მე და ჩემი სოფელირუბრიკები

სოფელი ვარდისუბანი (თელავის რაიონი)

ვარდისუბნის ტერიტორიული ორგანო თელავის დასავლეთით მდებარეობს, რომელსაც  მდინარე თურდო ჩამოუდის. ცივ-გომბორის კალთებზე შეფენილი სოფელი, მდიდარია კულტურული ძეგლებით, რომელთა რიცხვი 30-ს აღემატება.

სოფლის ხნიერი ხალხის გადმოცემით, რომლებიც იმოწმებენ თავის წინაპრებს, სოფელ ვარდისუბნის მკვიდრ მოსახლეობას  დღევანდელი ვარდისუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძველი ეკლესიის – ნატკორას მიდამოებში უცხოვრია. ახლა ამ ეკლესიის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მხოლოდ, სოფლის მაცხოვრებლები თუ მიდიან-ხოლმე შესაწირად და სალოცავად.

გასულ წლებში ამ ეკლესიის მიდამოებში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, სადაც, არა ერთი საინტერესო მასალა იქნა აღმოჩენილი. ნატკორას მიდამოებში ნაპოვნია ოქროს მონეტები.
მონღოლებისა და შაჰ-აბასის შემოსევებისათვის ვერ გაუძვლია მოსახლეობას და ტყისთვის შეუფარებია თავი, ხოლო შემდეგ კი ნატკორის ზემოთ დასახლებულა.
ხნიერი ხალხის აზრით, ნატკორას ეკლესიაში დაკრძალულია დიმიტრი თავდადებული.

ლეგენდის მიხედვით, ამ სოფელს ”იკარო” რქმევია. სოფელზე ჩამოუვლია თამარ მეფეს, ხალხს მისთვის ვარდები ფერხთით ხალიჩასავით გაუფენიათ. აღფრთოვანებულა თამარი იკაროელების ორიგინალური დახვედრით “რა ჰქვია ამ სოფელსო?”-უკითხავს.”იკარო”-ვო მოუხსენებიათ. ”ამ სოფელს იკარო კი არა “ვარდისუბანი” უნდა ერქვასო.” აღტაცებულა სოფლის მოსახლეობა, აუტაციათ თამარის ნათქვამი და მას მერე სოფელს ”ვარდისუბანს” უწოდებენ.
სოფლის ახლოს, დასავლეთის მხარეზე ყოფილა პატარა სოფელი ”ამზეურა”. ”ამზეურას” ტერიტორიას დღეს ნასოფლარს ეძახიან.
შაჰ-აბაზს ამ ორი სოფლიდან მოსახლეობა გაუსახლებია, მაგრამ საბედნიეროდ, გამონაკლისს ტყეში და მთაში შეუფარებია თავი.

თურმე, როცა კოლმეურნეობა სავენახეებად დიდი გუთნით ხნავდა სოფელ იკაროსა და ამზეურანასოფლარებს, მიწიდან მრავალ ქვევრებსა და ნასახლარის ქვიტკირის საძირკვლებსა ჰყრიდნენ. სავარაუდოა, რომ სოფელი „იკარო” და „ამზეურა” როგორც მაშინ ყოფილა განლაგებული ერთმანეთთან, დღესაც „ვარდისუბანი” და „მერე” სწორედ ასეა განლაგებული. რევოლუციის შემდეგ ეს ორი სოფელი ერთ სასოფლო საბჭოში გაერთიანდა და „ვარდისუბანი” ეწოდა. აყრითა და გადასახლებით შეშინებულ ხალხს ზევით მთებისაკენ ამოუწევია და დასახლებულა თელავის დასავლეთით.

შემორჩენილია სოფელ „იკაროს” უძველესი კულტურის ძეგლების ნანგრევები: კვირიკეს, დეკანაზურის, ნათლისმცემლის, სვეტიცხოველი, მთავარანგელოზის, აღდგომის, ღვთისმშობლის, სამების და სხვა. დღეს ამ ეკლესიის უმეტესობა საჭიროებს სათანადო ყურადღებას.

   სოფელი მდიდარია თიხნარი ნიადაგით. ამიტომ მამაკაცები მეჭურჭლეობას მისდევდნენ. სახელგანთქმული იყო მათგან დამზადებული თონეები, ქვევრები და საერთოდ თიხის ჭურჭელი. ნაწილი მოსახლეობისა კი მესაკირეობასა და მესაქონლეობას მისდევდნენ. ვარდიუბანში დღესაც იწარმოება ყვევრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებშია გატანილი, მათ შორის სლოვაკეთში, იტალია. ვარდისუბანში აწარმოებენ აგურს, კრამიტს, გამოჰყავთ ვაზის ნამყენი, ქვევრის საწარმოებლად გამოიყენება ადგილობრივი თიხა, რომეილც მდიდარია კირით.


რაც შეეხება ქალებს, ისინი ძირითადად დაკავებული იყვნენ მატყლის დამუშავებით, ქსოვით.

აქ დაბადებულან და ბავშვობის წლები გაუტარებიათ ძმებს ჩხეიძეებს, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში თურდოსპირელით და ქუჩიშვილით არიან ცნობილნი.
დავით ჩხეიძემ (თურდოსპირელმა) ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ნოე ჟორდანიასთან და რამიშვილთან ერთად. იგი იმ დროს პარლამენტის წევრი იყო. გიორგი ქუჩიშვილის შვილიშვილია რეჟისორი თემურ ჩხეიძე.

ვარდისუბანში დაბადებულა და გაზრდილა ნინო ქურციკაშვილი-სალია. ეს ის ნინო ქურციკაშვილია, რომელმაც საზღვარგარეთ გაიტანა სოფლის სახელი. ნინო ახალგაზრდა წასულა ფრონტზე, საიდანაც მოხვედრილა საზღვარგარეთ. ბედს მისთვის სამშობლოდან მოშორება ურგუნებია. იგი შეხვედრილა იქ კალისტრატე სალიას, რომლისთვისაც დაუკავშირებია თავისი ბედი და დასახლებულან საფრანგეთში. ცოლ-ქმარი სალიები ეწეოდნენ საქართველოსათვის ერთობ მნიშვნელოვან მოღვაწეობას. მათ გამოსცეს ჟურნალი ”ბედი ქართლისა.” სამშობლოსაგან მოწყვეტილნი გაზეთებითღა სულდგმულობდნენ, რომელსაც საზრდოდ აწვდიდა ქართველი ინტელიგენცია.

წყარო: telavi-gov.ge