადაგის ძირითადი დამუშავება ბრტყლადმჭრელი ღრმადგამაფხვიერებლით 22-27 სმ სიღრმეზე. დანარჩენი ღონისძიებები ტარდება ისე, როგორც ზემოთ არის ნაჩვენები.
ქარებისაგან ნიადაგის და საშემოდგომო ნათესების დაცვის ეფექტური ღონისძიებაა აგრეთვე თოვლის დაკავება კულისური ნათესების გამოყენებით. კულისური ნათესი გულისხმობს საშემოდგომო თავთავიანების დასათესად გამოყოფილ ნასიმინდარ და ნამზესუმზირალ ნათესებში მოსავლის აღების შემდეგ ერთმანეთისაგან 30-40 მეტრის დაშორებით სიმინდის ან მზესუმზირის 6 მწკრივის დატოვებას, რომელიც აკავებს თოვლს და არეგულირებს მის დნობას.
ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის შესამცირებლად დიდ გავლენას ახდენს მცენარეული საფარი. შემოდგომაზე კარგად დაბუჩქებული საშემოდგომო ხორბლის აღმონაცენი დაუზიანებლად იტანს ძლიერი ქარების მოქმედებას და ნიადაგიც არ იქარება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ნიადაგის თავის დროზე და მაღალხარისხიანად დამუშავებას, თესვის ოპტიმალური ვადისა და ნორმის დაცვას.
ასევე ეფექტურია საშემოდგომო თავთავიანების ვიწრომწკრივად (7,5სმ) და ღრმად (6-8 სმ) თესვა.
ზაურ ჯულახიძე, სმმ დოქტორი.